სუპერ(მარკეტების) ომები რიტეილის ბაზარზე - კვირის პალიტრა

სუპერ(მარკეტების) ომები რიტეილის ბაზარზე

მსხვილ ობიექტებსა და წვრილ ჯიხურებს შორის საშუალო მოვაჭრეები "ისრისებიან"

საქართველოს რიტეილის (საცალო ვაჭრობის) ბაზარზე ძირეული ცვლილებები ხდება. ბაზრის თითქმის ყველა სეგმენტში ახალი მოთამაშეები შემოდიან, ძველები კი ოპტიმიზაციას ცდილობენ. "პოპული" XL ფორმატის სუპერმარკეტებს აუქმებს და ე.წ. უბნის მაღაზიებს, მცირე ფორმატის სავაჭრო ობიექტებით განაგრძობს კონკურენტულ ბრძოლას. საცალო სავაჭრო მცირე ობიექტებს არც ამის გარეშე აკლდათ პრობლემები, ხელისუფლების მიერ წახალისებულ ე.წ. იაფ პროდუქტს ბევრმა ვერ გაუწია კონკურენცია და იძულებული გახდა ბაზრიდან გასულიყო.

არაორგანიზებული ვაჭრობა და მცირე სავაჭრო ობიექტები კონკურენციას ვეღარ უწევენ სოციალური დატვირთვის მქონე პროექტებად მონათლულ და ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ისეთ ბიზნესებს, როგორიც "ნუგეშის" ჯიხურები და საკვირაო ბაზრობებია. დაახლოებით წელიწად-ნახევარში "ნუგეშმა" თბილისის მასშტაბით 63 სავაჭრო ობიექტი გახსნა. აქედან ორი მარკეტი, დანარჩენი კი ჯიხურებია, რომლებიც ძირითადად მცირე მარკეტების გვერდით "აღმოცენდნენ" და ასზე მეტი დასახელების, პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტს 10-20%-ით უფრო იაფად სთავაზობენ მომხმარებელს.

ადგილობრივად, კონკრეტული უბნების მოსახლეობაზე გათვლილ სავაჭრო ობიექტებს მომხმარებელი იაფი პროდუქტის საკვირაო ბაზრობებმაც წაართვა. თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზრობები თბილისის ყველა უბანში ყოველ კვირა დღეს იმართება და ვინც ერთხელ მაინც ყოფილა კარვებში გაშლილ ბაზარში, დამეთანხმება, რომ პროდუქციის შესაძენად დილიდანვე ხალხმრავალი რიგია. დღის მეორე ნახევარში კი კარვებში თითქმის მთელი პროდუქცია გაყიდული აქვთ - მომხმარებელს აქაც ფასი იზიდავს. იაფი პროდუქტის ბაზრობები რუსთავშიც მოეწყობა. როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესებს შორს მიმავალი გეგმები აქვთ და არ არის გამორიცხული, მალე ასეთი "მოსიარულე ბაზრობები" საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაჩნდეს.

მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტებს კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდათ. როგორც გაირკვა, ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის მქონე კომპანია "პოპული" "დიდი ავიაციიდან" მიდის და ე.წ. უბნის მაღაზიებს ხსნის. ეს ქსელი 2001 წლიდან მოქმედებს საქართველოს როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობის სფეროში. ამჟამად 45 მაღაზია აქვთ ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ბოლო დროს მისი პოზიციები ბაზარზე არასაიმედოდ ფასდება. კომპანია „ყაზბეგი“ „პოპულს“ ვალის გადაუხდელობას ედავება, "პოპულის" ზედა მენეჯმენტიდან თანამშრომლები დაითხოვეს, მომხმარებლები კი სუპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის მცირე ასორტიმენტზე გამოთქვამენ პრეტენზიებს და უკვე თვეებია, უშედეგოდ ელოდებიან დაგროვებით ბარათზე არსებული ქულების განაღდებას - ეს ცნობები ბოლო დროს "პოპულთან" დაკავშირებით ვრცელდება. პრობლემებს არც კომპანიაში უარყოფენ და არსებულ ხარვეზებს შორის მომსახურების ხარისხსაც ასახელებენ, თუმცა დანებებას არ აპირებენ. როგორც ირკვევა, ფირმაში არაორგანიზებული რიტეილის ბაზრის წილის დაპატრონებას ცდილობენ და სწორედ ამ სეგმენტში იწყებენ მუშაობას.

