საქართველოში კანონი ხშირად იწერება დროებითი, "ერთჯერადი" გამოყენებისთვის - კვირის პალიტრა

საქართველოში კანონი ხშირად იწერება დროებითი, "ერთჯერადი" გამოყენებისთვის

ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება აღუდგებათ. პარლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ოთხი თვის წინ კანონში შეტანილი ცვლილება ისევ უნდა შეიცვალოს.შარშან ოქტომბერში ხელისუფლებამ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას უპირატესობა ბიუჯეტის სასარგებლოდ დაგროვილ ვალდებულებებს მიანიჭა, რაც ნიშნავდა, რომ ბანკებს სესხების განსაზღვრული ნაწილი არაუზრუნველყოფილი დარჩებოდათ. ოთხი თვის განმავლობაში მოქმედმა ცვლილებამ ბანკ "ქართუს" 150 მილიონი ლარის ზარალი უკვე მიაყენა.

კანონი, ფორმალურად მაინც, ქვეყანაში ყველა სუბიექტისთვის ერთნაირად იწერება. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, პირველადი იპოთეკარის უფლების ბანკებისთვის ჩამორთმევის შესახებ პოზიცია სხვა ბანკებისგანვე მოგვესმინა. "ეკოპალიტრა" სისტემატურად უკავშირდება საქართველოს წამყვან ბანკებს ამ საკითხზე კომენტარისთვის. ზოგმა პირდაპირ გვითხრა: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთო. ზოგმაც, დროის გაყვანის მიზნით, კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვა, მაგრამ პასუხები არც ამის შემდეგ გვაღირსეს. სამაგიეროდ, დროდადრო სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები გვიკავშირდებოდნენ და გვეკითხებოდნენ, ხომ არ გამოიჩინა რომელიმე ბანკმა გამბედაობა და თავისი შეხედულება საჯაროდ ხომ არ გამოხატა. სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ პასუხები უკვე მზად ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ გამოგვიგზავნიდნენ, როცა ამას მათი რომელიმე კოლეგა გააკეთებდა. ასე ერთმანეთის ცქერაში ბანკებისგან კომენტარს ვერ ვეღირსეთ... სამაგიეროდ, მათი დუმილი სათანადოდ დაფასდა და ამ ოთხი თვის განმავლობაში, "ქართუსგან" განსხვავებით, არც ერთ მათ კრედიტორს საგადასახადო დავალიანება არ აღმოაჩნდა.

სანაცვლოდ, დიდი საბიუჯეტო დავალიანება აღმოაჩნდათ ბანკ "ქართუს" კრედიტორებს, რის გამოც სახელმწიფომ მათ ათეულობით მილიონი ლარის ქონება აუქციონზე გაუყიდა და ბანკი არაუზრუნველყოფილი სესხების ანაბარა დატოვა. თუმცა მანამდე ყველა ამ კრედიტორმა მოქმედი ანგარიშები გააუქმა ხსენებულ ბანკში. ეს ადამიანები ძირითადად ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან. კანონში შესული ცვლილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლების წინ მათ დიდძალი სახელმწიფო ვალი დაუგროვებიათ. საინტერესოა, ასეთი დიდი საბიუჯეტო დავალიანების ფონზე, თავის დროზე როგორ გასცა ბანკმა მათზე ასეთი მოცულობის კრედიტები.

ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა უძრავი ქონებაც კანონის მოქმედების ოთხთვიან პერიოდში სახელმწიფომ მიისაკუთრა, თუმცა, თუ მათი მფლობელების ვინაობას გავითვალისწინებთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ "მისიის შესრულების" შემდეგ ეს ქონება ისევ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.

- "ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი" (როგორც სესხის უზრუნველყოფის ობიექტი, შეფასებულია 9.642.000 ლარად);

- "კავკაზუს სერიალ კომპანი" (10.895.000 ლარი);

- "ვიაესტ-ვიტა" (703.000 ლარი);

- "ხოხობი" (2.089.000 ლარი);

- "საქართველოს ღვინოები" (2.083.000 ლარი).

