მილიარდერები მოდიან (1126) - კვირის პალიტრა

მილიარდერები მოდიან (1126)

ქართველი მილიარდერი სამ სხვა "კოლეგასთან" ერთად ბიზნესგამოცემის გარეკანზე აღმოჩნდა

ბიზნესგამოცემა "ფორბსმა" მარტში ტრადიციულად გამოაქვეყნა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა 2012 წლის რეიტინგი - "მილიარდერთა სია". როგორც გამოცემა აღნიშნავს, წლევანდელი სია რეიტინგის საიუბილეო, 25-ე გამოშვებაა. ჟურნალი აღიარებული ლიდერია გლობალური სიმდიდრის შესწავლისა და აღრიცხვის საქმეში. პირველ რეიტინგში სულ 140 სახელი ფიგურირებდა, მათგან 24 წლევანდელ სიაშიცაა.

მილიარდერთა რაოდენობა 1126-ია. ეს მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პირთა ჯამური ქონება $6,4 ტრილიონია, ხოლო საშუალო - $3,7 მილიარდი.

მილიარდერთა სიის ამ საგანგებო გამოშვებას ოთხი ყდა აქვს ერთმანეთის მიყოლებით: მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში; 41 წლის ამერიკელი სარა ბლეიკლი ყველაზე ახალგაზრდაა იმ ქალებს შორის, ვინც ყველაფერს თავად მიაღწია (ე.წ. სელფ-მაიდ); ჰონკონგელი ლი კა-შინგი უმდიდრესი ადამიანია აზიის კონტინენტზე; და ბიძინა ივანიშვილი (153-ადგილი), ვისი სიმდიდრეც მისი მშობლიური ქვეყნის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს მთლიანი ეროვნული პროდუქტის ნახევრის ტოლია.

"ფორბსის" წარმომადგენლები ოთხივე მათგანთან შესახვედრად ჩავიდნენ მექსიკაში, ჰონკონგსა და საქართველოში, აგრეთვე ნიუ-იორკში, დანარჩენ ადამიანებს 1126-კაციანი სიიდან ჟურნალიდან ან შეხვდა ვინმე, ან დაურეკეს, ან ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდნენ. საქართველოში მოგზაურობის შედეგად "ფორბსი" აქვეყნებს ვრცელ სტატიას "არავინ არის ბიძინაზე დიდი" (Nobody‘s Bigger Than Bidzina), რომელსაც "კვირის პალიტრის" ამავე ნომერში წაიკითხავთ.

არასოდეს ყოფილა რეიტინგი ასეთი ცვალებადი. შარშანდელთან შედარებით ქონება დააკლდა სიის 441 წევრს, მოემატა 460-ს და მხოლოდ 180-ის მდგომარეობა დარჩა უცვლელი. 128 სახელი ახალია, 117 რეიტინგიდან ამოვარდა, 12-მა კი საერთოდ, დაგვტოვა, როგორც მაგალითად, სტივ ჯობსმა, რომლის ადგილიც მისმა მეუღლემ, ლორენ პაუელ ჯობსმა დაიკავა.

დღეს მილიარდერები 58 ქვეყნიდან არიან - პერუს, მაროკოსა და საქართველოს ჩათვლით. ყველაზე მეტი - 425 - აშშ-შია, მას რუსეთი (96) და ე.წ. ძირითადი ჩინეთი (95) მოჰყვებიან, რომელთა მაჩვენებლებიც 2011 წელს იყო, შესაბამისად, 101 და 115.

მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ მესამე წელიწადია, ლიდერობას არ თმობს, თუმცა შარშან $5 მილიარდი დააკლდა და ახლა $69 მილიარდი "ღირს". მას ბილ გეიტსი მოსდევს, რომელმაც პირიქით, ქონება $5 მილიარდით გაზარდა და ახლა მას $61 მილიარდად "აფასებენ". უორენ ბაფეტისა და ბერნარ არნოს შემდეგ, მეხუთე პოზიციაზე შეაბიჯა ამანსიო ორტეგამ, მიუხედავად იმისა, რომ შარშან "ზარას" თავმჯდომარეობა დატოვა. ხოლო ყველაზე მეტი, $10,4 მილიარდი დაკარგა ინდოელმა ლაქშმი მიტალმა, რომლის ფოლადის კომპანია უმსხვილესია მსოფლიოში. ამ დანაკარგმა მიტალი პირველად დატოვა ტოპათეულს მიღმა 2004 წლის შემდეგ და 21-ე ადგილზე "მოისროლა". ხოლო მეცხრე ადგილზე გასულმა ლი კა-შინგმა იმავე 2004 შემდეგ პირველად დაიბრუნა აზიის უმდიდრესი ადამიანის წოდება.

"ახალწვეული" მილიარდერებიდან აღსანიშნავია კევინ პლანკი, სპორტული სამოსის ფირმის დამფუძნებელი, აგრეთვე სარა ბლეიკლი თავისი შპანხ-ის ტრიკოტაჟისა და ქალის წინდებით. საინტერესოა სხვა ქალიც, მიუჩა პრადა, რომელიც რეიტინგს ექვსწლიანი არყოფნის შემდეგ დაუბრუნდა...

"მილიარდერთა სიის" მოსამზადებლად 50 რეპორტიორი 16 ქვეყანაში მუშაობდა წლის განმავლობაში. შარშან ბიზნესგამოცემამ სულ 2 ათასი ქონებრივი პროფილი შეადგინა, რომლებიც მიმდინარე ინფორმაციის, საჯარო მონაცემების, პირადი კონტაქტებისა და პირთა კონკრეტული ჯგუფებისგან მიღებული ცნობების ნაზავია. "ფორბსი" გეგმავს გამოაქვეყნოს მილიარდერთა რეალურ დროში ცვალებადი სია, აგრეთვე 130 ათასი პროფილი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებსა და სხვა მდიდარ ხალხზე, ვინც სხვადასხვა ტიპის ყოველწლიურ რეიტინგებში არ მოხვედრილა.

2012 წლის მილიარდერთა სიის ტოპათეული

1. კარლოს სლიმ ელუ (ოჯახით). ქონება - $69 მილიარდი. ასაკი - 72 წელი. შემოსავლის წყარო - კომუნიკაციები. მექსიკის მოქალაქე.

2. ბილ გეიტსი. ქონება - $61 მილიარდი. ასაკი - 56 წელი. შემოსავლის წყარო - "მაიკროსოფტი". აშშ-ის მოქალაქე.

3. უორენ ბაფეტი. ქონება - $44 მილიარდი. ასაკი - 81 წელი. შემოსავლის წყარო - Berkshire Hathaway. აშშ-ის მოქალაქე.

4. ბარნარ არნო. ქონება - $41 მილიარდი. ასაკი - 63 წელი. შემოსავლის წყარო - LVMH. საფრანგეთის მოქალაქე.

5. ამანსიო ორტეგა. ქონება - $37,5 მილიარდი. ასაკი - 75 წელი. შემოსავლის წყარო - ZARA. ესპანეთის მოქალაქე.

6. ლარი ელისონი. ქონება - $36 მილიარდი. ასაკი - 67 წელი. შემოსავლის წყარო - Oracle. აშშ-ის მოქალაქე.

7. ეიკე ბატისტა. ქონება - $30 მილიარდი. ასაკი - 55 წელი. შემოსავლის წყარო - სამთო საქმე, ნავთობი. ბრაზილიის მოქალაქე.

8. სტეფან პერსონსი. ქონება - $26 მილიარდი. ასაკი - 64 წელი. შემოსავლის წყარო - H&M. შვედეთის მოქალაქე.

9. ლი კა-შინგი. ქონება - $25,5 მილიარდი. ასაკი - 83 წელი. შემოსავლის წყარო - დივერსიფიცირებული. ჰონკონგის მოქალაქე.

10. კარლ ალბრეხტი. ქონება - $25,4 მილიარდი. ასაკი - 92 წელი. შემოსავლის წყარო - Aldi. გერმანიის მოქალაქე.