ცის "ნელმავლები" - კვირის პალიტრა

ცის "ნელმავლები"

საქართველოს ავიაციაში კონკურენტული "ხოცვა-ჟლეტაა"

ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარზე, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა. თვალში საცემია ბიზნესსიახლეების სიჭარბეც. თუმცა ბოლო დროს ვითარება დაიძაბა, რაც დაიწყო ქართული კომპანიის მიერ ზოგიერთი რეისის გაუქმებიდან, აგრეთვე ჩეხური ავიაგადამყვანის გადაწყვეტილებიდან, წავიდეს საქართველოდან. მანამდე კი საქართველოდან ოფიციალური წარმომადგენლობა გაიწვია "ეარ ბალტიკამ". საქმეში ჩარევა საჭიროდ მთავრობაშიც კი მიიჩნიეს და, ტრადიციულად, ყველაფერი სხვებს გადააბრალეს...

საქართველოს ავიაციაში ახალი ამბები ლამის ყოველდღე ვრცელდება. თურმე ევროპის სამი საუკეთესო კომპანიიდან საქართველოში ორი საქმიანობს -"თურქეთის ავიხაზები" და "ლუფტჰანზა". აგრეთვე, მგზავრებს ემსახურება ავიაკომპანია მსოფლიოს საუკეთესო ათეულიდან "ყატარის ავიახაზები", თუმცა ბაზრის ლიდერი "თურქეთის ავიახაზებია". ჩვენთან საუბრებისას ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ ყველაზე მეტი კლიენტურა "თურქეთის ავიახაზებს" ჰყავს. ფრენის სიხშირეს ამატებს "ფლაიდუბაი", ზაფხულში ამოქმედდება ირანის სამი მოქალაქის მიერ დაფუძნებული "ფლაიჯორჯია", ხოლო თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი თურქული ოპერატორის, "ტავის" 38%-ს აეროპორტების ფრანგული ოპერატორი Aeroports de Paris-ი (ADP) ყიდულობს $874 მილიონად. ორივე ჯგუფის პირდაპირი თუ ირიბი კონტროლის ქვეშ მსოფლიოს 37 აეროპორტი იქნება. ცნობილია, რომ ბაზარზე შესაძლოა შემოვიდეს ევროპული ე.წ. ლოუკოსტერი ავიაკომპანია "რიან-ეარი", ამის საპასუხო სვლას აუცილებლად მოიფიქრებენ საქართველოს ბაზარზე უკვე მოქმედ ლოუკოსტერ "პეგასუსში". ბათუმის აეროპორტიდან ფრენების დაწყებას გეგმავენ უნგრული და პოლონური ავიაკომპანიები...

როგორც გაირკვა, ქართული ავიაკომპანია "აირზენა" განსაკუთრებული დატვირთვით ზაფხულში მუშაობს, როცა ტურისტული სეზონი იწყება და ბათუმის მიმართულებით მგზავრთა რაოდენობა იმატებს. ცოტა ხნის წინ, ფინანსური სირთულეების გამო კომპანიამ რეისები შეამცირა. ავიაგადამყვანის პრობლემები საგანგებოდ განიხილა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართულ ავიაციაში პრობლემები არ არის. "ჩვენ ვცდილობთ, "აირზენას" მაქსიმალურად დავეხმაროთ. შევთავაზეთ, შეესრულებინა შიდა რეისები სახელმწიფო სუბსიდირებით, მათ შორის თბილისი-მესტიის მიმართულებით. ეს შეთავაზება მათ დიდი ხნის განმავლობაში უპასუხოდ დატოვეს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში არის მენეჯმენტის პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს კომპანია თავად გადაწყვეტს", -განაცხადა მინისტრმა.

მოსაზრებას, რომ ქართულ ავიაბაზარზე პრობლემები არ არის, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ქართულ კომპანიაში.

