ამერიკას უკვე გავუსწარით... - კვირის პალიტრა

ამერიკას უკვე გავუსწარით...

საქართველოში საქონლის ხორცი დაახლოებით 17%-ით ძვირია, ვიდრე აშშ-ში, საწვავი კი 1,4-ჯერ

ბოლო წლების განმავლობაში ფასები საქართველოში პერმანენტულად იზრდებოდა. ადგილობრივი სამომხმარებლო ფასები უმეტეს შემთხვევაში ბევრად მაღალია, ვიდრე დაწინაურებულ ქვეყნებში, შემოსავალი კი გაცილებით ნაკლები.

სოსო არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): ინფლაცია საბაზრო ურთიერთობების თანამდევი მოვლენაა და სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების ისტორია ინფლაციის ისტორიაც არის. ფასების საერთოდ დონის მატებასა და მიმოქცევაში მყოფი ფულადი ერთეულის გაუფასურებაში ახალი არაფერია. მთავარია, რა ფაქტორები განაპირობებს მათ. საქართველო, როგორც სახელმწიფო და სამეურნეო ინტერესების ერთობლივი გამომხატველი ერთეული, ჩართულია შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. საგარეო ურთიერთობები წინმსწრებად იზრდება, ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით. ანუ, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, ექსპორტ-იმპორტის მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვენი მთლიანი ეკონომიკური პოტენციალი. თუ 2003 წელს სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 40%-ს შეადგენდა, 2011 წლისთვის ეს მაჩვენებელი 68%-მდე გაიზარდა. ეს ძალიან ბევრია, მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ასეთი მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, იზრდება საქართველოზე გარე, ანუ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა. უარყოფითიც და დადებითიც, რაც მსოფლიო ეკონომიკაში ხდება, უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე. ამიტომაც არის, რომ მთელ ამ პერიოდში ფასები სტაბილურად იმატებდა.

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ მსოფლიო ბაზარი ზემოქმედებს ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე. რა თქმა უნდა, იზრდებოდა შემოსავლები და მოთხოვნის ზრდაც, ანუ ე.წ. მოთხოვნის ინფლაციაც დიდ როლს თამაშობდა ფასების მატებაში. დღეს საშუალოდ მსოფლიო დონესთან შედარებით, საქართველოში ფასები 57%-ის დონეზეა. დაახლოებით იგივეა, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების დონესთან შედარებითაც. მაგრამ არის ბევრი პარამეტრი, რომლითაც აშშ-ის ფასების დონეს ჩვენ ძალიან დავუახლოვდით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში უკანაც კი ჩამოვიტოვეთ!

მაგალითად, ჩვენთან ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასი თითქმის უტოლდება ამერიკაში არსებულს. ელექტროენერგიის ღირებულება არის ამერიკული ფასის 71%, ხოლო საწვავის ფასი ჩვენთან 1,4-ჯერ აღემატება იქაურს. ასევე საკმაოდ ძვირია ჩვენთან საქონლის ხორცი - დაახლოებით 17%-ით მეტი ღირს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საფუძვლიანად არის დასაფიქრებელი, რა ფაქტორები განაპირობებს ხორცის ასეთ ფასებს. ღორის ხორცის ფასებში მსგავსი პროპორცია არ არის, ის დაახლოებით 71%-ის დონეზეა. ფრინველის ხორცი ჩვენთან 1,5-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე ამერიკაში, კვერცხი 1,3-ჯერ, რძე კი დაახლოებით 30%-ით. ნაყინიც კი დაახლოებით 40%-ით უფრო ძვირია, ვიდრე აშშ-ში.

თუმცა რიგი საქონელი ჩვენთან უფრო იაფია, ვიდრე იქ. მაგალითად, ვაშლი ამერიკის ფასების დაახლოებით 48%-ის დონეზეა, მსხალი - 54%-ის, კარტოფილი - 52%-ის, შაქარი 77%-ის დონეზე... რა თქმა უნდა, ეს ზღვარი არ არის, რაც უფრო მეტად იქნება ჩვენი ეკონომიკა ჩართული მსოფლიო მეურნეობაში და გაიზრდება სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, კიდევ უფრო გაიზრდება ფასების დონეც.

მეტ-ნაკლებად მსგავსი ფასებია მეზობლად, სომხეთსა და აზერბაიჯანში. თუმცა ბოლო წლებში აზერბაიჯანში ფასები მეტად გაიზარდა. ეს გარკვეულწილად ე.წ. ჰოლანდიური სენის გამოვლინებაა, როცა ჭარბი უცხოური ვალუტის გამო ქვეყანაში ფასები იმატებს. მთავარი მიზეზი სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარებაა. უცხოური კაპიტალი აქტიურად მონაწილეობს აზერბაიჯანის რესურსების ათვისებაში და ამან შიდა სამომხმარებლო და საბაზრო ფასები გაზარდა.

რასაკვირველია, ფასებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ხელფასებისა და შემოსავლების თანაფარდობა. ჩვენთან საშუალო ხელფასი ამერიკელების ხელფასის მხოლოდ 12%-ის დონეზეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 1000 მოსახლეზე ბევრად ნაკლებია, რეალურად ყოველ 1000 მცხოვრებზე მოსახლეობის კეთილდღეობა და მსყიდველობითი უნარი, ამერიკაში არსებულთან შედარებით, კიდევ უფრო დაბალია.