$8-მილიარდიანი ბიზნესთოჯინა - კვირის პალიტრა

$8-მილიარდიანი ბიზნესთოჯინა

ბარბი, სხვა სათამაშოებს შორის, ყველაზე ცნობილი თოჯინაა მსოფლიოში

ვინ არ იცნობს ბარბის - სათამაშოების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ თოჯინას, რომელმაც მთელი დედამიწა დაიპყრო. ბარბის შემქმნელი კომპანია Mattel-ი სათამაშოების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის ნაწარმი 150 ქვეყანაში იყიდება. მისი პროდუქციიდან ცნობილია Hot Wheels-ის მანქანების კოლექცია, აგრეთვე ბრენდირებული სათამაშოები, რომლებსაც "უორნერ ბრაზერსთან" ხელშეკრულების საფუძველზე უშვებს - ბეტმენი, სუპერმენი, ჰარი პოტერი და მრავალი სხვა კინოგმირი.

"მატელის" პროდუქცია მზადდება ჩინეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, მექსიკის ფაბრიკებში, სადაც გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ფირმის გაყიდვის თითქმის ნახევარი სამ უმსხვილეს ქსელზე მოდის (სათამაშოების მსოფლიო ბაზარზე ვაჭრობის მიხედვით): ყველა სექტორის მომცველ Wal Mart-ზე, Target-სა და Toys’r’Us-ზე...

ამერიკაში მოსკოვიცების ოჯახი პოლონეთიდან იყო იმიგრირებული. დენვერში, კოლორადოს შტატში დაბადებულმა მეათე შვილმა რუთმა ლოს-ანჯელესში მდივნად დაიწყო მუშაობა "პარამაუნტ პიკჩერზში", სადაც ინჟინერი ელიოტ ჰენდლერი გაიცნო. ისინი მალე დაქორწინდნენ. ელიოტმა ბიზნესი წამოიწყო - ხის ავეჯს ამზადებდა და საკუთარი გარაჟიდან ყიდდა.

საქმე კარგად წავიდა, ელიოტმა პარტნიორები გაიჩინა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე მათთან უთანხმოება მოუვიდა და კომპანიის წილი გაყიდა. ბედნიერი შემთხვევის წყალობით, სწორედ ამ დროს შეხვდა თავის ძველ მეგობარ ჰაროლდ მატსონს, მეტსახელად "მატს", რომელიც ჰენდლერების პარტნიორი გახდა კომპანია Mattel-ის (Matt+Elliot) დაფუძნებისას, თუმცა ავადმყოფობის გამო მოგვიანებით იძულებული გახდა, საქმე მიეტოვებინა.

ბარბის "ცოცხალი დედა"

"მატელმა" საქმიანობა სურათის ჩარჩოების დამზადებით დაიწყო. საქმეში დაბანდებული $100 ათასიდან დამფუძნებლებმა პირველ წელს $30 ათასის მოგება ნახეს. ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად ვითარდებოდა. მალე კომპანიამ თოჯინებისთვის სახლების კეთება წამოიწყო. ეს დროულად გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა - ომის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში დგებოდა, ადამიანები უკვე იმეტებდნენ ფულს გართობისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის სათამაშოების საყიდლად.

ამ საქმიანობით ჰენდლერებმა ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს. ისინი მიხვდნენ, რომ წარმატება მხოლოდ დიდებულ პროდუქტს მოაქვს. ერთ-ერთ ასეთ ნაწარმად იქცა მუსიკალური ზარდახშა, რომლის ამუშავებაც ბავშვს დამოუკიდებლად შეეძლო პატარა დასაქოქი მექანიზმის დატრიალებით. ნაკეთობა შვეიცარიულ ანალოგებს ჰგავდა, მაგრამ გაცილებით იაფი ღირდა. ზარდახშის მაგალითზე ცოლ-ქმარი მიხვდა, რომ წარმატების მისაღწევად ნივთმა ბავშვები რამე პროცესში უნდა ჩართოს. ამასთან, პატარებს რაც შეიძლება დიდხანს თამაშის სურვილიც უნდა გაუჩნდეთ. ჰენდლერები იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ ბავშვისთვის სასურველი სათამაშო რომელიღაც მსხვილი სერიის საწყისად უნდა ქცეულიყო.

1955 წლისთვის "მატელის" გაყიდვამ $5 მილიონს მიაღწია. მუსიკალურ ზარდახშას მეორე საფირმო ჰიტი Burp Guns-ი მოჰყვა. მაშინ ჰენდლერებმა გადადგეს ნაბიჯი, რომელმაც სათამაშო ინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა - მათ ტელერეკლამა გაუშვეს "დისნეის" მულტფილმების ეთერში გადაცემისას. ეს ერთობ სარისკო სვლა გახლდათ - იმ დროს სათამაშოების მწარმოებელი ყველა კომპანია საცალო მოვაჭრეებთან ცდილობდა კონტაქტების დალაგებას და არ ფიქრობდა პირდაპირ კონტრაქტზე საბოლოო მომხმარებელთან. ამასთან, "მატელმა" რეკლამისთვის $500 ათასი დახარჯა, თითქმის მთელი ფული, რაც იმ დროისთვის გააჩნდა... სარისკო ნაბიჯი ზეწარმატებული აღმოჩნდა: მალე აშშ-ში ყველა ბავშვმა იცოდა, რას წარმოადგენდა "მატელი" და რაოდენ განსაცვიფრებელ ნაწარმს უშვებდა. ისინი დაჟინებით სთხოვდნენ მშობლებს, სწორედ "მატელის" სათამაშოები ეყიდათ მათთვის.

1957 წლიდან ამერიკაში მეტად პოპულარული გახდა ე.წ. ველური დასავლეთის თემა. "მატელმაც" არ დაახანა და სასწრაფოდ გამოუშვა სათამაშო ვინჩესტერები და სხვა იარაღი, რომელიც იმ ეპოქას მოაგონებდა. 1959 წლისთვის ფირმის გაყიდვამ $14 მილიონს მიაღწია. ამას კი მოჰყვა ნამდვილი რევოლუცია სათამაშოების ბაზარზე - კომპანიამ თოჯინა ბარბი გამოუშვა.

დაბადების დღე

იდეა რუთს მოუვიდა, როცა დაინახა, რა გატაცებით თამაშობდა მისი გოგონა ბარბრა ქაღალდის თოჯინებით, რომლებიც მისთვის სრულწლოვან ადამიანებს განასახიერებდნენ. რუთი მიხვდა, რომ ბავშვები დიდი ინტერესით ითამაშებდნენ თოჯინასთან, რომელიც ზრდასრულ ქალიშვილს ემგვანებოდა. თანაც ამ გზით გოგონები ერთგვარად მიეჩვეოდნენ "დიდურ ცხოვრებასაც", რომელიც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ელოდათ.

რუთმა თავდაპირველად პლასტმასისგან დააპირა მოზრდილის იერის მქონე თოჯინის დამზადება, მაგრამ ელიოტისა და ჰაროლდ მატსონის აზრით, ის კარგად არ გაიყიდებოდა. შემდეგ ჰენდლერები ევროპაში გამგზავრნენ და რუთმა შვეიცარიაში, ერთ-ერთ მაღაზიაში გერმანული სათამაშო Bild Lilli doll-ი ნახა, რომელიც არც ყოფილა ბავშვებისთვის განკუთვნილი. ის უფრო ირონიული სასაჩუქრე სიურპრიზი იყო დიდებისთვის და გაზეთ "ბილდის" კარიკატურების პერსონაჟის, ლილის განსხეულებას წარმოადგენდა. რუთმა სათამაშო იყიდა და შინ წაიღო, სადაც მის ახალი შინაარსით შევსებაზე დაფიქრდა. "ბილდ ლილი დოლი" დღეს ბარბის წინამორბედად არის აღიარებული...

