დიდი მასპინძელი - კონრად ჰილტონი - კვირის პალიტრა

დიდი მასპინძელი - კონრად ჰილტონი

დღეს სიტყვა "ჰილტონის" ხსენებისას უმრავლესობას თვალწინ ჰოლივუდელი ქერათმიანი ლამაზმანი პერის ჰილტონი წარმოუდგება, დაუნანებლად რომ ფანტავს ფულს, - მაგრამ ჰილტონი, პირველ რიგში, სასტუმროების ქსელია, რომელსაც დღეს საქმეები მაინცდამაინც კარგად არ მისდის, თუმცა ოდესღაც სწორედ კონრად ჰილტონმა შექმნა სასტუმროები ისეთად, როგორსაც დღეს ვხედავთ.

კონრადი პირველი იყო, ვინც ამ სისტემაში შეფასების ვარსკვლავური სისტემა შემოიღო (კონიაკისა და ბრენდის მსგავსად!) - უძვირფასესი, საუკეთესო სასტუმროები ხუთი ვარსკვლავით აღინიშნება, ყველაზე უბრალო და იაფი - ერთით. გარდა ამისა, ჰილტონმა სასტუმრო რესტორანს, კაზინოსა და კიდევ ბევრ რამეს მიუსადაგა.

კონრად ჰილტონი 1887 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ნიუ-მექსიკოს შტატში. ოჯახში მერვე ბავშვი გახლდათ. მამას, ნორვეგიელ ემიგრანტ ავგუსტ ჰილტონს, პატარა ბიზნესი - მომცრო საბაყლო ჰქონდა. დედა ღვთისმოსავი კათოლიკე იყო ამერიკელ გერმანელთაგან.

მაღაზიას დიდი შემოსავალი არ მოჰქონდა, მაგრამ მისი წყალობით ოჯახს არ შიოდა და კონრადიც მშვიდად სწავლობდა ჯერ სამხედრო, შემდეგ კი სამთო ინსტიტუტებში. თუმცა ბავშვობიდან ოცნებობდა ბანკის მმართველობაზე და საკუთარ თავს იმ ხალხის წრეში წარმოიდგენდა, მილიონებს რომ ატრიალებდნენ.

დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და 1917 წელს კონრადი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იბრძოდა ევროპაში. წელიწად-ნახევრის შემდეგ შინ დაბრუნებულმა შეიტყო, რომ მამა ავტოკატასტროფაში დაღუპულიყო. ამიერიდან მას თავად უნდა ეზრუნა საკუთარ მომავალზე. ჰილტონმა თავის საოცნებო საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ის არცთუ ადვილი აღმოჩნდა და მარცხს მარცხზე განიცდიდა. 31 წლისა იყო კონრადი, როცა გაკოტრდა მისი პირველი ბანკი, რომელმაც ერთ წელიწადსაც ვერ იმუშავა. ჰილტონს იმ დროისთვის ჯიბეში 5 ათასი დოლარი ედო, თავში კი საბანკო საქმეზე ოცნებები უტრიალებდა, თუმცა საბოლოოდ ბანკში მუშაობა მას არ ეწერა.

იღბლიანი სამიკიტნო

ტეხასის შტატის ქალაქ სისკოში ჩასული 31 წლის კონრადი ერთ უღიმღამო სასტუმროში, Mobley-ში დაბინავდა. მან მაშინვე მიაქცია ყურადღება თავისუფალი ნომრის მომლოდინე ადამიანთა რიგს. სასტუმროში ადგილები არ კმაროდა, მეპატრონე კი ისე დაღლილიყო აურაცხელი საქმისგან, გაფართოებაზე ზრუნვა აზრადაც არ მოსდიოდა. ასეთ მომენტზე იტყვიან ხოლმე, რომ ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა.

