"სიღარიბის ბოლომდე დამარცხება შესაძლებელია!" - კვირის პალიტრა

"სიღარიბის ბოლომდე დამარცხება შესაძლებელია!"

ამბობს ბანკირი, რომელსაც ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს

ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში, როგორც წესი, პოლიტიკოსებს ან უფლებადამცველებს ანიჭებენ. მაგრამ 2006 წელს იგი ბანკირს გადაეცა - მრავალი კოლეგა-ნომინანტისგან განსხვავებით, იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მუჰამად იუნუსი მცირე სესხებს გასცემდა ღატაკებზე ბიზნესის დასაწყებად და ამით ისინი სიღარიბიდან ამოჰყავდა. ბანკირის მუშაობის შედეგები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის მიერ Grameen Bank-ში დანერგილ მეთოდს დღეს ასობით ქვეყანაში იყენებენ - აშშ-დან აფრიკის უღარიბეს ქვეყნებამდე.

ბანგლადეშელი მუჰამად იუნუსი ეკონომიკის პროფესორია. ერთ-ერთ ეკონომიკურ გამოცემასთან ამასწინანდელ ინტერვიუში მან საქართველოსთვის საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

"მერფის კანონი" სიღარიბისთვის

- თქვენ წარმატებით ებრძვით სიღარიბეს ბანგლადეშში, მაგრამ ძალიან განსხვავებულია სიღარიბე თქვენს ქვეყანასა და, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში, სადაც ოჯახებში ორი-სამი თაობაა უმუშევარი - არა იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვეს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს დახმარება ჰყოფნით. დაეხმარება მცირე სესხი მას, ვისაც მუშაობა, უბრალოდ, არ სურს?

- ეს პრობლემაა დღეს არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთში, არამედ მთელ დასავლეთ სამყაროში - კანადაში, აშშ-სა თუ ევროპის ქვეყნებში. ადამიანთა ფსიქოლოგიის შეცვლა მართლაც ძნელია, მაგრამ მთავარი ესეც არ არის. საშინელება ის გახლავთ, რომ კანონი დახმარების მიმღებებს საკუთარი საქმის წამოსაწყებად სესხის აღების უფლებას არ აძლევს. სესხის თანხა მაშინვე გამოიქვითება დახმარების თანხიდან. აშშ-ში უმუშევარი სანამ დახმარებას იღებს, ჯანდაცვის სფეროშიც შეღავათებით სარგებლობს. იქ კი თუ სამედიცინო დაზღვევა ან შეღავათები არ გაქვს, ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ. ამიტომაც ცეცხლივით ეშინიათ სოციალური დახმარების ამ უპირატესობების დაკარგვისა. როგორც ხედავთ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანს სიღარიბიდან თავის დაღწევის სურვილი გაუქრონ.

კანონებს მე რომ ვწერდე, ყველაფერს პირიქით გავაკეთებდი. თუ უმუშევარი საქმის წამოსაწყებად აიღებდა სესხს, მისი სოციალური დახმარებაც მაშინვე იმდენივე თანხით გაიზრდებოდა. ეს წაახალისებდა ადამიანს, დამატებით ძალებს შესძენდა. მე გავდებდი ხიდს ძველსა და ახალ ცხოვრებას შორის - საქმის დაწყებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში ადამიანს ჯანდაცვის პრივილეგიებს შევუნარჩუნებდი. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ კაცი წელში გაიმართა, დახმარებას მოვუხსნი და დანარჩენს უკვე თვითონვე გაუმკლავდება.

- იქნებ ეს იდეა პოლიტიკოსებს შესთავაზოთ?

- ეს საკითხი ამერიკელ კონგრესმენებთან განვიხილეთ, მაგრამ ამაოდ. მდგომარეობა ერთდროულად რთულიცაა და უცნაურიც. კანონი სოციალური დახმარების ჩარჩოში აკავებს ადამიანს, იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს, დამოუკიდებლად მოიპოვოს "პური არსობისა!" ცნობილი ზამბიელი ეკონომისტი დამბისა მოიო მიიჩნევს, რომ ასეთი "ხელშეწყობა" არა მარტო ადამიანებს, სახელმწიფოებსაც თრგუნავს. იგი დარწმუნებულია, რომ აფრიკული ქვეყნები გაცილებით წარმატებით განვითარდებოდნენ, რომ არა დასავლეთიდან უსასყიდლო დახმარების სახით წამოსული ტრილიონი დოლარი.

მე სავსებით ვეთანხმები ქალბატონ მოიოს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. როცა 2010 წლის დასაწყისში ჰაიტიზე საშინელი მიწისძვრა მოხდა, მთელმა მსოფლიომ ხელი გამოიღო მის დასახმარებლად, კუნძულისკენ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემების ქარავანი დაიძრა. მაგრამ ეს დახმარება მეტისმეტი აღმოჩნდა, კუნძულზე ამდენი საქონლის არც შესანახი ადგილი იყო და არც მომხმარებელი. შედეგად, უამრავი რამ განადგურდა ან გაფუჭდა. ესოდენ გულუხვი დახმარება ჰაიტელებს უკუღმა შემოუბრუნდათ. ყველაფერი უფასო აქვთ - საჭმელ-სასმელი, სახლი, ნივთები... ეკონომიკა ჩამოიშალა. ჰაიტელებს ოდითგან მოჰყავდათ ბრინჯი, თანაც საუკეთესო ხარისხისა, ახლა კი აღარ მოჰყავთ: რაღატომ, თუკი თავზე საყრელად აქვთ ამერიკული? თანაც ეს მხოლოდ პრობლემის ნაწილია. ფულადი დახმარება მთავრობის გავლით მიედინება, იგი სახელმწიფო აპარატს ანგრევს და კორუფციაში ძირავს. ეს თანხა არც გასასტუმრებელია, არც ანგარიშს ითხოვენ და ამდენად, ძალიან ძნელია - არ მოიპარო.