ოთარ შამუგია (კომპანია "პოპულის" მარკეტინგის მენეჯერი): "პრობლემები "პოპულში" როგორ არ არის, მაგალითად, მომსახურების ხარისხი, რომელიც ნამდვილად არ არის საუკეთესო. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვაღიარებთ ამ პრობლემის არსებობას, ბუნებრივია, მათ გამოსასწორებლად გზებსაც ვეძებთ.

არ არის ადვილი 1200 ადამიანის მართვა, მით უფრო, რომ ყველაზე დიდი ქსელი ვართ რიტეილის ბაზარზე. კონკურენტებთან შედარებით, ამის კონტროლი ჩვენთან უფრო რთულია. რაც შეეხება "პოპ-არტ ბარათებს", ანუ დაგროვებით ბარათებს ლოიალური მომხმარებლისთვის, ეს პროგრამა სწორად არ იმართებოდა და ამიტომ რაღაც პრობლემები შეიქმნა. ახლა ვცდილობთ, რომ ბარათმა მართლაც შეასრულოს ის ამოცანა, რაც ევალება. დაგროვებითი ბარათები არ გაუქმდება, რადგან არის ვალდებულებები მომხმარებლების მიმართ და ამას არ გავურბივართ. პირიქით, ვცდილობთ, უკეთესი პირობები, საჩუქრების დიდი ასორტიმენტი შევთავაზოთ. საჩუქრების განახლების პირველი ტალღა მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება, ან მომავალი თვის დასაწყისში. ეს იმაზეა დამოკიდებული, პროდუქცია როდის ჩამოვა საქართველოში, რამდენად სწრაფად მოხდება მისი განბაჟება და სხვ.

როცა "პოპულისთვის" გარდამავალი პერიოდი იდგა და ზედა მენეჯმენტი მთლიანად შეიცვალა, ბუნებრივია, განსაზღვრული დისკომფორტი შეიქმნა მომწოდებლებთანაც. სანამ ურთიერთობები მოვაწესრიგეთ, პროდუქციის ასორტიმენტი მცირედით შემცირდა. ახლა ასორტიმენტი 2011 წლის დასასრულთან შედარებით გაზრდილია.

აქცენტს უფრო მცირე ფორმატის მაღაზიებზე გავაკეთებთ, ხოლო XL ფორმატის მაღაზიების ოპტიმიზაცია მოხდება. ჩვენთვის უდავოდ უმთავრესია ე.წ. უბნის მაღაზიები. გვინდა მომხმარებელმა აღგვიქვას, როგორც მაღაზია მისი სახლის სიახლოვეს. ბუნებრივია, ახლა ჩვენი კონკურენტები არიან პატარა მაღაზიები და არა "გუდვილი", "სმარტი" და სხვ. უკვე დავხურეთ XL ფორმატის სუპერმარკეტი წერეთელზე, გამოფენის ტერიტორიაზე, ვაზისუბანში, მაგრამ გავხსენით მაღაზიები დადიანის ქუჩაზე და დიღომში. "პოპულის" მცირე ფორმატის მაღაზიები კიდევ გაიხსნება, თუმცა მისამართებს არ დავასახელებ, ჯერ მოლაპარაკებები გვაქვს ფართების მფლობელებთან. წლის ბოლოს ჩვენი ქსელი გაცილებით ვრცელი იქნება, ვიდრე ახლაა".

