ფიქსირებული გადასახადების განაკვეთები იგვიანებს - კვირის პალიტრა

ფიქსირებული გადასახადების განაკვეთები იგვიანებს

"ვერც ერთი ქვეყანა უმუშევრობას მცირე მეწარმეობის განვითარების გარეშე ვერ დაძლევს"

მცირე მეწარმეები ფიქსირებული გადასახადის შემოღებას კარგა ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ. 2011 წლის ბოლოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მცირე მეწარმეები შეძლებდნენ დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმაზე - ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლას. თავდაპირველად გამოცხადდა, რომ კონკრეტული განაკვეთები საქმიანობის სხვადასხვა სახეობისთვის 1-ელი თებერვლისთვის განისაზღვრებოდა. იანვრის ბოლოს გამოითქვა ვარაუდი, რომ განაკვეთები თებერვლის დასასრულს გახდებოდა ცნობილი. ბოლო დღეებში კი კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ.

ფიქსირებული განაკვეთები სხვადასხვა საქმიანობისთვის ცალ-ცალკე იქნება დასაზუსტებელი. მაგალითად, სილამაზის სალონი შესაძლოა დაიბეგროს სკამების რაოდენობით, ანდა ტერიტორიული ფაქტორების გათვალისწინებით. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ მცირე მეწარმეთა კატეგორიებისა და ფიქსირებული გადასახადის მოცულობის განსაზღვრა საკმაოდ რთული პროცესია და ის ჯერაც გრძელდება. შემოსავლების სამსახურში ვერ აკონკრეტებენ, როდის დადგინდება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ მეწარმეთა ვინაობა და რაოდენობა. ცვლილებათა პაკეტზე, შემოსავლების სამსახურთან ერთად, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციაც მუშაობს.

ანზორ საკანდელიძე (საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე): "ფიქსირებული გადასახადების შემოღების საკითხზე ჩვენი ასოციაცია წლების განმავლობაში მუშაობდა და ახლაც ჩართული ვართ პროცესში. ჩვენ არ ვეთანხმებოდით და არც ახლა ვეთანხმებით გადაწყვეტილებას, რომ თუ მეწარმის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარზე ნაკლებია, მას 3-%-იანი გადასახადი უნდა დაუწესონ, ხოლო თუ მეტი - 5-%-იანი. არც ამ თანხის ზღვრად დაწესებაა ჩვენთვის მისაღები, მაგალითად, ევროსაბჭოს მოთხოვნითა და რეკომენდაციით, მცირე მეწარმის ბრუნვა დაახლოებით 10 მილიონი ევრო უნდა იყოს. მოქმედი კანონმდებლობით, ეს ზღვარი 500 ათასი ლარია და რატომ ჩამოვიდნენ 100 ათას ლარამდე, ვერ ვხვდები. ჩვენი აზრით, ბრუნვა თავისუფლად უნდა იყოს მიშვებული და მისი მოცულობის ზრდასთან ერთად უნდა იზრდებოდეს ბრუნვის გადასახადიც, ხოლო შემცირებასთან ერთად - უნდა მცირდებოდეს. ეს შედის როგორც მეწარმის, ასევე სახელმწიფოს ინტერესებშიც. სპეციალური გამოკითხვა მოვაწყვეთ მცირე მეწარმეებში და ამგვარი სისტემის შემოღებაზე ყველა თანახმაა. საბოლოო ჯამში მოგებული დარჩება მცირე მეწარმეცა და სახელმწიფოც".

თამაზ ვაშაკიძე (ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი): "თუ ევროპასთან დაახლოება გვსურს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამებოდეს. ძირითადი კრიტერიუმი, რომლთაც მსოფლიოში მცირე მეწარმეობის განვითარების დონის აფასებენ, ათას სულ მოსახლეზე საწარმოების რაოდენობაა. ჩვენთან ეს რიცხვი 9-10-ია, ევროპაში კი 45. ვერც ერთი ქვეყანა უმუშევრობას მცირე მეწარმეობის განვითარების გარეშე ვერ დაძლევს - ეს აქსიომაა. ამიტომ სჭირდებათ მცირე მეწარმეებს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ევროპაში მიღებულია დაყოფა მიკროსაწარმოდ, მცირე საწარმოდ და საშუალო საწარმოდ, ამიტომ მიკროსაწარმოს ცნების ჩვენთან შემოღებას მივესალმები. თუმცა ევროპაში მიკროსაწარმოს ბრუნვის ზედა ზღვარი 2 მილიონია, საქართველოში კი მიკროსაწარმოდ აღიარებენ მხოლოდ ისეთ საწარმოს, რომლის წლიური ბრუნვაც 30 ათას ლარია. არავინ იცის, ეს 30 ათასი საიდან მოიტანეს... ახლა მიმდინარეობს ბჭობა, რომელ ბიზნესს დააკისრონ ფიქსირებული გადასახადი და რომელს - არა.

იმედი გვაქვს, ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება და ჩვენი მეწარმეები გაურკვეველ ვითარებაში არ იქნებიან".

შემოსავლების სამსახურს დაგეგმილი აქვს მცირე ბიზნესისთვის ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელის ამოქმედება. პირველი მათგანით ისარგებლებენ ის მცირე მეწარმეები, რომლებიც არა იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებს უწევენ მომსახურებას (მცირე საპარიკმახერო, ავტომობილების მცირე სახელოსნო, მცირე საცხობი). მათ არ სჭირდებათ იურიდიული პირებისთვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ანგარიშფაქტურის გამოწერა, ეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება და აღარ დაიქირავებენ ბუღალტერს. მეორე მოდელი მორგებულია იმ მეწარმეებზე, რომლებიც ვაჭრობენ და მათი მომხმარებლები ასევე ფიზიკური პირებია. არც მათ აქვთ შეხება იურიდიულ პირებთან და საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერასაც არ საჭიროებენ. ასეთი კატეგორიის მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადი ამოქმედდება ბრუნვის 3%-ის მოცულობით. ვინც ამ მოდელს აირჩევს, ექნება სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რადგან 3%-იანი გადასახადი სწორედ სალარო აპარატით აღნუსხული შემოსავლიდან დაანგარიშდება. საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ბუღალტერის დაქირავება საჭირო არ იქნება.

სხვა სიახლით ორივე კატეგორიის მეწარმეები ისარგებლებენ: დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვისთვის 100-ათასლარიანი ზღვარი უქმდება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოსავალი წელიწადში 100-ათასლარიან ზღვარს გადააჭარბებს, მეწარმეს შესაძლებლობა ექნება, ფიქსირებული გადასახადი გადაიხადოს, ხოლო დღგ - არა.

ხათუნა ჩიგოგიძე