ნინო გიორგობიანი ("აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი): "ქართულ ავიაბაზარზე შექმნილი მდგომარეობა ძალიან რთულია: თუ სახელმწიფო სერიოზულად არ ჩაერევა და ვითარებას არ დაარეგულირებს, სულ მალე ქართველი მგზავრები მხოლოდ თურქული ავიაკომპანიების მომსახურებით ისარგებლებენ. ქართული ავიაკომპანიებიც დაიხურება და ავტორიტეტული უცხოური კომპანიებიც წავლენ, რადგან თურქულ დემპინგს ვერავინ გაუძლებს. უნდა გაგაფრთხილოთ -როგორც კი ამ ბაზარზე დარჩებიან, ისინი ტარიფებს მაშინვე გაზრდიან. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან: როგორც კი შევწყვიტეთ ფრენა პარიზის მიმართულებით, მათ ფასი 400 ევრომდე გაზარდეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბილეთს ადრე იყიდი. სხვა შემთხვევაში მგზავრობა 500-დან 800 ევრომდე ღირს.

ეს მაშინ, როდესაც პარიზის მიმართულებით ჩვენი მინიმალური ფასი 280 ევრო იყო, მაგრამ მგზავრები მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

საზოგადოდ, განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლების ფავორიტი ყოველთვის ნაციონალური ავიაკომპანიაა, თუმცა ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად ხდება, ყველაფერი უცხოური გვირჩევნია ქართულს.

ადგილობრივ ავიაკომპანიებს ყველგან დიდ ფინანსურ დახმარებას უწევენ, მაგალითად, უნგრეთის ავიახაზებს სახელმწიფო არაერთხელ დაეხმარა -ავიაკომპანია "მალევს" ორიოდე წლის წინ 300 მილიონი გამოუყვეს, შემდეგ ყოველწლიურად 200 მილიონით აფინანსებდნენ, თუმცა კომპანია მაინც გაკოტრდა. ყურადღება უნდა გავამახვილო ბილეთის ფასზეც: თვითმფრინავი ნამდვილად არ არის ტაქსი, თანამედროვე თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის სოლიდური თანხა იხარჯება. ბილეთის თვითღირებულებაც უამრავი კომპონენტისგან შედგება: აეროპორტების ხარჯი, საავიაციო უსაფრთხოების დაცვა, საწვავის ხარჯი, ტექნიკური უსაფრთხოება, მეტეომომსახურება, თვითმფრინავის საიჯარო ხარჯი, მგზავრთა დაზღვევის ხარჯი და სხვ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბილეთის ფასი უნდა იყოს 50 ლარი, ვურჩევთ, კალკულატორი მოიმარჯვოს, დათვალოს და გვითხრას, რომელი კომპონენტის ხარჯზე უნდა შემცირდეს ბილეთის ფასი.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ძალიან მაღალი ტარიფები დააწესა, რაც ბილეთის ფასზე უარყოფითად აისახება. სხვათა შორის, ეს ტარიფები ეკონომიკისა მინისტრის ნებართვითა და ხელმოწერით არის მიღებული და დამტკიცებული. ლამის სუნთქვაზეც გადასახადი დაგვიწესონ, მაგრამ ეს მხოლოდ ქართულ კომპანიებს ეხება. სამაგიეროდ, თურქული ავიაკომპანიები არ იბეგრებიან, რის გამოც ქვეყანა მილიონობით ლარს ზარალობს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვცდილობთ ღირსეულად გავუმკლავდეთ სირთულეებს: უკრაინასა და საფრანგეთში არსებულ ქართულ დიასპორათა თხოვნით, კომპანიაში განიხილება კიევისა და პარიზის მიმართულებით ფრენის აღდგენის საკითხი, გვაქვს სხვა სამომავლო გეგმებიც".

"აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკონომიკის მინისტრს რადიო "პალიტრის" ეთერშიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ არ ყოფილა შემოთავაზება, სახელმწიფო სუბსიდირებით შიდა რეისების შესრულების შესახებ, მათ შორის თბილისი-მესტიის მიმართულებით. "არანაირი მოლაპარაკებები არ დაწყებულა, არც წერილი გამოუგზავნიათ. ასე რომ, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა", -განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

ყურადღების ცენტრში მოექცა კიდევ ერთი ავიაკომპანია, "ჩეხეთის ავიახაზები". რომელიც საქართველოს მიმართულებით ყველა ავიარეისს აუქმებს. კომპანია თავის გენერალურ აგენტ „ბერიკასთან“ კონტრაქტს 1-ელი ივნისიდან შეწყვეტს. ჩვენ მიზეზით დავინტერესდით. "საქართველოში "ჩეხეთის ავიახაზები" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიაკომპანია იყო, მომსახურების მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასების გამო. ამბობენ, რომ ქართული რეისები მათთვის წამგებიანია, თუმცა ეს საეჭვოა, რადგან თვითმფრინავი პრაღის მიმართულებით მუდმივად დატვირთულია, ხალხი ახლაც გვაკითხავს, 114 კაცი გაფრინდა ამ რამდენიმე დღის წინ და 110 ჩამოფრინდა, ეს ნებისმიერი ავიაკომპანიისათვის ნორმალური დატვირთვაა", -აცხადებენ ფირმა "ბერიკას" წარმომადგენლები, ხოლო ფირმის მფლობელმა ალექსანდრე ჩხიკვაძემ გვითხრა:

-რეისების შეწყვეტაში ქართული მხარე დამნაშავე ნამდვილად არ არის. ჩეხურ კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები აქვს. მათ ჯერ კიდევ შარშან შეწყვიტეს რეისები ევროპის დიდ ქალაქებში, აპრილიდან უკვე ოსლოში, ჰანოვერში, ზაგრებში, ლიუბლიანაში, ბერლინში მიმავალი რეისები გაუქმდება...

-რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ქართული ავიაბაზრის განვითარებას?

-პრობლემა ბევრია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მაინც სასტუმროებისა და მომსახურების სიძვირეა. ავიასფერო გარკვეულწილად ტურიზმზეა აწყობილი და ბუნებრივია, ტურისტი მიდის იქ, სადაც უფრო იაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ქართულ ავიაბაზარზე არსებობენ ხელისუფლების ფავორიტი კომპანიები, ჩემი აზრით, ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. ვინმე გაძალებთ რომელიმე კომპანიის ბილეთის ყიდვას? აშშ-ში მაგალითად, სახელმწიფო მოხელე სადმე რომ მიდის, წინასწარ იცის, რომელი ავიაკომპანიის მომსახურებით უნდა ისარგებლოს, საქართველოში კი ასე არ ხდება. ამ სფეროს კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა: 15-16 წლის წინ ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარზე რამდენიმე ქართული ავიაკომპანია ოპერირებდა, დღეს კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა, თუმცა ქართული კომპანიების გაქრობას ვერავის დავაბრალებთ, რადგან გამუდმებული კინკლაობით მათ ერთმანეთი შეჭამეს. დღეს ქართულ ბაზარზე ერთადერთი ქართული ავიაკომპანია "აირზენა" საქმიანობს, იმედია, ის მაინც შეძლებს პოზიციების შენარჩუნებასა და სირთულეების დაძლევას.

ციფრების ენით

-საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერი, 2011 წლის მონაცემებით, "თურქეთის ავიახაზებია", რომლის წილი მგზავრთბრუნვაში 22,4%-ია. მეორეა უკრაინული Aerosvit Airlines-ი, ხოლო მესამე -ავიაკომპანია "აირზენა".

-ქვეყნების მიხედვით, საქართველოდან წლიური მგზავრთბრუნვის ლიდერი თურქეთია 240 116 მგზავრით, მას მოსდევენ უკრაინა 191 240 მგზავრით, რუსეთი -137 165, გერმანია -78 526, ბელარუსი -67 195, აზერბაიჯანი -51 684, ისრაელი -42 836, სომხეთი -36 998, ყაზახეთი -32 525, ჩეხეთი -32 152, სხვა -319 660.

ხათუნა ჩიგოგიძე