"პალიტრა მედიისა" და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი - კვირის პალიტრა

"პალიტრა მედიისა" და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი

"მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა" თქვენს განკარგულებაშია

აქსიომაა, რომ რეკლამა ვაჭრობის მამოძრავებელია. შესაბამისად, რეკლამის უქონლობა ნიშნავს "უძრავოდ" ვაჭრობასა და შემოსავლის დაკარგვას. მაშ რა ქნას მცირე ან საშუალო ბიზნესმა, რომელიც, მსხვილი კონკურენტებისგან განსხვავებით, რეკლამისთვის თანხას ვერ ხარჯავს, ან ხარჯავს ცოტას და ამიტომ ეფექტიც მცირეა?!

წლეულს საქართველოში სარეკლამო ბაზრის კვლევა საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ (IREX) მოაწყო. როგორც კვლევამ აჩვენა, საშუალო ზომის კომპანიებს რეკლამის განთავსების სურვილი აქვთ, მაგრამ ფინანსური და ორგანიზაციული პრობლემების გამო მარკეტინგულ კამპანიას შესაფერისი რესურსებით ვერ წარმართავენ. ამასთან, მედიის წარმომადგენლებიც იშვიათად სთავაზობენ მცირე კომპანიებს მათთვის ხელსაყრელ წინადადებებს, რადგან ეს კომპანიები ბაზარზე არ ჩანს...

მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს მოთხოვნილება განსაზღვრულ პროდუქტსა და მომსახურებაზე, მაგრამ არ იცოდეს, სად შეუძლია მისი შეძენა ან მიღება. მეორე მხრივ, მომსახურებას უმეტესად სწორედ მცირე და საშუალო ზომის კომპანიები გვთავაზობენ. მიზეზთა გამო, ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ ფართოდ ვერ ვრცელდება. ხშირად მხოლოდ საზოგადოების ვიწრო წრეში, ახლობლებისგან, ნაცნობ-მეგობრებისგან გვსმენია, რომ სადღაც საუცხოო საკონდიტროა, იაფი, მაგრამ პროფესიონალებით დაკომპლექტებული სილამაზის სალონი ან სამკერვალო, სტომატოლოგიური კაბინეტი, სპეციალიზებული სასურსათო მაღაზია, ავტონაწილების, ელექტროტექნიკის, ტანსაცმლის მაღაზიები ხელსაყრელი ფასებითა და მდიდარი ასორტიმენტით. აღსანიშნავია მომსახურების სფერო, სადაც თავისი საქმის არაერთ ნამდვილ ოსტატს ისევ და ისევ მომხმარებელთა ვიწრო წრეში თუ იცნობენ.

ასეთი ბიზნესების "სარეკლამო კამპანია" საუკეთესო შემთხვევაში მცირეტირაჟიანი სარეკლამო ბუკლეტით ან შენობაზე გამოკრული აბრით შემოიფარგლება. ეს ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ ადგილობრივად იცნობენ და ვიწრო კლიენტურით არის შემოფარგლული.

მსხვილი ბიზნესი კი ბაზარს აგრესიული სარეკლამო კამპანიით უტევს და საკუთარი პროდუქციის პოპულარობას სულ უფრო ზრდის. მომხმარებელიც სწორედ იმისთვის იხდის ფულს, რის შესახებაც ყველაზე ხშირად სმენია. შედეგებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) უახლესი კვლევაც ცხადყოფს, რომლის თანახმად, საქართველოში 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, მსხვილ საწარმოებს ბიზნესის ზრდის უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე მცირე საწარმოებს. შარშან მსხვილ საწარმოთა ნახევარზე მეტი გაფართოვდა, ხოლო მცირე საწარმოების - მხოლოდ 17%. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ მცირე საწარმოების 43%-ში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბალი საბაზრო მოთხოვნა ასახელებენ.

კვლევების შედეგები და სარეკლამო ბაზარზე დაკვირვება გახდა ბიძგი "პალიტრა მედიისა" და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისთვის, შეექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობდა ხელს. მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შეიქმნა პროგრამა, რომლის მიზანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეფექტური სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიის შეთავაზებაა. ბიზნესს, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, შეუძლია გაზარდოს ცნობადობა ერთდროულად გაზეთის მკითხველებში, რადიოს მსმენელებსა და ვებგვერდის მნახველებში, აგრეთვე გაზარდოს გაყიდვა მინიმალური ძალისხმევითა და დანახარჯით.

დიმიტრი ქუმსიშვილი ("პალიტრა მედიის" ბიზნესის განვითარების დირექტორი): "პალიტრა მედია" დიდი ხანია აკვირდება სარეკლამო ბაზარს, რადგან მისი ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. ასევე, ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება იყო მისი დაკვირვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

ჩვენ მიერ გაკეთებული დასკვნები გაამყარა, ერთი მხრივ, IREX-ის, მეორე მხრივ - IFC-ის კვლევებმა, რომლებმაც ცხადყო, რომ მცირე კომპანიებს არ გააჩნიათ მარკეტინგული სტრატეგია და ისინი არ გეგმავენ სარეკლამო კამპანიას. ამასთან ერთად, მცირე ბიზნესის მეპატრონეს აქვს ძალიან ზედაპირული ინფორმაცია რეკლამის შესახებ. მას არ აქვს რეკლამის დაკვეთის გამოცდილება. მცირე ბიზნესის მეპატრონეს მიაჩნია, რომ რეკლამა ძალიან ძვირია, რადგან ეფექტურ საშუალებად მხოლოდ სატელევიზიო რეკლამა მიიჩნევა, ხოლო ყველა სხვა სახეობა - არაეფექტურად. ამ ყველა არგუმენტმა გაგვიჩინა დასაბუთებული ცოდნა, თუ რა პრობლემები არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მკაფიოდ დავინახეთ ჩვენი როლი და შესაძლებლობა, მათ ამ თვალსაზრისით დავხმარებოდით.

ამოცანად დავისახეთ, კომპანიებს იმაზე მეტი კომფორტი შევუქმნათ და სარგებელი მივცეთ, ვიდრე თავად წარმოიდგენდნენ. შესაბამისად, შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ კომპლექსურ სარეკლამო პაკეტს. ის მოიცავს ერთი თვის განმავლობაში რეკლამის განთავსებას გაზეთ "კვირის პალიტრაში", რომელიც ყველაზე სანდო გამოცემის სახელით არის ცნობილი ქვეყანაში, ყველაზე მაღალტირაჟიანია და მთელ საქართველოში ვრცელდება; იმავდროულად, სარეკლამო რგოლის დამზადებასა და ერთი კვირის განმავლობაში რვაჯერ გაშვებას რადიო "პალიტრაში"; პლუს ყველაზე რეიტინგულ ვებგვერდ ambebi.ge-ზე, რუბრიკა "მარკეტში" სარეკლამო ნიუსის განთავსებას და ეს ყველაფერი წარმოუდგენელ ფასად - 295 ლარად. მიგვაჩნია, კომპანიის ცნობადობის ამაღლებისთვის, აგრეთვე გაყიდვის გაზრდისთვის, სამივე შესაძლო სარეკლამო არხის გამოყენება ძალიან ეფექტური იქნება. ამავე პროგრამის ფარგლებში დახმარებას გავუწევთ კომპანიებს სარეკლამო ტექსტის შედგენაში, ჩავუწერთ სარეკლამო რგოლს, დავუმზადებთ სარეკლამო დიზაინს - ყოველგვარი დამატებითი გასამრჯელოს გარეშე.

ბევრი გამონათქვამი არსებობს ბიზნესზე და მათ შორის ყველაზე ცნობილი - რომ რეკლამა ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. მართლაც ასეა. რომ არა რეკლამა, პირველ რიგში, ალბათ კონკურენციის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. რეკლამა მუდმივად წარმოაჩენს განსაზღვრული პროდუქციისა თუ მომსახურების მახასიათებლებს. გვინდა, მცირე და საშუალო ბიზნესმა, ერთი მხრივ, სარგებელი ნახოს ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამით და მეორე მხრივ, საკუთარი ძალები მოსინჯოს ფართო ასპარეზზე.

ზოგადად რეკლამის ეფექტურობა რამდენიმე კომპონენტით იზომება. ყველაზე მნიშვნელოვანია ROMI (Return  of Marketing Investment), რომელიც დაიანგარიშება მარკეტინგისთვის გაღებული თანხის უკუგებით. მაგალითად, თუ 100 ლარს დავხარჯავთ და შედეგად გაყიდვა 20%-ით გაიზრდება, ამ ნაზარდისთვის მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით ROMI-ის მაჩვენებლის დაანგარიშებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, საქართველოში რეკლამის ეფექტურობას ამ მეთოდით იშვიათად ითვლიან.

ასევე, სამწუხაროდ, საქართველოში არ ითვლიან ბეჭდურ მედიასა და რადიოში განთავსებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობას. შესაბამისად, კომპანიებს, როგორც წესი, არ შეუძლიათ შეაფასონ ამ მედიაპლატფორმებზე რეკლამის განთავსების სარგებელი. არადა, სიკეთე, რომელიც პრესაში განთავსებულ რეკლამას მოაქვს, გაცილებით მეტია სატელევიზიო რეკლამისგან მიღებულ შედეგზე. ადამიანი პრესას შეგნებულად იძენს და მზად არის იმისთვისაც, რომ გამოცემაში სარეკლამო ტექსტი დახვდება და მას გაეცნობა. ყველაზე გათვითცნობიერებული ინტერნეტმომხმარებელიც კი მიიჩნევს, რომ ინტერნეტრეკლამისგან განსხვავებით, პრესაში განთავსებული რეკლამა 30%-40%-ით უფრო სანდოა.

