თუ კომერციული საიდუმლო ორმა იცის... - კვირის პალიტრა

თუ კომერციული საიდუმლო ორმა იცის...

არანაირი კომერციული საიდუმლოება - ხელისუფლება ბიზნესის შიდა საქმეებში ჩახედვის უფლებას იკანონებს. "საგადასახადო კოდექსში" შედის ცვლილება, რომლის თანახმად აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოსთვის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის (ასეთად კი ბოლო დროს ლამის ყველა სახელმწიფო უწყება გადაკეთდა) საგადასახადო საიდუმლოება ხელმისაწვდომი გახდება. თუ პროექტი დაკანონდა, ისინი სასამართლოში მიმართვის გარეშე, პირდაპირ შეძლებენ, გამოითხოვენ ინფორმაცია კომპანიებში მომუშავე აუდიტორების ან ბუღალტრებისგან...

დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, სხვა დანარჩენი საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს. ვისაც მასზე სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა (ძირითადად საგადასახადოს თანამშრომლებს), კანონი საიდუმლოდ შენახვას ავალდებულებდა.

ბიზნესის შესახებ კომერციული ინფორმაციის მიღება, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისა და დავების განხილვის საბჭოს წევრების გარდა, შეეძლოთ სამართალდამცავ ორგანოებს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და კონტროლის პალატას, ისიც მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ახლა კი ბიზნესს ერთგვარ "ღია სარკმელს" ამაგრებენ, სადაც ყველა შეიხედავს, ვისაც არ დაეზარება.

გიორგი პერტაია (ბიზნესომბუდსმენი): "ეს არ არის კარგი სიახლე ბიზნესისთვის, რადგან საჯარო სამართლის იურიდიული პირები შეძლებენ, ბიზნესზე საგადასახადო საიდუმლოება გამოითხოვონ და მის შესახებ დამატებითი დეტალები შეიტყონ. მართალია, ცვლილებაში მითითებულია, რომ ინფორმაცია თავისი საქმიანობის მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ, მაგრამ ძალიან ძნელი იქნება გაკონტროლება - თავისი საქმიანობისთვის იყენებენ, კონკურენტს აწვდიან თუ პირადი მიზნები ამოძრავებთ.

ორი წლის წინ შემოსავლების სამსახურში პრობლემა იყო: მათი თანამშრომელი ერთ-ერთ ბიზნესს კონკურენტი კომპანიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. შემოსავლების სამსახურშია ძნელი ამის გაკონტროლება და ხომ წარმოგიდგენიათ ყველა სსიპ-ის გაკონტროლება, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ინფორმაციას? ცვლილება ცუდია და ვიმედოვნებ, პარლამენტი მას ამ სახით არ მიიღებს".

ლევან კალანდაძე (ეკონომიკის ექსპერტი): "ეს არის იმ კურსის გაგრძელება, რომელსაც ბოლო დროს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ატარებს საკანონმდებლო საშუალებებით. ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისა და იმ ადამიანების ტოტალური კონტროლი, რომლებსაც განსაზღვრული შემოსავალი აქვთ და შეუძლიათ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად მონაწილეობა, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ბუნებრივია, ხელისუფლება, რომელსაც ტოტალური კონტროლის ელემენტები საკანონმდებლო დონეზე აქვს გამყარებული, დაინტერესებულია ადამიანების მართვით, მათთვის სუბიექტური აზრის თავს მოხვევით...

მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული საიდუმლოს ცნება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, არ ვისაუბრებ ტოტალიტარულ სახელმწიფოებზე, კომერციული საიდუმლო ისევე ხელშეუხებელია, როგორც კერძო საკუთრება და პირადი ცხოვრება. კომერციული ინფორმაცია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ისიც მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლით მიეწოდება რომელიმე ორგანოს.

არსებობს პრაქტიკა, რომ მხოლოდ უკიდურესი აუცილებელ შემთხვევებში, თუ საზოგადოებრივი თვალსაზრისით საკითხი ძალიან ფასეულია, სასამართლოს შეუძლია საგადასახადო ორგანოებისგან კომერციული ინფორმაცია გამოითხოვოს, ჩვენთან კი თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოსთვის ხდება კომერციული ინფორმაცია ხელმისაწვდომი. ამით ხელისუფალთ შეუძლიათ, სუბიექტური მოსაზრებებით, რომელიმე კომერციული ორგანიზაცია არათანაბარ პირობებში ჩააყენონ კონკურენტებთან შედარებით და გავლენა მოახდინონ ორგანიზაციის ან მისი დამფუძნებლების არჩევანზე. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური არჩევანი ან საზოგადოებრივი ჩართულობა ამ ადამიანებისა, რაც, პრაქტიკულად, პირადი ცხოვრების ხელყოფაა.

კომერციულ ინფორმაციაზე დიდწილად არის დამოკიდებული ბიზნესის წარმატება. მაგალითად, ინფორმაცია სასაწყობო მარაგების, ნაღდი ფულის მოძრაობის, კონკურენტებთან ურთიერთობის, მოქმედი ბიზნესსტრატეგიების შესახებ - რამე ფორმით ხელში რომ ჩაუვარდეს კონკურენტს, ფირმას ხელი შეეშლება სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებაში. ბუნებრივია, ეს აისახება მის შემოსავალზე, გაყიდვაზე და სხვ. ანუ საუბარია კომპანიებისთვის ისეთი პირობების შექმნაზე, რომელიც კომპანიებისთვის ზარალის მიყენების რისკს შეიცავს. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, რომ პირიქით, ეს ინფორმაცია დაცული და ხელშეუხებელი იყოს, არავის ჰქონდეს მისი მიღებისა და არამართლზომიერად, არასათანადოდ გამოყენების საშუალება".

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ამ განზრახვასაც და ბოლოდროინდელ სხვა რამდენიმე ცვლილებასაც პოლიტიკური მიზანი აქვს. ვფიქრობ, ეს არის ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა და საქართველოში ბიზნესის წარმოების გართულება. კარგია საერთაშორისო რეიტინგების მოწინავე პოზიციებზე ყოფნა, მაგრამ ასეთი სიახლეები ინვესტორს ყოველთვის დააფრთხობს. არ არის ნორმალური, როდესაც ხდება ბიზნესის ბევრი სექტორის, ბანკების პოლიტიზება და არჩევნების გამო ასეთი ცვლილებების შემოტანა. ეს ზედმეტი რეგულაციებია, ამით სახელმწიფო იჭრება ბიზნესში, რაც ყოველთვის ცუდია ნებისმიერი ქვეყნის ბიზნესგარემოსთვის.

ამ ინფორმაციის გამოთხოვა აქამდეც შეეძლოთ - თუ იქნებოდა პროკურატურიდან ან სხვა უფლებამოსილი უწყებიდან მიმართვა, მაგრამ ეს "განდობილთა წრე" ფართოვდება და წვდომა უკვე ძალიან ბევრს ექნება. რაც უფრო მეტმა იცის კონკრეტულ კომპანიაზე რამე, მით მეტია ამ ინფორმაციის იქ მოხვედრის შანსი, სადაც ის აინტერესებთ. ეს შეიძლება იყოს საბუღალტრო ჩანაწერები, ინფორმაცია ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებზე, ფასწარმოქნაზე - ნებისმიერი შიდა ინფორმაცია, რომელიც კომპანიას არ სურს, საჯარო იყოს".