ჰილტონმა "მობლი" გამოისყიდა და მის გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა. პირველ რიგში, სასტუმროს მან საძინებელი ოთახები შეჰმატა და ამით რიგებს ბოლო მოუღო. მოთხოვნა ისეთი მაღალი იყო, ნომრები ზოგჯერ დღეში სამჯერაც გადადიოდა ხელიდან ხელში. შემდეგ სასტუმროს ახალბედა მეპატრონემ მოისაზრა, რომ კლიენტების გასართობად დამატებითი მომსახურებისა და საქონლის შეთავაზებით ფულის შოვნა შეიძლებოდა. მაშინ ოტელების უმეტესობა სწორედაც მოსაწყენ სამიკიტნოებს უფრო ჩამოჰგავდა... ასე გაჩნდა ვესტიბიულის სვეტებთან მომცრო ვიტრინები ათასი წვრილმანით. აქ იყიდებოდა ჟურნალ-გაზეთები, სამართებლები, კბილის ჯაგრისები და პასტები, სხვ. მოგვიანებით ჰილტონი განმარტავდა, რომ მარტო ერთი სვეტის ვიტრინას მისთვის თვეში $8 ათასი მოჰქონდა.

კონრადის წარმატებებით ოჯახი გაოგნებული დარჩა, რადგან ის საბანკო საქმეში ხელის მოცარვის გამო წარუმატებლად მიაჩნდათ. "მობლის" შეძენიდან ერთ წელიწადში ჰილტონმა ქალაქ ფორტ-ნორტში მეორე სასტუმრო იყიდა, შემდეგ - კიდევ რამდენიმე. 1924 წლისთვის კონრადის ყველა სასტუმროში ჯამში 350 ნომერი იყო. შემოსავალი უკვე შესაძლებლობას აძლევდა, საკუთარი სასტუმრო აეშენებინა.

იმ დროისთვის გამაოგნებელი მოვლენა 1925 წლის 2 აგვისტოს მოხდა - გაიხსნა ახალი სასტუმრო Dallas Hilton-ი. აქ 300 ნომერი იყო, თითქმის იმდენი, რამდენიც მის დანარჩენ სასტუმროებში ერთად. მომდევნო წელს 38 წლის საქმოსანი ბოლოს და ბოლოს დაოჯახდა, ცოლად შეირთო მარია ბერონი (ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ იქორწინა). "დალას ჰილტონი" პირველი სასტუმრო იყო, რომელსაც დამაარსებლის სახელი ერქვა და კომპანია Hilton Hotels-ის ცენტრს წარმოადგენდა. სამ წელიწადში აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და სასტუმრო ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა. ხალხს მოგზაურობისთვის არ ეცალა, შემცირდა საქმიანი ვიზიტებიც. 30-იანი წლების დასაწყისისთვის ამერიკული სასტუმროების 80% გაკოტრდა.

კონრადი იძულებული გახდა, ბიზნესი გაეყიდა, მაგრამ ვინაიდან იმ დროისთვის სასტუმროს ბიზნესი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ვარიანტი არ იყო, ქსელის ახალმა მფლობელებმა ჰილტონი მმართველად დაიქირავეს. მეტიც, თანახმა იყვნენ, მისთვის ქსელი უკან მიეყიდათ. კონრადიც სასტუმროებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გამოსყიდვის გზით იბრუნებდა. 1943 წელს მან ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო "პლაზა" იყიდა. ამას ასევე ნიუ-იორკში 1949 წელს დიდებული სასტუმრო Waldorf-Astoria დაამატა, ხოლო ქვეყნის გარეთ, პუერტო-რიკოში, ჰილტონის პირველი სასტუმრო გახსნა... სასტუმროების ბიზნესში საერთაშორისო ქსელი პირველად სწორედ ჰილტონმა შექმნა. მოგვიანებით ჰილტონებმა ფინანსური პროფილის ორიოდე კომპანიაც შეიძინეს.

