"გაწყდეს", რაკი წვრილია?! - კვირის პალიტრა

"გაწყდეს", რაკი წვრილია?!

ელექტრონული ზედნადებების შემოღებას მსხვილი ბიზნესისთვის პრობლემები არც შეუქმნია

1-ელი აპრილიდან შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივა ამოქმედდა - ზედნადებები ელექტრონულ რეჟიმში გადავიდა. ყველა მეწარმე ვალდებულია, ქაღალდის ნაცვლად, ზედნადებები ელექტრონულად, შემოსავლების საიტზე გამოწეროს. სიახლის მიზანი ვაჭრობის ზუსტად აღრიცხვაა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ ჯაბა ებანოიძის მტკიცებით, სავაჭრო ქსელში საქონლის დაახლოებით 25-30% საბუღალტრო დოკუმენტაციაში შემოსავლების სახით აღრიცხული არ იყო. ებანოიძის თქმით, დისტრიბუტორს, რომელიც საქონელს მომწოდებლიდან დამკვეთამდე ეზიდებოდა, ზედნადებები გამზადებული ჰქონდა, მაგრამ საქონლის დაბინავების შემდეგ დისტრიბუტორიცა და საქონლის მიმღებიც ამ ზედნადებებს ხევდნენ. ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შემოღებით კი მსგავსი რამ შეუძლებელი ხდება.

საქონლის ზუსტად აღრიცხვა და ზედნადებების ელექტრონულად გამოწერა მეწარმეებს ხარჯის უზრდის. მცირე დისტრიბუტორებს, რომლებიც საკუთარი მანქანით ამარაგებენ მაღაზიებს, სჭირდებათ მოწყობილობა, რომლითაც ინტერნეტში შესვლასა და შემოსავლების სამსახურის საიტზე ზედნადების ატვირთვას შეძლებენ. ჩვენთან საუბრისას ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია ასეთ მოწყობილობად მობილურ ტელეფონს მიიჩნევდა და ამბობდა, რომ დაახლოებით 300-ლარიანი, ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონი შემოსავლების სამსახურის საიტ რს.გე-ზე ინფორმაციის შესატანად საკმარისი იქნებოდა. მაგრამ თუ რომელიმე ინდივიდუალური მეწარმე-დისტრიბუტორისთვის ასეთი მობილური შესაძლოა საკმარისიც გამოდგეს, შედარებით მსხვილი დისტრიბუტორებისთვის პორტატული კომპიუტერი, სულ ცოტა ე.წ. პოკეტი ხდება საჭირო. როდესაც ერთ დისტრიბუციას რამდენიმე მანქანა და დისტრიბუტორი ჰყავს, ისინი სასაწყობო პროგრამით სარგებლობენ, რათა კავშირი ჰქონდეთ საწყობთან და ვინ რას ყიდის, ეს ინფორმაციაც გაცვალონ. ასე რომ, პოკეტების გარდა, რითაც დისტრიბუტორები უნდა აღიჭურვონ, საჭიროა მათში სპეციალური პროგრამის ჩატვირთვა, რაც ასევე ფული ღირს...

რადგანაც მეწარმეებს ხარჯი ეზრდებათ, ეკონომიკის ექსპერტები პროდუქციის გაძვირებასაც ვარაუდობენ. დავით ნარმანიას თქმით, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი სასურსათო მაღაზიების დიდი ნაწილი ინტერნეტთან მიერთებული არ არის და არც შესაბამისი ტექნიკა აქვს. მისი თქმით, ახალი სისტემის ამოქმედებით მეწარმეს დამატებითი ფინანსური ვალდებულებები უჩნდება, რაც საქონლის გაძვირების საფუძველი ხდება.