ჩამოთვლილი ობიექტები პრეზიდენტის რჩეულ პოეტს, ბიზნესმენსა და პარლამენტის წევრ სერგი კაკალაშვილს ეკუთვნოდა. კანონში შესული ცვლილების შემდეგ, სახელმწიფომ აუქციონზე გასაყიდად პირველად სწორედ კაკალაშვილის იპოთეკით დატვირთული ქონება გაიტანა და ვინაიდან მყიდველი არ გამოჩნდა, ის სახელმწიფოს გადაეცა.

- სამკერვალო ფაბრიკა "ლაურა ღაჭავა" (5.790.000 ლარი);

- "პირიმზე" ვეკუას ქ. #3 (12.500.000 ლარი);

- "პირიმზე" არაყიშვილის ქ.#8 (1.990.000 ლარი);

- "პირიმზე" მელიქიშვილის ქ.#10 (5.000.000 ლარი);

- "პირიმზე" მელიქიშვილი ქ.#5 (5.150.000 ლარი);

- "პირიმზე" ჭავჭავაძის "#29 (7.300.000 ლარი);

- "პირიმზე" ჭავჭავაძის #33 (9.950.000 ლარი);

- "სამკურნალო კომბინატი" ქავთარაძის ქ.#16 (18.140.000 ლარი);

- "ეკრანი" ჭავჭავაძის #60 (8.000.000 ლარი).

სახელმწიფოს ვალში გაყიდული ეს ობიექტები კი ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ეკუთვნოდა, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსის ირაკლი კოდუას დედაა. კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც "ქართუში" იპოთეკით იყო დატვირთული და სახელმწიფომ მიისაკუთრა, კომპანია "ინტერპლასტია" (6.390.000 ლარი), რომლის პარტნიორი და 13%-იანი წილის მფლობელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელია.

ნოდარ ჯავახიშვილი ("ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტი): "ფაქტია, რომ ეს კანონი მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ გამოსაყენებლად მიიღეს. დაახლოებით 15 აპრილისთვის საერთაშორისო აუდიტები ყველა ბანკის, მათ შორის, ქართული ბანკების გასული წლის აუდიტს ამთავრებენ. თუ ამ აუდიტის საბოლოო დასკვნისთვის ეს კანონი გაუქმებული არ იქნება, მნიშვნელოვან ფინანსურ დარტყმას მიიღებს ყველა საბანკო დაწესებულება, მიუხედავად იმისა, სურს ეს ხელისუფლებას თუ არა.

ბანკებისა და ხელისუფლების შეთანხმებაც ასეთი იყო, რომ მათ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ხმა არ უნდა ამოეღოთ, სამაგიეროდ, მათ არავინ შეეხებოდა. ეს შეთანხმება ხელისუფლებას შესასრულებელი აქვს, მით უფრო, რომ ბანკებში ხელისუფლების წარმომადგენლები მნიშვნელოვან წილებს ფლობენ და საკუთარ თავს ზიანს არ მიაყენებდნენ.

რატომ დუმდნენ ამდენი ხნის განმავლობაში სხვა ბანკები? დააკვირდით, როგორც საკრედიტო, ისე სადეპოზიტო პოლიტიკაში, ყველა ბანკში ერთი და იგივე პროცენტია და პროცედურებიც დაახლოებით მსგავსი. ეს არის მონოპოლიურ სტრუქტურად ჩამოყალიბებული საბანკო სფერო. რაც მთავარია, ის არის ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებადი, დაშინებული სფერო, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი. თითქმის ექვსი თვეა, "ქართუ" ბანკის მმართველი ვარ. ის ადამიანი ვარ, რომელსაც ქართული საბანკო სისტემის ჩამოყალიბებაში მცირე წვლილი მაინც მიუძღვის. ამ ექვსი თვის განმავლობაში ერთი კოლეგა არ დამკავშირებია. არ მინდა გვარების დასახელება, მაგრამ შემთხვევით შევხვდი ორ ცნობილ ქართველ ბანკირს, ჩემკენ მოდიოდნენ. მოულოდნელად გზიდან გადაუხვიეს. ისე არიან დაშინებული, გამარჯობაც ვერ მითხრეს. როგორც ჩანს, ჩვენთან სირცხვილსა და ღირსებაზე მაღლა შიში დგას.

