ლუდის ბაზარზე ბიზნესთამაში მწვავდება - კვირის პალიტრა

ლუდის ბაზარზე ბიზნესთამაში მწვავდება

ლუდის ბაზარზე აპრილის დასაწყისში ახალი ქართული პროდუქცია გამოჩნდა. ცხადია, ადგილობრივი ბაზარი გადანაწილებულია, თუმცა გვაქვს მაგალითები, როცა ასევე გადანაწილებულ ბაზრებზე ახალდაფუძნებულმა ქართულმა ფირმებმა საკმაო საბაზრო წილი დაიმკვიდრეს.აღსანიშნავია, რომ ბაზარზე უკვე მოქმედი ლუდსახარშები ერთხმად ამბობენ, რომ კონკურენცია არ აშინებთ. ახალ ლუდ "ზედაზენს" მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში აწარმოებენ, სადაც ლუდსახარში გახსნეს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის ძმა, იაგო ჩოჩელია. „ზედაზენი" ეკუთვნის სს „ქართული ლუდის კომპანიას“. ამ კომპანიაში იაგო ჩოჩელის პარტნიორები არიან პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი (ფარმაცევტული კომპანია "პე-ეს-პე ფარმასა“ და კლინიკათა ქსელ "ნიუ ჰოსპიტალსის" მფლობელი) და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“. ამ კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათელა თურნავაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე გახლდათ. შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ 100% შპს "ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ერთ დროს იაგო ჩოჩელს ეკუთვნოდა ლუდის ქარხანა „ნატახტარი“, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ Efes Beer International-ს მიჰყიდა. "ეფესთან" დადებული კონტრაქტის საფუძველზე, ჩოჩელს განსაზღვრული დროის განმავლობაში ლუდის ბიზნესში შესვლის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ, იაგო ჩოჩელმა რამდენიმე პარტნიორთან ერთად სს „ქართული ლუდის კომპანია“ დააფუძნა. საინტერესოა, რას შეცვლის "ზედაზენი" ქართული ლუდის ბაზარზე ან რას ფიქრობენ ახალი პროდუქტის შესახებ ლუდის მწარმოებელი კომპანიები.

თორნიკე ნიკოლაიშვილი (კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის მენეჯერი): "ლუდის ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლით ბუნებრივია, კონკურენცია გაიზრდება და ეს ბაზარიც გაფართოვდება. მივესალმებით სამართლიან, ბიზნესეთიკის ჩარჩოებში მოქცეულ ურთიერთობას კონკურენტებს შორის, მით უმეტეს, ჩვენს კომპანიას უკვე უჭირავს სათანადო ადგილი ქართულ ბაზარზე.

ცნობილია, რომ ლუდი მით უფრო კარგია, რაც უფრო ახალჩამოსხმული მიდის მომხმარებლამდე. ალბათ ამის გამოც, "ნატახტარი" ღირსეულ კონკურენციას უწევს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივ ნაწარმსაც. ჩვენი კომპანია უნიკალური თვისებების მქონე ნატახტარის წყალს იყენებს, რომელსაც ჩვენივე ჭაბურღილიდან მოვიპოვებთ. ლუდს სწორედ ამ წყლით ვამზადებთ, წყალი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ლუდის წარმოებაში. ამის გამო ლუდი "ნატახტარი" არა მარტო ქართულ ბაზარზეა პოპულარული, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად - აზერბაიჯანში. პროდუქცია აგრეთვე გაგვაქვს საბერძნეთსა და უკრაინაში, ხოლო ჩვენი ლიმონათი მსოფლიოს 18 ქვეყანაში გადის".

გოგი თოფაძე (კომპანია "ყაზბეგის" ხელმძღვანელი): "ბაზარზე ახალი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოვიდა. ბუნებრივია, ლუდის მწარმოებელ კომპანიებს შორის კონკურენცია გაიზრდება. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "ყაზბეგს" ჩვენში კარგად იცნობენ, ჩვენს კომპანიას თავისი სეგმენტი აქვს საქართველოში და ყველანაირად ვეცდებით ამ პოზიციის შენარჩუნებას. ახალი კომპანიების საწინააღმდეგო მე პირადად, არაფერი მაქვს".

