ივნისამდე ეკონომიკა რეცესიაში დარჩება - კვირის პალიტრა

ივნისამდე ეკონომიკა რეცესიაში დარჩება

სავალუტო ფონდი: ეკონომიკა ახალი შოკისგან დაზღვეული არ არის

"საქართველოს ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლას მომავალი წლის ივნისამდე ვერ შეძლებს", - ასეთ პროგნოზს აკეთებს სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედუარდ გარდნერი. მანამდე კი ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს, წლეულს 4%-ით შემცირდება, ხოლო 2010 წელს 2-3%-ით დაეცემა. ყველაფერი იმპორტ-ექსპორტისა და საბანკო დეპოზიტების ზრდაზე, აგრეთვე პოლიტიკურ სტაბილურობასა და ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებაზე იქნება დამოკიდებული. გარდნერის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად რეგიონში, ეკონომიკური აქტივობა შენელებული იქნება, ექსპორტი კი 2009 წლის ბოლომდე 11%-ით შემცირდება.

კრიზისმა ინვესტორების რისკებიც გაზარდა. ფონდი ვარაუდობს, რომ კერძო სექტორში ინვესტიციების მოცულობა წლეულს მილიარდ დოლარს ვეღარ გადააჭარბებს. ეს შარშანდელზე 2,6-ჯერ ნაკლებია. თუმცა, სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში ყველაზე უარესი ვითარება არ არის. გაცილებით ცუდად აქვთ საქმე სომხეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს. არც რუსეთს აქვს სახარბიელო მდგომარეობა და ეკონომიკური დაღმასვლა წლეულს კვლავაც გრძელდება. ფონდი ვარაუდობს, რომ სომხეთში ეკონომიკური ვარდნა წლის ბოლომდე 15,5%-ს მიაღწევს, გაისად კი, უკეთეს შემთხვევაში, ზრდა 1% იქნება.

ედუარდ გარდნერი (საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში): "ყველაზე დიდი დარტყმა კრიზისისგან სომხეთმა მიიღო. პროგნოზი შემაშფოთებელია. ეკონომიკის ზრდა ამ ქვეყანაში დამოკიდებული იყო რუსეთიდან ფულად გადმორიცხვებზე, რაც მნიშვნელოვნად დაეცა. ფულადი გადარიცხვები ამყარებდა იპოთეკურ ბაზარსაც, ამიტომ ამ სფეროშიც ცუდი მდგომარეობაა. ბანკებს დიდი ოდენობით პრობლემური სესხები გაუგროვდათ. ცუდი მდგომარეობაა ყაზახეთშიც, საიდანაც ინვესტორებმა დიდი კაპიტალი გაიტანეს და ფინანსური სექტორი კრიზისში ჩავარდა. ეს ქვეყანა კვლავაც საფრთხის წინაშე დგას. რეგიონის ეკონომიკა ასევე დააზარალა სუსტმა სავაჭრო ურთიერთობებმა და ექსპორტის კლებამ".

ფონდის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკა ღრმა კრიზისიდან თანდათან გამოდის, მთავრობის რეგულაციებმა შედეგი გამოიღო, ამიტომ დადგა დრო, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა შეიზღუდოს და ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანის ამოცანა კერძო სექტორმა იტვირთოს. მას კი მუშაობისთვის საბანკო კრედიტები სჭირდება, რაზეც ბიზნესს ხელი ნაკლებად მიუწვდება.

ედუარდ გარდნერი: "პროგრესის მიუხედავად, რყევები 2010 წელსაც გაგრძელდება. რადგან წარმოების მოცულობა ისევ მცირდება, ხოლო უმუშევრობა მატულობს. კარგია, რომ განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ბანკები კრედიტების გაცემის სურვილს გამოხატავენ, მაგრამ ბევრი ბანკის პორტფელი პრობლემური სესხებითაა სავსე და ბიზნესის ხელმისაწვდომობა კრედიტებზე დაბალია".

დაკრედიტების გაზრდაზე საქართველოში მოქმედი ბანკებიც საუბრობენ, თუმცა მაღალი რისკების გამო სესხებს მაინც შეზღუდულად გასცემენ. ბანკების გაცემული კრედიტები იკლებს. სექტემბრისთვის ბანკებს 5,340 მილიარდი ლარის სესხი ჰქონდათ გაცემული, რაც შარშანდელ იმავე დროსთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. ბანკების ნახევარზე მეტს სესხების გაცემა წელიწადია, შეწყვეტილი აქვს და განახლებასაც არ აპირებს. ისინი კი, ვინც ჯერ კიდევ აფინანსებენ კლიენტებს (მსხვილი ბანკები), მათ სანდოობას კიდევ უფრო მკაცრად ამოწმებენ. სესხებით უმეტესად კორპორატიული მომხმარებლები სარგებლობენ. ლიდერმა ბანკებმა სესხებზე პროცენტები ცოტათი დაწიეს და პირობების გამარტივების შესახებაც ისაუბრეს, მაგრამ საკრედიტო შეზღუდვების მოხსნას არ ჩქარობენ და ამბობენ, რომ რისკებს არ გადაუვლია და დასაქმების ზრდისა და მოსახლეობის შემოსავლების მატების გარეშე ფართო წრეს ლიმიტებს ვერ გაუზრდიან.

რისკები რომ რჩება, ამას სავალუტო ფონდიც ადასტურებს. გარდნერის თქმით, ეკონომიკა ახალი შოკისგან არ არის დაზღვეული. ეს თუ მოხდა, მიზეზი პოლიტიკური რისკები იქნება. კრიზისის სოციალური შედეგები, რაც კომპანიების გაკოტრებასა და უმუშევრობის ზრდაში გამოიხატება, გაისად გახდება თვალში საცემი. გარდნერის თქმით, ბევრი რამ ბანკების მიერ კერძო სექტორის დაკრედიტებასა და უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე იქნება დამოკიდებული.

ნონა ქვლივიძე