რატომ გამყარდა ლარის კურსი - კვირის პალიტრა

რატომ გამყარდა ლარის კურსი

გასულ კვირას ლარი დოლართან საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე დღეში 1,62-მდე გამყარდა. არადა, ბოლო დროს ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ საკმაო ვიწრო "დერეფანში" მერყეობდა, შეიძლება ითქვას, ის სტაბილურად რჩებოდა ერთ დოლარზე 1,65-1,66 ლარის ფარგლებში. ლარის კურსის 1,62-მდე გამყარება ეკონომისტებმა განსხვავებულად ახსნეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) კი კურსის ეს ცვლილება არც შეიმჩნია.

ეროვნული ბანკის განმარტებით, კურსის ცვლილება ჩვეულებრივი პროცესია და დამახასიათებელია მცურავი რეჟიმისთვის. ასეთ პირობებში ლარის გაცვლითი კურსი შესაძლოა ხან გამყარდეს, ხანაც გაუფასურდეს. დამოუკიდებელი ექსპერტების ერთი ნაწილი ლარის გამყარების მიზეზად ირანსა და ამერიკას შორის პოლიტიკურ დაძაბულობას ასახელებს, რომლის ფონზეც დოლარი სხვა უცხოურ ვალუტასთანაც უფასურდება. სპეციალისტების შეფასებით, ამის მიზეზი ასევე შესაძლოა ყოფილიყო ინფლაციური პროცესების შეჩერება ეროვნული ბანკის მხრიდან. მიზეზთა შორის საგარეო ვალების გასტუმრებაც სახელდება. თუმცა უფრო სრულფასოვანი დასკვნის გასაკეთებლად, მათი თქმით, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

სოსო არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ჩვენ ვალუტის კურსის უფრო დიდი ცვლილებებიც გვახსოვს, ამიტომ ეს ალბათ არ იყო მნიშვნელოვანი ცვლილება. თუმცა ბიზნესისთვისაც და საზოგადოებისთვისაც სასურველია, რომ კურსის მოძრაობა უფრო მშვიდი და დაბალი ტემპის იყოს და გაურკვევლობა არ მოჰქონდეს.

როგორც წესი, ფასების ჩამოყალიბების დროს, განსაკუთრებით საცალო ფასების, საქონლის იქნება ეს თუ მომსახურების, მეწარმეები ყოველთვის ითვალისწინებენ ერთგვარ ე.წ. ლუფტს სწორედ ასეთი რისკების დასაზღვევად, რაც შესაძლოა მოჰყვეს ვალუტის გამყარებას ან გაუფასურებას. მაკროეკონომიკის თვალსაზრისით, ვალუტის გამყარება სახელმწიფოს უადვილებს ადრე აღებული საგარეო ვალდებულებების დაფარვას, ამცირებს საგარეო ვალის წნეხს მთლიან შიდა პროდუქტსა და ბიუჯეტზე. მაგრამ როგორც ყველაფერს ეკონომიკაში, ამ მედალსაც ორი მხარე აქვს. მცირდება ეფექტიანობა ქვეყნის შიგნით იმ სესხებისა და კრედიტების გამოყენებისა, რომელსაც ახლა ვიღებთ, ან ახლა მოეწერა ხელი და უნდა ავითვისოთ. ამიტომ ეროვნული ბანკის საქმიანობა ფასდება არა მხოლოდ ინფლაციის დაბალი ტემპით, არამედ იმითაც, რომ ასეთი რყევები რაც შეიძლება ნაკლები იყოს. თუმცა არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია...

ეჭვები შესაძლოა არსებობდეს, რომ მიზეზი გარკვეულწილად მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირებაა. ამან შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, რადგან ნავთობი და საწვავი შესაძლოა ჩახმახის ის სასხლეტი გამოდგეს, რომელიც შემდეგ დომინოს პრინციპით იმოქმედებს და ყველა სხვა პროდუქტს გააძვირებს. ამიტომ, "რძით პირდამწვარი დოს უბერავდაო", შესაძლოა სწორედ ასე გვჭირდეს და ეს იმ უარყოფითი ტენდენციებისგან თავის დაზღვევა იყოს, რისი გამოწვევაც ნავთობპროდუქტების გაძვირებას შეუძლია: თუ ლარის კურსი მყარდება, ნავთობპროდუქტის ლარით გამოსახული ფასი მეტად არ იზრდება და ინფლაციის მაჩვენებელიც საკონტროლო დიაპაზონში დარჩება. ეს ერთგვარი სადაზღვევო ბალიშის ჩამოყალიბებაა, შესაძლოა დაახლოებით ასეთი დატვირთვა აქვს ამჯერად ლარის კურსის გამყარებას. ლარის კურსის ცვლილება შეიძლება გამოყენებული იყოს ეროვნული ბანკის მუშაობის შეფასების კრიტერიუმად და არა ზედმეტი განგაშისთვის".