ხარჯის გაზრდა ან გაჩერება

ერთ-ერთმა წვრილმა დისტრიბუტორმა ლაშა ბუცხრიკიძემ"კვირის პალიტრას“ მოუთხრო, რა პრობლემებს ქმნის შემოტანილი სიახლე:"მსხვილ დისტრიბუტორებს არაფერი დაშავებიათ. ამ ინიციატივით წვრილი დისტრიბუცია იჭყლიტება. ჩვენ თუ გავედით ბაზრიდან, ამ შემთხვევაში მსხვილ დისტრიბუტორებს ყოველდღიური ვაჭრობა გაეზრდებათ კიდეც. წვრილი დისტრიბუტორებისთვის საკმაო ტვირთია ერთჯერადი ხარჯი პოკეტისთვის და ამ პოკეტზე ბუღალტრული თუ ზედნადებების ასატვირთი პროგრამების დამატება. შემოსავლების სამსახურს ადრე რომ გაეფრთხილებინა წვრილი მეწარმეები, თადარიგს დაიჭერდნენ და ამ ხარჯსაც უფრო მომზადებული შეხვდებოდნენ. მსხვილი კომპანიები, ჩვენგან განსხვავებით, ზედნადებებს წინასწარ, წინა დღით წერენ, რადგან შეკვეთები აქვთ და იმის მიხედვით მიდიან მაღაზიებში. ადგილზე მისვლისას ინტერნეტი რომც გაითიშოს, უკვე ატვირთული აქვთ და ჩემგან განსხვავებით, დაცდა არ მოუწევთ.

ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო არაინფორმირებულობა. სხვა შემთხვევებში შემოსავლების სამსახური ტელევიზიითა და სხვა საშუალებებით მოსახლეობას აფრთხილებს ხოლმე, ელექტრონულ ზედნადებებზე კი მსგავსი საინფორმაციო კამპანია არ მოწყობილა. როგორც ვიცი, ბევრ მაღაზიაში პირველ დღეებში სიგარეტიც ვერ შეიტანეს, ტექნიკური პრობლემები იყო ელექტრონული ზედნადებების ატვირთვისას.

ახალგაზრდებისთვის უფრო ადვილია ელექტრონული ზედნადების წარმოება, მაგრამ ალბათ ამას ვერ შეძლებს არაერთი ხანდაზმული ადამიანი, ვინც მაგალითად, საკუთარი ავტომობილით მაღაზიებს პურს აწვდის და, ამდენად, შემოსავლის გარეშე დარჩება. ელექტრონული ზედნადებების წარმოება სახუმარო საქმე არ არის. მე ტკბილეულზე ვმუშაობ, ყველა ნამცხვარს, ყველა დასახელებას კოდი ენიჭება, გრაფები ზუსტად უნდა შეავსო. ეს გაუძნელდებათ იმათ, ვისაც არც კომპიუტერი აქვს და ცხადია, არც მასთან მუშაობის გამოცდილება. ამასთან, საქონელბრუნვის აღრიცხვა მოითხოვს დროს, დისტრიბუციისას ერთი ადამიანი აღარ იკმარებს, რადგან ის ზედნადებების შევსებას მოუნდება და პროდუქცია მაღაზიებში მეორემ უნდა შეიტანოს. ანდა დღეში ორჯერ ნაკლები მაღაზიის მომსახურებას მოვასწრებ".

გიორგი ისაკაძე (მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი): "ელექტრონული ზედნადებების შემოღება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, თუმცა პრობლემას ქმნის შემოსავლების სამსახურის მხრიდან ინფორმაციის არასათანადო გავრცელება. საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ აუცილებლად უნდა აღიჭურვონ მაინცდამაინც ძვირად ღირებული პოკეტებით, თუმცა უფრო იაფი ვარიანტებიც საკმარისია. ასოციაციაში უამრავი შეკითხვა შემოდის, ძირითადად, სწორედ ინფორმაციის უკმარისობით მიზეზით. შემოსავლების სამსახურს ვამცნობთ პრობლემების შესახებ და მცირე მეწარმეებს ინფორმაციის მიღებაში ვეხმარებით.

