დაზარალება - შერჩევით?! - კვირის პალიტრა

დაზარალება - შერჩევით?!

საბანკო სექტორის წაგება I კვარტალში 76 მილიონს აჭარბებს

2012 წლის პირველი სამი თვე საქართველოს ბაზარზე მოქმედი 19 ბანკიდან წაგებით ექვსმა დაასრულა. ჯამური ზარალი 1-ელი აპრილისთვის 76,7 მილიონი ლარია. ზარალიანი ბანკების რეიტინგში ლიდერი ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკია", მეხუთეა კახი კალაძის "პროგრეს ბანკი". დანარჩენი ოთხი ადგილი თურქული და აზერბაიჯანული ბანკების ფილიალებმა შეავსეს. ბანკ "ქართუს" ირგვლივ დატრიალებული მოვლენები კარგა ხანია იპყრობს ჩვენი საზოგადოების ყურადღებას. ახლახან გაუქმდა ცვლილება, რომელიც სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონსა და საგადასახადო კოდექსში შევიდა. მისი წყალობით ბანკს დიდი რაოდენობით არაუზრუნველყოფილი სესხი დაუგროვდა და ზარალმა, შარშანდელი მონაცემებით, 120 მილიონ ლარს მიაღწია. გასული წლის 18 ოქტომბრიდან ბანკ "ქართუში" ეროვნული ბანკის შემოწმებაც მიმდინარეობს, რომელმაც ჯერჯერობით დარღვევები ვერ აღმოაჩინა, თუმცა შემოწმება მაინც გრძელდება. "ქართუ" ბანკის პრობლემებზე საუბრისგან თავს კვლავაც იკავებენ როგორც ეროვნული ბანკის, ასევე სხვა ქართული ბანკების წარმომადგენლები.

ნატო ხაინდრავა (ბანკ "ქართუს" გენერალური დირექტორის მოადგილე): "მართალია, ის ავადსახსენებელი კანონი, რომელმაც ამხელა ზარალი მოგვიტანა, გაუქმდა, მაგრამ ახლა ჩვენი უშუალო კლიენტების შესახებ გვთხოვენ დაწვრილებით ინფორმაციას. თუ ბანკიდან დიდი თანხა გადის, აინტერესებთ ამონაწერი იმ პირის შესახებ, ვინც ეს თანხა გაიტანა. შეიძლება მოგვთხოვონ ინფორმაცია, რას აკეთებდა ეს ადამიანი ან კომპანია მთელი წლის განმავლობაში. ძირითადად ინტერესდებიან იმ ხალხით, ვისაც ჩვენს ბანკთან, "ქართუ ჯგუფთან", ან "ქართუ ჯგუფის" წევრ რომელიმე კომპანიასთან კონტაქტი ჰქონია. იციან, რას აწარმოებენ, ვინ არიან მათი დამფუძნებლები, თანამშრომლები, რამდენი აქვთ ბრუნვა და სხვ. კიდევ ერთი უცნაური მოთხოვნაც ჰქონდათ: ბანკომატებიდან გატანილი ნაღდი თანხა აინტერესებდათ - ვინც 500 ლარზე მეტი გაიტანა, იმ ხალხის იდენტიფიკაცია მოგვთხოვეს. ასეთი რამ ისტორიას არ მოსწრებია.

მართალია, ეროვნული ბანკი პერიოდულად ყოველთვის გვამოწმებდა, მაგრამ ახლა უკვე ბოროტად იყენებს ამ უფლებას. საკმაოდ მკაცრი რეჟიმი დაგვიწესეს: მოწმდება რა ხდება დღეს, რას ვაკეთებთ ონლაინრეჟიმში, მეტიც - თუ კლიენტს თანხის გადარიცხვა უნდა, ჯერ უნდა შევუთანხმოთ ეროვნული ბანკის შემმოწმებლებს და მხოლოდ ამის შემდეგ გვაძლევენ ოპერაციის უფლებას. და ამას დასასრული არ უჩანს... სიმართლე გითხრათ, დავიტანჯეთ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ოპერაციების წინასწარ შეთანხმებით ეროვნულ ბანკთან. ოქტომბრიდან მოყოლებული, არც ერთი დარღვევა არ აღმოუჩენიათ, მაგრამ მაინც ჯიუტად განაგრძობენ ე.წ. შემოწმებას. სამჯერ გააგრძელეს ამ შემოწმების ვადა, წესით ის 21 მაისს უნდა შეწყდეს, რის იმედიც ნაკლებად გვაქვს.

