ეკონომიკური დისკომფორტით მეზობლებსაც ვასწრებთ - კვირის პალიტრა

ეკონომიკური დისკომფორტით მეზობლებსაც ვასწრებთ

ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის (ედი) მიხედვით, საქართველოში ვითარება 61%-ით უფრო არასახარბიელოა, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთთან შედარებით კი 31%-ით.ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი ინფლაციისა და უმუშევრობის დონეთა ჯამია და ახასიათებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, მის მდგრადობას. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია ქვეყანაში ედი, ეკონომიკური სტაბილურობა მით უფრო ნაკლებია.

ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის მიხედვით, საქართველოს შარშან აშშ-სთან შედარებით 2-ჯერ, ხოლო ევროგაერთიანებასთან 2,2-ჯერ უარესი მდგომარეობა ჰქონდა. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ წლეულს მარტში გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში ამ ინდექსის დიდი წილი - 2/3 უმუშევრობაზე მოდის და მასზე ინფლაციის გავლენა ნაკლებია, ვიდრე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ან აშშ-ში.

სოსო არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - ბოლო დროს ბევრი ინდიკატორისა და რეიტინგის მიხედვით ვაფასებთ ჩვენს ქვეყანას. არსებობს ინდიკატორი, რომელიც შედარებით ადვილად იანგარიშება და რეალურ სურათსაც იძლევა, თუმცა ჩვენი ეკონომისტები, ექსპერტები და მათზე დამოკიდებული პოლიტიკოსები მას სათანადო ყურადღებას არ უთმობენ და სულ ტყუილად. ასეთი ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი, უმუშევრობისა და ინფლაციის დონეთა ჯამია. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია ინდექსის მაჩვენებელი, მით მეტია ქვეყანაში უარყოფითი ტენდენციები. ამიტომ მისი შემცირება მხოლოდ მისასალმებელია. ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსის განსაზღვრა ცნობილი ეკონომისტის, ართურ ოუკენის, აშშ-ის პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის სახელს უკავშირდება.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვერც ერთი ქვეყანა, მით უფრო ისეთი ტიპის, როგორიც საქართველოა, ვერ ასცდება ინფლაციასა და უმუშევრობას, თუმცა გააჩნია მათ დონეს. სამწუხაროდ, 2003-2011 წლებში საქართველოს ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსი იზრდება, ამ თვალსაზრისით საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერია. ჩვენთან ეს ინდექსი მნიშვნელოვნად აღემატება აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს და რამდენჯერმე უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-სა თუ ევროკავშირში. სხვა ქვეყნებში ინდექსი მცირედით თითქმის სწორხაზოვნად იზრდება, ჩვენთან კი ამას ტალღისებური ხასიათი აქვს. ეს შედარებით დაბალ ეკონომიკურ მდგრადობაზე მეტყველებს.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რატომ ვედრებით აშშ-სა და ევროკავშირს. რა თქმა უნდა, იქ სხვა მასშტაბები და მოთხოვნებია. მაგალითად, როცა ინფლაციაზეა საუბარი, ჩვენთვის 6%-იანი ინფლაცია ერთგვარად საამაყოც კია და არცთუ უმიზეზოდ, ხოლო ამერიკისთვის ეს კატასტროფული მაჩვენებელი იქნებოდა. ყველაფერი შეფარდებითია და ამიტომ რაღაც ნორმატივი უნდა არსებობდეს. ეკონომისტები თანხმდებიან, რომ თუ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში უმუშევრობა 4%-ს არ აჭარბებს, ეს საფრთხეს არ შეიცავს, მეტიც, შესაძლოა სტიმულის მიმცემიც კი იყოს ეკონომიკის ზრდისთვის. მოკლედ, არსებობს ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც შესაძლოა მივუსადაგოთ სხვადასხვა ქვეყანას და ეს გამართლებულია ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსისთვისაც. საქართველოს შემთხვევაში საუკეთესო იქნებოდა, ეს ინდექსი წელიწადში 15%-იან ზღვარს რომ არ აჭარბებდეს - დაახლოებით 8%-იანი უმუშევრობისა და 7%-იანი ინფლაციის შეჯამებით. რამდენად ვაჭარბებთ ჩვენ ჩვენთვის ოპტიმალურად მიჩნეულ ნორმას, ხოლო ამერიკა - თავისას, დიაგრამაზე კარგად ჩანს. ფაქტია, რომ ლიმიტს მნიშვნელოვნად გავცდით.

ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსს გამოყენებითი ღირებულებაც აქვს, ის ასახავს სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციის დინამიკას. მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და დინამიზმის შეფასება შესაძლებელია სამი ძირითადი მაჩვენებლით: ეკონომიკის ზრდის, ინფლაციისა და უმუშევრობის. ამ სამი პარამეტრის გარშემო ტრიალებს საზოგადოებრივი აზრი, ეკონომიკური პოლიტიკა და მისი წარმატებულობა. თუ გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და მეორე მხრივ, ეკონომიკური დისკომფორტის ინდექსიც, შეგვიძლია რეალურად შევაფასოთ ქვეყნის განვითარების დონე და მისი ადგილი მსოფლიოში.