წყლის ენერგია მიწების "სანაცვლოდ" - კვირის პალიტრა

წყლის ენერგია მიწების "სანაცვლოდ"

"იაფი ელექტროენერგია სათაგურშიც აღარ არის"

2012 წელი საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წლად გამოცხადდა. წლეულს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 15 ახალი ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობა დაიწყება, სულ 40 ჰესი უნდა აშენდეს. ჰესები უნდა აიგოს მდინარე ჭოროხზე, ნენსკრაზე, ნამახვანზე, აჭარისწყალზე, ისეთ პატარა მდინარეებზეც კი, როგორიც არის ფარავანი და გუბაზეული. გარემოს დამცველები დიდი ჰესების მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევენ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკოსისტემას, ამასთან, დაგეგმილი ჰესების აშენება საქართველოს ბიუჯეტს დიდ სარგებელს ვერ მოუტანს, რადგან წყალქვეშ აღმოჩნდება ათასობით ჰექტარი მიწა, დაიტბორება სოფლები და ქვეყანა ზარალსაც დიდს ნახავს.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მესვეურნი გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ეს პროექტები კომერციულად მიმზიდველია და ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს. საკითხის გარშემო კამათი დღემდე არ წყდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ათეულობით ჰესის აგება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შემცირებას არ გულისხმობს.

ანა გაბრიაძე (ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცის" წარმომადგენელი): "ჩემი აზრით, არ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა კომერციულ სარგებელს მოუტანს ამ ჰესების აშენება საქართველოს. მიწები წყლით დაიფარება, შეიცვლება კლიმატიც და მიყენებულ ზარალს ვერც კი დავითვლით. მით უმეტეს, სპეციალისტთა განმარტებით, ჰესების აგება ქვეყანას არც მოუტანს განსაკუთრებულ შემოსავალს. არსებობს ელექტროენერგიის გამომუშავების სხვა გზებიც, რაღა ეს უნდა ავირჩიოთ? ეკოლოგების უმეტესობის დასკვნით, ზარალი, რომელსაც ამ ჰესების მშენებლობა მოიტანს, გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე კომერციული თვალსაზრისით მიღებული მოგება".

ალექსანდრე თვალჭრელიძე (საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი): "ჩემი მოსაზრება ასეთია: საქართველოში პირველად დაიწყო ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ალბათ კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო, როცა ბუნებრივი რესურსები სათანადოდ არ გამოიყენებოდა. მიმაჩნია, რომ ჰესების აშენება საქართველოსათვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - გამოყენებული უნდა იყოს ალტერნატიული რესურსები, მზისა და ქარის ენერგია. სხვათა შორის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კარგად აქვს შესწავლილი ქარის რესურსები და მალე ალბათ ქვეყანაში ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროებიც ამოქმედდება.

ნამდვილად არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ ჰესების აგებამ შესაძლოა რაღაც უბედურება მოგვიტანოს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღური კაშხალი ენგურჰესია, მაგრამ მისი აგებით არაფერი შეცვლილა, არც სოფლები დატბორილა. იგივე შეიძლება ითქვას ჟინვალჰესზეც(?!). ჩვენ ეს საკითხი თავის დროზე საკმაოდ ღრმად შევისწავლეთ და არ მგონია, ჰესების აგებას რამე ბუნებრივი კატაკლიზმი მოჰყვეს. გაცილებით საშიშია თბოსადგურების აშენება, რომელსაც ძალიან მაღალი სითბური ეფექტი აქვს.

კარგად ვიცნობ ამ პროექტს და მიმაჩნია, რომ ის კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანია: მოხდება ელექტროენერგიის ექსპორტი, ბიუჯეტი შეივსება და მშპ გაიზრდება. ენერგეტიკა ჩვენთან ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც მისასალმებელია. ეს ძალიან მომგებიანი სფეროა. საბოლოოდ, თუ დაგეგმილი 40 ჰესი აშენდება, ჩვენ შევძლებთ დაახლოებით 5-6 მილიარდი კვტ/სთ ენერგიის გაყიდვას წელიწადში, რაც 500-600 მილიონი დოლარია ყოველწლიურად. დამეთანხმებით, ეს სოლიდური შემოსავალია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის".

ნათია თურნავა (ენერგეტიკის ექსპერტი): "პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჰიდროენერგია საქართველოში არის ძალიან იაფი ენერგიის წყარო, რადგან ის დამოკიდებულია არა იმპორტულ გაზზე ან ძვირად ღირებულ რესურსზე, არამედ ბუნების საჩუქარზე - წყალზე. ჯერჯერობით ამ რესურსის მხოლოდ 10%-ია ათვისებული და ინვესტორებიც სწორედ წყლის რესურსით ინტერესდებიან. როცა ლაპარაკია 100-, 200-, 300-მეგავატიან ჰესებზე, ინვესტორი გათვლას აკეთებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საექსპორტო ბაზრებზეც, რადგანაც ეს ძვირად ღირებული პროექტებია და ჩვენი პატარა ბაზარი ვერ იძლევა გარანტიას, რომ ისინი გაწეულ ხარჯებს სასურველ დროში დაფარავენ. როგორც ვიცი, ეს ჰესები შენდება იმ პირობით, რომ ზამთარში ელექტროენერგიით საქართველო უნდა მომარაგდეს, ხოლო სხვა დროს ელექტროენერგია გავა საექსპორტოდ იმ ახალი გადამცემი ხაზით, რომელიც მწყობრში 2012 წლის ბოლოს შევა. ჰესის ამშენებელ ინვესტორსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი ფორმდება, რომლითაც ჰესის მომავალი მფლობელი ვალდებული ხდება, ზამთარში ელექტროენერგია საქართველოში დატოვოს, დანარჩენ პერიოდში კი ექსპორტზე გაიტანოს. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩვენ ისედაც ჭარბი ენერგია გვაქვს და თუ გავიტანთ, ამით არაფერი დაშავდება.

- ამტკიცებენ, რომ ამ ჰესების აშენებით თურქეთი უფრო ისარგებლებს, ვიდრე საქართველო...

- თურქეთში დღეს ჩვენი ელექტროენერგია შეზღუდული რაოდენობით გადის, რადგან ხაზი არ არსებობს, მხოლოდ მცირე ხაზები გვაქვს. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თურქები ელექტროენერგიას ჩვენგან იაფად ყიდულობენ, რადგან 6-8 ცენტს იხდიან ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიაში. მომავალში, როდესაც გადამცემი ხაზი ძალაში შევა, ალბათ ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. აუცილებელია ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებაც: მშენებლობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შედგეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. ინვესტორი ვალდებულია გაითვალისწინოს, რა საფრთხეს შეიცავს ეს მშენებლობა და ის მინიმუმამდე დაიყვანოს".

გარემოს დამცველების განცხადებით კი, ზემოაღნიშნული 15 ჰესის ასაგებად ინვესტორებს ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად გადაეცემათ. ამასთან, მაგალითად, ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად წყალქვეშ რამდენიმე სოფელი მოექცევა; დარიალი ჰესის მშენებლობის გამო შემცირდება ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია 8,6 ჰექტარით. სანაცვლოდ გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნების სამ ახალ ძეგლს შექმნის, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ეს ზიანს ვერ აანაზღაურებს. თერგის წყლის 85% მილში გადაისვრიან, ხოლო კალაპოტში მხოლოდ 15% დარჩება... ბახვისწყლის ხეობაში კი ხუთი კასკადური ჰესის მშენებლობა კურორტ ბახმაროს შეუქმნის საფრთხეს.

ხათუნა ჩიგოგიძე