ჯონ როკფელერის ორი იმპერია - კვირის პალიტრა

ჯონ როკფელერის ორი იმპერია

ადამიანი "ღმერთზე მეტი" ფულით

ჯონ როკფელერი დღემდე აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად მიიჩნევა. გაზეთმა "ნიუ იორკ ტაიმსმა" 2006 წელს, დოლარის კურსის გათვალისწინებით, მისი ქონება $192 მილიარდად შეაფასა. კიდეც უფრო შორს წავიდა 2007 წელს ჟურნალი "ფორბსი", რომლის გათვლებით, ჯონ როკფელერის ქონება ახლანდელ $318 მილიარდს უტოლდებოდა.

უამრავი ადამიანი როკფელერს აღმერთებდა, რადგან, როგორც მორწმუნე ადამიანი, იგი თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებისთვის ხარჯავდა. როკფელერი ხელს უმართავდა როგორც ქვეყანას, ასევე მრავალ ადამიანს. ამავე დროს, ბევრი მას ეშმაკსაც ადარებდა, რომელიც ყოველთვის იღებდა იმას, რაც სჭირდებოდა.

ჯონ როკფელერზე ლეგენდები მის სიცოცხლეშივე დადიოდა. 1917 წლისთვის მისი ქონება აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,5%-ს შეადგენდა. როკფელერს ადვილად შეეძლო მთელი სახელმწიფოს დაფინანსება, თანაც ისე, რომ გაკოტრების საფრთხე არ დამუქრებოდა. შედარებისთვის, 1917 წლისთვის აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი $715 მილიონს შეადგენდა, როკფელერის ქონება კი იმავე წელს, სხვადასხვა შეფასებით, $900 მილიონიდან $1 მილიარდამდე იყო.

იმუშავე და დაზოგე

ჯონ როკფელერი 1839 წელს დაიბადა ნიუ-იორკის შტატში. ის მეორე შვილი იყო გერმანელი პროტესტანტის, უილიამ ევერი როკფელერის ოჯახში. მისი წინაპრები ფრანგი ჰუგენოტი როკფაილები იყვნენ, რომლებიც XVII საუკუნეში ინკვიზიციას, დარბევებსა და მეფის დრაგუნებს გერმანიაში გაექცნენ და გვარიც გერმანულ ყაიდაზე გადაიკეთეს. მათი პროტესტანტული რწმენა მკაცრი იყო, ის შინაგან დისციპლინას, მძიმე შრომას, მომჭირნეობას, ხორციელი სიამოვნებების დათმობას მოითხოვდა. ამასთან, პროტესტანტები თავს რჩეულ ხალხად მიიჩნევდნენ და სხვები არ აინტერესებდათ...

ნიუ-იორკიდან როკფელერები მალევე გადავიდნენ საცხოვრებლად პენსილვანიაში, რამაც გადაწყვიტა კიდეც ბიჭის მომავალი- პენსილვანიის მიწები ნავთობით გაჯერებული აღმოჩნდა. დედა ღვთისმოშიში ქალი გახლდათ, მამა კი ქალებსა და გართობაზე გადარეული იყო და შინ იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა ალკოჰოლს არ ეკარებოდა. არც ბიზნესწამოწყებებს აკლებდა ხელს, მაგრამ ბედი ხშირად არ სწყალობდა. ჯონს ბავშვობიდან გამოჰყვა ღვთის რწმენა და რელიგიური ფასეულობებისადმი ერთგულება. ამიტომაც გახდა ის მომავალში უდიდესი ფილანთროპი. თუმცა ყმაწვილს თავისიანების მიმართ მოვალეობის გრძნობა და უცხოებისადმი ცივი გულგრილობაც დაჰყვა. ჭაბუკმა ჯონმა საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ არასდროს იცხოვრებდა მამამისივით ეგოისტურად. ისე კი სწორედ მამა უყვებოდა საკუთარ წამოწყებებზე, უხსნიდა საქმის წარმართვის პრინციპებს. პატარა ჯონს მამა ხშირად ევაჭრებოდა და მისგან სხვადასხვა მომსახურებას იძენდა- ასე ასწავლიდა ყიდვასა და გაყიდვას. მოგვიანებით მაგნატი გაიხსენებს, რომ მამა მას, შეიძლება ითქვას, გასამდიდრებლად წვრთნიდა.