სასტუმროების აბლაბუდა

ფინანსური სამყარო კონრად ჰილტონმა 1954 წელს გააოგნა ამერიკის ისტორიაში არნახული გარიგებით - მან $111 მილიონად შეიძინა კომპანია Statler Hotels-ი, "ჰილტონის" მთავარი კონკურენტი. წარმატება დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ კომპანია სააქციო საზოგადოება გახდა, რამაც კაპიტლდაბანდებების მოზიდვა გაუადვილა. იმ დროს ჰილტონი უკვე ორ კომპანიას მართავდა: "ჰილტონს ჰოტელსს", რომელიც აშშ-ში მოქმედებდა და "ჰილტონ ინტერნეშნელს" საგარეო საქმიანობისთვის. მისი სასტუმროები სულ უფრო მეტ ხალხს იზიდავდა. წარმატებას კომპანიაში მარტივად ხსნიდნენ: მდიდრებს - ბიზნესმენები იქნებოდნენ ისინი, ზეპური საზოგადოება თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები, და საშუალო კლასსაც - ერთნაირად სჭირდებოდა კომფორტი, ოღონდ არა თავის მომაბეზრებელი. სწორედ ეს იყო მთავარი ფუფუნება, ამით იზიდავდა ყველას "ჰილტონის" სასტუმროები.

მაგრამ ერთია საუბარი კომფორტზე და სრულიად სხვა - მისი შექმნა. რა კეთდებოდა ამისთვის? როგორც უკვე ვთქვით, პირველად სწორედ "ჰილტონის" ქსელში გაჩნდა სავაჭრო ვიტრინები ვესტიბიულში. მანამდე არც ერთ სასტუმროს არ ჰქონია ოთახებში კონდიციონერები, ავტომატური მართვის შესასვლელი კარები, მაღვიძარა და ტელეფონი პირდაპირი კავშირით, კომუტატორის გარეშე. გარდა ამისა, "ჰილტონის" სასტუმროები შენდებოდა აეროპორტებსა და ნავსადგურებთან, რის წყალობითაც ტურისტებს სპეციალურ პაკეტებს სთავაზობდა. დასასრულ, სწორედ "ჰილტონის" ქსელში შემოიღეს პირველად დაჯილდოება მუდმივი კლიენტის წოდებით (Hilton Honors-ი).

1966 წელს კონრადი საქმეს ჩამოშორდა და ის ვაჟს, ბარონს გადაულოცა, თვითონ კი ავტობიოგრაფიული წიგნის ("გახდი ჩემი სტუმარი") წერას შეუდგა. ამ დროისთვის ჰილტონი საკუთარ თავს "სახელგანთქმულ ოტელიერს" უწოდებდა - ამ ტერმინს საფრანგეთში მოჰკრა ყური და მოეწონა. დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ მთელი თავისი ქონება უანდერძა. კონრადის ქველმოქმედების ყველაზე დიდი შთამაგონებელი, დედის შემდეგ, დები და რომის კათოლიკური ეკლესია იყვნენ. დედა ასწავლიდა, ნებისმიერი შეჭირვებისას - დაწყებული ბიჭუნას საყვარელი პონის დაკარგვით, დიდი დეპრესიისას გაკოტრებით დასრულებული - ეკლესიაში ელოცა, ასწავლიდა, რომ ლოცვა საუკეთესო "ინვესტიცია" იყო მის ცხოვრებაში... ოტელიერი 1979 წელს დალასში გარდაიცვალა, ქალაქში, სადაც პირველი სასტუმრო ააგო. იმ დროისთვის ცოცხალ ორ დედმამიშვილს ნახევარ-ნახევარი მილიონი დოლარი დაუტოვა, ხოლო მრავალრიცხოვანი დისწულ-ძმისწულები ათ-ათი ათასს დააჯერა... წიგნი "გახდი ჩემი სტუმარი" დღემდე სასტუმროებისთვის ერთგვარ ბიბლიად არის მიჩნეული.

