მცირე ბიზნესს შემოწმების უფრო მძიმე ტვირთი აწევს - კვირის პალიტრა

მცირე ბიზნესს შემოწმების უფრო მძიმე ტვირთი აწევს

"რატომ მიაჩნიათ, რომ არ არის კორუფცია, როცა ქვეყანაში ამა თუ იმ ბიზნესმენს პრივილეგიები აქვს?"

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გამოიკვლია მეწარმეთა დამოკიდებულება საქართველოში, ბიზნესის სფეროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების მიმართ. კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ ათასზე მეტი მეწარმე გამოკითხა. რესპონდენტთა 75% მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემო მეტნაკლებად ან საკმაოდ მიმზიდველია, გამოკითხულთა მხოლოდ 0,11% მიანიშნებს კორუფციაზე და როგორც ირკვევა, მათ ეს პრობლემა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოეშვათ. 6%-ს სმენია სამთავრობო ორგანოებში კორუფციის შესახებ.

კვლევამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2011 წელს, წინა წელიწადთან შედარებით, მცირე საწარმოების მხოლოდ 17% გაფართოვდა, ხოლო 43%-ს კლების ტენდენცია აქვს. გამოკითხული ბიზნესმენები კლების ერთ-ერთ მიზეზად დაბალ საბაზრო მოთხოვნას ასახელებენ. გამოვლინდა სხვა პრობლემებიც, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან - ფინანსების ხელმისაწვდომობა, ჯარიმები, მაღალი საგადასახადო განაკვეთები, კომუნალური ხარჯები.

კვლევის შედეგებს ეთანხმება შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე, რომლის შეფასებით, გასულ ორ წელიწადში ბიზნესპროცედურები საგრძნობლად გამარტივდა, საგადასახადო კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალური გახდა და საგადასახადო ადმინისტრირება და საგადასახადო ტვირთი ბიზნესის შემაფერხებელ მიზეზებს შორის მეექვსე ადგილზეა. ებანოიძე კმაყოფილია იმითაც, რომ გამოკითხული ბიზნესმენების დიდი ნაწილი პირველი რიგის პრობლემებში არა შემოსავლების სამსახურის მომსახურებას, არამედ სხვა პრობლემებს ასახელებს - პროდუქციაზე მოთხოვნას, კონკურენციას ბაზარზე. გამოკითხულთა 3-5% ამბობს, რომ მათი ბიზნესის კლების ან ზრდის მიზეზი საგადასახადო კანონმდებლობა, ან საგადასახადო წნეხი იყო. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენთა დიდი ნაწილის თქმით, კომუნალური ტარიფები ბიზნესისთვის გადასახადებზე მძიმე ტვირთია.

IFC-ის წარმომადგენელ ლიზა კესტნერის განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ მცირე ბიზნესზე საგადასახადო შემოწმებების ტვირთი მაღალია. შემოსავლების სამსახურმა უნდა შეამოწმოს მაღალი რისკის ბიზნესები. მცირე ბიზნესები არ ატარებენ დიდ რისკს, ამიტომ საჭიროა სექტორის შესწავლა და კომპანიების შერჩევა. IFC-ი საქართველოს მთავრობასთან განაგრძობს კონსულტაციებს ბიუროკრატიის, ბიზნესზე წნეხის შესამცირებლად და პროცესების გასამარტივებლად. მცირე ბიზნესისთვის მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიანიშნებს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ისაკაძე. მისი განმარტებით, ბიუჯეტის 70-80% ივსება მსხვილი ბიზნესიდან ამოღებული გადასახადებით, თუმცა დასაქმების 70% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის.

პაატა შეშელიძე ("ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი): "მსგავს კვლევებს მაინცდამაინც დიდად არ ვენდობი. რატომ მიაჩნიათ, რომ არ არის კორუფცია, როცა ქვეყანაში ამა თუ იმ ბიზნესმენს პრივილეგიები აქვს? მაგალითად, პარლამენტარები ბიუჯეტიდან რომელიმე კონკრეტული ბიზნესის დაფინანსებას რომ უჭერენ მხარს - თუნდაც, მეღვინეების სუბსიდირებას და სხვ. ეს ხომ ბიზნესის პრივილეგირებაა? ცალკე საკითხია სხვადასხვა ტენდერების შედეგები.

მსხვილ მეწარმეებს მეტი პრივილეგიები აქვთ, პრობლემების შესახებაც მოსაზრებებს ღიად არ გამოთქვამენ. რაც შეეხება ბიზნესგარემოს, თუ იგულისხმება ადვილად დარეგისტრირება, ყიდვა-გაყიდვა და ნაკლები ბიუროკრატია, ამ მხრივ ნამდვილად არ არის ცუდად საქმე. ბიზნესგარემოს ავ-კარგიანობას ასეთ კვლევებზე უკეთ სხვა მაჩვენებლები ასახავს, მაგალითად, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა.

თუმცა, თუ გადასახადის განაკვეთებზე ამბობენ, რომ მაღალია, მართლაც მაღალია საქართველოს კვალობაზე და მიმაჩნია, ბევრად დაბალი შეიძლება იყოს. ასევე არაპროპორციულად მაღალია ჯარიმები“.

ბიზნესგარემოს ნაწილია საგადასახადო პოლიტიკა, არადა, ფინანსური სფეროს წარმომადგენლებმა საგადასახადო ინსპექტორების პროფესიულ სისუსტეზე მიანიშნეს, რაც ცხადია, ბიზნესგარემოს დადებითად არ ახასიათებს. სტატისტიკის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებისას მეწარმეების 90% ფინანსურად ჯარიმდება, თუმცა მედიაციის საბჭო შემდეგ საჩივრების 70%-ს ამართლებს. აუდიტორული კომპანია „კაპტო ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა ინტერნეტპორტალ "კომერსანტ.გეს" განუცხადა, რომ საჩივრების 70%-ის დაკმაყოფილება საგადასახადო ინსპექტორების პროფესიულ სისუსტეზე მიუთითებს, რაც შემოსავლების სამსახურში როტაციით არის გამოწვეული. ახალ კადრებს პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ, რაც გამამართლებელ საჩივრებს ამრავლებს. თუმცა საგადასახადო კოდექსში ახალი მუხლი შემოსავლების სამსახურს საშუალებას მისცემს, კარგი გადამხდელის სტატუსის კომპანიას დარიცხული პირველადი ჯარიმა მოუხსნას. აუდიტორული კომპანია „ბიდიოს“ ხელმძღვანელ ზურაბ ლალაზაშვილის განმარტებით, საგადასახადო ინსპექტორი მედიაციის საბჭოს მიდგომებს არ იცნობს და შემოწმებისას მათ არ ითვალისწინებს. მეორე მხრივ, კოდექსის ახალი მუხლი შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის დარიცხული ჯარიმის მოხსნის საშუალებას აძლევს, თუმცა საგადასახადო ინსპექტორს შემოწმებისას ამის უფლება არ აქვს.

პაატა შეშელიძე: „ შემოსავლების სამსახურის ინსპექტორი დაჯარიმებისას რისკს ერიდება. როცა ის აჯარიმებს მეწარმეს, შიშობს, რომ გავამართლო, მერე შეიძლება მე მომხვდესო. ამიტომაც აჯარიმებს. მერე მედიაციის საბჭომ იფიქროს, არის დასაჯარიმებელი თუ არაო. ინსპექტორი პასუხისმგებლობას ვერ იღებს“.

ინსპექტორების კვალიფიკაციის შეფასებას არ ეთანხმება შპს აუდიტურ კონცერნ "ცოდნისას" მმართველი პარტნიორი ფრიდონ ალშიბაია. მისი შეფასებით, დაჯარიმებულთა 70%-ის გამართლებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი - საგადასახადო ინსპექტორები მართლაც ვერ იღებენ თავის თავზე მეწარმის გამართლების პასუხისმგებლობას და ხშირად მოქმედებენ პრინციპით: „მე დავარიცხავ და თუ რამეა, საბჭო მოუხსნის“. საბჭოს, საგადასახადო ინსპექტორთან შედარებით, უფლებამოსილებაც მეტი აქვს. მეორე - მეწარმეების მიმართ ბოლო დროს მიდგომა უფრო ლიბერალური გახდა. ხშირად მეწარმეებს ჯარიმები კანონის დაცვით ეკისრებათ, მაგრამ საბჭო ამა თუ იმ ინდივიდუალურ ფაქტორებს ითვალისწინებს (გადასახადის გადამხდელის რეპუტაცია, უნებლიე შეცდომის დაშვების შესაძლებლობა და სხვ.) და გადამხდელს საგადასახადო ინსპექტორების მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან ათავისუფლებს...