ელექტრონული ზედნადებები - ჩქარა?! - კვირის პალიტრა

ელექტრონული ზედნადებები - ჩქარა?!

რამდენიმე ნორმა ჩამოყალიბებული არ არის, დრო კი მხოლოდ 1-ელ აპრილამდეა

1-ელი აპრილიდან შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივა უნდა ამოქმედდეს. ვინც აქამდე მიწოდებულ პროდუქციას ქაღალდზე შევსებულ ზედნადებს ატანდა, კალმით აღარ ისარგებლებს. საჭირო ხდება ზედნადების ფორმის შევსება ინტერნეტით და შემოსავლების სამსახურისთვის მისი გაგზავნა. ახალი ინიციატივა ბევრ მეწარმეს აფრთხობს და ისინი სიტუაციის გაუარესებას ელიან. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები სიახლეს მხოლოდ მეწარმეებისთვის სასიკეთოდ ნაბიჯად აფასებენ. რამდენიმე ნორმა ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, 1-ელ აპრილამდე კი სულ რამდენიმე დღე რჩება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ზედნადების ახალი ფორმატით შევსების შესახებ და ამ ინიციატივაზე უამრავი ჭორ-მართალიც გავრცელდა, ოფიციალური პოზიცია გამოხატა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ. მისი განმარტებით, დღეს სავაჭრო ქსელში საქონლის დაახლოებით 25-30% საბუღალტრო დოკუმენტაციაში შემოსავლების სახით აღრიცხული არ არის. თანხა ბუღალტერიის გვერდის ავლით, პირდაპირ ჯიბეებში იოლად ხვდება - დისტრიბუტორს, რომელსაც საქონელი მიაქვს, ზედნადებები გამზადებული აქვს, მაგრამ საქონლის დაბინავების შემდეგ დისტრიბუტორიცა და საქონლის მიმღებიც ამ ზედნადებებს ხევენ, ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შემოღებით კი ეს გამოირიცხება.

გიორგი პერტაია (ბიზნესომბუდსმენი): "აქამდე ზედნადები საგადასახადოსთვის, ასე ვთქვათ, არ ჩანდა, ის ორი კერძო სუბიექტის შედგენილი დოკუმენტი იყო. ერთადერთი, თუ ჩაუსაფრდებოდნენ და გამოიჭერდნენ, გაჩერებულ მანქანას მიადგებოდნენ ან გადმოტვირთვისას შეამოწმებდნენ.

კონტროლი ძალიან ძნელი იყო. გადამზიდავს შეეძლო მაღაზიაში მიეტანა საქონელი, სადაც ზედნადები ჩვეულებრივად იქნებოდა გამოწერილი, ჩააბარებდა ტვირთს, მაგრამ როცა დარწმუნდებოდა, რომ საგადასახადო არ გამოჩენილა, დაურეკავდა მაღაზიის მეპატრონეს და ზედნადებებს ორივენი დახევდნენ. საგადასახადო ვერც ვერაფერს შეიტყობდა.

ჯერ ერთი, ასეთ მდგომარეობას არაკეთილსინდისიერი გადამხდელი ბოროტად იყენებდა, მეორეც, საგადასახადოს ჩასაფრებულის პოზიციიდან უწევდა გაკონტროლება. ახლა ის ჩასაფრებული აღარ იქნება, ყველაფერს საიტზე ნახავს. აღარც არაკეთილსინდისიერ გადამხდელს დარჩება საშუალება, ზედნადები დახიოს და ბრუნვა დამალოს“.

"ეს საგადასახადოს საქმე არ არის"

წინასწარი ვარაუდით, ვაჭრობის შემაფერხებელი რამდენიმე მიზეზი შეიქმნება. "მედიაპალიტრის“ ფინანსური მენეჯერი ნუგზარ ლეკიაშვილი ამბობს, რომ მაგალითად, რეგიონებში, სადაც პატარა მაღაზიების მეპატრონეები რომლებსაც ინტერნეტში შესვლის საშუალება არ აქვთ, ვერ შეძლებენ დისტრიბუტორის მიტანილი ზედნადების შემოწმებას. თუ დისტრიბუტორმა, ვთქვათ, მიიტანა ორი ბლოკი სიგარეტი და შემოსავლების სამსახურის საიტზე შეცდომით მიუთითა, თითქოს ათი ბლოკი მიიტანა, მაშინ ამ პატარა მაღაზიას შემოსავლების სამსახური უანგარიშებს, რომ ათი ბლოკი სიგარეტი გაყიდა. ეს რომ არ მოხდეს, მაღაზიამ უნდა შეძლოს ინტერნეტში გადამოწმება, ან ქაღალდზე ამობეჭდილი ზედნადებით დარწმუნება. ქაღალდზე ამობეჭდილი ზედნადებები კი, წინასწარი განცხადებებით, აღარ იარსებებს.

2010 წლიდან ჯერ საგადასახადო დეკლარაციები გადავიდა ელექტრონულ ფორმატში, შემდეგ კი ანგარიშფაქტურები. თავი იჩინა ტექნიკურმა პრობლემებმა, თუმცა ეს საკითხები მოგვარდა. მაგრამ ანგარიშფაქტურისგან განსხვავებით, ზედნადები გაცილებით მეტი იწერება, ვიდრე ანგარიშფაქტურა.

ნუგზარ ლეკიაშვილი: "ხუთი კოლოფი სიგარეტი რომ მიიღონ მაღაზიაში, ამისთვისაც უნდა შევიდნენ ინტერნეტში და გადაამოწმონ. მაგრამ თუ ქაღალდზე ამობეჭდილი ზედნადები ასევე იქნება პრაქტიკაში, მაშინ საქონლის მიმღები ნახავს და ინტერნეტში ძებნა აღარ მოუწევს. არის საშიშროება, ორგანიზაციას მიუტანონ საქონელი და მიმტანს ატვირთული არ ჰქონდეს, რათა მერე რეალიზაციაში არ აჩვენოს.

ზედნადებისგან განსხვავებით, ელექტრონული ანგარიშფაქტურა დადასტურებას საჭიროებს. ანუ ანგარიშფაქტურაში თუ არასწორი ინფორმაციაა და არ ვეთანხმები, არ დავადასტურებ და გამომგზავნიც შეცვლის. ანდა ანგარიშფაქტურას რომ ავტვირთავ და ორგანიზაციას გადავუგზავნი, ბუღალტერმა შეიძლება სამი დღის შემდეგ გახსნას და დაადასტუროს. ეს პრობლემა არ არის. მაგრამ ზედნადებისთვის მსგავსი სიტუაცია გამორიცხულია. ამასთან ანგარიშფაქტურა გაცილებით ნაკლები იწერება ზედნადებთან შედარებით“.

შემოსავლების სამსახური კი ზედნადების ამობეჭდვას არავის ავალდებულებს. თუ პროდუქციის მყიდველი არ ენდობა გამყიდველს, კონტროლის მიზნით შეუძლიათ ტექსტი დაწერონ და ხელი მოაწერონ. თუმცა თუ დავა წარმოიშვება, ეს საგადასახადოს საქმე აღარ იქნება.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ იქნება საიტზე ატვირთული ზედნადებების გაუქმებისა და თავიდან გამოწერის საშუალება: "სასურველია კორექტირების შეტანა 48 საათის განმავლობაში, მაგრამ, ერთი თვეც რომ გაგრძელდეს, პრობლემას არ შევუქმნითო", - ასე ამბობენ შემოსავლების სამსახურში".

ერთ-ერთმა ფინანსისტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვითხრა: "მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საგადასახადო სამსახური ძალიან ჩქარობს. ჩემი აზრით, ელექტრონულ ზედნადებებზე გადასვლა უნდა მომხდარიყო თანდათანობით, ვთქვათ, ჯერ დიდ ქალაქებში და მსხვილი კომპანიებისათვის, შემდეგ კი პატარა ქალაქებისა და საშუალო კომპანიებისთვის, სოფლებში და წვრილ მეწარმეთათვის კი ნაბეჭდი სასაქონლო ზედნადებები 1-2 წელი მაინც უნდა შენარჩუნებულიყო...“

სულ ცოტა, მობილური...

მაღაზიებს, დისტრიბუტორებს თუ საცალო მოვაჭრეებს, ვინც ზედნადებები უნდა გამოწეროს და ელექტრონულად ამის გაკეთების საშუალება არ აქვთ, ვაჭრობის გაჩერება მოუწევთ. მოვაჭრეს ან ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი უნდა ჰქონდე, ან რამე მოწყობილობა, რომლითაც ინტერნეტში შესვლა და შემოსავლების სამსახურის საიტზე ინფორმაციის ატვირთვაა შესაძლებელი. ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ ვისაც კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვს, იძულებული იქნებოდა ხელის კომპიუტერი, ე.წ. პოკეტი შეეძინა, რომელიც ინტერნეტთან მობილური ტელეფონის მსგავსად არის დაკავშირებული. თუმცა ბიზნესომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ ეს სავალდებულო არ იქნება და იკმარებს ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონი.

ინტერნეტის გათიშვისას, წინასწარი ინფორმაციით, მოვაჭრე შემოსავლების სამსახურს უნდა დაუკავშირდეს და პრობლემის შესახებ აცნობოს. სავარაუდოდ, ამის შემდეგ უინტერნეტოდაც უნდა შეეძლოს ვაჭრობის გაგრძელება.

რა ელის მედიას

მედიაპროდუქცია სპეციფიკურია და ეს ელექტრონული ზედნადებების შემთხვევაშიც გამოიკვეთა. ბეჭდვითი მედია ღამით ისტამბება, პროდუქცია ქსელში უთენია გადის. დარგის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ელექტრონული ზედნადებების გამოწერის დავალდებულება მედიაორგანიზაციებს დროის პრობლემას შეუქმნის.

მაგალითად, სტამბა ბეჭდავს ათ სხვადასხვა ჟურნალს და წინასწარ აქვს შეკვეთა მიღებული, მაგრამ შესაძლოა რამე მიზეზით განსაზღვრული რაოდენობა ვერ დაიბეჭდოს. ეს ზედნადებები შუაღამისას უნდა შეიცვალოს ელექტრონულად. შეიძლება წინა დღით გამზადებაც, მაგრამ საბოლოო სახე ღამით ვინმემ უნდა მისცეს, ანუ უნდა იჯდეს და ინტერნეტთან იმუშაოს, ცვლილებები შეიტანოს. ეს კი, გაზეთის ქსელში გატანის ოპერატიულობაზე იმოქმედებს, რაც დაგვიანებასთანაც არის დაკავშირებული და ხარჯებთანაც.

შიდა გადაზიდვის დროს, დისტრიბუტორმა შეიძლება ავტობუსს გაატანოს ტვირთი და ზედნადები, ადრე ავტობუსისა და მძღოლის პირადობის მოწმობის ნომერს მიუთითებდა - ხელით ჩაწერდა. ახლა კი ყველა დისტრიბუტორი იძულებული იქნება, პოკეტი ან კავშირის რამე სხვა საშუალება თან ატაროს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ მედიასთან დაკავშირებით, პრობლემები მოგვარდება. "პრესის ასოციაციის წარმომადგენლები ჩვენთან საუბრის შემდეგ შემოსავლების სამსახურში შევახვედრეთ. შეთანხმდნენ პირობებზე, რომლებიც მალე გახდება ცნობილი. თუ ეს ზეპირი შეთანხმება დოკუმენტურად გაფორმდა, მგონია, რომ მედია კარგ ვარიანტს მიიღებს", - იმედოვნებს გიორგი პერტაია.