"ზამთრის ბაღებს" დაათოვა... და მოყინა - კვირის პალიტრა

"ზამთრის ბაღებს" დაათოვა... და მოყინა

ზარალი სოფლის მეურნეობაში - მკაცრი ზამთრის პროგნოზს ყურადღება არ მიაქციეს

ყინვებით მიყენებულ ზარალს სრულად ალბათ მალე დავითვლით. ტექნიკური მარილისგან გაფუჭებული საავტომობილო გზები უკვე თვალში საცემია. უჩვეულოდ დაბალ ტემპერატურას ვერც სოფლის მეურნეობა გადაურჩა. ყველაზე მეტად, შედარებით თბილ კლიმატს შეგუებულმა დასავლეთ საქართველომ იზარალა. მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სასაწყობო მეურნეობის არქონის გამო გაეყინათ ქართლშიც.

ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსის დიდი რაოდენობა გაიყინა. ორ წყალს შუა მყოფი ადგილობრივი ქართველები ღიად მოსავლის ზუგდიდში ჩამოტანასა და გაყიდვას ვერ ახერხებენ, რადგან დე ფაქტო ხელისუფლებას ამაზე ჯარიმები აქვს დაწესებული. არც ფსოუს მიმართულებით წაღება უღირთ, რადგან ტრანსპორტირების ხარჯის გარდა, შესაძლოა რეკეტის სამიზნეც გახდნენ. ამიტომ ციტრუსი მცირე პარტიებით, შემოვლითი გზებით ჩამოაქვთ ზუგდიდში. რისი გაყიდვაც ვერ მოასწრეს, ყინვამ გააფუჭა.

ნანი გოგოხია (სოფელ გაგიდის მკვიდრი): "აფხაზებმა იციან, რომელი სოფელია ყველაზე შემოსავლიანი და როცა ციტრუსის მოწევა მოახლოვდება, ამ სოფლებს შეესევიან ხოლმე. ქართველები, ვისაც აქ ე.წ. კრიშა ანუ მფარველი არ ჰყავთ ადგილობრივ აფხაზებს შორის, იძულებული არიან დაემორჩილონ მოთხოვნას და მოსავლის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ. ლამის ყოველი ძირი ციტრუსი აქვთ აღრიცხული და წინასწარ იციან, რა ფართობზე რამდენი მოგვყავს.

პლანტაციების მოვლა ძვირი გვიჯდება. წლეულს რამდენიმე ღამეს უჩვეულოდ ძლიერი ყინვები იყო და ძალიან გაგვიფუჭა მოსავალი, განსაკუთრებით ლიმონი. ერთიანად რომ ვერ ვყიდით მოსავალს, ცოტ-ცოტას ვკრეფთ, როცა გასაყიდად ვამზადებთ. თუ გაგვიმართლა, შემოვლითი გზებით ზუგდიდში გადმოგვაქვს. აქაური ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ფსოუსკენ წაგვაღებინოს, იქ წაღება კი ძალიან ძვირი ჯდება. შენი ავტომობილით ვერ წახვალ, სარისკოა. მანქანის დაქირავება დამატებითი ხარჯია და თან რა ფასსაც თავად დაგისახელებენ ციტრუსის შესასყიდად, იძულებული ხარ დათანხმდე. წინააღმდეგობას ვერ გაუწევ, რადგან ძალაუფლება მათ ხელშია. ამიტომ გვირჩევნია, ცოტ-ცოტა დავკრიფოთ და მცირე პარტიებით ზუგდიდში ჩამოვიტანოთ.

მოსავლის დიდი ნაწილი გასაყიდი გვქონდა გართულებული მიმოსვლის გამო. ლიმონის, ფოთოხლის, მანდარინისა და გრეიპფრუტის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყინა და იძულებული ვართ, გადავყაროთ. ხეზე დატოვებაც არ შეიძლება, რადგან გაფუჭებული ნაყოფი ნარგავსაც გააფუჭებს, ციტრუსი კი ჩვენი ერთადერთი შემოსავალია".

გასულ კვირას -16 გრადუსამდე მიაღწია ყინვამ შიდა ქართლში. მრავალწლიანი ნარგავებიდან კაკლის ხეები დაზიანდა. ადგილობრივთა უმეტესობა შიდა მეურნეობაშია დასაქმებული და საკუთარი ხელით მოწეულით ცხოვრობს. როგორც ამბობენ, უკვე ერთი თვეა უგზოობის გამო თბილისში გასაყიდად პროდუქციის ჩამოტანას ვერ ახერხებენ. გასაყიდიც თითქმის აღარაფერი აქვთ, რადგან მოსავლის დიდი ნაწილი გაყინულია.

ლამარა ოქროპირიძე (კასპის რაიონის მკვიდრი): "კომბოსტო, ხახვი, სტაფილო და ჭარხალი ყინვამ გააფუჭა. გალღობის შემდეგ ხახვმა შესაძლოა ივარგოს, დანარჩენი ბოსტნეული კი გადასაყრელია. ზოგს სათავსო არ აქვს, რომ მოსავალი დროულად დააბინაოს. ახლომახლო არც საწყობ-მაცივარია, რაც იყო, დაანგრიეს და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს. წლეულს ქართლში ნაადრევად დაზამთრდა, თოვლმა ნოემბერში მინდორში მოუსწრო მოსავალს და ამიტომ გვიან დავაბინავეთ. ამის გამო საშემოდგომო ხორბლის თესვაც დაგვიანდა და ისიც არ ვიცით, ამოვა თუ არა ჯეჯილი გაზაფხულზე.