შვიდი წლის ასაკში ჯონი ინდაურებს ასუქებდა გასაყიდად და ანაზღაურების სანაცვლოდ მეზობლებისთვის კარტოფილს თხრიდა. კომერციული საქმიანობის ყველა შედეგი რვეულში გადაჰქონდა. ფულს ყულაბაში აგროვებდა და 13 წლის ასაკში ნაცნობ ფერმერს $50 ასესხა წლიურ 7,5%-ად. დედამ შთაუნერგა შრომისმოყვარეობა, ყაირათიანობა და წესრიგიანობა. "მე აღმზარდეს პრინციპით: იმუშავე და დაზოგე",- იხსენებდა როკფელერი.

16 წლის ჯონმა უკვე სამუშაოს ძებნა დაიწყო. მათემატიკა კარგად იცოდა, სამთვიანი საბუღალტრო კურსებიც გაიარა კლივლენდში, მაგრამ სამუშაოს პოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ექვსკვირიანი ძიების შემდეგ ბიჭი, როგორც იქნა, ბუღალტერის თანაშემწედ აიყვანეს კომპანია Hewitt and Tuttle-ში. პირველ სამ თვეს ჯონი უფრო სწავლობდა, ვიდრე მუშაობდა, მას ფულს არ უხდიდნენ. თუმცა სწავლა ბიჭს ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებდა. ახალბედა კლერკის სამუშაო დღე დილის შვიდის ნახევრიდან იწყებოდა და ღამის ათი საათის შემდეგ სრულდებოდა.

ფირმაში სწავლამ მომავალ მაგნატს ძალიან ბევრი მისცა. მან საკმაოდ სწრაფად წარმოაჩინა თავი, როგორც დაოსტატებულმა პროფესიონალმა. და როგორც კი კომპანიის მმართველმა პოსტი დატოვა, მის ადგილას მაშინვე ჯონ როკფელერი დანიშნეს. მაგრამ ახალი მმართველი ძალიან განაწყენდა, როცა ჯამაგირად $600 დაუნიშნეს. მისი წინამორბედი $2000-ს იღებდა. შეურაცხყოფილმა ჯონმა ფირმა დატოვა. მაშინ იგი მხოლოდ 19 წლის იყო, თუმცა სამი წლის მუშაობით განსაზღვრულ სასტარტო კაპიტალს მოუყარა თავი. გარდა ამისა, თავკერძა მამისგანაც ისესხა რაღაც თანხა. ყოველივე ეს საკმარისი აღმოჩნდა მცირე ბიზნესის წამოსაწყებად- 1858 წელს ჯონმა პარტნიორებთან ერთად სასურსათო ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ჰყიდდა ფქვილს, ხორბალს, ღორის ხორცსა და სხვა პროდუქტს. თუმცა დიდი ფული მისთვის ნავთობს უნდა მოეტანა.

მონოპოლია

რას წარმოადგენდა იმ დროისთვის ნავთობი? დიდი ხნის განმავლობაში მას კომერციული ფასეულობაც არ ჰქონია. შემდეგ ის გახდა ნედლეული, რომელსაც სამრეწველო ნავთის დასამზადებლად იყენებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნავთი სინათლის წყაროც იყო. სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, თორემ XIX საუკუნის შუა ხანებში ბენზინის ხსენებაც არ იყო.

1865 წელს როკფელერმა გაიცნო ერთი ქიმიკოსი (სახელი უცნობია), რომელმაც მას ნავთის შესახებ მოუთხრო. ასე დაფუძნდა პარტნიორებთან ერთად კომპანია Standard Oil-ი. როკფელერმა ნავთობის ძიება დაიწყო. საქმიანობის დაწყებისას მან შენიშნა, რომ მთელ სანავთობო ბიზნესში ერთგვარი დომხალი იყო. ნავთობზე ხალხი ფულს ადვილად შოულობდა, ეს კი ადამიანებში არა მარტო კარგ, არამედ ცუდ თვისებებსაც ამძაფრებდა. ჯონს ესმოდა, რომ კომერციულ წარმატებაზე ფიქრი მხოლოდ საქმეში წესრიგის დამყარების შემდეგ შეიძლებოდა. ამ საკითხს მან პარტნიორთან ერთად მიხედა. დასაწყისისთვის ფირმის წესდება შეიქმნა. თანამშრომლები რომ მეტად დაეინტერესებინა, როკფელერმა თავდაპირველად მათ ხელფასი არ დაუნიშნა და აქციების ურიგებდა. ჯონს მიაჩნდა, რომ ადამიანი უფრო გულმოდგინედ იმუშავებდა, თუ საკუთარ თავს კომპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოო შემოსავალიც ბიზნესის წარმატებულობაზე იქნებოდა დამოკიდებული.

საქმემ თანდათან დაიწყო შემოსავლის მოტანა და როკფელერმაც ნელ-ნელა სხვა ნავთობკომპანიების შესყიდვას მიჰყო ხელი. თავდაპირველად ის სათითაოდ იძენდა მცირე საწარმოებს, რომლებიც ძალიან ძვირი არ ღირდა. ასეთი სტრატეგია ბევრ ამერიკელს არ მოსწონდა. პრესაში როკფელერს მეკობრედ და ურჩხულადაც კი მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ ყიდვისას ის სამართლიან კომერციულ ფასს იხდიდა. წარმატების გზაზე ჯონს არა მხოლოდ პრესა ესხმოდა თავს, ხალხში ათასგვარ ხმას ავრცელებდნენ მასზე. ჯონი არასოდეს პასუხობდა გამოხდომებს, თუნდაც აშკარა ცილისწამება ყოფილიყო. დუმილს კი ადამიანები ბრალის აღიარებად მიიჩნევდნენ... სწორედ იმ ხანად ყალიბდებოდა კარტელები ხორცის, სასოფლო-სამეურნეო, ფოლადის მრეწველობასა თუ სატრანსპორტო ინდუსტრიაში. გამონაკლისი არც ნავთობბიზნესი ყოფილა.

ასე იყო თუ ისე, 1880 წლისთვის, მრავალრიცხოვანი წვრილი თუ საშუალო ფირმების შერწყმის შემდეგ, როკფელერის ხელში აშშ-ის მთელი ნავთობბიზნესის 80%-ზე მეტი აღმოჩნდა, "სტანდარდ ოილი" კი იმდროინდელი მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიად იქცა. თუმცა ათი წლის შემდეგ ძალაში შევიდა ცნობილი შერმანის კანონი მონოპოლიების წინააღმდეგ. როკფელერმა ახალი რეგულირების საპასუხოდ "სტანდარდ ოილი" 34 მცირე კომპანიად დაყო (ყველა მათგანის საკონტროლო პაკეტს თვითონ ფლობდა), მაგრამ ჯამურად მისი ქონება მხოლოდ გაიზარდა. სხვათა შორის, თითქმის ყველა დღევანდელი მსხვილი ნავთობკომპანია სწორედ "სტანდარდ ოილიდან" წამოვიდა. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი გიგანტების დასახელება, როგორებიცაა Mobile, Exxon-ი, Chevron-ი და სხვ.

იღბალი და ბედი

XX საუკუნის დასაწყისში ელექტრობა უკვე გადაქცეულიყო ფაქტორად, რომელსაც, ბევრის აზრით, სანავთობო ბიზნესის მოსპობა შეეძლო. მაგრამ ასე არ მომხდარა- ავტომობილის გამოჩენა მენავთობეებისთვის ციური მანანის მსგავსი საჩუქარი აღმოჩნდა.

როკფელერის წარმატება მჭიდროდ უკავშირდებოდა მის ოჯახს. რელიგიური ფასეულობები მას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ბიზნესში, სადაც ნამდვილი ქაოსი ბატონობდა: პროსტიტუცია უშუალოდ სამუშაო ადგილებზე, ძარცვა-გლეჯა, ქურდობა, უყურადღებობით შახტების აფეთქებები და სხვ. გარდა ამისა, ჯონი საკუთარი ფირმისთვის გამორჩენის ძიებისას მოხერხებულად აჯახებდა სხვებს ერთმანეთს. მაგალითად, მან შეძლო ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა რამდენიმე სარკინიგზო კომპანია და წყლის ტრანსპორტის წარმომადგენლები. საბოლოოდ "სტანდარდ ოილმა" მეტად ხელსაყრელი სატრანსპორტო გარიგება დადო და 1 ბარელი ნავთობის გადაზიდვა, კონკურენტებთან შედარებით, 1,5-ჯერ იაფად შეეძლო.

ყველაფერთან ერთად, როკფელერმა ცხოვრების მეგზურიც ღირსეული შეარჩია. მასწავლებელ ლორა სპელმანს, მეუღლის შეფასებით, სხვა სიკეთეებთან ერთად პრაქტიკული ჭკუაც ჰქონდა. მოგვიანებით მაგნატი აღნიშნავდა,- რომ არა ლორა, შესაძლოა, მდიდარი არც არასოდეს გავმხდარიყავიო.

საქველმოქმედო იმპერია

ჯონ როკფელერი ამერიკის მთელი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ქველმოქმედი იყო. მან ფაქტობრივად ორი იმპერია შექმნა- სანავთობო და საქველმოქმედო. თუმცა, როგორც მორწმუნე ადამიანს შეჰფერის, ის არ ცდილობდა თავისი სიკეთის სააშკარაოდ გამოტანას. XIX საუკუნის ბოლოდან ჯონი უფრო მეტ ყურადღებას ქველმოქმედებას აქცევდა, ხოლო ბიზნესის მართვა საიმედო პარტნიორებს გადააბარა.

იმ პერიოდში როკფელერმა ბევრი რამ გაუკეთა თავის ქვეყანას. საუბარი არ არის მხოლოდ გაჭირვებულთა დახმარებაზე. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იხდიდა საეკლესიო მეათედს- ყოველთვიური შემოსავალის 10%-ს. ააშენა ჩიკაგოს უნივერსიტეტი, როკფელერის უნივერსიტეტი, სპელმანის კოლეჯი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სამედიცინო კვლევების როკფელერის ინსტიტუტი, მონასტრები, დააარსა როკფელერის ფონდი.

სიცოცხლის მიწურულს ჯონ როკფელერმა ნახევარ მილიარდ დოლარამდე დაარიგა, თუმცა როცა 1917 წელს ყველა საქმე უფროს ვაჟს გადააბარა, მისთვისაც "დარჩა" $460 მილიონი. ოცი წლის შემდეგ, 1937 წელს ნავთობმაგნატი გარდაიცვალა. მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი მუშაობას დღემდე განაგრძობს.

ჯონ როკფელერ-უმცროსმაც ჯამში ნახევარ მილიარდ დოლარამდე გაიღო ქველმოქმედებისთვის, თავის ექვს შვილს კი $240 მილიონი დაუტოვა. სწორედ ჯონ როკფელერ-უმცროსის დაფინანსებით აშენდა ნიუ-იორკში როკფელერ-ცენტრი, რომელიც 19 კომერციული შენობისგან შედგება. ამას გარდა, მან $9 მილიონი შესწირა გაერო-ს- სწორედ მისი წყალობით აიგო გაერო-ს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში და არა სხვაგან. ჯონ როკფელერ-უმცროსმა ააშენა განთქმული "ემპაიერ სტეიტ ბილდინგიც"... დღეს დიდი როკფელერის 200-მდე შთამომავლის ჯამური ქონება, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით $6 მილიარდია.

მოამზადა ნატა ენუქიძემ