"ქართული ლუდის კომპანიის" მენეჯმენტში აცხადებენ, რომ "ზედაზენის" ფასი 1,50 ლარიდან დაიწყება. ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას ხარისხით, ჩეხი და გერმანელი სპეციალისტების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასით აპირებენ.

ნათელა თურნავა: "ზედაზენი" ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე აუცილებლად დამკვიდრდება. კომპანიამ თავისი პროდუქცია უკვე შეიტანა დედაქალაქისა და რეგიონების სავაჭრო ქსელში. ჯერჯერობით ვაკვირდებით, როგორი იქნება გაყიდვა და სამომავლო პერსპექტივებზე მხოლოდ შემდეგ ვიზრუნებთ. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც სავაჭრო ქსელიდან გვაწვდიან, "ზედაზენი" საკმაო მოწონებით სარგებლობს, რაც გვაიმედებს, რომ სიახლე კონკურენციას გაუმკლავდება. იმედს ისიც გვიმყარებს, რომ ჩვენი მომხმარებელი ბუნებით გურმანია და ყოველთვის აინტერესებს ახალი ბრენდები, მით უმეტეს, ლუდის მომხმარების სეზონი მოდის. მარკეტინგული გათვლების გარდა, განსაკუთრებულ აქცენტს პროდუქციის ხარისხზე ვაკეთებთ. ჯერჯერობით კომპანია ჩეხური ტექნოლოგიით მოხარშულ ლუდს უშვებს, მაგრამ მომავალში გერმანული ტექნოლოგიით მოხარშულ ლუდის წარმოებაც იგეგმება. თუ მომხმარებელი კარგად მიიღებს "ზედაზენს", ახალი სახეობებს შევამატებთ.

- ამბობენ, რომ კომპანიას ხელისუფლება მფარველობს, რომ ამ საქმეში წილი ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აქვთ...

- არ ვიცი, რა იგულისხმება სიტყვა "მფარველობაში", მაგრამ მთავრობა ყოველთვის უნდა ქმნიდეს ხელსაყრელ კლიმატს ნებისმიერი კომპანიისთვის. თუ ვინმეს სურს ამას მფარველობა დაარქვას, საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს. ჩემი აზრით, "ზედაზენი" ნამდვილად არ არის სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, თანაც, თუ მომხმარებელი პროდუქციას კარგად არ შეხვდება, მის გაყიდვას ვერანაირი მფარველობა ვერ შეუწყობს ხელს.

ისიც ითქვა, რომ ჩვენს კომპანიაში 700 კაცის დასაქმება - ეს გადაჭარბებული ციფრია, მაგრამ საწარმო მრავალპროფილიანია, სადაც ლუდთან ერთად რამდენიმე სახეობის ლიმონათსაც ვუშვებთ და ის არანაკლებ პერსპექტიულ პროდუქტად მიგვაჩნია. იმის მიუხედავად, რომ საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, მუშახელი ნამდვილად დაგვჭირდება".

პირველ ეტაპზე "ზედაზენი" ათამდე დასახელების ლუდს გამოუშვებს, აგრეთვე უალკოჰოლო სასმელებს, ხილის წვენების ჩათვლით. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 400 ათასი ჰექტოლიტრი ლუდი და 300 ათასი ჰექტოლიტრი ლიმონათია. ლუდსახარშ "ნატახტარს", კომპანიის შეფასებით, საქართველოს ლუდის ბაზრის 63% უკავია. "კასტელი-საქართველოში" კი თავის საბაზრო წილს 24%-ით აფასებენ, კომპანია ყიდის იმპორტირებულ ბრენდებსაც. ლუდის იმპორტმა საქართველოში 2011 წელს 12,664 მლნ ლიტრი ($9,4 მლნ-ის) შეადგინა, ხოლო საერთო მოხმარებამ - 105 მლნ ლიტრი. ექსპორტით ქვეყნიდან $1,777 მლნ-ის ლუდი გავიდა.

ხათუნა ჩიგოგიძე