როდის "უწევს" სამარშრუტოებს 1 ლარამდე გაძვირება - კვირის პალიტრა

როდის "უწევს" სამარშრუტოებს 1 ლარამდე გაძვირება

მუნიციპალური ტრანსპორტი შესაძლოა რომელიმე კერძო კომპანიას სამართავად გადაეცეს

"მაისიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 1 ლარამდე გაძვირდება, მუნიციპალურ ტრანსპორტზე კი მგზავრობა 70 თეთრი გახდება. კომპანიაში ამის შესახებ უკვე გაგვაფრთხილეს, მაგრამ ხალხს ამაზე რა რეაქცია ექნება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს", - ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში მძღოლების ასეთ საუბარს მოვკარი ყური და მაშინვე ინფორმაციის გადამოწმებას შევუდექი.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი", რომელიც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ფლობს, ჟურნალისტებისთვის აუღებელი ციხესიმაგრეა და კომენტარის მოპოვება მათგან, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, ამიტომ ინფორმაციის გადამოწმება თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ვცადე. მერიაში აღნიშნული ინფორმაცია არ დამიდასტურეს და ისიც აღნიშნეს, რომ კანონის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მუნიციპალიტეტს მგზავრობის საფასურის ზრდის შესახებ განცხადებით 1 თვით ადრე უნდა მიმართონ. ასეთი განცხადება მერიაში სამარშრუტო ტაქსების მმართველი კომპანიისგან ჯერ არ შესულა, მაგრამ კარგად გვახსოვს არც ისე შორეული წარსულის გამოცდილება, როცა მგზავრობა 50 თეთრიდან მოულოდნელად 80 თეთრამდე გაიზარდა, კომპანიები კი "დასაჯეს" და ას-ასი ლარით დააჯარიმეს.

ფასების მოსალოდნელი ზრდის გარდა, მძღოლები გაზრდილი ხარჯების გამოც ჩივიან. მმართველმა კომპანიამ ისინი ინდმეწარმეებად დაარეგისტრირა და სამუშაო დღის ბოლოს ყოველ მათგანს საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოებაც დაეკისრა. მალევე გამოჩნდნენ მათი "კეთილისმსურველები", უმეტესად, სამარშრუტო ხაზების ძველი მეპატრონეები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ მძღოლებს საბუღალტრო მომსახურებას სთავაზობენ. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ყოველდღიური ხარჯი კიდევ 5-7 ლარით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხარჯის გაღება მოუხდათ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებსაც. მიმდინარე თვის ბოლოს სატენდერო პირობების შესრულების დამატებითი სამთვიანი ვადაც იწურება და ყველა სამარშრუტო ხაზზე ძველი ავტომობილები ახალმა "ფორდ ტრანზიტებმა" უნდა ჩაანაცვლოს. ამდენად, მგზავრობის გაძვირება შესაძლოა დანახარჯების ამოღების სურვილით იყოს ნაკარნახები, მიზეზად კი ბოლო დროს საწვავის გაძვირებას გამოიყენებენ...

ლავრენტი ალანია (საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე): "ბოლოს დროს საწვავი საგრძნობლად გაძვირდა, აგრეთვე ავტომობილის ნაწილები, საპოხი მასალა. მიუხედავად ამისა, სოციალური ფონიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური მიმდინარე ზაფხულში მაინც არ უნდა გაიზარდოს. მძღოლებს ყოველდღე ვხვდები და მგზავრობის გაძვირების შესახებ მათგან არაფერი გამიგია, თუმცა ეს არც არის მათი გადასაწყვეტი. ახლა ამ ბიზნესს ტენდერში გამარჯვებული კონკრეტული კომპანიები მართავენ, მგზავრობის ტარიფი დადგენილი წესით იცვლება და არა ამა თუ იმ მძღოლის ნების საფუძველზე.

დღეს დაცვა მძღოლების უფლებებსაც სჭირდება. ძველმა მეპატრონეებმა მძღოლებს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მილიონობით ვალი დაუტოვეს. ამას გარდა, ვისაც არ ეზარება, დღეს მძღოლის ჯიბეში ყოფს ხელს. ხაზების ძველმა მეპატრონეებმა რაღაც ფირმები ჩამოაყალიბეს და მძღოლებს საფასურის სანაცვლოდ საბუღალტრო მომსახურებას სთავაზობენ. თითქოს მძღოლების უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაცია "მძღოლი და მგზავრი" ჩამოაყალიბეს. როგორ შეიძლება, ყოფილი დამსაქმებელი უფლებადამცველი გახდეს?

ასე რომ, დღეს ბაზარზე ისეთი ვითარებაა, მძღოლების ინტერესში ყველაზე ნაკლებად შედის მგზავრობის საფასურის ზრდა".

ჯაბა სამუშია (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე): "ბოლო სოციალურმა კვლევამ, რომელიც NDI-მ მოაწყო, აჩვენა, რომ საქალაქო ტრანსპორტის ფასები მთავარ პრობლემათა შორის მიიჩნევა და მნიშვნელობით უტოლდება დენისა და ნაგვის გაერთიანებულ გადასახადსა და სხვა კომუნალურ გადასახადებს. მოსახლეობის პროტესტს ისიც ამწვავებს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება დიფერენცირებული იყო - მოკლე მარშრუტებზე ფასი 20-40 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი ყველა მარშრუტი გათანაბრებულია და ერთმა ადამიანმა რომ სახლიდან სამსახურამდე იმგზავროს, ორი ტრანსპორტის გამოცვლისას დღეში მხოლოდ მგზავრობისთვის 3,20 ლარი სჭირდება. ზოგიერთი სამარშრუტო ხაზი განგებ დაამოკლეს, რაც მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემაა. შეიცვალა ხაზების რაოდენობა მუნიციპალურ ტრანსპორტში და ზოგი ავტობუსი ხაზიდან საერთოდ მოიხსნა, რამაც ავტომატურად გამოიწვია მგზავრების ნაკადის გადანაცვლება სამარშრუტო ტაქსებზე. გამოდის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩაანაცვლა სამარშრუტო ტაქსიმ, ანუ ძვირმა ტრანსპორტმა.

