სიმინდის ექსპორტი... შემცირდა - კვირის პალიტრა

სიმინდის ექსპორტი... შემცირდა

ახალი სიმინდი საქართველოს მიწაზე 30 ათასმა "ცდისპირმა" ექსპერიმენტულად შეამოწმა

2011 წლის ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაზე საქართველოში მთავრობა დიდ იმედს ამყარებდა, თუმცა ის სანახევროდაც ვერ გამართლდა. პროგრამაში 30 ათასი ფერმერი იყო ჩართული და მათ შორის, სხვადასხვა მონაცემით, 20 ათასი დაზარალდა. თუმცა, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლამის საპირისპირო ციფრებს ასახელებენ და მოუსავლიანობასაც ფერმერებს აბრალებენ - აგროვადები არ დაიცვესო. ნიშანდობლივია, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ერთი-ერთი მიზანი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდაც იყო. "საქსტატის" ცნობით კი შარშან სიმინდის ექსპორტმა საქართველოდან, არაერთი დაპირების მიუხედავად, არათუ რეკორდები მოხსნა, არამედ 2010 წელთან შედარებით დაიკლო კიდეც, თანაც საგრძნობლად...

სიმინდის პროგრამა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც აღიარა წარუმატებლად და 2011 წლის სხვა წარუმატებელ პროგრამებს შორის დაასახელა. ყველაფრის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში იხტიბარს არ იტეხენ და პროგრამის გაგრძელებაზე საუბრობენ. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე კონსტანტინე კობახიძე ამბობს, უწყებას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გეგმა აქვს შემუშავებული, ხოლო ის ფერმერები, რომლებმაც 2011 წელს ჰიბრიდული სიმინდის კარგი მოსავალი ვერ მიიღეს, თესლის საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან. მართალია, მრავალთვიანი გაძალიანების შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა, ფერმერებს სათესლე მასალის დავალიანება ჩამოაწეროს, თუმცა ეს საგრძნობლად ვერ ამსუბუქებს იმ ხალხის მდგომარეობას, ვინც ამაოდ იშრომა და მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. განსაკუთრებით იმათი საქმე იქნება ცუდად, ვინც პროგრამაში მონაწილეობისთვის კრედიტი აიღო და ბანკში საცხოვრებელი სახლი ჩადო, ხოლო მოსავალმა არ გაუმართლა.

ფერმერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ზოგ შემთხვევაში სადავო გახდება "კარგი მოსავლის" განმარტებაც. სადაც სიმინდმა უბრალოდ ვერ გაიხარა, იქ საკამათო არაფერი იქნება, მაგრამ თუ ფერმერმა მცირე, მაგრამ მაინც რაღაც მოცულობის მოსავალი მიიღო, გასარკვევი შეიქნება, არის თუ არა ეს მოსავალი "კარგი" და თუ არ არის, მაშინ ვინ არის დამნაშავე...

მალხაზ კუპრაძე (ხარაგაულის რაიონის მკვიდრი): "ამერიკული სიმინდი ჯერ კიდევ 1996 წელს დავთესე - ჰუმანიტარული დახმარება შემოვიდა რაიონში და გადავწყვიტე ბედი მეცადა. ისეთი სიმინდი მოვიდა, რომელიც ადამიანის საკვებად არ გამოდგებოდა, უფრო მეცხოველეობისთვის იყო განკუთვნილი. ამიტომაც ამ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი ვთქვი. ჰიბრიდული სიმინდი ბევრმა ჩემმა ნაცნობმა შეიძინა, ისეთ ადგილებში დათესეს, სადაც ჩვენი, ტრადიციული სიმინდი კარგად ხარობს, მაგრამ ჰიბრიდულმა სიმინდმა საერთოდ ვერ იხარა. თითქმის ყველა ოჯახი დაზარალდა, ვინც ეს სიმინდი დათესა. მართალია, ხალხს თესლის ფულს არ სთხოვენ, მაგრამ წარმოიდგინეთ მდგომარეობა გლეხისა, რომელმაც ვალი აიღო, ნაკვეთის დამუშავებაში ფული გადაიხადა, სასუქი შეიტანა, ბოლოს კი შრომა წყალში ჩაეყარა".

როგორც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, ის პირადად იცნობს დაზარალებულ გლეხებსა და ფერმერებს, კარგად იცის მათი პრობლემებიც და ისიც, თუ რამ განაპირობა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის მარცხი:

- პროგრამის ჩავარდნის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში, ფერმერებს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა ტექნოლოგიით უნდა მოეყვანათ ჰიბრიდული სიმინდი. სასაცილო და არასერიოზული იყო სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრ ბაკურ კვეზერელის განცხადება, რომ გლეხებს ინტერნეტში უნდა მოეძებნათ შესაბამისი ინფორმაცია. მთავრობამ საჭიროდ არ მიიჩნია, დარგის სპეციალისტებს ექსპერიმენტი მოეწყო და დაედგინათ, თუ გაიხარებდა ჰიბრიდული სიმინდი ჩვენს პირობებში, როგორი ნიადაგია საჭირო მის მოსაყვანად ან როგორ უნდა მოუაროს გლეხმა ამგვარ სიმინდს.

