ინტელ(ექტ)ის საქმე - კვირის პალიტრა

ინტელ(ექტ)ის საქმე

კომპანია Intel-ი ნახევარგამტარების წარმოების მხრივ ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. მან ჩვენი სამყარო არანაკლებ შეცვალა, ვიდრე თავის დროზე "ეპლმა" და "მაიკროსოფტმა".უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ "ინტელის" გარეშე - მან ხომ მიკროპროცესორი - თანამედროვე კომპიუტერის გული შექმნა. XXI საუკუნის დასაწყისში "ინტელის" მიკროპროცესორით მუშაობდა კომპიუტერთა 80% მსოფლიოში. დღესდღეობით, კომპანია მხოლოდ პროცესორებით არ შემოიფარგლება და მრავალგვარ პროდუქციას უშვებს: დედაპლატებს, ფლეშმეხსიერებას, ე.წ. კონცენტრატორებსა და მარშრუტიზატორებს, კონცეპტუალურ ნოუტბუკებსა და მრავალ სხვა რამეს.

კომპანია, პრაქტიკულად, შექმნისთანავე იქცა ბაზრის ლიდერად. ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ერთმანეთს შეერწყა გონივრული მარკეტინგი და კაშკაშა ინოვაციების ნაკადი გამომთვლელი ტექნიკის სფეროში.

სიახლეთა ბიზნესი

"ინტელის" შემქმნელები, აიოველი რობერტ ნოისი და სან-ფრანცისკოელი გორდონ მური და 1957 წელს დაარსებული "ფაიერჩაილდ სემიკონდაქტორის" რვა დამფუძნებელს შორის იყვნენ. ამ ამერიკულმა კომპანიამ 1959 წელს მასობრივი წარმოებისთვის პირველად შექმნა ინტეგრალური სქემა. ეს იყო ელექტრონული სქემა - კრისტალი ნახევარგამტარულ საფუძველზე. თუმცა სქემის შემქმნელმა ნოისმა და მურმა დამოუკიდებელი კომპანიის დაარსება გადაწყვიტეს და 1968 წელს სამყაროს "ინტელი" მოევლინა.

ერთი წლის შემდეგ მათ უნგრელი ლტოლვილი ენდი გროუვი შეუერთდა, რომელიც 1956 წლის უნგრეთის მღელვარე ამბებს გამოერიდა. იგი 1979 წელს სათავეში ჩაუდგა კომპანიას და სწორედ იმ დღიდან დაიწყო "ინტელის" წარმატება, რაც ახლაც გრძელდება. გროუვი 90-იან წლებში გადადგა, თუმცა დღემდე მიიჩნევა კომპანიის ყველაზე გავლენიან ფიგურად, რომელსაც მისი ყველა წარმატება უკავშირდება.

ფირმის პირველი ინვესტორი გახლდათ კრემნიუმის ველზე (რომელსაც ჩვენთან უფრო სილიკონის ველს უწოდებენ) კარგად ცნობილი ვენჩურული ინვესტორი არტურ კროკი. ვენჩურულს ისეთ კაპიტალს უწოდებენ, რომელსაც მიმართავენ ახალი, მზარდი ან ბაზარზე ადგილისთვის მებრძოლი წამოწყებების (ე.წ. სტარტაპების) დასაფინანსებლად. ამიტომ მათი საქმიანობა სხვა ინვესტორებთან შედარებით უფრო რისკიანია. ვენჩურული კაპიტალი, როგორც წესი, ინოვაციურ კომპანიებს უკავშირდება. კროკმა მურისა და ნოისის საქმეში მაშინვე ჩადო $3 მილიონი, როგორც კი მხოლოდ ერთ გვერდზე ჩამოყალიბებულ ბიზნესგეგმას გაეცნო. რისკიანმა ინვესტორმა დაუჯერა ახალგაზრდა ინჟინრებს, რომლებსაც ჯერ კიდევ "ფაიერჩაილდ სემიკონდაქტორიდან" იცნობდა. ასე შეიქმნა 1968 წლის 18 ივლისს Intel-ი, სიტყვებისგან integrated electronics(ინტეგრირებული ელექტრონიკა). სამი წლის შემდეგ კომპანია ფართო საზოგადოების წინაშე წარდგა. ამ დროში ნოისმა და მურმა კიდევ $2 მილიონის მოზიდვა შეძლეს.

"ინტელის" ხელმძღვანელობამ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც კომპანიის მომავალი განსაზღვრა - მათ კომპიუტერებისთვის ოპერატიული მეხსიერების გამოშვება დაიწყეს (აგრეთვე, მეხსიერების სხვა ელექტრონული სქემების). მაშინ ამ საქონელზე ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო და ფირმამ დიდი მოგებაც მიიღო. თუმცა კომპანიას მხოლოდ ტექნიკის მოყვარულთა ვიწრო წრეში იცნობდნენ. მსოფლიო დიდებამდე ჯერ კიდევ შორი გზა იყო გასავლელი.

