ფრანგული ბიზნესვარსკვლავი ირლანდიური გვარით - კვირის პალიტრა

ფრანგული ბიზნესვარსკვლავი ირლანდიური გვარით

ალბათ გაძნელდება Hennessy-ს გარდა სხვა ოჯახური ფირმის დასახელება, რომელიც ათასწლეულის მეოთხედია არსებობს. ჰენესების კონიაკის სახლი მალე 250 წელიწადს მიუკაკუნებს. იგი ერთ-ერთი უძველესი ფრანგული ფირმაა და მას დღემდე დამაარსებლის შთამომავლები მართავენ. სწორედ ჰენესიმ აგრძნობინა მსოფლიოს კონიაკის ნამდვილი გემო და ამ სასმლის სახელი დიდებით შემოსა.

"ჰენესი" ფრანგული კომპანიაა, თუმცა მისი დამაარსებელი ფრანგი არ ყოფილა. წარმოშობით ირლანდიელი რიჩარდ ჰენესი, რომელიც ლუდოვიკო XV არმიაში დაქირავებულ ჯარისკაცად მსახურობდა, 1765 წელს კუნძულ რეზე მდებარე ჰოსპიტალში გაამწესეს. 36 წლის რიჩარდი ერთგულად ემსახურებოდა საფრანგეთის არმიას. ჰოსპიტალში მკურნალობისას ჰენესიმ მოინახულა ცნობილი ქალაქი კონიაკი, რომელიც იქვე ახლოს იყო და სახელი ჰქონდა დაგდებული კარგი ალკოჰოლური სასმელებით. სწორედ კონიაკში გასინჯა რიჩარდმა ბრენდი, რამაც ამ სასმლის ისტორია მთლიანად შემოატრიალა.

უკვე გამოჯანმრთელებულმა რიჩარდმა იმავე წელს კონიაკში თავისი ფირმა დაარეგისტრირა და ამ შესანიშნავი სასმლით ვაჭრობას მიჰყო ხელი. აღსანიშნავია, რომ მაშინ ფირმის სახელწოდებაში ირლანდიელს საკუთარი გვარი არ გამოუყენებია. იმ დროს საფრანგეთში ცოტა ვინმემ თუ იცოდა კონიაკის არსებობის შესახებ, მით უმეტეს, არ იცოდნენ სხვა ქვეყნებში. მაგრამ ჰენესის ირლანდიურმა კავშირებმა ხელი შეუწყო მის გასვლას ბრიტანეთის ბაზარზე, სადაც ალკოჰოლს დიდად სწყალობენ. გაყიდვა დღითი დღე იზრდებოდა. სიტყვა "კონიაკი" ევროპელთა ლექსიკონში შევიდა არა როგორც ფრანგული ქალაქის სახელი, არამედ როგორც ალკოჰოლური სასმელი ზეპური საზოგადოებისთვის.

მსოფლიოს დაპყრობა

იმ ხანად ჰენესების სასმელი ხის კასრებით იყიდებოდა, და არა ისე, როგორც ახლა " ბოთლებში ჩამოსხმული და ოჯახის გერბით დამშვენებული, მეტიც " ჯერ "ჰენესიც" არ ერქვა. კასრებში ჩამოსხმა რიჩარდს დამატებით პრობლემას უქმნიდა " მის ნაწარმს აყალბებდნენ. მართალია, ნამდვილი "ჰენესის" გემოს ვერაფერი შეედრებოდა, მაგრამ ბევრი მომხმარებელი განსხვავებას ვერც გრძნობდა. პროდუქტი ბაზარს თავიდანვე წარედგინა, როგორც რჩეულთა სასმელი, არისტოკრატებისა და ფულიანი ხალხისთვის შესაფერისი.

XVIII ს-ის ბოლოს ლონდონი კომპანიისთვის ექსპორტის ცენტრად იქცა. სწორედ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან ვრცელდებოდა სასმელი მთელ მსოფლიოში. 1794 წლისთვის ჰენესიმ მიწოდება აშშ-შიც დაიწყო, რამაც ფრანგული კონიაკის ექსპორტის 40%-ს შეადგინა.

