სამთავრობო ანტიმონოპოლიური სამსახური სამთავრობო მონოპოლიების წინააღმდეგ?! - კვირის პალიტრა

სამთავრობო ანტიმონოპოლიური სამსახური სამთავრობო მონოპოლიების წინააღმდეგ?!

"სამსახური, რომლის ხელმძღვანელიც მთავრობას დაექვემდებარება, ქმედითი ვერ იქნება"

კანონი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის" შესახებ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ანტიმონოპოლიური სამსახური, რომლის შექმნასაც ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად, ხუთი წლის განმავლობაში აჭიანურებდა, "სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის" სააგენტოს ბაზაზე ჩამოყალიბდება. ამის მიუხედავად, ექსპერტები არ ელიან, რომ ანტიმონოპოლიური უწყების ამოქმედებით ადგილობრივ ბაზარზე მონოპოლიების პრობლემა მოგვარდება, რადგან კანონიც პოლიტიკურ ნებას ემორჩილება.

ნავთობპროდუქტების ბაზარი, ფარმაცევტული ბიზნესი, სურსათის იმპორტი - ეს ის სფეროებია, სადაც უკვე წლებია, კონკრეტული კომპანიების დომინანტური მდგომარეობა იკვეთება. ბუნებრივია, რიგითი მომხმარებელი ელის, რომ ამ სექტორებში მოთამაშეები იძულებული გახდებიან, ერთნაირად მაღალი ფასები და მოგების ასტრონომიული მარჟა შეამცირონ, თუმცა კანონში ჯერ ისიც კი არ არის გაწერილი, მოექცევიან თუ არა ეს სექტორები რეგულირების ქვეშ...

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" "ანტიკონსტიტუციურიც" კი უწოდა ე.წ. ანტიმონოპოლიურ კანონპროექტს, რომლის 23-ე მუხლი კონსტიტუციის 94-ე მუხლს ეწინააღმდეგება. "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონის თანახმად, სააგენტოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივანს სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს, რომლის ოდენობას მთავრობა განსაზღვრავს. კონსტიტუციაში კი ნათქვამია, რომ გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესსა და სტრუქტურას კანონი ადგენს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეფასებით, კანონი კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან მის მუშაობაში დიდი როლი ენიჭება მთავრობას, რომელიც სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებს ამტკიცებს, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.

ასე რომ, დიდია ალბათობა, ანტიმონოპოლიური სამსახური ევროკავშირისთვის თვალის ასახვევად შექმნილ უწყებად დარჩეს, ბაზარზე არსებულმა მონოპოლიებმა კი მისი რეგულირების მიღმა თავისუფლად განაგრძონ მოქმედება.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღება ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც ბაზარი მცირეა, ხოლო მონოპოლიზების ალბათობა დიდი, თავისთავად კარგია, მაგრამ საკანონმდებლო საფუძველი კონტროლის რეალურ მექანიზმს უნდა ქმნიდეს. დღეს ბევრ სექტორში შეინიშნება კარტელური გარიგებები. მაგალითად, საწვავის ბაზარი ერთ-ერთი სფეროა, სადაც კარგად ჩანს ხუთი დომინანტი კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა. ისინი ერთ დღეს, ერთი და იმავე ტარიფით ცვლიან ფასებს ადგილობრივ ბაზარზე, მსოფლიო ფასების შეუსაბამოდ. არადა, ყველა ამ კომპანიას ხარჯების განსხვავებული სტრუქტურა აქვს. როგორც ამბობენ, საწვავიც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ. ეს საკმარისი საფუძველია ვარაუდისთვის, რომ ისინი ერთი თამაშის წესებით თამაშობენ.

იგივე ვითარებაა კვების პროდუქტების, მაგალითად, შაქრისა და მარილის იმპორტში. ფარმაცევტული ბიზნესი მეტ-ნაკლებად გაიხსნა, რადგან ბაზარზე რამდენიმე იაფი სააფთიაქო ქსელი შემოვიდა და მოიხსნა მონოპოლიზაცია წამლის რეგისტრაციაზე. თუ ადრე სუბიექტი წამლის შემოტანას დაარეგისტრირებდა, იმავე წამლის შემოტანა სხვას აღარ შეეძლო. დღეს ეს შეზღუდვა არ არის. მაგრამ ფარმაცევტულ სექტორში დგას ვერტიკალური მონოპოლიების პრობლემა - ერთი სუბიექტის ხელშია სააფთიაქო ქსელი, წამლის წარმოება, კლინიკები, სადაზღვევო ბიზნესი. ბიზნესების ვერტიკალური გაერთიანება მომხმარებლის არჩევანს ზღუდავს, რაც აუცილებლად უნდა გახდეს ანტიმონოპოლიური სამსახურის მოკვლევის საგანი. ყველა ჩამოთვლილ ბიზნესსექტორზე ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს.

