საბერძნეთი დროებით გადარჩა - კვირის პალიტრა

საბერძნეთი დროებით გადარჩა

სადამდე გადაიდო ქვეყნის დეფოლტი

გასულ კვირას უნდა გადაეწყვიტა, საბერძნეთი მიიღებდა მორიგ დახმარებას ევროკავშირისგან, თუ ქვეყანა გაკოტრებულად გამოცხადებისა და ევროზონის დატოვებისთვის უნდა მომზადებულიყო. არაერთი ვარაუდი, რომ წამყვანი ქვეყნები ბოლოს და ბოლოს შეწყვეტდნენ საბერძნეთის დახმარებას და ევროზონას "ზედმეტი ტვირთისგან“ გაათავისუფლებდნენ, არ გამართლდა. 13-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საგანგებო დახმარების მეორე პაკეტი გამოყონ.

საბერძნეთი აუცილებელ 130 მილიარდ ევროს მიიღებს, რათა გაკოტრებას თავი დააღწიოს, მას აგრეთვე ჩამოაწერენ 107 მილიარდ დოლარის

სახელმწიფო ვალებს. სანაცვლოდ, საბერძნეთმა 2020 წლისთვის უნდა შეამციროს სახელმწიფო ვალის დონე 160%-დან 120,5%-მდე მშპ-სთან შედარებით, და ევროკომისიის ეკონომიკურ კომისიას მონიტორინგი დაანებოს. საბერძნეთისთვის ეს დახმარება აუცილებელია - წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ აირიდებს გაკოტრებას 20 მარტს, როცა სახელმწიფო ობლიგაციების გადახდის დრო დგება. ბრიუსელში შეთანხმების მიღწევამ ევროკავშირში პანიკა შედარებით ჩააცხრო და ევროს კურსმაც მოიმატა.

დეფოლტი არ იქნება, მაგრამ...

ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის თავმჯდომარემ, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა შეთანხმება ასე შეაფასა: "ის იძლევა საშუალებას, მნიშვნელოვნად შეამციროს საბერძნეთის ვალი", რაც ევროზონაში მის დასარჩენად აუცილებელი იყო. ევროკომისიის მეთაურ ხოსე მანუელ ბარუზოს კმაყოფილებას ის ჰგვრის, რომ არ მოხდება "უკონტროლო დეფოლტი მთელი თავისი მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგებით“. ხოლო სსფ-ის მეთაურმა კრისტინ ლაგარდმა რწმენაც კი გამოხატა, რომ საბერძნეთი საკუთარ კონკურენტუნარიანობას აღიდგენს. შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადემოსი, რომელმაც მომხდარის გამო იმ დღეს საბერძნეთისთვის "ისტორიული" უწოდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, შეთანხმება საბერძნეთის მოკლევადიან ფინანსურ საჭიროებებს აკმაყოფილებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ქვეყნის დაჩოქილი ეკონომიკა ფეხზე წამოაყენოს. ქვეყანას მოუწევს საბიუჯეტო ხარჯების კიდევ უფრო მკაცრად შეზღუდვა, ვიდრე ადრე იგეგმებოდა.

დახმარების პირველი პაკეტი (110 მილიარდი ევრო), რომელიც საბერძნეთს 2010 წელს მისცეს, კრიზისის გაღრმავების შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ის ფული საბერძნეთში არ დარჩენილა და არ დაბანდებულა. ეს იყო გადახდები, რათა ბანკების მაჩვენებლები დადებითი დარჩენილიყო.

შარშან ოქტომბერში ევროზონის ქვეყნებსა და სავალუტო ფონდში ამბობდნენ, რომ საბერძნეთის ვალი 2020 წლისთვის მშპ-სთან შედარებით 120%-მდე უნდა შემცირდეს. თუმცა მომჭირნეობის მკაცრმა ზომებმა საბერძნეთის ეკონომიკის ზრდა ვერ დააჩქარა, სამაგიეროდ, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მრავალრიცხოვანი შეტაკებები გამოიწვია.

გასული წლის ბოლოსთვის საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული გახდა გადამდგარიყო. ორი კვირის წინ პარლამენტმა დაამტკიცა პაკეტი, რომლის თანახმად, პენსიები და სახელმწიფო სექტორში ხელფასები ჯამში 3,3 მილიარდი ევროთი შემცირდება. ცხადია, ეს ახალ პროტესტს იწვევს.

130 მილიარდს პლუს... 245 მილიარდი?!

ევროჯგუფი კი შეთანხმდა საბერძნეთისთვის 130 მილიარდი ევროს გამოყოფასა და სახელმწიფო ვალებიდან 100 მილიარდის ჩამოწერაზე, მაგრამ შესაძლოა ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჭირო ხდება კიდევ ერთი - დახმარების მესამე პაკეტი 245 მილიარდი ევროს ოდენობით. ახლახან მიღწეული შეთანხმება მხოლოდ დროის მოგების საშუალებას იძლევა, - მიიჩნევენ ექსპერტები.

სავალუტო ფონდმა გააფრთხილა ევროჯგუფი, რომ საბერძნეთის ეკონომიკის მაჩვენებლები შესაძლოა მოსალოდნელზე გაცილებით უარესი იყოს. ფონდის "მკაცრად გასაიდუმლოებული“ ანგარიში, საბერძნეთის ეკონომიკის შესახებ, მედიას ჩაუვარდა ხელთ და არადამაიმედებელი პროგნოზის გამო ქვეყნების ჯგუფი დახმარების გამოყოფასაც შეეწინააღმდეგა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება მაინც მოხერხდა.

"გასაიდუმლოებული" დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთს დაფინანსების მესამე პაკეტიც დასჭირდება, მხოლოდ ეკონომიკის აღსადგენად მისთვის ნაკლებად მკაცრი მოთხოვნების წაყენებაა საჭირო. 2012 წელს საბერძნეთის ვალი, "საიდუმლო დოკუმენტის“ მიხედვით, მოსალოდნელია გაიზრდოს მშპ-ის 198%-მდეც. 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი მშპ-ის 162%-ს შეადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, თუ მოვლენები ცუდად დატრიალდება, საბერძნეთს 245 მილიარდი ევროს მოცულობის მესამე პაკეტი დასჭირდება, ხოლო უკეთესი სცენარის შემთხვევაში, დასახმარებლად 50 მილიარდიც იკმარებს. ამ უკეთესს ვარიანტში საბერძნეთის ეკონომიკა ვარდნას წლეულსვე შეაჩერებს, ხოლო 2014 წელს უკვე 2,3%-იან ზრდაზე უნდა გავიდეს. თუმცა ასეთი სცენარის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვნად გაუარესდება ძირითადი პარამეტრები.

ძნელი სათქმელია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება რეალურად საბერძნეთი. მეტადრე მაშინ, როცა ამდენი პროტესტის მიუხედავად წარმართული მკაცრი საბიუჯეტო ეკონომია შედეგს ვერ იძლევა. ქვეყანაში კი ძალას ახალი პროტესტის ტალღა იკრებს. ფაქტი ერთია, ქვეყანა მარტში გაკოტრებას გადაურჩა. თუმცა სანამდე გასტანს ეს "სიმშვიდე", მარტშივე გაირკვევა. სავალუტო ფონდი სწორედ მარტის მეორე ნახევარში განაახლებს მოლაპარაკებებს საბერძნეთის სამომავლო დახმარებების შესახებ.