საბერძნეთს დროებით უშველეს - კვირის პალიტრა

საბერძნეთს დროებით უშველეს

2003 წლის შემდეგ ქვეყანას პირველად გაუზარდეს რეიტინგი

გასულ კვირას, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საბერძნეთის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგები მცირედით აუმაღლა, რაც ამ კომპანიას 2003 წლის შემდეგ არ გაუკეთებია. საბერძნეთის სახელმწიფო ვალის ე.წ. ჩამოწერისას, სახელმწიფოსა და კრედიტორების ნაწილს შორის შეთანხმება მოხერხდა და ძველი სავალო ქაღალდების 96% ახალ ობლიგაციებზე იცვლება. მიუხედავად ამისა, საბერძნეთში სავალო რისკი კვლავ შენარჩუნებულია. კიდევ ორ სარეიტინგო სააგენტოს, Standard & Poor’s-სა და Moody’s-ს ჯერჯერობით საბერძნეთისთვის რეიტინგი არ შეუცვლია.

ახალ სახელმწიფო ქაღალდებზე საბერძნეთისთვის პირობები უფრო შერბილებულია და ქვეყანას შედარებით უნდა გაუადვილდეს საბიუჯეტო დეფიციტისა და კოლოსალური ვალის შემცირება. 2012 წლის ბოლოს დეფიციტი მშპ-ის 4,5%-ს, 2014 წელს კი 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. არადა, შარშან ამ მაჩვენებელმა 9,5% შეადგინა. საბერძნეთის სახელმწიფო დავალიანება, სხვადასხვა შეფასებით, დღეს მშპ-ის 150%-დან 170%-მდეა.

ათი წლის განმავლობაში მან 120- 117%-მდე უნდა დაიკლოს. Fitch-ის ანალიტიკოსებს ასეთი მიზნის მიღწევა შესაძლებლად მიაჩნიათ. ამასთან, ზოგიერთი ეკონომისტი ფიქრობს, რომ საბერძნეთის შედეგები არა მხოლოდ საკრედიტო ხაზების მიღება-მიუღებლობას განსაზღვრავს, არამედ თავად ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ევროზონაში.

მას შემდეგ, რაც ძველი სავალო ვალდებულებები ახალმა, შედარებით „რბილმა“ პირობებმა ჩაანაცვლა და ახალი საკრედიტო ხაზი დამტკიცდა, საბერძნეთის დეფოლტის მოლოდინი შესუსტდა, მაგრამ საფრთხე არ გამქრალა. ამას ისიც ადასტურებს, რომ რეიტინგის მომატებაზე ბაზრებს რეაგირება არსებითად არ მოუხდენიათ.

ამას შველა, იმას - პატიება

ბრიუსელში შეხვედრისას, საბერძნეთის დახმარების მეორე, 130 მილიარდი ევროს პროგრამა ევროზონის 17 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა დაამტკიცეს, თუმცა ტექნიკური დეტალების ნაწილი დასაზუსტებელი რჩება. პირველი "საკონტროლო თარიღი" 20 მარტია, როცა საბერძნეთმა 14 მილიარდი ევროს შიდა ვალდებულებები უნდა დაფაროს.

სანამ საბერძნეთს შველიან, ევროკავშირში ეკონომიკური პრობლემების ახალი წყაროები ჩნდება. მართალია, ესპანეთმა 25 ქვეყანასთან ერთად ხელი მოაწერა ახალ ევროპულ ფისკალურ პაქტს საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრების შესახებ, მაგრამ შეთანხმებას უკვე არღვევს. მარტის დასაწყისში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ევროპელ ლიდერებს მოულოდნელად აცნობა, რომ ადრე შეთანხმებული 4,4%-ის ნაცვლად, 2012 წლის ბიუჯეტით, ესპანეთის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 5,8% იქნება. ერთი მხრივ, ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნაა ევროკავშირში, მაგრამ ფისკალური პაქტის დარღვევა მტკივნეულ ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინებს. თუმცა ევროჯგუფმა მადრიდი დაინდო, არ დააჯარიმა და ხანგრძლივი მსჯელობების შემდეგ მხარეები გამონაკლისის სახით, მხოლოდ 2012 წლისთვის, ესპანეთისთვის სახელმწიფო ვალის 5,3%-იან მაჩვენებელზე შეთანხმდნენ.

დავით ნარმანია (კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი): "საბერძნეთის პრობლემა საბოლოოდ გადაჭრილი არ არის. ევროკავშირმა პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზიდან ერთ-ერთი აირჩია. რეიტინგის აწევის საფუძველი სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერაა. თან, რეიტინგების აწევა ქვეყნისთვის გაცემული ერთგვარი ავანსია ხოლმე. ახლა საბერძნეთის მთავრობაზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავს რეფორმებსა და „ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას.

ცხადია, საბერძნეთისთვის მორიგი დახმარების გაცემა ევროკავშირისთვის პოლიტიკური საკითხი იყო და არა ეკონომიკური, თორემ გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, დავუშვათ, საბერძნეთის გასვლა ევროზონიდან, ვიდრე ამხელა თანხის გაღება. თუმცა პრობლემის მოგვარებამდე ჯერ კიდევ შორია და ქვეყანას კიდევ დასჭირდება დახმარებები ევროკავშირისგან, რისთვისაც საფრანგეთისა და გერმანიის რესურსები კიდევ დაიხარჯება.

ბერძნული პრობლემის მოგვარება აგრეთვე დამოკიდებულია საბერძნეთის მოსახლეობაზე. ხალხი ხელისუფლების პოლიტიკის საწინააღმდეგო გამოსვლებს აწყობს, არ მოსწონს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და პენსია-ხელფასების დაკლება. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხარჯების შემცირებასა და საბერძნეთის ხელისუფლების პოლიტიკას საბერძნეთის საჯარო მოხელეებიც ეწინააღმდეგებოდნენ, რაც ალბათ უპრეცედენტო მოვლენაა.

ბოლო მდგომარეობით, საბერძნეთს დროებით ეშველა. იქნება თუ არა ეს საბოლოო გადარჩენის დასაწყისი, მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, საბერძნეთის მაგალითზე ესპანეთმა და იტალიამ ჭკუა ისწავლეს და ამ ქვეყნების მდგომარეობა, წესით, საბერძნეთის მსგავსად კატასტროფული არ უნდა გახდეს".