ჯერ იყო და ჰიბრიდულმა სიმინდმა გვაზარალა. სათესლე სიმინდი ლამის იძულებით გვაყიდვინეს, კილოგრამში 15 ლარი გადავიხადეთ. მე შედარებით მცირე ფართობზე მოვიყვანე, ხალხმა კი ჰექტარობით დათესა და იმდენიც ვერ მოიწია, რომ სათესლე მასალის ხარჯი აენაზღაურებინათ. ფულს აღარ დავეძებ, ის შრომა მენანება, რომელიც ყანის სამჯერ გათოხნისას გავწიეთ".

შედარებით ნაკლებია ზარალი სამცხე-ჯავახეთში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობები არახალია. როგორც მემამულეთა ასოციაციაში ამბობენ, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მრავალწლიანი ნარგავები მოყინვას გადაურჩა, მაგრამ მოწეული მოსავლის მცირე ნაწილი მაინც გაფუჭდა.

გედევან გოზალიშვილი (საქართველოს მემამულეთა ასოციაციის ხელმძღვანელი): "თოვლი და ყინვა ჩვენთვის უჩვეულო არ არის, სამცხე-ჯავახეთის მიკროკლიმატისთვის ის დამახასიათებელია. მრავალწლიანი ნარგავები არ გაფუჭებულა, რადგან ძირითადად ყინვაგამძლე ჯიშებია დარგული. მოწეული პროდუქციის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გაყინა და ასეც ხდება ყოველწლიურად. ვისაც სათავსოები არ უვარგა, საკუთარ მოსავალს ვერ იცავს. ყოველ წელს ყინვებისას ძირითადად კომბოსტო ფუჭდება".

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და პირიქით, დიდთოვლობა უკეთესიც არის მოსავლისთვის. ოფიციალური კომენტარის მისაღებად კი ამ უწყებას ჟურნალისტმა თურმე აუცილებლად ოფიციალური წერილით უნდა მიმართოს..."

თამაზ თურმანიძე (პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი): "ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გამოვაქვეყნე სეზონური გრძელვადიანი პროგნოზი და დავდე დასკვნა, რომ წლეულს საქართველოში ძალიან მკაცრი ზამთარი იქნებოდა. ეს პროგნოზი ჰიდრომეტსამსახურს

გადავეცი, ტემპერატურის მონაცემები რეგიონების მიხედვითაც მაქვს გაკეთებული.

- ასეთი პროგნოზებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ დაინტერესებულან?

- რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ შემდეგ მინისტრიც შეიცვალა და რომ არ მოგატყუოთ, ახალთან აღარ ვყოფილვარ. გამოგიტყდებით, მომბეზრდა კიდეც მათთან შეთავაზებებით სიარული. ამ ზამთარში ყველაზე მეტად დაზიანდება ვაზი, ხეხილი და ციტრუსი, მაგრამ საბოლოო მონაცემები ალბათ მხოლოდ მარტის დასასრულს ან აპრილის დასაწყისში იქნება ცნობილი.

განსაკუთრებით ზიანს ყინვა სუბტროპიკულ ხეხილსა და ატამს მიაყენებდა. ვაშლი უფრო ყინვაგამძლეა. მაღალმთიან რეგიონებში ძალიან დაბალი ტემპერატურა იყო, -20 გრადუსი აღირიცხა ახალქალაქში, წალკაში. ყინვამ საშემოდგომო ნათესებიც დააზიანა. თოვლის მოსვლამდე ზოგან ყინავდა. თოვლი რომ დაფარავს ნიადაგს, მერე აღარ არის საშიში. ჩასული ვიყავით გორისა და საგარეჯოს რაიონებში. წარმოიდგინეთ, ყინვამდე გვალვა იყო, მერე ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, ისე, რომ ნალექი არ მოსულა. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საშემოდგომო ხორბლის ნათესები ძალიან მწირ მოსავალს მოგვცემს.

ნაადრევად აცივდა, ასეთი ცივი ნოემბერი კარგა ხანია არ ყოფილა. ეს რომ წინასწარ სცოდნოდათ გლეხებს, ფერმერულ მეურნეობებს, შეძლებდნენ ზარალის თავიდან აცილებას ან შემცირებას მაინც. ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია ვურჩიო გლეხებს, რომ ვაზი და ხეხილი, რომელიც მოიყინა, შედარებით გვიან გასხლან - როცა გამოჩნდება, რომელი კვირტები და რამდენად არის დაზიანებული. ციტრუსის პლანტაციების გადასარჩენად ეფექტური იქნებოდა ავტოსაბურავებით ცეცხლის დანთება. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ყინვის მიმართ ლიმონი. რაც შეეხება გაყინულ მოსავალს, მხოლოდ საკონსერვო წარმოება თუ ჩაიბარებს გადასამუშავებლად, თვითღირებულებაზე ბევრად იაფად".