ფიქრები გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე... ანუ რამ შეჭამა ბიზნესი - კვირის პალიტრა

ფიქრები გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე... ანუ რამ შეჭამა ბიზნესი

ბიზნესმენი... სამსახურს ეძებს?! სხვა ბიზნესმენი მეხუთე წელიწადია, ჯარიმების დასაფარავად აღებული სესხიდან ვერ ამოსულა. მესამე მეწარმე ქვეყანას ტოვებს და ფულს უცხოეთში აბინავებს, ხოლო ვინც საქართველოშია, თითქმის აღარ აბანდებს თანხას საქმეში და მხოლოდ ბიზნესის შენარჩუნებას ცდილობს - რამდენიმე წლის წინანდელი თავისუფალი სამეწარმეო სული საქართველოში თანდათან განქარდა...

ბიზნესგარემო უარესდება, საქართველოდან უცხოეთში კაპიტალი ინტენსიურად გაედინება (მხოლოდ 2011 წლის განმავლობაში, დაახლოებით, $200 მილიონის ინვესტიცია გავიდა), უცხოური კაპიტალის შემოსვლა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა, ბიზნესი აღარ ვითარდება - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ბოლო დროს საქართველოს შესახებ უცხოური თუ ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევებში მოხვდა. ხელისუფლება ჯიუტად არ აღიარებს პრობლემებს, სამაგიეროდ ყოველმხრივ უწყობს ხელს მის ფრთებქვეშ მოკალათებულ ბიზნესებს, რაც ხვალ, შესაძლოა, ქვეყანას სავალალო შედეგებით შემოუტრიალდეს. რა განწყობაა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეალურ სექტორში და როგორ პირობებში უხდება არსებობა დამოუკიდებელ ბიზნესს საქართველოში, ამის შესახებ "ეკოპალიტრა" ერთ-ერთ ბიზნესმენს ესაუბრა, რომელმაც, გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა...

"90-იანი წლებიდან ვარ ბიზნესში. უცხოეთშიც მქონდა პატარა საქმე, მაგრამ შემდეგ საქართველოში დავფუძნდი. ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ვარდების რევოლუციამდე, გადასახადებს თითქმის არავინ იხდიდა. ბიზნესი მალავდა მოგების, საშემოსავლო გადასახადს და უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ 50%-ს თუ აღრიცხავდა. ზოგ შემთხვევაში მეწარმეები საერთოდ არაფერს იხდიდნენ. საგადასახადო მოდიოდა და თუ რამე დავალება არ ჰქონდათ ზემდგომებისგან, თუ კონკრეტულად ვინმეს გაფუჭება არ სურდათ, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა, ხელზე გადაუხდიდი ბევრად ნაკლებს, ვიდრე მალავდი და ყველაფერი მოგვარებული იყო. ყველგან კორუფცია მძვინვარებდა. ბიუჯეტში ფულის გადახდა არავის სურდა, რადგან, გარდა იმისა, რომ მაკონტროლებლებთან ქრთამით გვარდებოდა საქმე, იცოდი, რომ ეს ფული ჩინოსანთა ან მათთან დაახლოებულ ბიზნესმენთა ჯიბეებში მიდიოდა. ბიზნესს მორალური მოტივაცია არ ჰქონდა, ფული გადაეხადა ბიუჯეტში და შემდეგ ეს ფული ქვეყანას მოხმარებოდა.

რომ არ დაგემალა გადასახადები და კეთილსინდისიერად გადაგეხადა, შენი კონკურენტი აუცილებლად დამალავდა და კონკურენციას წააგებდი, ბაზრიდან გამოვარდებოდი.

2003 წლიდან ბევრი რამ შეიცვალა, საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა, რაც სწორი ნაბიჯი იყო. სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიას როლს ძალიან ვაფასებ, მისი ინიციატივით იმ დროს ხელისუფლებამ ბევრი საღი გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესს შესთავაზეს, დაეწყოთ საქმე სუფთა ფურცლიდან, არ დაემალათ გადასახადები, თუ არადა მათ წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გატარდებოდა. უმეტესობამ ბიზნესის გათეთრება დაიწყო და ჯანსაღი პროცესი ბიზნესში თანდათან განვითარდა. მეც და ჩემს კოლეგებსაც, როცა ვხედავდით, რომ ბიუჯეტში გადახდილი ფული აღარ მიდიოდა ვიღაცის ჯიბეში, აღარ ხდებოდა ტენდერებში გამარჯვებულების გამოვლენა ძმაკაცობისა და ნათესაობის მიხედვით, ე.წ. "ატკატების" გაკეთება და ჩვენ მიერ გადახდილი ფული მართლა იხარჯებოდა ქვეყნისთვის: პოლიციის რეფორმისთვის, ჯარისთვის, გზების რეაბილიტაციისთვის, ფასადის შესაკეთებლად თუ თუნდაც გარეგანათების მოსაწყობად, ეს ძალიან გვახარებდა.

გულწრფელად გეტყვით, ხშირად მიფიქრია და მეგობარი ბიზნესმენებისგანაც მომისმენია, კარგია, თუ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავიხადე, მაგალითად, 10 ათასი ლარი, მომავალ თვეს კი 15-ს გადავიხდიო. ერთი მხრივ, ეს ნიშნავდა, რომ ჩემი ბიზნესი ვითარდებოდა, ხოლო მეორე მხრივ, ჩემი განვითარებით სახელმწიფოს სალაროში სულ უფრო მეტი ფული შემქონდა და ეს ფული ქვეყნის განვითარებას ხმარდებოდა.

ეს მართლა სიამოვნებას განიჭებდა, გრძნობდი, რომ შენს ვალს იხდიდი ქვეყნის წინაშე. ასე გრძელდებოდა 2007-2008 წლამდე. ბიზნესი მართლაც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, ჩამოდიოდნენ უცხოელი ბიზნესმენები, მიწას ყიდულობდნენ, უძრავი ქონების ფასები იზრდებოდა, ბანკები მუშაობდნენ,. ხელისუფლების ზოგიერთი ნაბიჯი შესაძლოა მაშინაც მიუღებელი იყო ჩემთვის, მაგრამ ზოგადი სურათი ქვეყნის განვითარების იმედს იძლეოდა.

- თუმცა ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ე.წ. შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენების "ტერორი" - ბევრი დააკავეს, ბევრსაც დიდი ფული "შეაწერეს". ეს რამდენად სწორი ნაბიჯი იყო?

- საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის ბიზნესშიც, ხელისუფლების ამ ქმედებას მეტ-ნაკლებად გაგებით შეხვდა. მეტიც, ზოგი კმაყოფილებითაც კი, რადგან ამ ბიზნესმენების უმეტესობას დიდი ფული არა საქმის კეთებით, არამედ ხელისუფლებასთან ახლო კავშირების წყალობით ჰქონდა ნაშოვნი. მათი დაკავება, "გაწეწვა", გარკვეულწილად, მაგალითიც უნდა ყოფილიყო ზოგისთვის, რომ არაკეთილსინდისიერად ნაშოვნი მილიონები არავის შერჩებოდა. მაგრამ ეს პროცესი ძალიან გაგრძელდა. მაშინ ჭკვიანმა ხალხმა თქვა, რომ ეს ხელისუფლება ამაზე არ გაჩერდებოდა და მსხვილი ბიზნესმენების შემდეგ ჯერ საშუალო, შემდეგ კი მცირე ბიზნესსაც მიადგებოდა. არადა, იმ დროს ქვეყნის ბიუჯეტში ფაქტობრივად ფულის ორი ნაკადი შედიოდა - ოფიციალური გადასახადებიდან აკრეფილი შემოსავალი და ფული, რომელსაც ბიზნესმენებს ახდევინებდნენ.

როგორც ჩანს, იოლი ფულის შოვნა იმდენად გაუტკბათ, რომ ამაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული გახდნენ. როცა ბიზნესიდან შემოსავლები შეუმცირდათ, ნელ-ნელა ქვედა საფეხურებზე ჩამოვიდნენ და კერძო სექტორის თითქმის 100% "პრესში გაატარეს" - აჯარიმებდნენ იმის ათმაგი და ასმაგი ოდენობით, რაც ეკუთვნოდათ. როცა ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, ბიზნესი იძულებული გახდა, ყველა პირობაზე წასულიყო. დარიცხული ჯარიმა-საურავები რომ გადაეხადათ და არ დაეჭირათ, მეწარმეები იძულებული გახდნენ გაეყიდათ სახლები, ბიზნესები, ზოგი გაიქცა, ზოგი გააქციეს, ზოგიც დააკავეს და ისე წაართვეს ქონება. მოკლედ, ბიზნესში შიშმა დაისადგურა. შიშმა, რომ ხელისუფლებისთვის ზღვარი არ არსებობს, რა მასშტაბებისაც უნდა იყოს ბიზნესი - მილიონი აქვს ბრუნვა თუ 100 ათასი, ადრე თუ გვიან, ხელისუფლების ხელი შენც მოგწვდება.