1971 წელს გამოვიდა პირველი საფირმო მიკროპროცესორი, რომელიც სამყაროს 4004-ის სახელით წარუდგინეს. ეს იყო სრულყოფილი ოთხბიტიანი მიკროპროცესორი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, რაც აუცილებელი იყო (რეგისტრები, ბულის ლოგიკა და სხვ.) ის ერთ-ერთი იაპონური კომპანიის შეკვეთით დამზადდა, საგანგებოდ მათი კალკულატორებისთვის. კონტრაქტის თანახმად, პროცესორების წარმოების უფლება იაპონელებს უნდა გადასცემოდათ. ამ დროს "ინტელში" მიხვდნენ, რა მომავალი იშლებოდა მიკროპროცესორების წინაშე. გორდონ მურსა და რობერტ ნოისს უბრალოდ გაუმართლდათ, რომ იაპონურ კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ახალ კონტრაქტს დათანხმდა: ამერიკელები ვალდებული იყვნენ, იაპონური მხარისთვის მიკროპროცესორები თავდაპირველად შეთანხმებულზე ორჯერ იაფად მიეწოდებინათ, სამაგიეროდ, მათი შემუშავება-წარმოების უფლებები შეინარჩუნეს.

მალე გამომთვლელები "ინტელის" პროცესორებით ძალიან პოპულარული გახდა. კომპანიაში ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ მომავალი არა მეხსიერების, არამედ პროცესორების წარმოებისთვის უნდა დაეკავშირებინათ.

პირველები იწყებენ და იგებენ

კალკულატორებისა თუ შუქნიშნების შემდეგ, მიკროპროცესორები პირველ პერსონალურ კომპიუტერებში გამოჩნდა. ამან განაპირობა პროცესორ 8080-ის შექმნა, რომელიც დარგობრივ სტანდარტად იქცა. მას იყენებდნენ იმ დროისთვის ისეთ პოპულარულ კომპიუტერში, როგორიც იყო "ალტაირ 8800". ჯერ მხოლოდ 1975 წელი იდგა. სამი წლის შემდეგ კომპანიამ პირველი 16-ბიტიანი პროცესორი 8086 წარმოადგინა. ბაზარზე უკვე კონკურენცია ისახებოდა. "ინტელის" შევიწროება კომპანია "მოტოროლამ" დაიწყო, გამოჩნდა ახალი კომპანიები - AMD-ი, SUN-ი, DEC-ი და HP-ი. მათ შორის AMD-ი დღემდე ჭიდილშია "ინტელთან", თუმცა თავდაპირველად ეს ფირმა ბაზრის ლიდერის პროდუქციის ბანალურ კლონირებას მიმართავდა და საკუთარი მიკროპროცესორების წარმოებას მხოლოდ 90-იან წლებში შეუდგა.

70-იანი წლების ბოლოს "ინტელმა" მორიგი სიახლე წარმოადგინა - მუდმივი მეხსიერების მოწყობილობა, რომელშიც ინფორმაცია ელექტროკვების გამორთვით არ იშლება. დღეისთვის ეს უაღრესად გავრცელებული რამ მაშინ რევოლუციის ტოლფასი სიახლე იყო. უნდა აღინიშნოს, რომ თუ არა მიკროპროცესორები, მოთხოვნილება არც მუდმივი მეხსიერების მოწყობილობაზე გაჩნდებოდა. "ინტელის" ქმნილებები ერთმანეთს ლოგიკურად განაპირობებდნენ.

ფირმა სწრაფად იზრდებოდა. 1968 წელს კომპანიას მხოლოდ 12 თანამშრომელი ჰყავდა, 1980 წლისთვის კი მათი რიცხვი 15 ათასს აღწევდა. ამგვარი ზრდა, ცხადია, მოქნილ მენეჯმენტს ითხოვდა. მურსა და ნოისს ეს შესანიშნავად ესმოდათ. ისინი ვერ იტანდნენ ბიუროკრატიზმს, რომელიც თავის დროზე საკმარისად "იგემეს" "ფაიერჩაილდ სემიკონდაქტორში". თავდაპირველად დამფუძნებლები თანამშრომლებთან ყოველკვირეულად ვახშამს აწყობდნენ. ზრდის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლების მიმართ ბოლომდე ღია და გახსნილი დარჩა. ყოველი თანამშრომელი მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში. აღსანიშნავია, რომ ამით "ინტელი" სილიკონის ველის სხვა გიგანტებს ჰგავს, მაგალითად "ჰიულეტ-პაკარდს" ან "გუგლს". 1983 წელს "ინტელის" შემოსავალმა $1 მილიარდი შეადგინა, რაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. ერთი წლით ადრე კომპანია IBM-მა "ინტელის" 12%-იანი წილი $150 მილიონად გამოისყიდა. ეს მნიშვნელოვანი დაბანდება ჭეშმარიტად დიდი წარმატება იყო - "ინტელი" იმ დროისთვის უმსხვილეს კომპიუტერულ ფირმას დაუკავშირდა. მოგვიანებით IBM-მა თავისი წილი 20%-მდე გაზარდა, 1987 წელს კი აქციები გაყიდა.

