სარისკო "წყალობა" მეწარმეებისთვის - კვირის პალიტრა

სარისკო "წყალობა" მეწარმეებისთვის

45-დან 60 წლამდე ასაკის ახლად დასაქმებულებს ოთხი დაბრკოლება დაახვედრეს

მეწარმე, რომელიც 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს დაასაქმებს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება - პრეზიდენტმა ეს ინიციატივა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გაახმიანა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საშემოსავლოს დაქირავებული მუშაკი იხდის და არა მეწარმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ხელზე გასაცემ ჯამაგირსაც და ხელფასიდან გადასახადებსაც მაინც მეწარმე ანაზღაურებს... პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ინიციატივა შემდეგ დამუშავდა, დებულების სახე მიიღო და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ხსენებული შეღავათი გავრცელდება სამუშაოს დაწყებიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მეწარმემ პირი ახალ სამუშაო ადგილზე დაასაქმა და არა უკვე არსებულ ვაკანსიაზე, გათავისუფლებული თანამშრომლის ნაცვლად. და კიდევ ერთი პირობა - ახალდასაქმებული, მუშაობის დაწყებამდე სამი თვის განმავლობაში, უმუშევარი უნდა იყოს.

დებულების ამოქმედებიდან სამი თვე გავიდა, ამიტომ დავინტერესდით, თუ ისარგებლა ვინმემ პრეზიდენტის ამ გახმაურებული შეღავათით და გახდა თუ არა მისი ეს ინიციატივა რეალურად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი. აღნიშნული შეღავათი იმ პირებზე ვრცელდება, ვინ ახალ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუშაობას 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე დაიწყებს.

პირველ რიგში, ინფორმაციისთვის შემოსავლების სამსახურს მივმართეთ. როგორც გაირკვა, ეს უწყება არ ფლობს ინფორმაციას, რამდენმა იურიდიულმა პირმა ისარგებლა პრეზიდენტის ამ შეღავათით და ბუნებრივია, არც ის იციან, რამდენი 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანი დასაქმდა 1-ელი იანვრიდან დღემდე. ამის შემდეგ ქვეყნის მთავარ ფინანსურ უწყებას მივმართეთ და იქიდანაც უარით გამოგვისტუმრეს, ჩვენთან ეს ინფორმაცია თავს არ იყრისო და კვლავ შემოსავლების სამსახურში გადაგვამისამართეს.

ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტის შენიღბვა რიგით მოქალაქედ ამართლებს ხოლმე. მეც შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ განყოფილებას მივადექი. კონსულტანტმა ყურადღებით მომისმინა და ისე, რომ პასუხი არ გაუცია, თავად გადაწყვიტა კონსულტაციის გავლა ზემდგომთან. მეტიც, ისიც კი არ ახსოვდათ, უკვე ძალაში იყო თუ არა პრეზიდენტის ეს ინიციატივა. ცოტა ხანში დაბრუნდა და განმიმარტა: არანაირი ცნობა იმის დასადასტურებლად, რომ კონკრეტული პირი გათავისუფლებულია გადასახადის გადახდისგან, არ გაიცემა და ეს მთლიანად მეწარმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, დაიცავს თუ არა დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსო.

სწორედ ამ მიზეზით მეწარმეები ამ ე.წ. შეღავათს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან მის გარშემო ბევრი ბუნდოვანებაა და არავინ იცის, დღეს ხელფასად გასაცემ თანხაზე დაზოგილი 20% ხვალ რა ფასად შემოუბრუნდებათ. საქმე ის არის, რომ შემოსავლების სამსახურს ყოველთვის შეუძლია შეედავოს მეწარმეს - როგორც ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან, ასევე დასაქმებული პირის მანამდელი უმუშევრობის ვადებთან დაკავშირებით.

მეწარმეები ამბობენ, რომ ახალი სამუშაო ადგილის ფორმალურად შექმნა მარტივია - აუქმებ უკვე არსებულ ვაკანსიას, მცირედით უცვლი სახელწოდებას და ახალი ბრძანების საფუძველზე ახალ სამუშაო ადგილს ქმნი. ვერც ის გაურკვევიათ ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორ უნდა დაუდასტურონ შემოწმებაზე შესულ საგადასახადოს თანამშრომლებს, რომ დაქირავებული, რომელსაც საშემოსავლოს არ უქვითავდნენ, მათთან დასაქმებამდე სამი თვის განმავლობაში ნამდვილად უმუშევარი იყო. გაურკვევლობა და ბუნდოვანება კი მეწარმეებს აბრკოლებთ და ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაკვლიეთ ვერც ერთ ისეთ ბიზნესს, რომელიც პრეზიდენტის ამ შეღავათით ისარგებლებდა. იმ პირობებში, როცა საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი მრავალგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა და ხშირად სწორედ ეს ხდება შემოსავლების სამსახურის მხრიდან მეწარმეების დაჯარიმების მიზეზი, ბიზნესს ახალ შარში თავის გაყოფა არ სურს.