"უცნაური" ლატარია
30-04-2012
"უცნაური" ლატარია
სალარო ქვითრების ლატარიის გათამაშების მოულოდნელი შედეგები

მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა ჩეკების გათამაშება დაიწყო, ჩეკი თვალით არ მინახავს. აქამდე თუ გამყიდველები დაუნანებლად მოაყოლებდნენ სალარო აპარატის ქვითარს შენაძენს, ახლა ლამის ძალით უნდა წაართვა. ერთ-ერთმა ისიც კი გამიმხილა, ერთ დღეში 1000 ჩეკის კოდი გავაგზავნე SMS-ით, მაგრამ ვერაფერი მოვიგეო. ალბათ სწორედ ამდენივე მომხმარებელს არ გაატანა სალაროს ქვითარი. მეორემ კი მოიმიზეზა: სალარო აპარატი გვაქვს გაფუჭებულიო და მეორე დღეს რომ გადავამოწმე, ისევ "გაფუჭებული" სალარო აპარატით
მუშაობდნენ.

მოკლედ, საკითხავი შეიქნა, შემოსავლების სამსახურის გათამაშებამ მომხმარებელი უფრო დიდ აზარტში ჩააგდო თუ გამყიდველები, ასე მონდომებით რომ გვიმალავენ ჩეკებს. მომხმარებლები ჩივიან, რომ ნაცნობი გამყიდველებისთვის ჩეკების "გამოძალვის" ერიდებათ, ამიტომ იძულებული არიან სხვა სავაჭრო ობიექტების მომსახურებით ისარგებლონ, რითაც "ნაცნობი გამყიდველების" მაღაზიები ერთგულ მომხმარებლებს კარგავენ. ზოგი ჩივის, რომ
ერთი და იმავე მაღაზიის ჩეკებზე შემოსავლების საიტიდან მოსდით შეტყობინება, რომ კოდი არასწორად არის შეყვანილი. ვიზიტორთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო შემოსავლების სამსახურის საიტი უკვე რამდენჯერმე იყო გათიშული, მობილური ოპერატორების ხაზები კი გადატვირთული. ზოგსაც შემოსავლების სამსახურის სერვერიდან მიღებული პასუხის სისწრაფე აფიქრებს, მაშინ როცა ფაქტურებისა და ზედნადებების გაგზავნისას დიდი დრო სჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩეკების გათამაშებამ მოსახლეობა აზარტში შეიყვანა. არსებული მონაცემებით ყოველდღიურად დაახლოებით ინტერნეტით, მობილურით, სწრაფი მომსახურების აპარატით მილიონ-ნახევარი ჩეკის გადამოწმება ხდება. გათამაშებამ უკვე 10 ათასამდე გამარჯვებული გამოვლინდა, ხოლო მოგებული თანხა 200 ათასს ასცდა.

შოთა მურღულია (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "სალარო აპარატის გამოუყენებლობის პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში დაიძლია, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა გამყიდველები ჩეკს არ არტყამდნენ. ლატარიის გათამაშებით კი უკვე არა მხოლოდ საგადასახადო ამოწმებს ხოლმე ქვითრის გამოწერა-არგამოწერას, არამედ თავად მომხმარებელიც. ამის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შემოსავლის ზრდა იქნება, ანუ ფისკალური ეფექტი. ორიგინალური მეთოდია, გამოიყო ადმინისტრაციული რესურსი (9 მილიონის ლარი) და ჩაერთო საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი.
მოგების შანსი ძალიან დაბალია, რადგან დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ჩეკი ამოირტყმება, მაგრამ მცირე შანსიც რატომ უნდა დაკარგო ადამიანმა, როცა დამატებით არაფრის გაღება საჭირო არ არის. თუ მომხმარებელი არ ითხოვს ჩეკს, მაგრამ მოლარე მას მაინც არტყამს, საგადასახადოს მიზანი მაინც მიღწეულია. სხვა მხრივ, თუ ეძლევა მონაწილეობისა და მოგების შესაძლებლობა, მაგრამ თავად არ სურს, ეს მომხმარებლის ნებაა. ამ დროს, გამყიდველია დაინტერესებული, თავად მიიღოს მონაწილეობა ამ გათამაშებაში. თუ მომხმარებელი ჩეკს მოითხოვს და არ მისცემენ, ეს უკვე ისჯება შემოსავლების სამსახურის მხრიდან. ფაქტობრივად, ყველა შემსყიდველი მაკონტროლებელი გამოდის. საიტის ხარვეზები კი პირველ პერიოდში მოსალოდნელიც იყო, ხშირად არ ვართ ტექნიკურად მომზადებული იმ რეფორმისთვის, რასაც ვახორციელებთ. ასე იყო, მაგალითად, ელექტრონულ ზედნადებზე გადასვლისას, როცა პრობლემები მაინც შეიქმნა. ასე მოხდა ელექტრონული დეკლარირების დროსაც..."

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" ხელმძღვანელი): "შედეგებზე ჯერ ალბათ ცოტა ადრეა საუბარი, წლის ბოლოს, მონაცემებით უფრო ვისმჯელებთ, რამდენად გაამართლა. თუმცა ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კარგი პროექტია, რადგან დღეს სადაც უნდა შეხვიდეთ, მომხმარებელი ყველგან ითხოვს ჩეკს შესყიდულ პროდუქციაზე. ეს არის მომხმარებლისა და გამყიდველის კულტურა და ბრუნვის მაჩვენებლებს აუცილებლად გაზრდის".

მსგავსი გათამაშებები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაშიც ეწყობა, მათ შორის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც. მაგალითად, სომხეთში სალარო აპარატის ჩეკების გათამაშება 2009 წლიდან იმართება. მაქსიმალური საპრიზო ფონდი 5 მილიონი დრამია (დაახლოებით 20,7 ათასი ლარი), რომელიც ჯერ არავის მოუგია. რუმინეთში კი ასეთ გათამაშებებში გადასახადის გადამხდელები მონაწილეობენ, რისთვისაც მათ, სულ ცოტა 100 ლეის (დაახლოებით 50 ლარის) ღირებულების 50 ჩეკი უნდა წარუდგინონ საგადასახადო სამსახურს.
miShas ra?
07 მაისი 2012 16:21
მიშოიდები კი საიდან გამოსძალონ ხალხს ფული იმას ფიქრობენ,:)
a-kido
04 მაისი 2012 13:12
dato
შენ ჩეკი აღარ აიღო პროტესტის მიშნად, ვერავინ ვეღარ მოგატყუებს!
ეს ბიდზინოიდები ყველაფერში რა ნეგატიურს ხედავენ, მაგრა ვხალისობ!
dato
30 აპრილი 2012 18:28
ერტადერტი რაშიც გეტანხმებიტ-შედეგებზე ჯერ ადრეა ლაპარაკი და ნურც ელოდებიტ,ბოლოში მაინც მოტყუებული ისევ ჩვენ ხალხი დავრჩებიტ.

რედაქტორის რჩევით