1959 წლის 9 მარტს "მატელმა" პირველი "ზრდასრული" თოჯინა გამოუშვა, რომელსაც რუთმა თავისი გოგონას სახელი - ბარბი უწოდა. თოჯინას არნახული წარმატება ხვდა წილად. ბარბი ძალიან ეფექტური სატყუარაც გამოდგა, მას არაერთი აქსესუარი მოსდევდა, რასაც დამატებითი შემოსავალი მოჰქონდა ფირმისთვის. ყველაზე პოპულარული იყო ბარბის სამოსის სხვადასხვა კომპლექტი. ამერიკელებმა შეიყვარეს ნატიფი თოჯინა, 1968 წლისთვის აშშ-ში ბარბის უამრავი ფანკლუბი ჩამოყალიბდა, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი იყო გაერთიანებული.

"საბარბეთი"

კომპანია თავისი გმირის გარშემო მთელი სამყაროს შექმნას შეუდგა. 1961 წელს ქვეყანას მოევლინა ბარბის მეგობარი ბიჭი კენი. მას მოჰყვა ბარბის სახლები, მანქანები და უამრავი სხვა რამ, რაც ბავშვებს კიდევ უფრო უხანგრძლივებდა საყვარელ თოჯინასთან გართობას. პირველ ხანებში ბარბისთვის სამოსს ქმნიდა პროფესიონალი მოდელიერი შარლოტა ჯონსონი. გოგონები არა მხოლოდ ბარბიზე მსჯელობდნენ, არამედ მის მრავალრიცხოვან აქსესუარებზეც, რასაც კომპანიისთვის შემოსავლის უმეტესი ნაწილი მოჰქონდა. როცა თოჯინა ბარბიზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, ის უკვე ცნობილი ბრენდების ტანსაცმლით "იმოსებოდა" - სახელოვანი დიზაინერები მისთვის საგანგებოდ ქმნიდნენ მრავალფეროვან სამოსს.

60-იანების დასაწყისში "მატელს" უკვე მყარი ადგილი ეკავა თოჯინების ბაზარზე. ფირმაში ასორტიმენტის გაფართოება გადაწყვიტეს და წარმოადგინეს პირველი მოლაპარაკე თოჯინა ამერიკაში (Chatty Cathy). ისიც ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ბარბიმდე ბევრი აკლდა...

1963 წელს კომპანიამ აქციები განათავსა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. მომდევნო ორ წელიწადში მთელ მსოფლიოში მოიმატა სათამაშოების გაყიდვამ, ხოლო კომპანიის შემოსავალი $26 მილიონიდან $100 მილიონამდე გაიზარდა. ბაზრის საერთო ზრდაში "მატელის" წვლილიც უდავო იყო - ბარბის ხაზის განვითარებამ, მოგვიანებით კი მისი შავკანიანი აფროამერიკელი "დაქალის", კრისტის დროულმა გამოჩენამ გაყიდვა წაახალისა. კრისტი სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა აშშ-ში სერიოზულად დაიწყო დამკვიდრება პოლიტკორექტულობამ შავკანიანი მოსახლეობის მიმართ.

ათწლეულის განმავლობაში ფირმა ასორტიმენტს ყოველწლიურად მნიშვნელოვნად აახლებდა. თვალში საცემი იყო, რომ კომპანიას არ სურდა მხოლოდ ბარბის სერიის ხარჯზე არსებობა. "მატელი" უშვებდა უამრავ სხვა სათამაშოს, რომლებსაც ასევე უამრავი მომხმარებელი ჰყავდა. ნამდვილი ჰიტი აღმოჩნდა სარბოლო მანქანების სერია Hot Wheels-ი, რომელიც დღემდე გამოდის. 60-იანი წლების ბოლოს "მატელი" სათამაშოების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია იყო მსოფლიოში.