კომპანია "გუდვილის" წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ სტრატეგიას რამდენიმე მიმართულებით ცვლიან. კომპანია ოპერირებას გაუწევს ჰიპერ და სუპერმარკეტების ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვინ დაიკავებს ბაზარზე იმ ნიშას, რომელიც "პოპულს" სუპერმარკეტების ქსელით ეკავა. შარშან "გუდვილი" და "ჯიმარტი" ოფიციალურად გაერთიანდა, თუმცა მანამდეც ეს ორი კომპანია ერთი ქოლგის ქვეშ მოისაზრებოდა. გეგმის დონეზეა ცნობილი, რომ "გუდვილი" "ჯიმარტის" ქსელის გაფართოებას გეგმავს. რაც შეეხება სუპერმარკეტებს "გუდვილის" ბრენდით, ახლო მომავალში მათი გახსნა თბილისში ვაკესა და გლდანში იგეგმება, რეგიონებში კი აჭარაში, კერძოდ ბათუმში.

ნატალია დარჩიაშვილი (კომპანია "გუდვილის" პიარმენეჯერი): "ამჟამად ჩვენი კომპანია თავის ქსელში აერთიანებს ექვს ჰიპერ და სუპერმარკეტს, ბულანჟერიას, კაფეებსა და ტექსტილის მაღაზიას. 2012 წლიდან "გუდვილი" თავის მომხმარებელს შესთავაზებს ყველაზე მასშტაბურ და ამბიციურ პროექტს - "მარშეს". ეს იქნება ერთ სივრცეში გაერთიანებული ცენტრალიზებული საწარმოო ხაზი, საბითუმო სავაჭრო ცენტრი და დასაფასოებელი საამქრო. ამ პროექტის ღირებულება 30 მილიონი ევროა. შეიქმნება სადისტრიბუციო არხები, რომლებიც ამ პროდუქტით მთელ ქვეყანას მოამარაგებენ. ჩვენ ვიქნებით როგორც პროდუქტის იმპორტიორი, ასევე მწარმოებელი კომპანია, რომელიც ახალ ბაზრებზეც გადის. ხელშეკრულება გავაფორმეთ ტრანსნაციონალურ კომპანია "ოშანთან", რომელიც ერთ-ერთი მოწინავე რიტეილერია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. მათთან თანამშრომლობის რამდენიმე ეტაპი დაიგეგმა. პირველ ეტაპზე იმით შემოვიფარგლეთ, რომ პროდუქციის მოწოდებაზე გაფორმდა ხელშეკრულება. კომპანიის წარმომადგენლები ახლაც საქართველოში იმყოფებიან და ჩვენი თანამშრომლობის მომდევნო ეტაპები იგეგმება".

სუპერმარკეტების სეგმენტში "გუდვილს" კონკურენტი "სმარტის" სახით ეყოლება. "ვისოლის" შვილობილი კომპანია ორი წლის არის, სულ ხუთ სუპერმარკეტს ფლობს - ორს თბილისში და თითოს გორში, მარნეულსა და ყვარელში. ახალი ობიექტის მშენებლობას „სმარტი“ გლდანში იწყებს. იგეგმება სუპერმარკეტების მშენებლობა ფოთში, წყნეთში, ბათუმში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში. "ვისოლ ჯგუფში" ამბობენ, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში "სმარტის" ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდება.

რაც შეეხება ჰიპერმარკეტების ქსელს, კონკურენტი აქამდე ერთპიროვნულ მონოპოლისტ "გუდვილსაც" გამოუჩნდა. საქართველოს რიტეილის ბაზარზე ახლო მომავალში კიდევ ერთი ახალი მსხვილი მოთამაშე აპირებს შემოსვლას - ევროპაში უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“. „კარფური საქართველოს“ პირველი ჰიპერმარკეტი „რაკია საქართველოს“ კუთვნილ სავაჭრო ცენტრ „აპტაუნ თბილისში“ გაზაფხულზე უნდა გაიხსნას. „კარფური“ მსოფლიოს 33 ქვეყანაში ოპერირებს და 475 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

აშკარაა, რომ საქართველოს რიტეილის ბაზარზე სურათი სწრაფად და საგრძნობლად იცვლება და ბაზრის წილების მეტად საინტერესო გადათამაშების მოწმე ვართ, სადაც ვაჭრობით დაკავებულ მცირე ბიზნესს "ფეხი აღარ ჩაეტევა".