თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდული სააგენტო?! - კვირის პალიტრა

თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდული სააგენტო?!

მონოპოლიზმთან საბრძოლველად ჩაფიქრებულ უწყებას "კბილებს" წინასწარ აძრობენ

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის წინაპირობად მიიჩნევს, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაა. შესაბამისი კანონის უქონლობის გამო ევროპელებს არაერთგზის გაუკრიტიკებიათ ქართული მხარე. თავის დროზე ამ სამსახურის აღდგენის ინიციატივით ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდა. გადაწყდა, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომელმაც ქვეყანაში "პატიოსანი კონკურენცია" უნდა უზრუნველყოს. პარლამენტში შევიდა კანონპროექტი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის" შესახებ, რომლის თანახმად მოქმედმა სამსახურმა ბაზარი მონოპოლიებისაგან უნდა დაიცვას. კანონპროექტი უკვე პირველი მოსმენით განიხილეს. ოპოზიცია შიშობს, რომ შემოთავაზებული სახით ის დასმულ ამოცანას ვერ შეასრულებს.

ლევან ვეფხვაძე (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი): "ამ კანონის მიღება ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შედეგიანი აღმოჩნდეს. სხვათა შორის, ჩვენ ამ თემაზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთადაც ვიმსჯელეთ, მათ თქვეს, რომ კანონპროექტში არსებული ბევრი ნორმა ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის განმტკიცებას. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო მთავრობაზეა დამოკიდებული და თავისით ნებით მონიტორინგსაც ვერ განახორციელებს. ის პროცესებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუკი ბაზრის რომელიმე მონაწილე საჩივარს შეიტანს ამ სააგენტოში. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო არ უნდა ექვემდებარებოდეს არც მთავრობას და არც პრემიერ-მინისტრს".

გურამ ჩახვაძე (პარლამენტარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი): "ამ კანონის მიღება აუცილებელია და აი, რატომ: მაგალითად, თუ კომპანიას ბაზრის 40% აქვს დაკავებული, ის უკვე მონოპოლიად მიიჩნევა, მაგრამ საქმიანობა არ ეკრძალება. ასეთია ევროპული მიდგომა. ვფიქრობთ, რომ საქართველოშიც ეს ზღვარი დაწესდება. არც ერთმა კომპანიამ ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და კონკურენციას ხელი არ უნდა შეუშალოს. საერთოდ, მსხვილი კომპანიები უთანხმდებიან ერთმანეთს და ბაზარზე ფასებს ერთობლივად აწესებენ, რაც დაუშვებელია. ეს პროცესი სწორედ სააგენტომ უნდა აკონტროლოს. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ ვერ დაიცავს "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონი ჩვენს ბაზარს მონოპოლიებისაგან, თუ ამ სახით დაამტკიცებენ:

- ევროკავშირის რეკომენდაციის თანახმად, კონკურენციის ჩარჩო-კანონი უნდა გავრცელდეს ეკონომიკის ყველა სექტორზე, მათ შორის, არალიბერალურ სექტორზეც. ასეთად მიჩნეულია ბუნებრივი მონოპოლიები: კომუნალური მომსახურება, ენერგეტიკა, წყლით მომარაგება, კომუნიკაციები და სხვა. არადა, ამ სექტორზე კანონპროექტი არ ვრცელდება. ჩვენი აზრით, ანტიმონოპოლიური რეგულირების მიღმა რჩება ძალიან მნიშვნელოვანი და რისკის შემცველი დარგები, რაც მიუღებელია.

- იმავე რეკომენდაციებით, სააგენტოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, თავისი უფლება-მოვალეობა ყველა სექტორში, მათ შორის, არალიბერალურ სექტორშიც აღასრულოს. ამის საპირისპიროდ, კონკურენციის სააგენტოს არ აქვს ამ სფეროების მონიტორინგის უფლებაც კი. არადა, ეს ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სფეროებია - წყლით თბილისს მხოლოდ ერთი კომპანია ამარაგებს, ასევე გაზითა და ელექტროენერგიით. ამ კომპანიებს თავიანთი მონოპოლიური მდგომარეობა შეუძლიათ უარყოფითად გამოიყენონ და მომსახურება გააძვირონ, რასაც ვხედავთ კიდეც, ამის დასტურია გაზრდილი ტარიფებიც.

- სააგენტოს კომპეტენცია და სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ორდონიანი უნდა ყოფილიყო. პირველ დონეზე საბჭოში შევიდოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ხოლო მეორე დონე აღმასრულებელი იქნებოდა. ახლა კი, ფაქტობრივად, ვიღებთ სააგენტოს, რომელსაც მხოლოდ აღმასრულებელი ჰყავს და მისი დანიშვნა მთავრობის კომპეტენციაა. ეს, პრაქტიკულად, მთავრობისადმი დაქვემდებარებული და ანგარიშვალდებული უწყებაა. არადა, ის მთავრობის საქმიანობასაც უნდა აკონტროლებდეს. ცხადია, ამ ტიპის სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება.

- კანონპროექტი არ ვრცელდება ენერგეტიკის, ბუნებრივი აირისა თუ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს იმ ხელშეკრულებებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლამდე დაიდო. ეს ნიშნავს, რომ თუკი წარსულში რამე კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულება ან გადაწყვეტილება გაფორმდა, კანონი მას ვერ შეეხება. როცა პარლამენტში შენიშვნა გამოვთქვით, რომ ადრე დადებული ხელშეკრულებებისა და გადაწყვეტილებების გადახედვაა საჭირო, უმრავლესობის წარმომადგენლებმა გვიპასუხეს - ასეთმა რევიზიამ შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობაშიო. ვფიქრობთ, ამ საკითხისადმი მსგავსი მიდგომა დაუშვებელია, თუ გვინდა, კონკურენტული გარემო შეიქმნას და ქვეყანა მონოპოლიებისაგან გათავისუფლდეს".

მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებისა, რომ თუ კანონს ამ სახით მიიღებენ, ის საქართველოს ბაზარს მონოპოლიებისაგან ვერ დაიცავს, მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ეს ყველაზე ოპტიმალური და მისაღები კანონპროექტია. როგორც პარლამენტარები ამბობენ, კანონი თებერვლის ბოლოს ან მარტში უნდა დამტკიცდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე