ტოკიოელი ბიჭები შიბაურას უბნიდან - კვირის პალიტრა

ტოკიოელი ბიჭები შიბაურას უბნიდან

იაპონიის არაერთ დიდ კომპანიას აქვს საინტერესო ისტორია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლას XX-ში. ერთ-ერთი ასეთია კომპანია თოსჰიბა, რომლსაც საფუძველი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაეყარა.

ჰისაშიგე ტანაკამ ტოკიოში 1875 წელს დააფუძნა ფირმა თანაკა Tanaka Enginering Works-ი. ჰისაშიგე ნამდვილი გენიოსი გახლდათ, რისთვისაც მას "იაპონელი ედისონი" შეარქვეს (ზოგჯერ "აზიის ედისონსაც" უწოდებდნენ).

ჰისაშიგე ტანაკა სხვადასხვა დროს გატაცებული იყო მათემატიკით, ასტრონომიითა და არაერთი სხვა დისციპლინით. მან შექმნა სინათლის წყარო, რომელიც ათჯერ მეტად ასხივებდა, ვიდრე კარგი სანთელი. შეიმუშავა ზამბარიანი საათები. ჰისაშიგე მონაწილეობდა ორთქლმავლის, ზარბაზნებისა და თბომავლების შექმნაში. ნამდვილი დიდება კი გამომგონებელს მექანიკურმა თოჯინებმა მოუტანა, რომლებმაც სრულყოფილებით ყველა განაცვიფრა.

1890 წელს ელექტროკომპანია Hakunetsu-შჰა დაარსეს იაპონის ორმა სხვა ინდუსტრიულმა პიონერმა, სიოჩი მოუოშიმ და ფუძიოკა იჩისუკემ. სწორედ აქ შეიმუშავეს 1899 წელს ვარვარების სპეციალური ნათურები, რომელთა მსგავსი იაპონიაში არ არსებობდა. მალე კომპანიას სახელი გადაერქვა და Tokyo Electric Company

ეწოდა. საბოლოოდ, ორი იაპონური კომპანიის შერწყმის შედეგად ქვეყანას Toshiba მოევლინა. ეს 1939 წელს მოხდა, რასაც წინ წარმატებების მთელი წყება უძღოდა.

ბიზნესი "მაცივრიდან"

იაპონიაში არც ერთი კომპანია XX ს-ის დასაწყისში მაცივრებს არ ამზადებდა. "ტანაკა ენჯინიერინგ ვორკსი" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ვითარება შეცვალა. თუმცა კომპანიას 1904 წლის შემდეგ უკვე Shibaura Engineering Works-ი ერქვა. შიბაურა ტოკიოს ერთ-ერთი სპეციალური რაიონის, მინატოს უბანია, სადაც არაერთი მსხვილი იაპონური კორპორაციაა განთავსებული.

პირველ იაპონურ მაცივარზე მუშაობა ფირმამ 1929 წელს დაიწყო, რასაც შედეგი ერთ წელიწადში მოჰყვა - შეიქმნა პირველი იაპონური ელექტრომაცივარი. იგი ძალიან ჰგავდა ამერიკული "ჯენერალ ილექტრიკის" ნაწარმს, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია - თითქმის ყველა სფეროში იაპონელები კოპირებით იწყებდნენ და მხოლოდ თანდათანობით გადადიოდნენ საკუთარი პროდუქციის წარმოებაზე. ასე მოხდა ამჯერადაც. თუმცა მაცივარს იაპონელებმა არაერთი ტექნიკურ სიახლე შეჰმატეს. ."შიბაურას" ინჟინრებმა ყველაფერი იღონეს, რათა ახალ მაცივარს რაც შეიძლება უხმაუროდ ემუშავა, ცხადია, იმ დროის კვალობაზე. ამისთვის მოდელის კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. საბოლოოდ იაპონური მაცივარი თავის ოკეანისგაღმელ "კოლეგას" დიდად ჩამორჩებოდა, მაგრამ იაპონური მრეწველობისთვის ეს დამახასიათებელი იყო - საქმის წამოწყება თავდაპირველად მცირედი, შედარებით მოკრძალებული მიზნებით.