თუმცა ვფიქრობ, ამ სახით ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა რეალურად არაფერს შეცვლის. ბაზრის მოკვლევა "კონკურენციისა და ვაჭრობის ზედამხედველობის სააგენტოს" უშუალო მოვალეობაა. ახსოვთ თუნდაც ერთი შემთხვევა, ამ უწყებას ასეთი ანალიტიკური დოკუმენტი გამოაქვეყნებინოს? სამსახური, რომლის ხელმძღვანელიც მთავრობას დაექვემდებარება, ქმედითი ვერ იქნება. საიდუმლო არავისთვისაა, რომ კომპანიები, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ და მონოპოლიური მდგომარეობა აქვთ, სამთავრობო უწყებების პირდაპირი თუ არაპირდაპირი მხარდაჭერით სარგებლობენ. ამის ნათელი მაგალითია თბილისში სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი, რომელიც კერძო კომპანიაა, მაგრამ არაპირდაპირი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან. გამოდის, უწყება, რომელიც მთავრობის მიერ არის შექმნილი, უნდა ებრძოლოს იმ კომპანიებს, რომლებიც მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობენ?! ამიტომ მგონია, რომ შესაძლოა ეს არაფრის მომცემი სამსახური გახდეს, თუ კანონში უფრო ეფექტური მექანიზმები არ ჩაიდო. რადგან ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ ჩვენ ასეთი სამსახური უნდა გვქონდეს, მგონია, რომ ეს ევროკავშირის ზეწოლის შედეგია და ბაზარზე ვერაფერს შეცვლის. თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური გვაქვს. მოკლედ, ერთგვარი საჩვენებელი სამსახური იქნება".

დავით ნარმანია (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "მესამე მოსმენამდე კანონში ცვლილებები კიდევ შევიდა - ზოგიერთი პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა და გამწვავდა. კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო, ხოლო კანონქვემდებარე აქტები ჯერაც არ არსებობს. ისინი კი დიდად განსაზღვრავს ერთიანი სისტემის მოქმედებას. ამიტომ ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია, რას მივიღებთ ამ სიახლით.

კანონი არ ეხება კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებს, რადგან ისინი ცალკე რეგულირდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონმდებლობით.

არ არის ცნობილი ბიზნესის ის სფეროები, რომლებზეც ანტიმონოპოლიური კანონი გავრცელდება და შესაბამისად, არც ის, რა სფეროები აღმოჩნდება კანონის რეგულირების მიღმა. ისინი მთავრობამ კანონქვემდებარე აქტებით უნდა განსაზღვროს. ერთადერთი, ცნობილია, რომ ანტიმონოპოლიური კანონი არ ეხება პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებს, რაც ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია. შესაბამისად, მთავრობამ შესაძლოა კანონის რეგულირების მიღმა დატოვოს ისეთი სფეროები, სადაც აშკარად ოლიგოპოლიური მდგომარეობაა.

მიღებული კანონით არ რეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ბიზნესის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. ეს საკვანძო საკითხები ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაშია გათვალისწინებული.

ცალკე საკითხია ჯარიმების შესაბამისობა - თუ სხვაგან ჯარიმები შეუსაბამოდ მაღალია, კონკურენციის კანონმდებლობაში ჯარიმები ძალიან მცირეა. მაგალითად, კომპანიისგან სააგენტოსთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა ისჯება ჯარიმით 1000-დან 3000 ლარამდე. არადა, ინფორმაციის მიუწოდებლობითა და დაფარული საქმიანობით კომპანიამ შესაძლოა მილიონი ლარის მოგება მიიღოს... ზოგ კომპანიას ჯარიმა განესაზღვრება მოგებიდან, ხოლო თუ მოგება არ აქვს, ბრუნვიდან დაიბეგრება. ამიტომ შესაძლოა, თუ კომპანია მცირე მოგებაზე გავა, უფრო ნაკლებად დაჯარიმდეს, ვიდრე ის, ვინც ზარალს მიიღებს - მას წინა წლის ბრუნვიდან გაცილებით უფრო მეტის გადახდა მოუწევს.

ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება, ანტიმონოპოლიურ სამსახურს მიმართოს. ხელისუფლების განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი განაცხადი მოიყრის თავს და ის ამდენ საჩივარს უბრალოდ ვერ გაუმკლავდება. სააგენტოში განცხადების შეტანა იურიდიულ სუბიექტს შეუძლია, რომელსაც ამისთვის საზღაურის გადახდა მოუწევს და ეს მოსაკრებელიც სწორედ კანონქვემდებარე აქტებით განისაზღვრება.

გამოდის, ხუთწლიანი ჩავარდნის შემდეგ ანტიმონოპოლიური კანონი მივიღეთ, მაგრამ ეს შედეგს არ მოგვცემს, თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ იქნება. თუ ქმედითი მარეგულირებელი სამსახური არ ჩამოყალიბდა, ელემენტარულად, კანონის ამოქმედების პრობლემა გვექნება".

ნიშანდობლივია, რომ ნავთობკომპანიების საქმიანობით უკვე საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნებშიც დაინტერესდნენ. გერმანიის ანტიმონოპოლიური სამსახური ხუთი უმსხვილესი კომპანიის საქმიანობას სწავლობს, რადგან მათ შორის საფასო გარიგებაზე ეჭვი გაუჩნდათ. უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ბენზინის ფასების შესწავლა დაიწყო, რადგან ეჭვობენ, რომ ბენზინი მსოფლიო ფასების კონიუნქტურისგან დამოუკიდებლად ძვირდება. ბუნებრივია, დავინტერესდით, შევა თუ არა საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის რეგულირების სფეროში ადგილობრივი ნავთობპროდუქტების ბიზნესი. როგორც აღმოჩნდა, ჯერ ამის შესახებაც კი არ არის ცნობილი...

ახალგამომცხვარ კანონში კიდევ ერთი საყურადღებო გარემოებაა: კონკურენციის უმნიშვნელო შეზღუდვად მიიჩნევა და რეგულაციის მიღმა რჩება, თუ ე.წ. ჰორიზონტალური ხელშეკრულებისას "საეჭვო გარიგების" მონაწილე კომპანიების ჯამური საბაზრო წილი 25%-ს არ აღემატება, ხოლო ე.წ. ვერტიკალური გარიგებისას - 40%.

მხოლოდ ფაქტები

- საწვავის საცალო ბაზარზე წლების განმავლობაში ექვსი კომპანია დომინირებდა: "ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "ეკო", "რომპეტროლი", "სენტა" და "მაგნატი". გასულ წელს ბაზარზე კომპანია "გალფი" გამოჩნდა, რომელმაც "სენტა", "ეკო" და "მაგნატი" შეიძინა. „გალფის“ გამოჩენამდე ლიდერობას „ვისოლი“ ინარჩუნებდა და ბაზრის 35% ეკავა, ხოლო 65%-ს დანარჩენი კომპანიები ინაწილებდნენ. დღეს "გალფს" ყველაზე მეტი - 130 ავტოგასამართი სადგური აქვს, "ვისოლს" - 105, "სოკარს" - 88.

- 2004 წლამდე საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის 65%-ს სამი მსხვილი კომპანია "პსპ", "ავერსი" და "ჯი-პი-სი" ფლობდა, 2010 წლის ზაფხულისთვის კი ისინი 85%-ს აკონტროლებდნენ. მსხვილ მწარმოებელთა შორის "ავერსი რაციონალის" საბაზრო წილი 59,9% იყო, ხოლო GMP-ის - 29,9%. საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის 2010 წლის ფარმაცევტულ ბაზრის კვლევის თანახმად, ფარმაცევტული საქონლის იმპორტს 94 კომპანია ახდენდა: 16,8% "პსპ"-ის წილი იყო, 14,4% - "ავერსის", 10,7% - "გლობალ ფარმის", 9,3% - GPS-ის.