საკომისიო "ჰაერიდან" - კვირის პალიტრა

საკომისიო "ჰაერიდან"

წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურთან ხშირად იძახებენ საპატრულო პოლიციას. საქმე ის არის, რომ ჯიხურში, ფულის გადახურდავებისთვის, მომხმარებლებს საკომისიოს სახით 9,5% ახდევინებენ.მართალია, ამის შესახებ სავალუტო ჯიხურის აბრაზე დატანილი წარწერაც იუწყება, მაგრამ ამ ინფორმაციის მაუწყებელი ტექსტი მსხვილი შრიფტით არ წერია და ადამიანთა მზერასაც ხშირად ეპარება.

სავალუტო ჯიხურები, როგორც წესი, თანხის კონვერტირებას მომსახურების საკომისიოს გარეშე ახდენენ. მათი მოგება ვალუტების კურსთა სხვაობაშია. მაგალითად, სავალუტო ჯიხურში თქვენგან 100 დოლარს სხვა კურსით შეიძენენ ლარებში და სულ სხვა, შედარებით უფრო მაღალი კურსით მოგყიდიან იმავე ჯიხურში იმავე 100 დოლარს. საკომისიო მომსახურების დაწესება სავალუტო ჯიხურში დაახლოებით ისეთივე აბსურდია, როგორც მაღაზიაში, 90-თეთრიანი პურის ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის ყიდვისას, "გაწეული მომსახურებისთვის", გამყიდველმა დამატებით კიდევ 5 თეთრი რომ გადაგახდევინოთ.

არადა, მომსახურების საკომისიოს დაწესებას სავალუტო ჯიხურს კანონი არ უკრძალავს, თუმცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის განსაზღვრული ვალდებულებები ეკისრებათ. შარშან, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მომხმარებელთა სრულად ინფორმირებას ავალდებულებს - როგორც სავალუტო კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ (თუ ის დაწესებულია). აგრეთვე, გადამცვლელმა პუნქტმა ვალუტის კურსისა და მომსახურების საკომისიოს შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს, ოპერაციის შემდეგ კი შესაბამისი დოკუმენტი უნდა გასცეს.

ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში შეუძლია მისი გაუქმების მოთხოვნა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტიც ვალდებულია, ოპერაცია გააუქმოს და გაცვლილი ვალუტა კლიენტს დაუბრუნოს. კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა კი კანონდამრღვევთა მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის სანქციებს აამოქმედებს", - განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

თუმცა, როგორც ხსენებული სავალუტო ჯიხურის მაგალითზე ვხედავთ, მეწარმეები ხშირად კანონში არსებულ ბუნდოვანებებს, მომხმარებლების საზიანოდ, საკუთარ ინტერესებს არგებენ. ვალუტის გადამცვლელი ეს ჯიხური რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "პ ენდ დ გრუპი" და კანონის თანახმად, მომსახურების გაწევისთვის მომხმარებლისგან საკომისიოს მოთხოვნა არ ეკრძალება. სავალუტო ჯიხური ბულგარეთის მოქალაქეებს, პაველ დიმიტროვ ნიკოლოვსა და დანაილ ხრისტოვ დენევს ეკუთვნით, რაზეც ჯიხურის კედელზე გამოკრული მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერი მეტყველებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვალუტების კურსის ქვემოთ "თვალსაჩინო" ადგილას მომსახურების საკომისიოს შესახებ ინფორმაციაც გამოკრულია, თუმცა როგორც დაზარალებული მომხმარებლები ამბობენ, ჯიხურში ვალუტის კონვერტირებამდე სიტყვიერად მათ არავინ აფრთხილებს. ვალუტის გადაცვლის ოპერაციიდან 30 წუთი კი ძალიან სწრაფად გადის, ან ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მესვეურებს განგებ გაჰყავთ დრო მომხმარებელთან კამათსა და კანონით განსაზღვრული მათი უფლებების ახსნაში, ამიტომ 30 წუთიც სწრაფად იწურება და ჯიხური კონვერტირებულ ფულს აღარ იბრუნებს, მომხმარებელი კი ოსტატურად მოტყუებული და დაზარალებული რჩება.

მეწარმეების მხრიდან ასეთ საქციელს, ცხადია, კეთილსინდისიერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თუმცა სანამ საკანონმდებლო "ხვრელები" უთოფო ყაჩაღობის შესაძლებლობას იძლევა, ასეთი "კომერსანტების" მსხვერპლი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს.