როგორ უნდა აიცილონ მოვაჭრეებმა დაჯარიმება - კვირის პალიტრა

როგორ უნდა აიცილონ მოვაჭრეებმა დაჯარიმება

"კერძო ინსპექტირების მეთოდი, რომელსაც მიმართა შემოსავლების სამსახურმა, საკამათო იყო"

მეწარმეები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ ხშირია დაჯარიმება სალაროს ჩეკის ამორტყმის წესების დარღვევის მომიზეზებით, როცა მაგალითად, შემმოწმებლები აფასებენ, ჯერ ხურდა მიაწოდეს მომხმარებელს, თუ ქვითარი. იყო შემთხვევები, როცა მეწარმეები ბეს აღების გამო დააჯარიმეს. ბევრმა არ იცის, რომ დაჯარიმების ფაქტი ფულის ავტომატურად დაკარგვას არ ნიშნავს. თუ მეწარმეს აქვს საფუძველი, სანქციას არ დაეთანხმოს, აუცილებლად უნდა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, რათა მერე საქმე დავების საბჭოში განიხილონ. ასეა თუ ისე, შემოსავლების სამსახური სხვადასხვა მეთოდით ცდილობს მეწარმეების დაშინებას, რათა მათ შემოსავლის დამალვა ვერ გაბედონ. მაგრამ ეს მცდელობა ზოგჯერ ისეთ ჯარიმებს უკავშირდება, რომლებსაც შემდეგ თავად შემოსავლების სამსახურშიც მიუღებლად მიიჩნევენ. "ეკოპალიტრა" ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიას ესაუბრა.

- რამდენად გაამართლა საგადასახადო მონიტორების პროექტმა?

- თავდაპირველად ვერც ვხვდებოდით, რატომ გახდა ის საჭირო. საგადასახადო კოდექსში არის მექანიზმები, რომლებიც ასრულებდნენ ამ მონიტორინგის ფუნქციებს. ბიზნესი ალაპარაკდა, რომ ხელისუფლებას საგადასახადო კუთხით რაღაც უარყოფითი შემოჰქონდა. უბრალოდ, ბიზნესმა მაშინ ვერ გაიგო, რა შეიძლება ყოფილიყო ეს ინიციატივა. თუმცა მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება და შემოსავლების სამსახური ამას ცუდად არ იყენებს.

როცა ვითარება საკამათოა, მაგალითად შეკითხვებია საწარმოო დანაკარგებზე, ტექნოლოგიურ პროცესზე და სხვ. მტკიცების ტვირთი ბიზნესმენზეა. მან უნდა წარადგინოს მტკიცებულება - რატომ არის ამდენი დანაკარგი, ან როგორი ციკლი აქვს საწარმოს. შემოსავლების სამსახურს შეუძლია თქვას - მე ამ მეწარმის არ მჯერა და მორჩა. ახლა, როცა მსგავსი გაუგებრობაა, მეწარმეები პირიქით, მონიტორინგს ითხოვენ, შეუძლიათ თავად დააკვირდნენ პროცესს და დაინახონ, რა ხდება. ანუ რაღაც ნაწილში მტკიცების ტვირთი შემოსავლების სამსახურზე გადავიდა. არ მეგულება ბიზნესმენი, რომელიც ამ ფუნქციის გამო დაიჩაგრა. ყოველდღე ბევრ ბიზნესმენს ვხვდები და პირიქით, სასიკეთოდ იყენებენ. ასე რომ, საერთო ჯამში კარგი რაღაც მოხდა.

- ზოგჯერ მეწარმეებს "შარის" საფუძველზე აჯარიმებენ, მაგალითად, იმის გამო, რომ გამყიდველმა ქვითარი ხურდის დაბრუნების შემდეგ ამობეჭდა და არა მანამდე.

- ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ კერძო ინსპექტორის პროექტზე. ისინი არა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, არამედ დაქირავებული პირები არიან, რომლებიც მხოლოდ სალარო აპარატის ჩეკის ამორტყმა-არამორტყმასთან დაკავშირებით მუშაობენ.

აქ ძალიან დიდი ინტერესთა კონფლიქტია. ჩვენ რეალურად გვაწუხებს, რომ მათი შემოსავალი გამოწერილი ჯარიმების ოდენობაზეა დამოკიდებულია. პრობლემები იყო, მაგრამ სიახლის მიზანი ამართლებდა. შემოსავლების სამსახურს ისეთ ვითარებაში უწევდა მუშაობა, როცა საქართველოში ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულთა დაახლოებით 30% სალარო აპარატს არ ხმარობდა ან არასწორად ხმარობდა. შემოსავალი ამ 30%-დან ვერ შემოდიოდა, მოწმდებოდა მსხვილი ბიზნესი და არიცხავდნენ მილიონებს.

ცხადია, ამ 30%-მა სალარო აპარატი უნდა გამოიყენოს. ამას თვითონ ბიზნესმენებიც აღიარებენ, მაგრამ მეთოდი, რომელსაც მიმართა შემოსავლების სამსახურმა, საკამათო იყო.

- რა კონტინგენტიდან შეარჩია შემოსავლების სამსახურმა კერძო ინსპექტორები?

- კონტინგენტს ვერ გეტყვით, მაგრამ რაც უნდა კონტინგენტი იყოს, მათ ბევრს ვერ მოსთხოვ, ვგულისხმობ ხელფასს - როცა ხელფასი ჯარიმის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ინტერესთა კონფლიქტი დიდია.

კარგი კი ის მოხდა, რომ ვინც დაჯარიმებული იყო და დადგენილ ვადაში გაასაჩივრა, დაახლოებით ნახევარზე მეტს ჯარიმა გაუუქმდა. დავების საბჭოს წევრი ვარ და ძალიან ბევრი ასეთი ჯარიმა გავაუქმეთ. როცა მომჩივანი ამბობდა, ჩეკი ამოვარტყიო, ინსპექტორი კი - არ ამოურტყიაო, ანუ როცა 50/50-ზე იყო, მომჩივანს საჩივარს ვუკმაყოფილებდით.

შეიძლება ამ ყველაფრის გამო ხალხი დაშინდა, მაგრამ ერთი კარგი მაინც მოხდა –სალარო აპარატების გამოყენება დაიწყეს. რეგიონებშიც კი, სადაც საერთოდ არ ხმარობდნენ. მეორეც - ვინც გაასაჩივრა, ნახევარზე მეტს მოეხსნა ჯარიმა. ლაპარაკია ძალიან მცირე ბიზნესებზე და უბრალოდ საცოდაობაა მათთვის 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრება. კანონი კანონია და თუ დაირღვა, ჯარიმა უნდა გამოიწეროს, მერე უკვე დავების საბჭოს შეუძლია მოუხსნას ეს ჯარიმა.

- არის თუ არა საკანონმდებლო ხარვეზი, როცა არ არის ზუსტად განსაზღვრული, როდის უნდა ამოიბეჭდოს ქვითარი?

- პროცედურის მიხედვით, გამყიდველი ფულს როგორც კი აიღებს, აუცილებლად უნდა ამოარტყას ჩეკი. თარიღი და დრო შესაბამისი უნდა იყოს. ჩეკი ხურდასთან ერთად უნდა მისცეს. ერთ-ორი წამით ადრე მისცემს ხურდას თუ ჩეკს, ამას არავინ გამოეკიდება. თუ ასეთი მიზეზით მაინც დააჯარიმეს და მეწარმემ გაასაჩივრა, მსგავსი ჯარიმები აუცილებლად მოიხსნება. მე არ მქონია შემთხვევა, ორიოდე წამის გამო ვინმე დაეჯარიმებინოთ. მაგრამ რაც უნდა ეწეროს კანონში, ყოველთვის იარსებებს საკანონმდებლო "ხვრელები".