ბარონ ჰილტონმა მემკვიდრეობის უფლებისთვის საჩივარი შეიტანა მამის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ. დავას ცხრა წელიწადი დასჭირდა. აქვე უნდა ითქვას, რომ კონრად ჰილტონის მონაგარმა რვა შვილიდან ასზე მეტ შვილიშვილ-შვილთაშვილამდე იბარტყა. ასე რომ, მისი მემკვიდრეების მრავალრიცხოვან სიაში პერის ჰილტონი მხოლოდ ერთი "გამოჩენილი" სახეა.

კაზინოს ჩრდილქვეშ

ბარონ ჰილტონი წარმატებულად უძღვებოდა სასტუმროების ქსელის მართვას და რამდენიმე საკვანძო ცვლილებაც შემოიტანა. პირველ რიგში, კომპანია ფრანჩაიზის მოდელზე გადავიდა. მართალია, ეს ჯერ კიდევ მამამისმა ჩაიფიქრა, თუმცა საქმე ბოლომდე ბარონმა მიიყვანა. 1973 წელს კომპანიაში გაჩნდა დისტანციური საცნობარო სისტემა "ჰილტრონი". საკმარისი იყო ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრის აკრეფა და კლიენტი ნებისმიერ სასურველ ინფორმაციას მიიღებდა რობოტისგან, მათ შორის, თავისუფალი ნომრების შესახებ. 1999 წელს ეს სისტემა უფრო მძლავრმა "ჰილსტარმა" შეცვალა, რომელიც ინტერნეტის გლობალური ქსელის ყველა შესაძლებლობას ითვალისწინებს. ზოგადად, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს "ჰილტონის" ქსელი ყველა კონკურენტზე ადრე ნერგავს. დიდი ხანია მის სასტუმროებში ხელმისაწვდომია უსადენო ინტერნეტი ნოუტბუკების მფლობელთათვის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სასტუმროსა და კაზინოს შერწყმა. ასეთი სასტუმროები ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა ლას-ვეგასში კონრადის ხელმძღვანელობით. ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაბიჯი იყო კომპანიის ისტორიაში, მაგრამ საბოლოოდ მან გაამართლა 1987 წელს, როცა "ჰილტონ ინტერნეშნელი" შეერწყა Ladbroke Group-ს, რომლის ძირითადი ბიზნესი სამორინეები გახლდათ.

XXI საუკუნეში, გარემოებათა გამო, სასტუმრო ბიზნესს ჰილტონების ოჯახისთვის ზარალი მოჰქონდა. სათამაშო ბიზნესიდან შემოსული მოგება კი იმდენად დიდი იყო, რომ ამ დანაკარგებსაც ფარავდა.

2007 წელს საინვესტიციო ჯგუფმა Blackstone-მა ჰილტონების ოჯახისგან მთელი სასტუმრო ბიზნესი $26 მილიარდად იყიდა. $7,5 მილიარდი კომპანიის ვალების დაფარვას დასჭირდა.

იყო დრო, შოუბიზნესის ვარსკვლავ პერის ჰილტონის განსაკუთრებული აქტიურობისას, ინტერნეტსაძიებო მანქანა "გუგლი" სასტუმროებზე მეტ ინფორმაციას სკანდალურ ვარსკვლავზე პოულობდა. თუმცა პერისი, ბარონ ჰილტონის შვილიშვილი, თავისი "უსაქმურობით" იმდენს შოულობს, მის ბევრს მოგვარეს არც დაესიზმრება.

"ჰილტონის" ქსელის გარდა, რომლის თანამედროვე სახელწოდებაა Hilton Worldwide, ჯგუფ Blackstone-ს არაერთი სხვა აქტივი ეკუთვნის და მისი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $17,62 მილიარდია. ცალკე "ჰილტონის" ქსელს კი 100 უმსხვილესი კერძო ამერიკული კომპანიის 2011 წლის რეიტინგში ჟურნალმა "ფორბსმა" 38-ე ადგილი მიაკუთვნა. ქსელი 84 ქვეყანაში 3750 სასტუმროს აერთიანებს 600 ათასი ნომრით და 130 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მოამზადა ნატა ენუქიძემ