ვაშინგტონში ყოფნისას, მათ შორის სენატშიც და სახელმწიფო დეპარტამენტშიც, მქონდა საუბარი ამ კანონთან დაკავშირებით და გავაცანი ჩემი მოსაზრებაც, რომ ხელისუფლება აუცილებლად გააუქმებდა ამ კანონს. თუმცა დარჩენილ პერიოდს გამოიყენებენ ძალიან ინტენსიურად ჩვენს ბოლომდე ჩასაძირად. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ყურადღება მიაქციეთ, რომ პროექტი ოთხი თვის წინ მიღებული ცვლილების გაუქმების შესახებ განსახილველად ჯერ კომიტეტებში შეიტანეს და ამ ცვლილებას მიიღებენ პარლამენტის რეგლამენტის სრული დაცვით, რასაც დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. მაშინ, როცა ერთ დღეში მიიღეს ცვლილება, რომელიც ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლებას ართმევდა.

დღეს დაახლოებით 150 მილიონი დოლარის საკრედიტო პორტფელი გვაქვს უპერსპექტივო. აქედან ნახევარი უკვე ჩამოვწერეთ. ჩვენთანაც მიმდინარეობს საერთაშორისო აუდიტი და აუდიტორების მოთხოვნით, უპერსპექტივო კრედიტების მეორე ნაწილის ჩამოწერაც მოგვიწევს. ამ ერთ თვეში კიდევ რის წართმევას მოასწრებენ, ეს კიდევ სხვა საკითხია.

დარწმუნებული ვარ, ახლა სხედან გენერალური პროკურორის კაბინეტში და გეგმავენ, რა მოიმოქმედონ. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს მთელი ხელისუფლება, ეროვნული ბანკის ჩათვლით".

სხვათა შორის, სანამ კომერციული ბანკები დუმდნენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას რიგითობის ცვლილებას ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკით ხსნიდა. ქადაგიძე ამბობდა, რომ ცვლილება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას უპირატესობა ბანკს ჰქონდა, 2010 წლის მარტში ამოქმედდა, მანამდე კი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოში, უპირატესი სახელმწიფოსადმი საგადასახადო ვალდებულება იყო. მას არ დაუმალავს, რომ ცვლილების მომხრე და ლობისტი თავად იყო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში ნაფიქრ გადაწყვეტილებას მიღებიდან რამდენიმე თვეში ცვლის. გავრცელებული ინფორმაციით კი საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ჩარევის შემდეგ მიიღო. მათთან დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, საკითხის განხილვაში ამერიკის სავაჭრო პალატაც იყო ჩართული.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კანონი ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ხოლო მიზნის შესრულების შემდეგ სიახლე უქმდება. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ 2008 წელს არჩევნების წინ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებში მფლობელების შესახებ გრაფის გაუქმება, რომელიც მოგვიანებით კვლავ აღდგა. ასევე აღსანიშნავია კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების აღსრულება. ეს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საქმეს უკავშირდებოდა, რომლის ქონების აუქციონზე გასაყიდად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იყო საჭირო (სამივე ინსტანციაში განხილვის შედეგად მიღებული). აუქციონზე გატანილი ქონება არავინ იყიდა და კანონი კვლავ შეიცვალა: ჩამორთმეული ქონება აუქციონზე სამჯერ გატანის შემდეგაც თუ არ გაიყიდებოდა, სახელმწიფო საკუთრებაში გადადიოდა...

P.S. ბოლო ინფორმაციით, „ქართუ ბანკში“ სააღსრულებლო ბიუროდან შეტყობინება მიიღეს. აუქციონზე ბანკის კიდევ ერთი მოვალის 41 ობიექტი გადის. საუბარია ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთულ შპს „ვაზი 2002“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე. აგრეთვე, აუქციონზე გადის იჯარის უფლება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საწარმოს 49-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული (სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ვაზი 2002“-ის 90-%იანი წილი სს "ოკამს", ხოლო 5-5% - ორ ფიზიკურ პირს ეკუთვნის).