სამწუხაროდ, ექსპერიმენტის ობიექტი 30 ათასი კაცი აღმოჩნდა, რომლებიც დაარწმუნეს, ჰიბრიდული სიმინდი ლამის ქვაზეც იხარებსო. საკმაოდ გვიან გაირკვა, რომ ჰიბრიდული სიმინდის მოურწყველობა არ შეიძლებოდა, დასავლეთ საქართველოში კი სიმინდს არ რწყავენ, ამიტომ, ბუნებრივია, იქ ეს სიმინდი 20 და 30 სანტიმეტრს ვერ ასცილდა. სამაგიეროდ, ეს პროგრამა შედარებით წარმატებული აღმოჩნდა ლაგოდეხსა და მარნეულში, სადაც მიწა ირწყვება და ჰიბრიდული სიმინდის მოსაყვანად უკეთესი პირობებია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სიმინდის სათესლე მასალის ღირებულება ერთ ჰექტარზე დაახლოებით 350 ლარია, ეს კი საკმაო თანხაა ჩვენი გლეხისთვის. თანაც ყოველ წელიწადს უნდა შეიძინო, იმიტომ რომ ჰიბრიდული სიმინდი სათესლე მასალას არ ტოვებს, განსხვავებით ჩვენი, ტრადიციული ჯიშებისგან, რომლებიც ასევე ჰიბრიდულია, მაგრამ უკვე მორგებულია ჩვენს ნიადაგსა და კლიმატს.

უამრავი კომპონენტი იყო გასათვალისწინებელი, თუნდაც ის, რომ ჰიბრიდული სიმინდის დათესვა და მოსავლის აღება მექანიზაციის გარეშე არ ხდება. ეს გლეხებს არავინ უთხრა და რომც ეთქვათ, მათ საამისო რესურსი მაინც არ ჰქონდათ. ამიტომ, ჰიბრიდულ სიმინდსაც ისევე უვლიდნენ, როგორც ტრადიციულ ჯიშებს. მხოლოდ იმ ფერმერებმა ნახეს მოგება, რომლებმაც ძალიან დიდი თანხა დახარჯეს, მაგრამ ისინიც ამბობენ, ამდენი ფული ტრადიციული ჯიშების მოსაყვანად რომ დაგვეხარჯა, ჰექტარზე 7-8 ტონის სანაცვლოდ 10-12 ტონა მოსავალს მივიღებდითო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრმა ფერმერმა, რომელიც სკრუპულოზურად ასრულებდა ყველა სამუშაოს, მოსავალი მაინც ვერ მოიყვანა, ამიტომაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ მათ უვარგისი სათესლე მასალა მიჰყიდეს. მე ძალიან მინდოდა, სათესლე მასალის ხარისხი გადამემოწმებინა, მაგრამ ყველა ლაბორატორიამ, რომელსაც მივმართე, კვლევის მოწყობაზე მტკიცე უარი მითხრა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ლაბორატორიები საგანგებოდ გააფრთხილეს, მსგავს კვლევაზე უარი ეთქვათ.

- ლაპარაკი იყო დაზარალებული ფერმერებისთვის თანხის ჩამოწერაზე ან ერთწლიან განვადებაზე, საბოლოოდ რა გადაწყდა?

- გადაწყდა, რომ ვისაც თანხას ჩამოაწერენ, მომავალში ვერც ერთ სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ხოლო ვისაც სურვილი აქვს, მსგავს პროგრამებში ჩაერთოს, თანხის გადახდას კიდევ ერთი წლით გადაუვადებენ. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გლეხები ისე დაშინდნენ, არანაირი სამთავრობო პროგრამისაკენ გახედვაც არ უნდათ. ყოველ შემთხვევაში, მე არავის ვიცნობ, ვისაც დავალიანების გადავადება სურს. თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ ასეთებიც არსებობენ.

ციფრების ენით

- 2011 წელს ექსპორტზე, „საქსტატის" ცნობით, $994 ათასის ღირებულების 2076 ტონა სიმინდი გავიდა, 2010 წელს კი გაცილებით მეტი, $2,65 მილიონის ღირებულების 9692 ტონა.

- ერთი ტონა ექსპორტირებული სიმინდის საშუალო ფასმა 2011 წელს $478,8 შეადგინა, ხოლო 2010 წელს - $273,4.

- შარშან საქართველოდან სიმინდი სამ ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში გაიტანეს. სომხეთზე მოდის ექსპორტის ღირებულების 70%-ზე მეტი, ხოლო მოცულობის 90%-ზე მეტი.

- იმპორტით საქართველოში 2011 წელს სიმინდი ცამეტი ქვეყნიდან შემოვიდა - $11,733 მილიონის ღირებულების 25355 ტონა, რაც ამავე წლის სიმინდის ექსპორტის მოცულობას 12,2-ჯერ აღემატება

ხათუნა ჩიგოგიძე