როცა 80-იანი წლებიდან "ინტელმა" ნაკლებმნიშვნელოვანი პროდუქციის წარმოებები შეწყვიტა და მთლიანად მიკროპროცესორებზე გადაერთო, ამას მოჰყვა მისი პროცესორებით (ე.წ. 286, 386, 486) აღჭურვილი კომპიუტერების ოქროს ხანა. თუმცა ასეთი წარმატებების შემდეგაც "ინტელი" რჩებოდა იმ კომპანიად, რომელსაც ფართო წრეებში არ იცნობდნენ. ეს ბუნებრივიცაა - ვის აინტერესებდა, რა პროცესორი იდგა მის კომპიუტერში?

ბრენდის მარადიული მშენებლობა

როგორ მოხდა, რომ კომპანია, რომლის შესახებაც 90-იანი წლების დასაწყისში თითქმის არავინ არაფერი იცოდა, XXI ს-ის დასაწყისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად იქცა? ზოგიერთი რეიტინგის მიხედვით, "ინტელი" ცნობილი ბრენდების პირველ ათეულში შედის. საქმე ის არის, რომ 90-იანი წლებიდან ფირმამ ინბრენდინგის კომპანია წამოიწყო, და როგორც აღმოჩნდა, ყველაზე წარმატებულიც მსოფლიოში. ამისთვის ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, შესაძლოა უკვე მილიარდებიც. ინბრენდინგით ამკვიდრებდნენ კონკრეტულ პროდუქტს, როგორც მზა გადაწყვეტილების ნაწილს. პერსონალური კომპიუტერების რეკლამირებისას გამუდმებით ახსენებდნენ, რომ ისინი "ინტელის" პროცესორებით მუშაობდნენ და რასაკვირველია, ფირმას იმ კომპიუტერების რეკლამირების ხარჯშიც ედო წილი.

ის ძალიან აქტიურად მიმართავდა სატელევიზიო რეკლამასაც. მასებს თავში უბეჭდავდნენ აზრს, აუცილებლად დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი კომპიუტერი ნამდვილად "ინტელის" პროცესორით მუშაობდა. რეკლამის ნაკადი არ შეწყვეტილა. დღესაც ნებისმიერ კომპიუტერულ გამოცემაში, ნოუტბუკებისა და სამაგიდო კომპიუტერების ურიცხვ რეკლამაში აუცილებლად წააწყდებით ინფორმაციას "ინტელის" შესახებ.

არცთუ სახუმარო კონკურენციას "ინტელი" პირველად 1990-იანი წლების ბოლოს შეეჯახა. კომპანია AMD-მ შესანიშნავი პროცესორები გამოუშვა, ამასთან, კონკურენტზე გაცილებით იაფიც! თუმცა სამწუხაროდ, AMD-მა დიდხანს ვერ შეძლო მოწინავე პოზიციაზე დგომა და დღესდღეობით ის უკვე მეტოქეობას ვეღარ სწევს, მით უმეტეს, რომ "ინტელმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთ ფრონტზე. "მაკინტოშის" კომპიუტერებში დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ "მოტოროლას", შემდგომ კი IBM-ის პროცესორებს, მაგრამ 2006 წლიდან "მაკინტოში" მხოლოდ "ინტელის" პროცესორებით მუშაობს. ეს კი დიდი ბაზარია. თუმცა "ინტელი" მხოლოდ კომპიუტერებით აღარ იფარგლება, მის პროცესორებს დგამენ მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებში.

ის არა მარტო უმსხვილესი მომმარაგებელია ბაზარზე, არამედ ამ სფეროში სიახლეები სწორედ ამ კომპანიიდან ინერგება. "ეპლის" პოპულარული "მაკბუკ ეარი" მხოლოდ იმის წყალობით შეიქმნა, რომ "ინტელმა" მისი მინიატურული ფორმატის შესაბამისი პროცესორის დამზადება შეძლო.

ფირმის ხელმძღვანელმა ენდი გროუვმა სათქმელი მოკლედ გამოხატა: "მე განვასახიერებ "ინტელის" უნარს, მშვიდად შეხვდეს წარმატებას და მუდამ მზად იყოს საშიშროებისთვის". 1997 წელს ჟურნალმა "ტაიმმა" ენდი გროუვი წლის ადამიანად გამოაცხადა.

უმსხვილესი საჯარო კომპანიების (რომელთა აქციები საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა) ჯერჯერობით ბოლო, 2011 წლის მარტის მსოფლიო რეიტინგში "ინტელის" საბაზრო კაპიტალიზაცია "ფორბსმა" $114,54 მილიარდად შეაფასა და 93-ე ადგილი მიაკუთვნა. გაყიდვამ $43,6 მილიარდს მიაღწია. კომპანიაში 82,5 ათასი ადამიანი მუშაობს. ნახევარგამტარების ბიზნესსეგმენტში კი, "სამსუნგის" შემდეგ, "ინტელი" მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მოამზადა ნატა ენუქიძემ