კომპანიის დამაარსებელი რიჩარდ ჰენესი XIX საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა და მართვის სადავეები შვილს, ჟაკს გადააბარა. მან კი ფირმას სახელი მაშინვე ოჯახის მიხედვით გადაარქვა " Jas Hennessy & Co.. თუმცა ლეგენდური სასმლისთვის ეს კარგი დროება არ ყოფილა. საუკუნის პირველ წლებში ევროპას ნაპოლეონი აზანზარებდა. ბევრი ქვეყანა უარს ამბობდა საფრანგეთიდან რამე საქონლის მიღებაზე. პირველ რიგში, ეს ბრიტანეთს ეხებოდა, იქ კი "ჰენესის" ექსპორტის ცენტრი იყო. პრობლემის მოგვარება ბელგიის პორტებით მოხერხდა. ეს ქვეყანა ომში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა და დაპირისპირებულთაგან არც ერთის მხარეს არ იჭერდა.

ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ვითარება გამოსწორდა, ხოლო 1832 წლის შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ ბრიტანეთში ჰენესის კონიაკი სულ უფრო მეტი და მეტი იყიდებოდა. ექიმები ამ სასიკვდილო დაავადების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკისთვის სწორედ კონიაკს ურჩევდნენ. ბრიტანეთში ეპიდემიის გარდა, "ჰენესის" პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი ინგლისის მეფე გეორგ IV-მ, რომელსაც სასმელი ძალიან მოსწონდა. ალბათ ზედმეტია თქმა, რომ მისი წამხედურობით კონიაკის სმა მთელმა სამეფო კარმა დაიწყო.

შემოსავლის უდიდეს ნაწილს "ჰენესი" მაინც უცხო ქვეყნებში გაყიდვით იღებდა. უფრო ზუსტად, XIX საუკუნის დასაწყისში სასმლის 90% საფრანგეთის გარეთ იყიდებოდა. მას შემდეგ, რაც ჰენესებმა ევროპასა და აშშ-ში სახელი მოიხვეჭეს, ოჯახმა სასმელი აზიის რამდენიმე ქვეყანაში გაიტანა. ეს არცთუ ადვილი საქმე გახლდათ, ქვეყნებს შორის კულტურათა განსხვავების გამო. მაგრამ ხარისხიან საქონელს ყველა ქვეყანაში აფასებენ, ამიტომაც "ჰენესი" აზიელებსაც მოეწონათ და ავსტრალიელებსაც.

ვარსკლავური სასმელი

კონიაკი თავდაპირველად ე.წ. ჩამოსასხმელი სახით იყიდებოდა, პირდაპირ კასრებიდან. ბოთლებში მასობრივად ჩამოსხმა XIX საუკუნის II ნახევარში დაიწყეს, როცა კომპანიას სათავეში მორის ჰენესი ედგა. 1864 წელს მორისმა საზეიმოდ გახსნა უკვე ლეგენდად ქცეული ფირმის მასობრივი წარმოების პირველი ქარხანა. რასაკვირველია, ქარხანა საფრანგეთში აშენდა. ბოლოს და ბოლოს, დაიწყეს კონიაკის ბოთლებში ჩამოსხმა, თანაც ორიგინალურ ბოთლებში, რაც სასმლისთვის დამატებით რეკლამად იქცა.

რაც შეეხება რეკლამას, უნდა ითქვას, რომ "ჰენესი" მას ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში მიმართავდა. კომპანია ცნობილი ადამიანების თავყრილობებს ასპონსორებდა, ხოლო იქ შეკრებილი ხალხი კონიაკს ყურადღებას აქცევდა. მისი გასინჯვისას ყველა ხვდებოდა, რატომ აღმოჩნდა ეს სასმელი სწორედ იქ. მისი გემოს დავიწყება ნამდვილად შეუძლებელი იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მაღალ წრის საზოგადოებაში ნაცნობ-მეგობრებს ამ კონიაკს ურჩევდნენ. "ჰენესი" ერთგვარ სტანდარტად იქცა შეძლებული ხალხისთვის, აგრეთვე, სტილის ეტალონად და გემოვნების ნიშნად.

XIX საუკუნის 60-იან წლებში მორის ჰენესიმ კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა კონიაკის სამყაროში " სასმლის შეფასება ვარსკვლავური სისტემით. ეს იდეა დღეს წარმატებით გამოიყენება უკვე სასტუმრო ბიზნესშიც. იდეა უბრალოა: 5-ვარსკვლავიანი კონიაკი ყველაზე ძვირფასი და ხარისხიანია, 1-ვარსკვლავიანი " ყველაზე იაფი და ნაკლებად სასიამოვნო გემოსი. მაგრამ როგორ განისაზღვრებოდა კონიაკის ხარისხი და გემო? ესეც ადვილად: ხუთი ვარსკვლავი ენიჭებოდა ყველაზე ძველ კონიაკს, ერთი " ყველაზე "ნორჩს". ყველამ იცის, რომ რაც ძველია კონიაკი, მით სასიამოვნო გემოსია, ამასთან, ძვირიც.