მაგალითად, იყო ასეც, რომ ინსპექტორი შევიდა მაღაზიაში, დადო ხურდა, აიღო საღეჭი რეზინა და გავიდა. მერე შებრუნდა და პრეტენზია წაუყენა - რატომ ჩეკი არ ამოარტყიო... ამის დადასტურებაც ძნელია - იყო თუ არა გამოჭერაზე ეს ინსპექტორი? მაგრამ თუ მეწარმე გაასაჩივრებს ასეთ ჯარიმას, ის მოეხსნება. მთავარია ჩაეტიოს 30 დღის ვადაში. გასაჩივრება უფასოა.

- არის თუ არა ანგარიშსწორებისას ბეს პრინციპის გამოყენება კანონდარღვევა?

- არა, მთავარია თანხის მიღებისას ამოარტყას ჩეკი და პრობლემა არ იქნება. კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული, როცა თანხას იღებს, - "ბე" იქნება, ავანსი თუ რაც გნებავთ - ჩეკი უნდა ამოარტყას.

- რამდენიმე ხნის წინ თქვენ გვითხარით, რომ საგადასახადოს თანამშრომელს ქუჩაში მოძრავი მანქანის გაჩერებისა და შემოწმების უფლება მიეცა. გამოიყენება ეს ნორმა თუ ცვლილება ქაღალდზე დარჩა?

- არა, არ ამოქმედებულა და ეს ვერც მოხდება. სხვა თუ არაფერი, მოძრავი მანქანის გასაჩერებლად სპეციალური ფორმა, საიდენტიფიკაციო ნიშნებია საჭირო. კაცი უბრალოდ რომ დადგეს და ქუჩაში მანქანის გაჩერება სცადოს, არავინ გაუჩერებს. თვითონ გააჩერებენ საგადასახადოს თანამშრომლები თუ პატრულს გააჩერებინებენ - ესეც არ არის გარკვეული.

ვფიქრობ, ეს ნორმა არც იმუშავებს. მთავრობის პოლიტიკა ასეთია, რომ პატრული უმიზეზოდ არავის აჩერებს. ამიტომ ეს ნორმა უფრო ალბათ არა მოძრავ, არამედ გაჩერებულ მანქანების შემოწმებას მიესადაგება, საიდანაც ტვირთის ჩატვირთვა ან გადმოტვირთვა ხდება.

- შემოსავლების სამსახური სალარო აპარატის ჩეკებისთვის ლატარიას აწყობს...

- კარგი იდეაა. ჩეკის ამოურტყმელობის გამო დაჯარიმებასა და ამორტყმული ჩეკებით ლატარიის გათამაშებასაც ერთი და იგივე მიზანი აქვს - ყველამ გამოიყენოს სალარო აპარატები და ჩეკი ამოარტყას.

თუ რამეს შეიძინეთ და ჩეკი არ გადმოგცეს, შესაძლოა ყურადღება არც მიაქციოთ. მაგრამ როცა იცით, რომ ამ ჩეკებით ლატარია თამაშდება, მაშინ ჩეკს აუცილებლად მოსთხოვთ. მნიშვნელობა არ აქვს, 5 თეთრის პროდუქცია იყიდეთ თუ 100 ლარის, ჩეკი გეკუთვნით. ეს კარგი მეთოდია. მოგების შანსები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების ჩეკებს შორის გადანაწილდება და სულ ერთი იქნება, მაგალითად, "გუდვილში" იყიდით რამეს, თუ რომელიმე სოფლის პატარა ჯიხურში. ლატარია შეამცირებს ჯარიმების რაოდენობას, რადგან ჩეკის ამორტყმა მომხმარებლის ინტერესში იქნება და არ მგონია, რომელიმე მეწარმემ ვინმეს ჩეკის ამორტყმაზე უარი უთხრას.