პირველი "კუტი პურის" შემდეგ, კომპანიამ მაცივრის ახალი მოდელი წარმოადგინა. ამჯერად მაცივარი თავიდან ბოლომდე "შიბაურას" ძალებით იყო შემუშავებული და ვერავინ იტყოდა, რომ ეს სხვათა ნაკეთობის ასლი გახლდათ. მიუხედავად ამისა, დიდ ბაზარზე გასვლაზე კომპანია ჯერჯერობით არც ოცნებობდა. იმხანად იაპონიაში მაცივრის შეძენა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ - ის ჭეშმარიტად ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.

კიდევ ორიოდე წელიც და ფირმამ ახალი, ახლა უკვე რევოლუციური მაცივარი წარმოადგინა, უჩვეულო კონსტრუქციით. ინჟინრებმა კომპრესორი და ამაორთქლებელი მაცივრის ქვედა ნაწილში დაამონტაჟეს, რაც იმ დროისთვის უცნაური იყო. "შიბაურა" თანდათან ანგარიშგასაწევი მოთამაშე ხდებოდა მაცივრების იაპონურ ბაზარზე.

ჯერ კიდევ "ტოკიო ილექტრიკ კომპანისთან" გაერთიანებამდე "შუბაურამ" მტვერსასრუტებისა და სარეცხი მანქანების წარმოებაც წამოიწყო. 1939 წელს კი ორივე კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა - მათი შერწყმა მოხდა. გაერთიანებულ ფირმას "ტოკიო შიბაურა ილექტრიკ კომპანი" ეწოდა. ხალხი კი მას შემოკლებით "ტოშიბად" მოიხსენებდა, მაგრამ ეს სახელი, რომელიც ორი კომპანიის სახელის პირველი სიტყვების თავკიდური ასოების შერწყმითაა მიღებული, ოფიციალურად მხოლოდ 1978 წელს ეწოდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე "ტოშიბა" საგრძნობლად გაფართოვდა მთელი რიგი შთანთქმის შედეგად. კერძოდ კი, კომპანიამ შეისყიდა "ნიპონ მედიკალ ილექტრიკი", "ტოჰო მაინინგი", "შიბაურა მაზდა ინდასტრი" და "ტოკიო ფაიე ბრიკი". იმ დროისთვის უკვე გვარიანად გამსხვილებულ კომპანიას შეეძლო ეამაყა ისეთი მიღწევებით, როგორებიც იყო რენტგენის მილაკები, რადიონათურები, ელექტრონათურები ვარვარების ორმაგი ძაფით, ელექტროსხივური მილაკები, რადიომიმღებები, დღის განათების პირველი ნათურები, რადარები. ამდენად, კომპანიის მოქმედების სპექტრი იმ დროისთვის ერთობ ფართო გახლდათ. სწორედ ამან განაპირობა, რომ დღეს "ტოშიბა" ტექნიკისა და ელექტრონიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას მოიცავს.

მეორე მსოფლიო ომი კომპანიამ მედგრად გადაიტანა, თუმცა, რასაკვირველია, აყვავება არ შეეძლო. იაპონიამ ეს ომი წააგო. ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა. ბიზნესი პრობლემებში ჩაეფლო. ადამიანებს ძვირფასი ნივთების შესაძენი ფული არ გააჩნდათ, ბევრი საწარმო კი ან დანგრეული იყო, ან დახურული. მთელი წარმოება თავიდან იყო ასაწყობი და "ტოშიბამ" ეს შეძლო. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ კომპანია პროდუქციას არა მხოლოდ ფართო მომხმარებლისთვის, არამედ სამხედრო საჭიროებისთვისაც უშვებდა. რადარები და რადიოგადამცემები არცთუ ურიგო ხარისხის იყო, რაც მოთხოვნილებას განაპირობებდა ომში იაპონიის დამარცხების შემდეგაც კი - ეს მოწყობილობები ოკუპანტ ამერიკელებსაც სჭირდებოდათ, ხოლო საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა არ გამქრალა.

