მთავრობას ფიქსირებული გადასახადების განსაზღვრა გაუძნელდა - კვირის პალიტრა

მთავრობას ფიქსირებული გადასახადების განსაზღვრა გაუძნელდა

"ნაჩქარევად მიღებული" გადაწყვეტილების შესრულება გვიანდება

ფიქსირებული გადასახადების ამოქმედებას მცირე მეწარმეები 2012 წლის 1-ელი იანვრიდან ელიან - მას შემდეგ, რაც შესაბამისი კანონი ძალაში შევიდა. თანდათან ცნობილი ხდება ფიქსირებული გადასახადის მოცულობაც ცალკეული შემთხვევებისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამგვარი გადასახადი დაუწესეს თონეებს, რომლებიც თვის განმავლობაში საშუალოდ 100 ლარს გადაიხდიან. მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილის განმარტებით, თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადის 50%-ით გაზრდის ან შემცირების უფლება თვითმმართველ ორგანოებს ექნებათ. ეს გადასახადი იქნება ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო და უახლოეს მომავალში მსგავსი რეგულაციის შემოღება სილამაზის სალონებისთვისაც იგეგმება. მიკრობიზნესს, რომელიც აქამდე გადასახადებისგან თავისუფალი იყო, ფიქსირებული გადასახადი არ შეეხება.

სალონების მფლობელები ადასტურებენ, რომ მათ რამდენჯერმე ესტუმრნენ საგადასახადოს წარმომადგენლები და აცნობეს, რომ 50-დან 150 ლარამდე გადასახადს დაუწესებენ სავარძლების რაოდენობის მიხედვით. მათივე თქმით, ეს გადასახადი ყველას დააზარალებს, რადგან შემოსავალი ცოტა აქვთ, ხარჯი კი - ბევრი.

აი, რა გვითხრა ერთ-ერთმა სალონის მფლობელმა, ქალბატონმა იზო ნ.-მ: "ქირის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი მძიმე ტვირთად გვაწევს. ამის გარდა სალონს სხვა ხარჯებიც აქვს და ყოველთვიურად სოლიდური თანხის გადახდა მიწევს. რამდენჯერმე იყვნენ ჩემთან საგადასახადო სისტემის წარმომადგენლები, ვუთხარი, რომ ერთ სკამზე 20-25 ლარზე მეტს ვერ გადავიხდი, რადგან ვერ შევძლებ. ერთ სკამზე 50 ლარიც რომ მომთხოვონ, დავხურავ ამ სალონს და უმუშევარი დავრჩები. ხომ უნდა გაითვალისწინონ ჩვენი შემოსავალი? მგონი, ეს ფიქსირებული გადასახადი კი არა, ფიქსირებული მახეა".

ლევან ვეფხვაძე (პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი): "მთავრობა ძალიან აჭიანურებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. პირველ ეტაპზე მხოლოდ პურის საცხობების საკითხი გადაწყდა, დაადგინეს, რომ საცხობებს დაბეგრავენ თვეში 100 ლარით. ეს იქნება ფიქსირებული გადასახადი, მაგრამ შემდეგ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ მიმართონ მთავრობას და მეწარმეებს ინდივიდუალურად 50 ლარი ან მოუმატონ, ან მოაკლონ მათი ბრუნვისა და შემოსავლის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში გადასახადი ერთნაირი ვერ იქნება: პურის საცხობს ერთნაირად ვერ დაბეგრავ თბილისში და დავუშვათ, ცაგერში. როგორც ამბობენ, განსაზღვრული დროის შემდეგ განსახილველად შემოვა სილამაზის სალონების დაბეგვრის საკითხიც. როცა დავინტერესდით, როდის გადაწყდება ეს საკითხი, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი გაგვცეს, ამბობენ, რომ მუშაობენ, მაგრამ კონკრეტულ ვადებს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. როგორც ჩანს, ამ საკითხის გარკვევას და გადაწყვეტას ერთი-ორი თვე მაინც დასჭირდება".

თამაზ ვაშაკიძე (საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი): "კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია: არ აქვს მნიშვნელობა, ფიქსირებული გადასახადი იქნება თუ არა, ნებისმიერ მეწარმეს უნდა დაუყენონ სალარო-აპარატი და მისი ბრუნვის მაჩვენებლიდან დაბეგრონ. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოებთან სადავო აღარაფერი ექნებათ. მისცენ ამ ხალხს სალარო-აპარატები კრედიტით, თავდაპირველად შეატანინონ თანხის 20%, ხოლო დარჩენილი თანხა გადაუნაწილონ ერთ წელიწადზე... ეს არის ყველაზე სწორი და გამართლებული მიდგომა და არა ის, რომ მცირე მეწარმეების უმრავლესობას სალარო-აპარატი სამჯერ თუ ოთხჯერ გამოაცვლევინეს. ბუნებრივია, გაჩნდა ეჭვი, რომ ვიღაცამ ხელი მოითბო ამ სალარო-აპარატების შემოტანით. თუ სალარო-აპარატი მუშაობს, არ მესმის, რატომ უნდა გამოცვალო. ამგვარი მიდგომა მეწარმეობას და საერთოდ, მცირე ბიზნესს ახრჩობს და ძირავს. თუმცა უკვე მივეჩვიეთ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მეწარმეს ისე ექცევიან, როგორც საზოგადოების მტერს..."

თეიმურაზ კოპალეიშვილი (პროფესორი): "მთავრობის დადგენილება ძალაში უნდა შესულიყო ამა წლის 1-ელი იანვრიდან, კანონში ასე წერია. კანონი ვერ ამოქმედდა იმიტომ, რომ მთავრობის დადგენილება არ იყო მიღებული. პროექტი როცა მომზადდა და მთავრობა პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა, მაშინ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, ვის დაუწესებდნენ ფიქსირებულ გადასახადს და რა ოდენობით. მთავრობას დროულად უნდა წარედგინა თავისი ვარიანტი და მსჯელობაც დროულად დასრულებულიყო. სინამდვილეში ყველაფერი ნაჩქარევად და ნაუცბათევად გადაწყდა, რის გამოც კანონის ამოქმედება დაგვიანდა. როდესაც ფიქსირებული გადასახადი შემოგაქვს, თავიდანვე უნდა განსაზღვრო, ამით რა შეღავათს მიიღებს მეწარმე და რას მოიგებს მთავრობა".

ხათუნა ჩიგოგიძე