70-იან წლებში კომპანიაში, კვლავ მორისის მმართველობისას, რომელიც ალბათ საგვარეულოს ყველაზე წარმატებული და ცნობილი ხელმძღვანელი გადმოდგა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. გამოჩნდა სასმლის ახალი სახეობა Extra Old-. იგი შეიქმნა ოჯახში შენახული სხვადასხვა უძველესი სპირტით, რომლის ზოგი პარტია XVIII საუკუნეში იყო დამზადებული. აღსანიშნავია, რომ მორის ჰენესის "იღბლიანი ხელის" წყალობით Extra Old-ი კონიაკის სრულიად ახალ, ცალკეულ კატეგორიად გადაიქცა.

დიდი ნავი უფრო უსაფრთხოა...

მსოფლიო თანდათან იცვლებოდა. არისტოკრატიამ დრო მოჭამა, ჩნდებოდა ახალი მაღალი საზოგადოება " ბიზნესმენები, მსახიობები (მოგვიანებით მათ მომღერლებიც დაემატნენ) და კომპანიამაც მათზე "აიღო სწორება". რეკლამებში მუდმივად ჩანდნენ ცნობილი ადამიანები. ძვირად ღირებული კლუბები, სასტუმროები და მდიდარი ხალხის თავშეყრის სხვა ადგილები კი ცნობილ კონიაკს იმარაგებდნენ. ძვირფასი სასტუმროს ნებისმიერი მფლობელისთვის აუცილებელი პუნქტად იქცა "ჰენესის" ქონა.

1971 წელს კომპანიამ თავისებური იუბილე აღნიშნა, " გაიყიდა კონიაკ "ჰენესის" მემილიონე ყუთი. თუმცა უძველეს კომპანიაში ამ მოვლენას განსაკუთრებული სიხარულით არ შეხვედრიან. გასული საუკუნის II ნახევარში ადამიანები გაცილებით პრაქტიკული გახდნენ, ვიდრე ადრე. მასობრივი წარმოების განვითარება, გლობალიზაცია " ყოველივე ამან "ლუქსის" კლასის საქონელს არსებობა გაუძნელა. 60-70-იან წლებში საქმეები დამაკმაყოფილებლად მიდიოდა, მაგრამ არც ისე კარგად, რომ "ჰენესი" მომავალზე არ შეფიქრიანებულიყო.

70-იან წლებში კილიან ჰენესიმ გადაწყვიტა, კომპანიის წილი მიეყიდა შამპანურის ცნობილი კომპანია Moet et Chandon-ისთვის. 1988 წელს კი ორივე ფირმა შევიდა ჰოლდინგში Louis Vuitton Moet-Hennessy (LVMH), რომელიც ფუფუნების საგნების მომხმარებლებისთვის მრავალგვარ პროდუქციას უშვებს. საინტერესოა, რომ ჰოლდინგში გაერთიანების შემდეგაც "ჰენესის" უშუალო ხელმძღვანელობა კვლავ ოჯახის ხელში დარჩა. ამჟამად ფირმას მორის-რიშარ ჰენესი ხელმძღვანელობს, თუმცა ის ანგარიშვალდებულია LVMH-ის წინაშე. "ჰენესი" წელიწადში 50 მილიონ ბოთლ კონიაკს აწარმოებს და ამ მაჩვენებლით ყველას უსწრებს. თვით LVMH-ის ხელმძღვანელი კი ბერნარ არნოა, ყველაზე მდიდარი ევროპელი, რომელსაც "ფორბსმა" 2012 წლის მარტის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში $41 მილიარდით მეოთხე ადგილი არგუნა.

ციფრების ენით

" 2012 წლის I კვარტალში კომპანიების ჯგუფმა LVMH-მა, რომელიც ფუფუნების საგნების გაყიდვით არის დაკავებული, ამონაგები 25%-ით გაზარდა, რაც აზიასა და აშშ-ში ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

" ჯგუფის ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2012 წლის პირველ კვარტალში LVMH-ის გაყიდვა $6,58 მლრდ-მდე გაიზარდა.

მოამზადა ნატა ენუქიძემ