"დანონის" კანონი - კვირის პალიტრა

"დანონის" კანონი

როგორ მიეჩვია სამყარო იოგურტს

Danone-ის იოგურტი, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რძის პროდუქტია მსოფლიოში. ამდენად, ძნელი დასაჯერებელია, რომ XX საუკუნის დასაწყისში მას მხოლოდ აღმოსავლეთსა და ბალკანეთში მიირთმევდნენ, განვითარებულმა ევროპამ და ამერიკამ კი მის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა.

სიტყვა "იოგურტი" თურქულია და "შედედებულს" ნიშნავს. თურქები და სხვა მომთაბარე ხალხები რძეს ტიკჭორებით დაატარებდნენ, ცხენებსა და სახედრებზე აკიდებულს. ჰაერიდან და ბეწვიდან რძეში ბაქტერიები ხვდებოდა, სიცხეში იწყებოდა დუღილი, საქმეს კი მუდმივი რყევა ასრულებდა. რძე სქელ, მჟავე სასმელად გადაიქცეოდა, რომელიც დიდხანს არ ფუჭდებოდა. მის შესახებ პირველი ცნობა რომაელ ისტორიკოს პლინიუს უფროსს ეკუთვნის, რომელიც აღწერდა სკვითების ცოდნას, მიეღოთ "შედედებული რძე". კონკრეტულად იოგურტის სამშობლო ბალკანეთის ნახევარკუნძულია, კერძოდ კი ბულგარეთი, თუმცა არსებობს ვერსიაც, რომ პირველობა თრაკიელებს ეკუთვნით...

ბულგარული იოგურტის მიკროფლორა მეცნიერულად პირველად აღწერა ბულგარელმა სტამენ გრიგოროვმა 1905 წელს. ორ წელიწადში აღმოჩენილ ბაქტერიას სახელი ბულგარეთის პატივსაცემად უწოდეს. ცნობილმა რუსმა ბიოლოგმა ილია მეჩნიკოვმა პირველმა შეაფასა აღმოჩენის მნიშვნელობა. მან 1908 წელს წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, იოგურტში შემავალი ბულგარული ჩხირი არა მარტო იცავს ორგანიზმს, არამედ სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამას გარდა, მეჩნიკოვს მიაჩნდა, რომ ის საგრძნობლად აუმჯობესებდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.

რუსი მეცნიერის შრომამ უბიძგა საბერძნეთში მცხოვრებ თურქ ებრაელ ისააკ კარასუს, დაეარსებინა საკუთარი კომპანია, რომელიც იოგურტს დასავლეთ ევროპაში ყიდდა. კარასუ საბერძნეთში, სალონიკიში ცხოვრობდა. ის ბავშვობიდან მიირთმევდა იოგურტს, რომელსაც შუშის ქილებით პირდაპირ ქუჩაში ჰყიდდნენ. 1912 წელს ბალკანეთის პირველი ომი დაიწყო და როცა ბერძენთა ჯარი სალონიკის მიუახლოვდა, ისააკმა გადაწყვიტა, ქალაქი სასწრაფოდ დაეტოვებინა. კარასუ "ახალთურქების" ერთ-ერთი ლიდერის ნათესავი იყო და ბერძენთა ხელში მოხვედრა კარგს არაფერს უქადდა, მათთვის ისააკი სამშობლოს გამყიდველის ნათესავი იყო.

"შვილიკო" ფირმა

ისააკი ბარსელონაში აღმოჩნდა. მან პირველ რიგში, გვარი გადაიკეთა და ისააკ კარასო გახდა - ასე უფრო "ადგილობრივად" ჟღერდა და ესპანელების კეთილგანწყობის მოპოვებაც უფრო ადვილი იქნებოდა. სწორედ ესპანეთში გაეცნო ისააკი მეჩნიკოვის შრომებს, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გააცნობიერა ისიც, რომ მისთვის ესოდენ ჩვეულ და "მშობლიურ" პროდუქტს ევროპა არ იცნობდა. ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა.

1919 წელს კარასომ დააფუძნა კომპანია და ვაჟიშვილის, დანიელის პატივსაცემად Danone უწოდა. "დანონი" სწორედ პატარა დანიელს ნიშნავს. კარასოს ოჯახი უკვე შვიდი წელიწადი იყო რაც ესპანეთში ცხოვრობდა და ახალ გარემოსაც კარგად მორგებოდა. ასე რომ, დრო იყო, საქმეს შესდგომოდა.

კარასო პროფესიით ექიმი გახლდათ, რამაც ხელი შეუწყო მის იდეას, იოგურტი წამალივით გაევრცელებინა სააფთიაქო ქსელით. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ იოგურტს არ იცნობდნენ, მისი ბაზარზე გატანა ძალიან ძნელი იყო. იმავდროულად, დიდი იყო მოთხოვნილება სხვადასხვა აღმოსავლურ წამალზე. იოგურტიც სწორედ ერთ-ერთი "წამალი" უნდა ყოფილიყო.

