გადამდგარი მენეჯერის წერილი - კვირის პალიტრა

გადამდგარი მენეჯერის წერილი

"ეკოპალიტრა" იწყებს ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებას, რომლებიც მომზადებულია საკონსულტაციო კომპანია"სინერჯი ჯგუფის" სპეციალისტების მიერ. სტატიების დიდ ნაწილს ამზადებენ კონსულტანტები ბიზნესსფეროში საქმიანობის ათწლიანი გამოცდილებით, რომლებსაც საქართველოს მოწინავე ორგანიზაციებში 200-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი აქვთ განხორციელებული.

მე გადამდგარი მენეჯერი ვარ. რამდენიმე ხანს მომიწია იმ ადგილას ყოფნამ, სადაც შენ ახლა ხარ. გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას, რომელმაც შესაძლოა მოვალეობის უკეთ შესრულება გაგიადვილოს, რათა იგივე შეცდომები არ დაუშვა, რაც მე დავუშვი; რათა ორგანიზაციას უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარო, გყავდეს უფრო მეტად კმაყოფილი კლიენტი, უფრო მოტივირებული თანამშრომელი და საერთოდ, იყო უფრო წარმატებული, ვიდრე მე ვიყავი.

მინდა გითხრა, რომ მნიშვნელოვანი მოვალეობა დაგეკისრა. ახლა მხოლოდ შენი თავი აღარ გაბარია. არამედ თანამშრომლები, დამფუძნებლები, კლიენტები, საზოგადოდ, მნიშვნელოვანი როლი გაქვს საზოგადოებაში. გავაანალიზე განვლილი პერიოდი და რამდენიმე რჩევა ამოვარჩიე, რომელიც ჩემი აზრით, პირველი ნაბიჯების უკეთესად გადადგმაში დაგეხმარება.

პირველი რჩევა - რატომ არსებობს ეს ორგანიზაცია?

მთავარი, რაზეც ფიქრი პირველივე დღიდან უნდა დაიწყო, ის არის, თუ რატომ შეიქმნა ეს ორგანიზაცია, რატომ არსებობს და რატომ მოდიან კლიენტები, რატომ იხდიან საფასურს შენი ორგანიზაციის პროდუქტში ან მომსახურებაში. ამ კითხვის სწორი პასუხების ძებნისას დრო არ უნდა დაგენანოს. რაც შეიძლება ბევრი ესაუბრე დამფუძნებლებს, რატომ შეიქმნა ეს ორგანიზაცია, რა იყო ამის მიზეზი და რა გამოცდილება მიიღეს აქედან. ესაუბრე თანამშრომლებს, რათა დაინახო, რა ძირითად სარგებელს ქმნიან ისინი კლიენტებისთვის. ესაუბრე კლიენტებს, რომ დაინახო ის რეალური მიზეზები, რატომ მოდიან ისინი ამ ორგანიზაციაში. ჰკითხე შენს მეგობრებს და ნაცნობებს, რას ფიქრობენ და რა გაუგიათ მათ ამ ორგანიზაციის შესახებ.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და სწორი პასუხის პოვნა აუცილებელია, რათა მომავალში არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კომპანიის გრძელვადიანი არსებობისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. აგრეთვე, ეს გახდება ბევრი ახალი და რაც მთავარია, სწორი იდეის მნიშვნელოვანი წყარო.

მეორე რჩევა - არ მოერიდო რადიკალურ გადაწყვეტილებებს.

გახსოვდეს, შენგან სიახლეებს ელოდებიან. არავინ მოჰყავთ კოსმეტიკური ცვლილებებისთვის, შენგან რადიკალურ და რევოლუციურ ნაბიჯებს ელიან. ელიან, რომ შენ მიიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც ძირეულად შეცვლის ორგანიზაციას. ამიტომ არ დაკარგო დრო დეტალებზე და არ შეგეშინდეს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისა. როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები სტრატეგიაში, ორგანიზაციულ სტრუქტურაში, პროდუქტებში, მიზნობრივ ბაზრებსა და გაყიდვების არხებში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეეხება.