ნოუტბუკის დაბადება

"ტოშიბამ" 1950-იან წლებში დიდი ნაბიჯები გადადგა წინ. სწორედ ამ დროს შექმნა ფირმამ პირველი იაპონური ტელეგადამცემი და რადიოსარელეო სისტემები, ბრინჯის ელექტროსახარში, სატელევიზიო მიმღებები, ტალღური ღუმელები. 70-იან წლებისთვის "ტოშიბა" მრავალპროფილიანი კომპანია იყო, რომელმაც დიდი რაოდენობით სხვადასხვა სფერო მოიცვა - საოჯახო ტექნიკა, ელექტრონიკა, მოგვიანებით კი საინფორმაციო ტექნოლოგიებიც. ამ უკანასკნელი მიმართულებით იაპონელებმა არა მარტო მიკროსქემები გამოუშვეს, არამედ თავიანთი სიტყვა თქვეს პერსონალური კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროებში.

როცა კომპანიას 1978 წლიდან უკვე ოფიციალურად ეწოდა "ტოშიბა", მის საქმიანობაში მცირე ცვლილებაც მოხდა - კომპანიამ ახალ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო. აქ უწყვეტად მუშაობდნენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე: მეხსიერების ჩიპებზე (DRAM), კომპიუტერებსა და პროგრამებზე. საქმე იქამდეც მივიდა, რომ კომპანიამ 1985 წელს მსოფლიოში პირველმა წარმოადგინა IBM-თან თავსებადი პორტატული კომპიუტერი. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ისტორიაში პირველი ნოუტბუკი იყო. თუმცა პორტატული კომპიუტერები მანამდეც იქმნებოდა, ამას IBM-იც ცდილობდა და პატარა ფირმა Osborne-იც. პრობლემა ის იყო, რომ Osborne-ს კომპიუტერი შორს იყო ნოუტბუკისგან. ის უფრო თანამედროვე კომპიუტერის კორპუსს ჰგავდა, რომელსაც პატარა ეკრანი და კლავიატურა ჰქონდა. "ტოშიბამ" კი მართლაც ისეთი მოწყობილობა შექმნა, რომელსაც შეიძლება პირველი ნოუტბუკი ვუწოდოთ.

დღეს კომპანია ნოუტბუკების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს სხვა ტექნოლოგიებზეც, მათ შორის რობოტებზეც. ფირმას "საოჯახო რობოტების" რამდენიმე მოდელი აქვს შექმნილი. ერთ-ერთს ApriPoco ჰქვია და იმისთვისაა განკუთვნილი, რომ დისტანციური მართვის ნებისმიერი პულტი შეცვალოს. რობოტს არა მარტო საკუთარი მეხსიერება აქვს, არამედ ადამიანის მოქმედებების დამახსოვრებაც შეუძლია, რომ შემდეგ მისი მითითებები შეასრულოს, მაგალითად, ჩართოს ტელევიზორი.

რობოტის სხვა მოდელი Apriaplpha უფრო მრავალმხრივი "ნიჭით" გამოირჩევა. მას შეუძლია წაგიკითხოთ ელექტრონული წერილები, ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები. თუმცა რობოტტექნიკის მხრივ "ტოშიბა" მაინც საგრძნობლად ჩამორჩება სხვა იაპონურ ფირმებს - "სონის", "ჰონდასა" და "ტოიოტას", მაგრამ არა უშავს - ბოლოს და ბოლოს, ყველა ეს ფირმა იაპონურია.

დღეს "ტოშიბა" ათ დამოუკიდებელ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. სრული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თითოეული მათგანი საერთო ხელმძღვანელობას ემორჩილება.

ფირმის ტექნიკით მსოფლიოში უამრავი ადამიანი სარგებლობს. ზოგს მისი მტვერსასრუტი მოსწონს, ზოგს - სარეცხი მანქანა, მავანს კი ნოუტბუკი. კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის გარდა, "ტოშიბა" ამზადებს მობილურ ტელეფონებს, გენერატორებს, საკერავ მანქანებს, სატრანსპორტო, ენერგიის გამანაწილებელ, წყლის გამანაწილებელ, სადგურების ავტომატიზაციის სისტემებს და სხვ. "ფორბსის" შეფასებით 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის (რომელთა აქციები საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა) ჯერჯერობით ბოლო, 2011 წლის მარტის მსოფლიო რეიტინგში "ტოშიბას" საბაზრო კაპიტალიზაცია $25,42 მილიარდად არის შეფასებული. კომპანია რეიტინგში 509-ე ადგილზეა. მისი გაყიდვა $66,28 მილიარდს აღწევს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა - 204 ათას ადამიანს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