შემოსავლების სამსახურში რეალურად დაინახეს, რომ არ გასწიეს სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფა და ახლა ცდილობენ, საზღაურის გარეშე მიაწოდონ ინფორმაცია მცირე და საშუალო მეწარმეებს. სამსახური ძალიან მონდომებულია, იდეა ბოლომდე აამუშაოს.

მსხვილი ბიზნესისთვის ახალ ინიციატივას პრობლემები არც შეუქმნია. ინფორმაციის ის დონე, რაც ელექტრონული ზედნადებების შემოღებამდე არსებობდა, მათთვის საკმარისი იყო, თანაც რამდენჯერმე გადავადდა. სხვა ვითარებაა წვრილი ბიზნესისთვის. ადამიანი როცა თავად წარმართავს ბუღალტერიასაც, დისტრიბუციასაც და ა.შ., ნაკლებად არის ინფორმირებული საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. ტექნიკური თვალსაზრისით, რამდენი პრობლემაც ქაღალდზე გამოწერისას იყო, იმდენი ნამდვილად არ არის. ელექტრონულის შემთხვევაში შეცდომით გამოწერილის კორექტირება შეიძლება, ხოლო ქაღალდზე შეცდომით გამოწერილი რომ წავიდოდა, მაშინ ნამდვილად იყო პრობლემები".

ასოციაციაში ამბობენ, რომ ელექტრონული ზედდებულების არასწორად გამოწერის ან მსგავსი მიზეზით დაჯარიმებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აქ მზად არიან, მეწარმეებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარონ და მიაჩნიათ, რომ შემოსავლების სამსახური ჩასაფრებული არ არის და ელექტრონულ ზედნადებებზე ჯარიმების გამო არ გადასულა.

შეღავათი პრესას

პრესასა და მასთან თანმხლებ პროდუქციას ელექტრონული სასაქონლო ზედნადები მხოლოდ პირველადი მიწოდებისას დაერთვება. შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზურაბ სოხაძის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს"პრესის ასოციაციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიაღწიეს. პროდუქციის რამდენჯერმე გადაცემას საგადასახადო თვალყურს აღარ მიადევნებს."მედიაპალიტრის" ფინანსური მენეჯერი ნუგზარ ლეკიაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, სადაც პრესისთვის ზემოაღნიშნული შეღავათია გათვალისწინებული, მედიის წარმომადგენლებისთვის მისაღებია,"ცვლილებების პროექტი მზად არის და პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. ეს კი, წესით, უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს“.

"ჩასაფრებული აღარ არის"

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაკა ფანქველაშვილის თქმით, ელექტრონულ ზედნადებებზე გადასვლის შემდეგ პრობლემა მხოლოდ 1-ელ აპრილს შეიქმნა, როცა ერთმანეთს დაემთხვა დეკლარაციების ჩაბარება და ელექტრონული ზედდებულების ატვირთვა და ამან ტექნიკური შეფერხება გამოიწვია."თუმცა ეს ერთ საათში მოგვარდა მას შემდეგ პრობლემა აღარ ყოფილა", - ამბობს ფანქველაშვილი, რომლის ვარაუდით, ელექტრონული ზედნადებების გამო შემოსავლების სამსახურს არავინ დაუჯარიმებია, რადგან"უკვე დიდი ხანია შემოსავლების სამსახური აღარ არის ჩასაფრებულის პოზიციაში“.

თუმცა თბილისში რამდენიმე დისტრიბუტორმა განაცხადა, რომ ელექტრონული ზედნადებების შემოღების შემდეგ პრობლემები მაინც წარმოიქმნა. ამან მომარაგება შეაფერხა, ზოგიერთ მაღაზიაში არა მარტო სიგარეტის დეფიციტი შეიქმნა, იყო შემთხვევებიც, როცა მაღაზიას პურის ჩვეული ასორტიმენტი ვერ მიაწოდეს...