- გამოსავალი რა არის? ჰუმანიტარულ დახმარებას ხომ ვერ შევუწყვეტთ იმათ, ვისაც ეს სჭირდება?

- თუ გსურთ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს დაეხმაროთ და არა პოლიტიკურ ელიტას, სხვა გზა აირჩიეთ - კერძო სექტორის, და არა მთავრობის გავლით იმოქმედეთ. შექმენით ქვეყანაში სოციალური ბიზნესი, მცხოვრებლებს სამუშაო შესთავაზეთ, მხარი დაუჭირეთ მათ, ვისაც საკუთარი საქმის წამოწყება სურთ. ასე გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანთ მათ და, სხვათა შორის, ნაკლები ფინანსებით.

ჯინი აიფონიდან

- თქვენ ბრძანეთ, რომ 2050 წლისთვის "აღარ იქნებიან ღარიბები, ღატაკები და მათხოვრები". მართლა გჯერათ ამის?

- მჯერა, რომ ამის მიღწევა უკვე 2030 წლისთვის შეიძლება. კიდევ 40 წელიწადს ლოდინი არ მოგვიწევს. 2050 წლისთვის დიდი ხნის გამომშვიდობებული ვიქნებით სიღარიბესთან. ვერსად ნახავთ უსახლკარო ბავშვს.

- მეტისმეტად ოპტიმისტი ხომ არ ბრძანდებით? ნუთუ სიღარიბის სრული აღმოფხვრა შესაძლებელია?

- მიიხედეთ 15 წლით უკან. მაშინ ხომ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ჯიბეში აიფონი გედებოდათ. ახლა კი საკმარისია, მის ეკრანს შეეხოთ, და პრაქტიკულად, ყველაფერს მიიღებთ, რაც გსურთ. ეს ალადინის ლამპარს ჰგავს! თქვენ წინ უამრავი შესაძლებლობა იშლება.

- და რა შუაშია აქ ღარიბები?

- ჯერჯერობით - არაფერში. IT-კომპანიები თავისი გამოგონებებით აწყობილია ფულის კეთებაზე და არა სიღარიბესთან ბრძოლაზე. მაგრამ თუ იქ მოინდომებენ რამის შეცვლას, ეს ადვილია: თუ ღარიბი ქალი შეძლებს ხელით ციფრულ ჯინს შეეხოს... ის მაშინვე ჰკითხავს: "რით შემიძლია გემსახურო?!" - ქალი უპასუხებს: "შეხედე, რამდენი კალათი დავწანი, მაგრამ მათი გაყიდვა მიჭირს. დამეხმარე!" "უპრობლემოდ!" - მიუგებს თანამედროვე ჯინი და ორიოდე წუთში უპოვის 50 მყიდველს. ხომ არსებობს PayPal -ი, eBay, ტექნოლოგიები, პლატფორმები, გადაწყვეტები - ყველაფერი მოქმედებს, არაფრის გამოგონება საჭირო აღარ არის. მითხარით, სად იყო ჩინეთის ეკონომიკა 15 წლის წინ?

- არსად.

- დღეს კი მსოფლიოში მეორეა მოცულობით და პირველობისკენ მიისწრაფვის, თავად ჩინელებიც კი ვერ იფიქრებდნენ, რომ ამდენს მიაღწევდნენ.

2000 წელს გაერომ ათასწლეულის სამიტზე მსოფლიო ლიდერები შეკრიბა. პირველი რიგის ამოცანათა შორის იყო 2015 წლისთვის ღარიბთა რიცხვის ორჯერ შემცირება. ანუ მათი, ვისი შემოსავალიც დღეში $1-ზე ნაკლებია. 11 წლის წინ ამ ამოცანაზე იცინოდნენ, მაგრამ დღეისთვის უკვე ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია დასახულ მიზანს. ბანგლადეში ერთ-ერთია. არადა, ჩვენ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანათა რიცხვში ვიყავით - 1990 წელს მოსახლეობის 85%-ს ღარიბები შეადგენდნენ, დღეს კი ეს რიცხვი 32%-ია. ჩვენი მიზანია, 2015 წლისთვის ამ მაჩვენებლის 25%-მდე დაყვანა. სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა წელიწადში 1,7%-ით მცირდება. ეს ტემპი კიდევაც რომ არ გაიზარდოს, 2030 წლისთვის სიღარიბე მაინც ნულის ტოლი იქნება. და თუ ეს შეუძლია ბანგლადეშს, რატომ ვერ უნდა შეძლონ სხვა ქვეყნებმა? გამოიყენეთ თქვენი ქვეყნის მოსახლეობაში არსებული პოტენციალი. სამყარო ღარიბების გარეშე სულაც არ არის წარმოუდგენელი.

მოამზადა ნატა ენუქიძემ