წარმატების საიდუმლო

70-იანების დასაწყისი ფირმისთვის მრავალრიცხოვანი შთანთქმების ხანა იყო. "მატელი" დასტა-დასტა ყიდულობდა სხვა კომპანიებს. მის ლუკმად იქცნენ გიგანტები Ringling Bros.-ი და Barnum & Bailey Circus-ი. მაგრამ "ოქროს ხანა" ნელ-ნელა მიილია და ის ნამდვილმა ჩავარდნამ შეცვალა. კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა: მექსიკაში მისი ქარხანა დაიწვა, აღმოსავლეთში გაფიცვები გახშირდა. ფირმა მიწოდების ვალდებულებებს ვეღარ ასრულებდა... არცთუ მთლად კეთილსინდისიერ ფინანსურ სვლებს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. უსიამოვნებები საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ დამფუძნებლებს პირობითი სასჯელები აკმარეს, თუმცა შთამბეჭდავი ჯარიმები დაეკისრათ.

ჰენდლერები 1975 წელს ახალმა ხელმძღვანელობამ შეცვალა. ორი წლის შემდეგ კომპანია კვლავ მოგებაზე გავიდა. ამასთან, შესყიდული ფირმებიდან ცოტას თუ მოჰქონდა მოგება და "მატელმაც" მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მხოლოდ ვიდეოთამაშების ინდუსტრიისგან ფირმამ $400 მილიონი იზარალა. კომპანია კვლავ იკრებდა ძალებს, თუმცა სათამაშოების ბაზარზე უმსხვილესი მწარმოებელი უკვე Hasbro გახლდათ...

წარმატების მთავარი მიზეზი სწორი მარკეტინგული სტრატეგია იყო - ბარბი მომხმარებლისთვის სატყუარა გახდა, მას უამრავი აქსესუარი მოსდევდა, სწორედ მათ მოჰქონდათ ძირითადი მოგება კომპანიისთვის. გარდა ამისა, "მატელი" სულ უფრო აფართოებდა ბარბის სამყაროს - მისთვის ქმნიდა ახალ პერსონაჟებს, ახალ საგნებს, რათა ბარბისადმი ბავშვების ინტერესი გაეხანგრძლივებინა. ბარბი იქცა ერთგვარ ხატებადაც, რომელსაც ბევრ გოგონას სურდა მომავალში დამსგავსებოდა.

ფირმა გამუდმებით ცვლიდა ძირითად პროდუქტს და დროის ცვალებადობას უხამებდა. მაგალითად, სქესთა თანასწორუფლებიანობის ხანაში, ბარბიმ ახალი პროფესიები აითვისა და პოლიციელად, სამხედროდ, მედიცინის დად, აშშ-ის პრეზიდენტად და კიდევ სხვა მრავალი ხელობის მქონედ მოგვევლინა...

რუთ ჰენდლერს 1970 წელს სიმსივნე აღმოაჩნდა და ოპერაცია გაიკეთა. რადგან მკერდის ხეირიანი პროთეზი ვერსად ნახა, თვითონ გადაწყვიტა მისი დამზადება, რისთვისაც ახალი კომპანია დააფუძნა და ერთგვარ გაუმჯობესებასაც მიაღწია. "მატელს" ჰენდლერები აღარ ხელმძღვანელობდნენ, თუმცა იდეებს დროდადრო მაინც აწვდიდნენ. 80-იანებში მათ ბარბი როკერებში გარიეს, 1987 წელს ამ თემაზე ფილმიც კი გადაიღეს "ბარბი და როკერები: ამ სამყაროს მიღმა". 2002 წელს რუთი გარდაიცვალა.

"ფორბსის" რეიტინგი "მსოფლიოს უდიდესი 2000 საჯარო კომპანია" ბოლოს 2011 წლის მარტში გამოქვეყნდა. ამ რეიტინგის თანახმად, "მატელის" საბაზრო კაპიტალიზაცია $8,74 მილიარდია და იქ 31 ათასი ადამიანი მუშაობს. თუ გაყიდვითა და საბაზრო ღირებულებით ის პირველ ათასეულს მიღმაა, სამაგიეროდ, შემოსავლით მერვე ასეულშია, ჯამურად კი 2000 კომპანიას შორის 1085-ე ადგილი აქვს მიკუთვნებული (იმავე რეიტინგში Hasbro 1603-ე პოზიციაზეა). მართალია, "მატელს" საუკეთესო დღეებიც ჰქონია, თუმცა არავინ იცის, რა იქნება ხვალ.

მოამზადა ნატა ენუქიძემ