რატომ უჭირთ საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება
რატომ უჭირთ საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება
ევროკავშირისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაა, რაც ჯერ კიდევ შორეულია. ოფიციალურად, ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქისთვის არაერთი სავიზო პროცედურა გამარტივდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები მაინც დიდ პრობლემებს აწყდებიან, მათ შორის, ხელისუფლების ის წევრებიც, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ და უვიზო მიმოსვლის უფლებაც ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ ვიზის აღება მაინც უხდებათ(?!).
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, ქართველებს დსთ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით უფრო ხშირად ეუბნებიან უარს ვიზების მიღებაზე ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდით და
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია "თბილისის" ხელმძღვანელ ქეთევან ციხელაშვილს ვესაუბრეთ:

- საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულია ორი შეთანხმება, - ვიზების პროცედურების გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ (რეადმისია - საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება, უკან დაიბრუნოს მოქალაქეები, თუკი ისინი არალეგალებად ჩაითვლებიან ევროკავშირის ქვეყნებში).
2009 წელს ევროკავშირმა ახალი ინიციატივა
წამოაყენა, რაც გულისხმობდა აღმოსავლეთ ქვეყნებთან (ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) თანამშრომლობასა და მათთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის მინიჭებას. ასეთი პრეცედენტი უფრო ადრე ბალკანეთის ქვეყნებთან დაუშვეს, - მიანიჭეს უვიზო მიმოსვლის უფლება, მაგრამ გამოიკვეთა სხვადასხვა ტენდენცია, მაგალითად, გაიზარდა მიგრანტთა რაოდენობა სერბეთიდან და მაკედონიიდან, მათ შორის ბევრი იყო თავშესაფრის მაძიებელი. ამიტომ ევროკავშირმა აღმოსავლეთის ქვეყნებს პირობები გაუმკაცრა. ჩვენ უვიზო მიმოსვლისგან ჯერ შორს ვართ, ველოდებით დიალოგის დაწყებას.

- და მაინც, რამდენად შორს ვართ იქამდე, რომ ქართველებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეძლონ?
- ჯერ რამდენიმე ფაზაა გასავლელი. აუცილებელი წინა პირობაა ვიზების ფასილიტაციისა (გამარტივების) და რეადმისიის ხელშეკრულების გაფორმება და ეს უკვე გაკეთდა. ასევე, გვაქვს პარტნიორობის ფარგლებში მობილურობის (მიმოსვლის) დეკლარაცია, სადაც გაწერილია სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა. მომდევნო საფეხური სავიზო დიალოგის დაწყებაა, რაც გულისხმობს დიდ სამოქმედო გეგმას, რაშიც 4 ძირითადი პრიორიტეტული სფეროა გამოყოფილი. ერთი სიტყვით, საჭიროა მიგრაციის გაკონტროლება, საამისოდ კი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები უნდა გატარდეს, აღიკვეთოს ფალსიფიცირებული დოკუმენტებით საზღვრის გადაკვეთა. ბიომეტრიულ პასპორტში მონაცემების გაყალბება თითქმის გამორიცხულია. საქართველოში საზღვრებზე დამონტაჟდა ახალი სისტემები, რაც ამცირებს გაყალბებული დოკუმენტებით საზღვრის გადაკვეთის ალბათობას.
ასე რომ, ერთი მხრივ, ჩვენგან ითხოვენ დოკუმენტების უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი ყურადღება უნდა მივაქციოთ არალეგალურ მიგრაციას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებს, რაშიც შედის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაც... ჩვენ ცალმხრივად გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. 2006 წლიდან საქართველოში ამოქმედდა კანონი "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომლითაც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლოთ 90 დღის განმავლობაში უვიზოდ დარჩენა საქართველოში, 2009 წელს კი ვადა 360 დღემდე გაიზარდა.

- რამდენად გამარტივებულია საქართველოს მოქალაქისთვის ვიზის აღება?
- გამარტივდა მხოლოდ ის, რომ სამგზავროდ გვჭირდება მხოლოდ ერთი დოკუმენტი (ეს შეღავათიც დაშვებულია ზოგიერთი მოქალაქისთვის და არა დევნილების ან ტურისტებისთვის), მაგრამ მაინც ვაწყდებით პრობლემებს, ხშირად ერთი დოკუმენტი ვიზის მისაღებად საკმარისი არ არის. ოფიციალურად შემცირდა ვიზის მოსაკრებელი, ადრე თუ 60 ევრო იყო, ახლა 35 ევროა. ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეებისთვის (ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის) გაუქმდა სავიზო მოსაკრებელი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სავიზო მოსაკრებელს, 35 ევროს მაინც ახდევინებენ. თუ ადრე ერთწლიანი ვიზა შეიძლებოდა აგვეღო, ახლა 2-დან 5 წლამდე გაიზარდა ვიზის მოქმედების ვადა. შემცირდა სავიზო განაცხადის განხილვის ვადაც, ადრე 30-დღიანი იყო, ახლა კი 10-დღიანია. ისე, ადრე, ისედაც 2-4 დღეში იღებდი პასუხს ვიზის მიღების მოთხოვნაზე. პრობლემაა არა ვიზის განხილვის პერიოდი, არამედ ის, თუ როდის ჩააბარებ განაცხადს საკონსულოში (განსაკუთრებით ზაფხულში), შეიძლება 8 კვირაც კი მოგიხდეს ლოდინი განაცხადის ჩასაბარებლად. ევროკავშირის ქვეყნები ხელმძღვანელობენ სავიზო კოდექსით, სადაც გაწერილია ვალდებულებები. ერთ-ერთი ვალდებულებით ევროკავშირის ქვეყნის საკონსულოში განაცხადის წარსადგენად ლოდინის პერიოდი მაქსიმუმ 2 კვირა უნდა იყოს. ჩვენთან 3-იდან 8 კვირამდეა.

დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს გაუუქმდათ სავიზო ვალდებულებები, მაგრამ მაინც ამჯობინებენ ვიზის აღებას, რადგან საზღვრის გადაკვეთისას დიდხანს აყოვნებენ და არკვევენ, აქვთ თუ არა უვიზოდ მიმოსვლის უფლება. პრობლემაა ისიც, რომ საკონსულოების ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეს უცხო ენაზე უხდება აპლიკაციის შევსება. არადა, უფლება აქვს მშობლიურ ენაზეც მოემსახურონ.

2009-10 წლის სტატისტიკის მიხედვით, ვიზებზე უარის მიღებაში საქართველოს მოწინავე ადგილი უჭირავს ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის ქვეყნებში. მაგალითად, 2009 წელს ვიზებზე უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეების 17.2%-ს, ხოლო 2010 წელს - 14.6%-ს. შემდეგ მოდის სომხეთი 10.8%-ით; 2009 წელს მოლდოვას მოქალაქეების 5.3%-მა ვერ მიიღო ვიზა, ხოლო 2010 წელს - 6.9%-მა და ა.შ. შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვთ აზერბაიჯანს, ბელორუსიას და თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთსაც - მხოლოდ 1,6%-ს უთხრეს უარი ვიზაზე 2009 წელს, ხოლო 2010 წელს სულ რაღაც 1,2%-ს.
ევროკავშირისთვის უსაფრთხო მიმოსვლის მარჟად 3% ითვლება. აქედან გამომდინარე, ქართველებს ვიზის მიღება რომ უჭირთ (17% ძალზე მაღალია), ლოგიკას არ ექვემდებარება. გასაგებია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თავშესაფრის მაძიებელია, მაგრამ ეს არგუმენტად ვერ გამოდგება, რადგან მრავალმილიონიანი რუსეთიდანაც მაღალია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. ზოგიერთმა ექსპერტმა ვიზების მიღებაზე უარის მაღალი მაჩვენებელი ჩვენთან გატარებულ ანტიკრიმინალურ ღონისძიებებს დაუკავშირა და დაასკვნა, საქართველოდან დამნაშავეთა მასობრივად გადინება დაიწყო და ვიზების გაცემაზე უარიც ამის შედეგიაო. ეს არგუმენტიც საეჭვოდ მეჩვენება, რადგან ანტიკრიმინალური ღონისძიებები 2005-06 წლებში დაიწყო. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ვერ ასაბუთებს დასავლეთის, ევროკავშირის პოლიტიკურ კეთილგანწყობას საქართველოსადმი და ეს ცოტა არ იყოს, გაუგებარი მოვლენაა.

სტატისტიკის მიხედვით...
- მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25% ემიგრაციაშია. თუმცა, ჩვენი ემიგრანტების რაოდენობა არა ევროპაში, არამედ დსთ-ის ქვეყნებშია მაღალი. საქართველოს ბევრი მოქალაქეა თურქეთში, უკრაინაში, ისრაელში... ჩვენი სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი მოქალაქე ბრუნდება, ვიდრე გადის, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით კი ასეთი დადებითი ტენდენცია არ შეინიშნება; ჩვენი სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ვინც გადაკვეთს საზღვარს და მოკლე ხანში ისევ შემოვა, საქართველოში დაბრუნებულად ითვლება, რაც მიგრაციასთან დაკავშირებული სულაც არ არის.

- 1992-96 წლებში ნახევარი მილიონი კაცი გავიდა ქვეყნიდან, 97-იდან 2001 წლამდე კი 390 ათასი. 2002-დან 2006 წლამდე 309 ათასმა დაგვტოვა, 2007-დან 2011 წლამდე კი 150 ათასით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

- საინტერესო სურათი მოგვცა ემიგრანტთა ფულადი გზავნილების შესწავლამაც. ცხადია, ეს არ არის სრული დახმარება, რასაც საქართველოში მყოფი ოჯახები შრომითი მიგრანტებისგან იღებენ, ვინაიდან ზოგს ახლობლების მეშვეობით ქეშად უგზავნიან ფულს. მთლიანობაში, თანხა, რომელიც შრომითი მიგრანტებისგან შემოდის, საკმაოდ დიდია. მაგალითად, სოფლის მეურნეობას, რომლითაც დაკავებულია მოსახლეობის 54% საქართველოში, იმაზე ნაკლები წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკის შიდა პროდუქტში, ვიდრე ფულად გზავნილებს. კერძოდ, სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 8,5%-ით განისაზღვრება, ხოლო ემიგრანტთა ფულადი გზავნილებისა - 9,2%-ით. ფულადი გზავნილების წილმა უცხოური ინვესტიციების წილსაც გადააჭარბა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში თითქმის ყველა მე-4 ოჯახიდან ერთი შრომითი მიგრანტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ევროკავშირის 3 ქვეყნიდან - საბერძნეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან ყველაზე მეტი გზავნილი შემოდის საქართველოში.
- ასე რომ, სოციალურ-ეკონომიკური ფონი თუ არ გამოსწორდა, ქვეყნიდან მიგრაციის ტენდენციის შეცვლა გაძნელდება, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან მიმოსვლის გაუმჯობესებისთვის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები