რა აძვირებს სურსათს დღგ-ზე მეტად - კვირის პალიტრა

რა აძვირებს სურსათს დღგ-ზე მეტად

გადასახადისგან გათავისუფლებით დიდი სუპერმარკეტები და მაღაზიები უფრო იხეირებენ

საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის ძალითაც საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (ანუ სასაქონლო კოდის შეცვლამდე) დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა. ცვლილება წლეულს 16 მარტს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია. ახალი ინიციატივის მომხრეთა მტკიცებით, მისი ამოქმედება სურსათზე ფასებს შეამცირებს, აგრეთვე ფერმერებსა და ბიზნესმენებს დაეხმარება წარმოების გაფართოებაში, რადგან დაბეგვრის მსგავსი რეჟიმი რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს და იქ, სადაც ეროვნული წარმოება დღგ-ისგან თავისუფალია, ფერმერებს საქმიანობა უადვილდებათ. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა ინიციატივის წარდგენისას თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სურსათზე საკმაოდ მაღალი ფასებია და მათი ზრდის შესაჩერებელი ერთ-ერთი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების პროდუქტის დღგ-ისგან გათავისუფლებაა.

ცვლილება არ შეეხება 100 ათასი ლარის და ნაკლები ბრუნვის მქონე საწარმოებსა თუ მეურნეობებს, რომლებიც დღგ-ის გადასახადისგან ისედაც თავისუფალი არიან. სასოფლო-სამეურნეო წარმოებების საკმაოდ დიდი ნაწილი კი სწორედ ამ სეგმენტში ხვდება. ძალიან ცოტაა ისეთი მსხვილი ფერმერული მეურნეობებიც, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას გადამუშავების (სასაქონლო კოდის შეცვლის) გარეშე ჰყიდიან. ცვლილებისგან არსებით შედეგს არ მოელიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის მხოლოდ დიდ სუპერმარკეტებსა და კომპანიებს მოუტანს საგრძნობ შეღავათს, რადგან მათი ბრუნვა დიდია, ისინი ბევრ პროდუქციას იძენენ და ყიდიან. ერთ-ერთმა მათგანმა, ელზა ნ.-მ, რომელსაც პატარა მაღაზია აქვს დედაქალაქის ცენტრში, გვითხრა: "სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-ისგან გათავისუფლება ასეთ შედეგს მოიტანს: გლეხი ისედაც არ იხდიდა დღგ-ს და მისთვის არაფერი შეიცვლება. სამაგიეროდ შეიცვლება დიდი სუპერმარკეტებისა და მაღაზიებისთვის, ისინი ამ პროდუქციაზე ფასს დააგდებენ, ჩვენ კი უფრო მეტად გაგვიჭირდება მათთვის კონკურენციის გაწევა".

თემურ წურწუმია (პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე): "დღგ-ისგან უნდა გათავისუფლდეს ხილის, ბოსტნეულის, ქვეყანაში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ხორცის მიწოდება. თავისუფლდება არა მხოლოდ პირველადი, არამედ შემდგომი მიწოდებაც, საწარმოო გადამუშავებამდე. ვფიქრობთ, შეღავათი მიეცემა როგორც მოსახლეობას, ასევე ამ პროდუქციით მოვაჭრეებს, კომპანიებს, რომლებიც იხდიდნენ დღგ-ს და მთელი 18%-ით თავისუფლდებიან. მართალია, სახელმწიფო არ ერევა ფასების რეგულირებაში, მაგრამ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც პროდუქციის გაიაფებას შეუწყობს ხელს. დღგ-ისგან გათავისუფლდება კომპანიებსა და გლეხებს შორის არსებული შუალედური რგოლიც და საცალო ქსელიც, სადაც ეს პროდუქცია იყიდება".

სპეციალისტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-ისგან გათავისუფლებას მიესალმებიან, მაგრამ პროდუქციის მნიშვნელოვან გაიაფებას არ ვარაუდობენ.

თამაზ კუნჭულია (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "ამ ცვლილების ამოქმედება მეწარმეების ნაწილს მაინც მისცემს შეღავათს, რადგან დღეს მეწარმე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასში დღგ-ის გადასახდელად 18%-ს დებს. თუ მას შეუძლია პროდუქცია გაყიდოს, დავუშვათ, 82 თეთრად, 18 თეთრს აუცილებლად ამატებს და 1 ლარად ყიდის. ახლა საცალო ქსელი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობს, დღგ-ისგან თავისუფლდება, ამიტომ ერთი შეხედვით, საცალო ქსელში სურსათი უნდა გაიაფდეს, ვარაუდობენ, რომ ხორცი დაახლოებით 3-3,5 ლარით გაიაფდება. მაგრამ არ მგონია, ამ ცვლილებით ფასები შესამჩნევად შეიცვალოს. ავიღოთ იმავე ხორცის ფასი - ეს პროდუქტი გააძვირა არა დღგ-ის არსებობა-არარსებობამ, არამედ იმან, რომ გლეხი იძულებულია, პირუტყვი დასვას მანქანაზე, ჩამოიყვანოს მცხეთის რაიონში არსებულ სასაკლაოზე, ფული გადაიხადოს მის დაკვლაში, სასაკლაოს მომსახურებაში, ტრანსპორტსა და სხვ. მართალია, ფასები შეიძლება ოდნავ შემცირდეს, მაგრამ ფასის მატება ან კლება ხომ ძირითადად მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული? - თუ მიწოდება მოთხოვნაზე ნაკლებია, ფასი მაინც აიწევს. ასე რომ, დღგ-ის გადასახადი ამ საკითხში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს. ახალი ინიციატივის მიხედვით, ხილიც უნდა გაიაფდეს, მაგრამ ესეც საეჭვოა, თუნდაც იმიტომ, რომ აზოტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ 7 თუ 8 ლარი ღირდა, ახლა 42 ლარი და მეტი ღირს, ხილს კი შეწამვლა და მოვლა სჭირდება. კარგია, რომ ხელისუფლება ცდილობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაიაფებას, თუმცა საწყენია, რომ

ზემოქმედებას ვერ ახდენს იმ ძირითად კომპონენტებზე, რომლებიც ფასების ზრდას იწვევს".

ხათუნა ჩიგოგიძე