ევროკრიზისი სამხრეთს უტევს - კვირის პალიტრა

ევროკრიზისი სამხრეთს უტევს

იტალიის სავარაუდო დეფოლტი საბერძნეთისა და ესპანეთისაზე გაცილებით მძიმე იქნება

დაახლოებით ერთი თვის წინ ევროპელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ ევროპაში კრიზისი დასასრულს უახლოვდებოდა. მოგვიანებით იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ ჩინეთში, ეკონომიკურ ფორუმზე, კრიზისის დასრულების შესახებ საზეიმო განცხადებაც კი გააკეთა. თუმცა, კრიზისი გრძელდება და დასრულებას არ ჩქარობს.

კრიზისის მთავარი კერა - საბერძნეთი - დახმარების მიღების შემდეგ ადრინდელივით ყურადღების ცენტრში აღარ არის. ქვეყანამ 130 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო და 107 მილიარდი ვალიც ჩამოაწერეს. საბერძნეთის შემდეგ ყურადღება ესპანეთისა და იტალიისკენ არის მიპყრობილი.

მარტის ბოლო დღეები ესპანეთისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება სახელმწიფო ხარჯებს მკვეთრად, 27 მილიარდი ევროთი ამცირებს. დაგეგმილია სახელმწიფო სექტორის თანამშრომლების ხელფასების გაყინვა და სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტის 16,9%-ით შემცირება; აგრეთვე ხაზინის 12,3 მილიარდი ევროთი შევსება და ამ თანხის დიდი წილი მსხვილი კომპანიებისთვის გაზრდილი გადასახადები იქნება. მთავრობაში აღიარეს, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარება შეიქმნა. ეკონომისტები კი ეჭვობენ, რომ ხარჯების შემოთავაზებულ შემცირებას ესპანეთის ევროპელი პარტნიორები საკმარისად არ მიიჩნევენ.

პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ჯერ კიდევ თებერვალში შეათანხმა ევროპის კომისიასთან, რომ წლეულს საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 5,3%-მდე შემცირდება. თუმცა ეკონომიკის პროფესორი მადრიდიდან ხავიერ დიას ხიმენესი სკეპტიკურად არის განწყობილი. მისი შეფასებით, ამ მიზნის მიღწევა, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება. ოფიციალური პროგნოზით, წლეულს ესპანეთის მშპ 1,7%-ით შემცირდება. ქვეყანაში უმუშევრობა დღეს 24%-ია. ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს დახმარებების შენარჩუნებასა და პენსიების ზრდასაც კი. ძველ ნიშნულზე რჩება დღგ. თუმცა მოსახლეობას გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი გაეზრდება.

სპეციალისტები ეჭვით უყურებენ ესპანეთის ხელისუფლების განზრახვას - მნიშვნელოვნად შეამცირონ სახელმწიფო ხარჯები და იმავდროულად, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება მოახდინონ. ევროკომისიაში ზოგიერთი ექსპერტი იმედოვნებს, რომ ესპანეთს არ დასჭირდება მეზობლების დახმარება, მაგრამ ამ აზრს ყველა არ იზიარებს.

ფორცა, იტალია?

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ ევროზონაში კრიზისის დასასრულის შესახებ სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ განაცხადა, ახლა უკვე თვითონაც არ იცის, რა პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

ევროპული ვითარების ბოლო ცვლილებაში ლომის წილი ევროპის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის. გასული წლის მიწურულს მან ევროპელ ბანკირებს იაფი კრედიტები მისცა, მოცულობა 1 ტრილიონ ევროს აჭარბებდა. ამან სავალო კრიზისი დროებით ჩააქრო, მაგრამ თანხა ამოიწურა და ყველაფერი ძველ ადგილს დაუბრუნდა. ევროპის ცენტრალური ბანკი ჩარევას ჯერჯერობით არ აპირებს. ასე რომ, იტალია შესაძლოა, მარტო აღმოჩნდეს მრავალრიცხოვანი პრობლემების პირისპირ. ამ ქვეყნის დეფოლტს გაცილებით მძიმე შედეგები ექნება, ვიდრე საბერძნეთის ან, თუნდაც ესპანეთის გაკოტრებას.

პრემიერ-მინისტრს მოუწევს პასუხის მოძებნა მოსახლეობის სულ უფრო მზარდი უკმაყოფილებისთვის. იტალიაში იზრდება გადასახადები, 9,3%-იანი უმუშევრობა ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალია. ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი 30%-ს ბევრად ასცდა. იტალიის პარლამენტს კი წინ შრომის ბაზრის რეფორმის პროექტი უდევს დასამტკიცებლად. შრომის ბაზრის "მოქნილობის გასაზრდელად", საგრძნობლად გამარტივდება მომუშავეთა სამსახურიდან გათავისუფლება. პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ უამისოდ იტალიის ეკონომიკა რეცესიას თავს ვერ დააღწევს. შრომის ბაზრის რეფორმირება ათი წლის წინ მარიო მონტის წინამორბედმა სილვიო ბერლუსკონიმაც სცადა, მაგრამ პროტესტის ტალღამ განზრახვაზე ხელი ააღებინა.

ევროზონის გასაჭირი

კრიზისი ევროზონაში მხოლოდ საბერძნეთს რომ არ უტევს, ყველაზე კარგად თავად ევროკავშირში იციან. მას შემდეგ, რაც 1999 წელს ევროპის ერთიანი ვალუტა ამოქმედდა, უმუშევრობა 2012 წლის დასაწყისში რეკორდულად გაიზარდა. საგანგაშო მდგომარეობა მხოლოდ დასაქმებაში არ არის, ევროპის ქვეყნებში წარმოებაც მცირდება. თუ უმუშევრობის ლიდერი ქვეყანა ესპანეთია, წარმოების შემცირებით საფრანგეთი "გაიჭრა" წინ. ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა რეცესიისკენ „მიხოხავს", სხვათა აზრით, ევროზონაში ახალი რეცესია უკვე დადგა. ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს კვლავინდებურად ფინანსური დახმარების იმ ევროპული ფონდის იმედი აქვთ, რომელიც დასახმარებელი ქვეყნებისთვის შეიქმნა და რომლის მოცულობაც 500-დან 800 მილიარდ ევრომდე უნდა გაიზარდოს.

პრომლემურმა ქვეყნებმა ერთმანეთისკენ თითის გაშვერაც დაიწყეს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ ესპანეთს ევროზონაში სავალო კრიზისის ახალი ტალღის წყარო უწოდა, მისმა ესპანელმა კოლეგამ კი ევროკავშირის ლიდერებს გამონათქვამების შერჩევა ურჩია იმ ქვეყნის კრიტიკისას, რომელიც, ფინანსურ კრიზისთან ბრძოლაში "ყველაზე ექსტრემალურ ზომებს" იღებს. ხარჯების შემცირების მთავარი მუხლებია განათლება, ჯანდაცვა, სახელმწიფო სამსახურებში მომუშავეთა ხელფასების გაყინვა. ბოლო მონაცემებით, ევროკომისიამ ესპანეთის ბიუჯეტის პროექტის ანალიზის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის ესპანეთს სტაბილურობის ფონდიდან დახმარება არ დასჭირდება.