არასტაბილურობის განცდამ და მომავლის შიშმა ბიზნესს უბიძგა, საქმეში ფული აღარ ჩადოს და ბიზნესი აღარ ვითარდება. ვინც შეძლო, კაპიტალი ქვეყნიდან გაიტანა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და თუ აუცილებელი არ არის, ბიზნესი ინვესტიციას არ აკეთებს, ცხადია, თუ მყარი გარანტიები არ აქვს. ეს კი დღეს მხოლოდ ხელისუფლებასთან სიახლოვეა. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ბიზნესი დაფრთხა, უცხოური კაპიტალიც აღარ შემოდის. მართალია, დღეს მსოფლიო ეკონომიკასაც არ ულხინს, მაგრამ რაც საქართველოში ხდება, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გახდა ცნობილი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა საქმოსანმა მითხრა: ახლა საქართველოში სწორედ ისეთი ვითარებაა, როგორც ჩვენთან - ყველა ბიზნესს ხელისუფლება აკონტროლებს, არადა, სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ გაოცებული ვიყავი, ისეთი მიმზიდველი ბიზნესგარემო გქონდათო.

- საინტერესოა, როგორია დღეს იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც ქვეყნის რეალურ სექტორს ქმნიან?

- დღეს, როცა ბიუჯეტში ფულს იხდი, იცი, რომ ეს ფული წავა ჩინოვნიკი-ბიზნესმენების ჯიბეში ტენდერების საშუალებით, იქნება ეს გეგენავა, კეზერაშვილი თუ სხვები. როგორც შევარდნაძის დროს იყო, იგივე ხდება ახლა - ჩამოყალიბდა სახელისუფლებო ბიზნესმენების კლანი. მსხვილ ტენდერებს იგებენ უგულავას მეგობრები, პრეზიდენტის ნათესავები და სხვ. ან ფული უაზროდ იფლანგება არაფრისმომცემ პროექტებში. როცა იგებ, რომ ხელისუფლება კვიპაროსის ერთ ნერგში 1000 ლარს იხდის, მაშინ როცა იმავე ნერგის შეძენა 100-150 ლარად არის შესაძლებელი; როცა ხედავ, რომ თბილისში ესტაკადების მოწყობაში უამრავი ფული დახარჯეს, მაგრამ ამან პრობლემა ვერ მოხსნა, რადგან პროექტის გარეშე გააკეთეს და ახლა ხელახლა აკეთებენ და ისევ უამრავ ჩვენს ფულს ხარჯავენ;

როცა ხედავ, რომ ქალაქის თავი ვენაში 3000 ევროს იხდის სასტუმროს ნომერში დღეში და მეუღლეს იქ ამშობიარებს და ამას შენ აფინანსებ, ამის შემდეგ აღარ გინდა ფულის გადახდა ვიღაცის ჯიბის გასასქელებლად. გინდა, რომ გაიტანო ეს ფული ქვეყნიდან. ხვდები, რომ შენი გადახდილი ფულის 2/3 ვიღაც არაკეთილსინდისიერი მოხელეებისა და ბიზნესმენების ჯიბეში ხვდება. ბიზნესიდან აკრეფილი გადასახადებიდან ქვეყანას ალბათ 20-30% ხმარდება, დანარჩენი სისულელეებისთვის იხარჯება. იხარჯება იმისთვის, რომ მინისტრის მოადგილეებმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ბიზნესკლასით იფრინონ. არადა, ხელისუფლებაში მოსვლისას სააკაშვილი გაიძახოდა, რომ ეკონომკლასით უნდა ეფრინა, ახლა კი საშუალო რანგის მოხელეებიც კი ბიზნესკლასით დაფრინავენ.

კლანური ბიზნესი ვერასდროს განავითარებს ქვეყანას. როცა კლანია, უკვე მონოპოლიაა, კონკურენცია არ არსებობს, ახალი შეთავაზებები არ ჩნდება, შესაბამისად, ბიზნესი არ ვითარდება. ასეთ ვითარებაში დამოუკიდებელ ბიზნესს სამოქმედოდ ძალიან მცირე არეალი რჩება და იმასაც არ იყენებს, უკეთესს ელის - თუ არ გაუმჯობესდა ვითარება, არ შეიქმნა დემოკრატიული გარემო, სასამართლო არ გათავისუფლდა სახელისუფლებო მარწუხებიდან, ქვეყნიდან ყველა ბიზნესმენი გაიქცევა.

უწინ მეწარმე ბიზნესის დივერსიფიკაციაზეც ფიქრობდა და თამამად აბანდებდა ფულს სხვადასხვა სფეროში, ახლა კი ეს დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ხვალ, შესაძლოა, მაკონტროლებელი მოგადგეს კარს და უმნიშვნელო მიზეზით ისე დაგაჯარიმოს, მთელი ცხოვრება ვალებიდან ვერ ამოხვიდე".

P.S. პირველ ფრაზებში რომ ბიზნესმენები ვახსენეთ, საფუძვლად ცოცხალი მაგალითები გვქონდა. შესაძლოა აწ სამსახურის მაძიებელი ყოფილი ბიზნესმენი ბევრი არ იყოს, მაგრამ ისეთი, ვინც ჯარიმების გამო ღრმა სავალო ორმოში ჩავარდა, უამრავია...