მგზავრობის საფასურის 1 ლარამდე გაზრდაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო ლაპარაკი. მაგრამ რადგან მმართველ კომპანიებს სატენდერო პირობები არ ჰქონდათ შესრულებული და შესაძლებელი იყო, ვერც შეესრულებინათ, მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი განსაზღვრული დროით გადაიდო. დღეს, ხელისუფლების "დახმარებით", სატენდერო პირობების შესრულება მეტ-ნაკლებად მიუახლოვდა დასასრულს და უკვე ამბობენ, რომ მგზავრობა გაძვირდება. ამას ამართლებენ იმით, რომ საწვავის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ შარშანდელ იმავე დროს თუ შევადარებთ, ფასები თითქმის ერთნაირია. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მერია მიიღებს და მთელი პასუხისმგებლობა მას უნდა დაეკისროს. კანონის თანახმად, კომპანიამ ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს მერიას და დაასაბუთოს, რატომ ზრდის მგზავრობის ფასს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მერიაში განცხადება ჯერ არ შესულა.

აპრილის მიწურულს მერია ალბათ საბოლოოდ დაადასტურებს, რომ გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სატენდერო პირობები შესრულდა, რაც კიდევ ერთი დარღვევა იქნება, რადგან სატენდერო პირობები ბოლომდე შესრულებული არ არის. თუმცა მერია ამაზეც დახუჭავს თვალს.

მაის-ივნისისთვის მოსალოდნელია, რომ დაიწყება მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი. ვვარაუდობ, რომ ეს მოხდება ზაფხულში. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილებებისთვის საკმაოდ კარგად იყენებს ზაფხულს, როცა მოსახლეობა ქალაქიდან გასულია და რეაქცია ნაკლებად მძაფრია. ეს კიდევ ერთი დანაშაული იქნება თბილისელების წინაშე და იმის შედეგი, რომ სფერო კონკურენციის მიღმა დატოვეს. თუ მმართველი კომპანია მოინდომებს, 5 ლარამდეც გააძვირებს მგზავრობას და ხელს ვერავინ შეუშლის. მერიას გამოსავლის სახით ვთავაზობდით, რომ ზოგიერთ ლოტზე ახალი კონკურსი გამოგვეცხადებინა, როცა კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ამით მეტ-ნაკლებად კონკურენტული გარემო შეგვექმნა.

რაც შეეხება ფასების ზრდას მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ეს უკვე საკრებულოს პრეროგატივაა და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი ცვლილება საკრებულოში განსახილველად ჯერ არ შემოსულა. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ მუნიციპალიტეტის ინიციატივა საკრებულოსთვისაც ბოლო მომენტში ხდება ცნობილი. ფაქტია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში პრობლემებია - სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი გამოსულია ექსპლუატაციიდან, ხაზები და ავტობუსების რაოდენობა შემცირებულია, არის მენეჯმენტის პრობლემა და ამბობენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი შესაძლოა რომელიმე კერძო კომპანიას სამართავად გადაეცეს.

- აპრილის ბოლოს სატენდერო პირობების შესრულების დამატებითი ვადაც იწურება. შემოიყვანენ ახალი სამარშრუტო ტაქსების საჭირო რაოდენობას?

- ქალაქში შესაძლოა ყველა სამარშრუტო ხაზზე იყოს ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, მაგრამ ამის მიუხედავად ტენდერის პირობები არ შესრულდეს. მის თანახმად სულ უნდა შემოიყვანონ 2100 სამარშრუტო ტაქსი, რომლებიც მუდმივად ხაზზე უნდა მუშაობდეს და დამატებით 500 უნდა იყოს რეზერვში. ანუ, 2600 სამარშრუტო ტაქსიდან დღეს რეალურად შემოყვანილია ნახევარი. "თბილისის მიკროავტობუსმა" ერთგვარ ხრიკს მიმართა, როცა ხაზებზე სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა შეამცირა. კანონით განსაზღვრულია, რომელ სამარშრუტო ხაზზე რა ოდენობის ავტომობილი უნდა მუშაობდეს - დაახლოებით 25-30 ერთეული. დღეს თითქმის ყველა სამარშრუტო ხაზზე მანქანები ხუთი ერთეულით არის შემცირებული და გადანაწილებულია სხვა ხაზებზე, ძველი სამარშრუტო ტაქსების სანაცვლოდ. ამით შეიქმნა ერთგვარი იმიტაცია, რომ ყველა ხაზზე არის ყვითელი მიკროავტობუსი. შედეგად, ამ სამარშრუტო ხაზებზე ან იგვიანებენ, ან ისეა გადაჭედილი, რომ მგზავრებს ვეღარ სთავაზობენ იმ სერვისს, რასაც თავიდან ჰპირდებოდნენ".