ეს არის საფუძველი, ვუთხრათ ადამიანებს, რომ აქ არის რეალური შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია და მომსახურება პოტენციურ მომხმარებელს გააცნონ და ამით სარგებელი ნახონ.

"პალიტრა მედია" ძალიან ბევრი წარმატებული ნოვატორული იდეისა და შეთავაზების ავტორია. ამ ეტაპზე მივხვდით, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ის უნდა იყოს ქვეყნის ხერხემალი და დასაყრდენი. საბოლოო ჯამში ამით მთელ ეკონომიკას ექნება სარგებელი, ჩვენც ხომ ამ ეკონომიკის ნაწილი ვართ".

გიორგი ისაკაძე (მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი): "ჩვენი ასოციაცია ამ პროექტში მხოლოდ იმიტომ არ ჩართულა, რომ ჩვენ და "პალიტრა მედია" დიდი ხნის პარტნიორები ვართ. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ერთობ არაორგანიზებული სეგმენტისთვის. პირდაპირ უნდა ვთქვათ, მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს როგორც ფინანსების დეფიციტი, აგრეთვე ხშირად, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, განვითარების პრობლემების წინაშე დგება. ამ ყველაფერში მთავარი განმსაზღვრელი, მენტალობის გარდა, მარკეტინგია, რომლის წარმართვას ზოგ ბიზნესს, მასშტაბებიდან გამომდინარე, ვერც მოსთხოვ, რადგან ამის საშუალება არ აქვს. "პალიტრა მედიის" შეთავაზების უნიკალობა სწორედ ის არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომს ხდის ისეთ სერვისს, რომელიც მათ მარკეტინგის ანაბანას აზიარებს და მათი ბიზნესი, სულ ცოტა, ცნობილი გახდება მომხმარებლების განსაზღვრული სეგმენტისთვის. თუ გავითვალისწინებთ "პალიტრა მედიის" მასშტაბებს - მკითხველებს, მსმენელებსა და ინტერნეტმომხმარებლებს, ეს სეგმენტი მცირე ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, პროექტი წარმატებული იქნება. მეტიც, მას დიდი მომავალი აქვს.

ბიზნესს შემიძლია ერთადერთი რამ ვუთხრა. ჩვენი ასოციაციის ყველა წევრს დაეგზავნა "პალიტრა მედიის" შეთავაზება და ისინი აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში. მეც მაქვს ჩემი ბიზნესი და თავადაც ვაპირებ პროგრამაში მონაწილეობას. მოვუწოდებ ყველას, სულ ცოტა, დაინტერესდნენ, დაუკავშირდნენ "პალიტრა მედიის" თანამშრომლებს და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, არ წააგებენ.

როცა ბიზნესი საკუთარ თავს მარკეტინგის წარმართვის უფლებას აძლევს, მას უკვე აქვს ამბიცია, რომ მისი პროდუქტი კონკურენტუნარიანია, მომხმარებლისთვის მისაღებია და მეტი აგრესიულობით სჭირდება ბაზარზე ამ პროდუქტის გაყიდვა. მომხმარებლისთვის კი ეს არის თვალსაწიერის გაფართოება - რომ ქვეყანაში, გარდა იმ ყველასთვის ნაცნობი 20-30 ბიზნესმენისა და მათი კომპანიისა, რომლებიც ლამის ყოველ დღე ტელევიზიით გადაიცემა, არსებობს სხვა ბიზნესებიც, რომლებიც უამრავ პროდუქტს ქმნიან. ეს პროდუქტი შესაძლოა ნახოთ სუპერმარკეტში, მცირე მაღაზიებში, ჯიხურში... წაგებული აქ არავინ დარჩება. ნებისმიერ მარკეტინგსა და რეკლამას, ბიზნესის ნებისმიერ საზოგადოებრივ აქტივობას საფუძვლად უდევს ერთი რამ - პროდუქტის, მომსახურების ცნობადობის ამაღლება. თუ საქართველოში ამ რესურსების გამოყენებას ვისწავლით, ეს ბიზნესის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა იქნება".

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლებს, ტელ.: 237-78-07, 238-78-70.

იხილეთ ვიდეო: ეფექტური რეკლამა "პალიტრა მედიისგან" მცირე და საშუალო კომპანიებისთვის