მესამე რჩევა - თავი შეიკავე ნაადრევი შეფასებებისგან.

განსაკუთრებით მოერიდე ისეთი შეფასებებს, რომლებიც თანამშრომლებს შეეხება. მალე აღმოაჩენ, რომ ისინი, ვინც არ ჩანან, რეალურად უფრო ღირებული თანამშრომლები არიან კომპანიისთვის, ვიდრე ისინი, ვინც თავიდანვე დიდ ეფექტს ახდენენ. ყურადღებით იყავი, რომ შეცდომები არ დაუშვა. ეცადე, შორს იყო მათგან, ვინც შენი მისვლის პირველ დღეებში ამბობს, რომ ყველაფერი კარგად მიდის და ყველაფერი კარგადაა. ეცადე აღმოაჩინო და წაახალისო ის თანამშრომლები, რომელთაც დიდი სარგებელი მოაქვთ კომპანიისთვის. ამის დანახვა პირველივე დღეებში შეუძლებელია. ამიტომ არ იჩქარო და შეფასებები ორი-სამი თვის შემდეგ გააკეთე.

მეოთხე რჩევა - ბევრი იფიქრე როლების სწორად განაწილებაზე.

ნუ ეცდები შენით გააკეთო ყველაფერი. პირველივე დღეებში დაინახავ, რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი და იმასაც დაინახავ, რომ ბევრ რამეზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს და არავის არ აქვს შეთავსებული ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. მაგრამ ეცადე გაუძლო ცდუნებას და არ დაიწყო ამ ყველაფრის შენი ძალებით კეთება. ჯობს გადაანაწილო ეს საქმეები სხვა სამსახურებზე ან თანამშრომლებზე. არ მოერიდო ახალი სტრუქტურებისა და პოზიციების შექმნას მნიშვნელოვანი ფუნქციებისთვის. ჯობს უფრო მეტად იმაზე იფიქრო, ვინ გადაწყვიტოს ესა თუ ის ამოცანა, ვიდრე თავად ამოცანის გადაწყვეტაზე.

მეხუთე, ბოლო რჩევა -"დარჩი გარეთ. არ დაიკარგო შიგნით".

ახალი მენეჯერის უპირატესობა პირველ პერიოდში მოვლენებისა და ზოგადად ორგანიზაციის გარე თვალით დანახვის უნარია. რაც დრო გავა, უფრო მეტად ჩაეფლობი ორგანიზაციის ყოველდღიურ ცხოვრებასა და პრობლემებში. ამით თავდაპირველ უპირატესობას ნელ-ნელა დაკარგავ. ამიტომ საჭიროა, დროდადრო გაჩერდე და მიმდინარე მოვლენებს გარეშე თვალით შეხედო. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აზრიც, რომლებიც გარედან აკვირდებიან შენს ორგანიზაციას. ამიტომ ყოველთვის გამოიყენე შანსი, მოსაზრებები იმ ხალხს ჰკითხო, ვინც ორგანიზაციის შიგნით არ მუშაობს.

კიდევ ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, რადგან უფრო მეტი რამ დავინახე ჩემი მუშაობისას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გითხარი. თანაც ვიცი, რომ დრო ცოტა გაქვს და ამაზეც ვიზრუნე. შესაბამისად, შევეცადე მეთქვა მხოლოდ მთავარი და თანაც ლაკონიურად.

P.S. ეს რჩევები უფრო გამოუცდელი მენეჯერებისთვის არის, რომლებმაც ახლახან დაიკავეს კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციები და ადრე ასეთ როლში არასდროს ყოფილან. ისინი შეიძლება ღირებული იყოს განყოფილების, სამსახურის ან ახლად დანიშნული დეპარტამენტების ხელმძღვანელებისთვის. ასე რომ, თუ შენს გარემოცვაში არიან ასეთები, მათაც გაუზიარე შენს გამოცდილებასთან ერთად.

ჯაბა ბურჯალიანი

იბეჭდება მცირედი შემოკლებით.

სტატიის მუდმივი ინტერნეტმისამართი:

http://strategy.ge/2012/03/22/letter-of-retired-manager/#more-1996