პროდუქტზე მოთხოვნილება თავიდანვე ჩამოყალიბდა. მთავარი დამკვეთი მეჩნიკოვის ლაბორატორია იყო პარიზის პასტერის ინსტიტუტში. სწორედ ამ ლაბორატორიიდან იღებდა Danone ცნობილ ბულგარულ ჩხირსა და სხვა საჭირო მასალას.

როცა კომპანია დანიელ კარასოს ხელში გადავიდა, მან მაშინვე შეიტანა ცვლილებები სეხნია ფირმის სტრუქტურაში. პირველ რიგში, შეიცვალა კომპანიის დისლოკაციის ადგილი. იგი პარიზში გადავიდა, თავის მომწოდებლებთან გაცილებით ახლოს. 30-იან წლებში იოგურტი უკვე ძალიან პოპულარული იყო და თანაც არა მარტო როგორც სამკურნალო საშუალება. ევროპელებისთვის ის უკვე ქცეულიყო სასარგებლო რძის პროდუქტად. ის კი არა, "დანონს" კონკურენტებიც გამოუჩნდა, თუმცა ისინი ახლოსაც ვერ მივიდოდნენ კარასოების ფირმის პოზიციებთან. დარგის ლიდერობას ის მყარად ინარჩუნებდა.

ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი, ევროპისთვის მძიმე ხანა. ცხადია, დანიელ კარასოს კარგად მოეხსენებოდა საკუთარი ებრაული ფესვების შესახებ და ბედის გამოცდა აღარ ისურვა. ომის პერიოდში აშშ-ს მიაშურა და კომპანია Dannon Milk Products Inc.-ი დააარსა. კომპანიის დასახელებაში მცირეოდენი ცვლილება დანიელმა ადგილობრივი მომხმარებლის მოსაზიდად შეიტანა. სვლა ნამდვილად სწორი აღმოჩნდა - ვიდრე ევროპაში კრიზისი მძვინვარებდა, დანიელმა აშშ-ში იოგურტით ვაჭრობა ააწყო და ამერიკელებს ეს პროდუქტი შეაყვარა.

ევროპაში კარასო 1951 წელს დაბრუნდა და იქაური ბიზნესის აღორძინებას შეუდგა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ამერიკაში თავისი ფირმა გაყიდა. ორიოდე წლის შემდეგ კი ბაზარზე, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ცვლილება მოხდა - გამოჩნდა ხილის იოგურტი "დანონისგან". დღეს მომხმარებელი შეჩვეულია ბანანიანი, მარწყვიანი თუ ფორთოხლიანი იოგურტით პირის ჩატკბარუნებას, მაგრამ 1953 წლამდე ასეთი პროდუქტი არ არსებობდა. "დანონმა" ვითარება შეცვალა.

ასორტიმენტის გაზრდა ფირმამ 1967 წელს გარისკა. ის შეერწყა საფრანგეთში ყველის ერთ-ერთი უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია Gervais-ს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომლის წყალობითაც კარასოს ანგარიშებზე ნაღდი ფული და მოგება გაიზარდა. ამას გარდა, ერთობლივი ძალისხმევით კომპანიებმა ადვილად დაიკავეს წამყვანი პოზიცია თავთავიანთ ბაზრებზე. კიდევ ერთმა შერწყმამ კომპანიის მომავალი სავსებით შეცვალა.

გვარის გამოცვლა

"დანონის" ბედი უკვე არა ფირმის დამფუძნებელი კარასოების, არამედ რიბოების ოჯახს დაუკავშირდა. ანტუან რიბო ადრე საშუალო შედეგების მქონე კომპანია La Verrerie Souchon-Neuvesel-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც მინის ტარას ამზადებდა. ერთხელაც რიბომ Glaces de Boussois-თან გაერთიანება გადაწყვიტა. ამ უკანასკნელს საკმაოდ წარმატებული ადგილი ეჭირა ფანჯრის მინების ბაზარზე. ასე მოევლინა ქვეყანას კომპანია BSN-ი. გაერთიანებულ წარმოებას სათავეში ანტუან რიბო ჩაუდგა და მაშინვე შეუდგა კიდევ უფრო გაფართოებისთვის საჭირო გზების ძიებას.

ბევრი იფიქრა თუ ცოტა, რიბომ დაასკვნა, რომ მის კომპანიას სავსებით შეეძლო საქმიანობის გაფართოება, ბოთლების დამზადებიდან - პროდუქციის ჩამოსხმამდე. ამ მიზნით მან რამდენიმე კომპანია შეიძინა: ლუდის სახარში, მინერალური წყლის ჩამომსხმელი და ბავშვთა კვების მწარმოებელი. კომპანიის საქმეები წინ-წინ წავიდა და კიდევ რამდენიმე ფირმა ჩაყლაპა. ევროპაში ის ფანჯრების ბაზრის უდავო ლიდერი გახდა. და აი, 70-იანი წლების დასაწყისში ჰორიზონტზე გამოჩნდა კორპორაცია "დანონი", რომელიც წარმოების გასაფართოებლად ძლიერ პარტნიორს ეძებდა. ამგვარი პარტნიორის როლისათვის BSN-ი ზედგამოჭრილი იყო. კომპანიებს შორის გარიგება დაიდო და 1973 წელს შეიქმნა უზარმაზარი კორპორაცია BSN-Gervais Danone, რომელიც ერთმანეთისგან დიდად განსხვავებულ რამდენიმე ბაზარზე ლიდერობდა. მოგვიანებით კომპანიას პრობლემები შეექმნა, რის გამოც 80-იანი წლების დასაწყისში მთელი სამშენებლო ბიზნესი გაყიდა და მთლიანად კვების პროდუქტსა და სასმელებზე გადაერთო.

სტრატეგიული მნიშვნელობის იოგურტი

კომპანიის განვითარების მომდევნო ეტაპს შეიძლება ეწოდოს "ყველაფრის ერთბაშად შესყიდვა". ფირმა ყიდულობდა სრულიად განსხვავებულ ბიზნესებს, რომლებიც ერთმანეთს არაფრით არ უკავშირდებოდა. ზოგიერთი შენაძენის წყალობით BSN-Gერვაის Danone-მა გეოგრაფიული არეალი გაიფართოვა, თუმცა უსისტემოდ შესყიდული ბიზნესების დიდი ნაწილი ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდა, რაც მოგვიანებით მოიშორეს. 90-იანი წლების დასაწყისისთვის კომპანია უშვებდა იოგურტს, ყველს, ლუდს, მინერალურ წყალს, ბავშვთა კვების პროდუქტს, შამპანურს, მაკარონს, ბისკვიტებს, ტოსტებს, სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელსა და კიდევ მრავალ სხვა საქონელს. აღსანიშნავია რიბოს ერთი საქმიანი თვისება - ის მუდამ ცდილობდა, გარიგებები მოკლე ვადებში აღესრულებინა. რიბო მიზანმიმართულად ყიდულობდა ფირმებს და საბოლოო ჯამში, ამ ახალი ბაზრების ათვისება მისი კომპანიისთვის მაინც სასარგებლო აღმოჩნდა.

90-იანი წლების შუა ხანებში კომპანიამ ძველი სახელი "დანონი" დაიბრუნა. იმ დროისთვის ის უკვე გიგანტი კომპანია იყო, რომელიც სრულიად სხვადასხვა სახის ბრენდების უზარმაზარ რაოდენობას ფლობდა. "დანონი" ბევრი მიმართულებით ლიდერობდა, მათ შორის, იოგურტის ბაზარზე. ანტუან რიბო იყო ხელმძღვანელი, რომელმაც კომპანია მსოფლიო გიგანტად აქცია.

ანტუანის წასვლის შემდეგ კომპანიას სათავეში მისი ვაჟი ფრანკ რიბო ჩაუდგა. მისი წამოწყებული რეკონსტრუქციის მიზანი უამრავი არასაჭირო ბრენდის თავიდან მოშორება იყო. XXI საუკუნის დასაწყისში კომპანიას თვალი კონკურენტებმა, "ნესტლემ" და "კრაფტ ფუდსმა" დაადგეს, აგრეთვე "პეპსიკომ", მაგრამ შესაძლო გარიგებებს საფრანგეთის მთავრობა აღუდგა წინ. პარიზში შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საფრანგეთი თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის წარმოებების უცხოურ კორპორაციებზე გაყიდვის ნებას არ იძლევა. გასაკვირი არაფერია, რადგან "დანონი" მართლაც საფრანგეთის ნამდვილი მონაპოვარია და არავის სურდა უცხოელების ხელში მისი ჩაგდება. ეკონომიკურად პატრიოტულ კანონს "დანონის კანონიც" კი უწოდეს.

კომპანიის სტრატეგიის მთავარი მიმართულებებია ახალი რძის ნაწარმი და ბავშვთა კვება, ნამცხვრები, მინერალური წყალი. დღესდღეობით სწორედ ეს ბაზრებია "დანონისთვის" ძირითადი და სამივე მიმართულებით წამყვანი პოზიცია უჭირავს. კორპორაციის ბრენდები, Danone-ის გარდა, არის Actimel-ი, Activia, Danacol-ი, Evian-ი, Volvic-ი, Aqua, Bonafont-ი, Milupa, Nutricia და კიდევ ათეულობით სხვა.

2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის (რომელთა აქციები საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა) ჯერჯერობით ბოლო, 2011 წლის მარტის მსოფლიო რეიტინგში "დანონის" საბაზრო კაპიტალიზაცია "ფორბსმა" $39,7 მილიარდად შეაფასა და 218-ე ადგილი მიაკუთვნა. გაყიდვა $22,7 მილიარდია. კომპანიაში, რომელსაც 57 წლის ფრანკ რიბო ხელმძღვანელობს, 81 ათასი ადამიანი მუშაობს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