ხელფასი სხვაა, შემოსავალი - სხვა - კვირის პალიტრა

ხელფასი სხვაა, შემოსავალი - სხვა

2011 წლის საშუალო ხელფასის საბოლოო მონაცემები "საქსტატს" ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია მაჩვენებლები ცალკეული ოთხივე კვარტალის მიხედვით. მოსალოდნელია, რომ საბოლოო მონაცემები უმნიშვნელოდ იქნება განსხვავებული."საქსტატის" თანახმად, ყველაზე მცირე საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში განათლების სფეროშია, სადაც დაქირავებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 330 ლარს შეადგენს, ოდნავ მაღალია ხელფასი კატეგორიაში სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 371,6 ლარი. ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო საქმიანობის სფეროშია (1383,1 ლარი), 1 ათას ლარზე მეტი საშუალო ანაზღაურება კიდევ ერთ კატეგორიაში – სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულ ადამიანებშია (1000,7 ლარი). ყველა დანარჩენი 2011 წელს 1000 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებდა.

ეკონომიკის ექსპერტები "საქსტატის" მონაცემებს გაცილებით სარწმუნოდ მიიჩნევენ, ვიდრე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), გაეროს ერთ-ერთი დაწესებულების გამოქვეყნებულ მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარია. თუმცა, მთავარია, რა მეთოდით დაითვალა საერთაშორისო ორგანიზაციამ საშუალო ხელფასი და ვინ გამოიკითხა. „როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციები ან "საქსტატის" მონაცემებს ეყრდნობიან, ან თვითონ აწყობენ კვლევებს. თუმცა, რა მეთოდით ჩატარდა ეს კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოში, ჩემთვის უცნობია“, - გვითხრა კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ნარმანიამ.

საშუალო ხელფასის შესახებ საუბრისას ექსპერტები საქართველოში უმუშევრობის მაღალ დონეზე მიანიშნებენ. მაგრამ როცა საშუალო ხელფასი იანგარიშება, მაშინ უმუშევრობას არ ითვლიან. იანგარიშება მხოლოდ დაქირავებულთა რაოდენობა და მათ მიერ ერთობლივად მიღებული ანაზღაურება. ამიტომ გააჩნია, დასაქმებულთა რა კატეგორია შეარჩია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალო თვიური ანაზღაურების მაჩვენებლით, 1000 ლარით ($603), საქართველო მსოფლიოში 59-ე ადგილს იკავებს (რეიტინგის ლიდერი ლუქსემბურგია $4089-იანი საშუალო ხელფასით). ეს მონაცემი არ ემთხვევა „საქსტატისას“, რომლის ინფორმაციით, საქართველოში საშუალო ხელფასი 704 ლარია. ხოლო პროფკავშირებში მონაცემები საერთოდ არასერიოზულად მიიჩნიეს.

აღსანიშნავია, რომ ხელფასი და შემოსავალი ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. ხელფასისთვის იანგარიშება მხოლოდ დაქირავებული ადამიანების ანაზღაურება და არა რომელიმე სხვა სახის შემოსავალი. საშუალო თვიური ანაზღაურების სტატისტიკაში არ შევა ოფიციალურად გაფორმების გარეშე აღებული ხელფასი, ასევე, ფირმის მფლობელის შემოსავალი, მიღებული მოგების სახით. საშუალო ხელფასის მაჩვენებელში არ იანგარიშება იმ ადამიანების შემოსავალი, რომლებიც ანაზღაურებას იღებენ, მაგალითად, რეპეტიტორობიდან, და არც თვითდასაქმებულთა მიერ მიღებული შემოსავალი. არც დივიდენდის, რენტის, ან, მაგალითად, საოჯახო მეურნეობის მეშვეობით შემოსავლის მიღება საშუალო თვიურ ხელფასის გაანგარიშებაში არ აისახება. შესაბამისად, საშუალო თვიური ხელფასი, საქართველოს შემთხვევაში, საზოგადოების საკმაოდ შეზღუდული ფენის მდგომარეობას ასახავს.