ირღვევა არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი კლიენტების უფლებებიც. არ შეიძლება იმის გამო, რომ ანგარიში "ქართუში" აქვთ გახსნილი, მათი ანგარიშები მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იყოს. მაგალითად, "ლიბერთი ბანკმა" ყველა გადარიცხვა ეროვნულ ბანკთან რომ შეათანხმოს, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? არც ერთ ბანკში ასეთი რამ არ ხდება, მხოლოდ "პროგრესბანკშია" მსგავსი სიტუაცია. ამ საქმეში საერთაშორისო აუდიტიც ჩაერია. უმსხვილესი აუდიტორული კომპანია "დელოიტ ენდ ტუში" გვამოწმებდა, მათი დასკვნა და ფინანსური ანგარიშგება 16 მაისს გამოქვეყნდება ქართულ პრესაში. ფაქტი ჯიუტია - ჩვენი ბანკის ზარალი იმდენად დიდია, ეს მთელ საბანკო სისტემაზე მოახდენს უარყოფით გავლენას".

ავთანდილ სილაგაძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "რამდენადაც ვიცი, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია კომერციული ბანკებისაგან, მაგრამ ამ ინფორმაციის გამჟღავნებისა და კონფიდენციალობის დარღვევის უფლება არ აქვს. როგორ გამოიყენებს მიღებულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი, ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ მის ქმედებაზე. თანაც მისი გადაწყვეტილებები არ უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ ერთ ბანკზე, რადგან ეს უკვე სუბიექტური მიდგომაა. სამწუხაროა, რომ კანონი, რომელიც გააუქმეს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ "ქართუზე" ვრცელდებოდა. იგივე ხომ არ ხდება ახლაც და ეს პროცესი ჩვენი საბანკო სისტემის რყევას ხომ არ შეუწყობს ხელს? ხომ წარმოგიდგენიათ საბანკო სისტემის არასტაბილურობა რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე... იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა".

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "მსგავსი საქციელით ეროვნული ბანკი ხაზს უსვამს, რომ ის აღარ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მისი მეშვეობით მანიპულირება ხდება. "ქართუ" ბანკში შექმნილი განუკითხაობა მეტყველებს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები მზად არიან, უკანონო დავალებებიც კი შეასრულონ, თუ ეს დავალებები "ზემოდან" მოდის. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, საბანკო სისტემის ნებისმიერი პატიოსანი წარმომადგენელი გეტყვით, რომ ასეთი საქციელი არავითარ კავშირში არ არის საბანკო ზედამხედველობასთან. რა ეროვნული ბანკის საქმეა, ვინ რა საბანკო ოპერაცია ჩაატარა, ვინ რამდენი ფული მოხსნა ბანკომატიდან და რატომ?! და თუ რომელიმე ბანკი რამე დანაშაულს ჩადის, ამისთვის მაკონტროლებელი ორგანოები არსებობს. "ქართუ" ბანკში უკანონობას ვერც აღმოაჩენენ, იქ ნამდვილად არ მუშაობენ ისეთი სულელები, რომლებიც ასეთ რამეს ჩაიდენენ და საქმე საციხოდ გაიხდიან. მე ვიტყოდი, კანონის დარღვევა არაფერ შუაშია, ბანკი დღეს დევნის ობიექტია და ეს სამწუხაროა".

წლევანდელი I კვარტლის ზარალს, 74,257 მილიონ ლარს, "ქართუში" უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილი სესხების ჩამოწერით ხსნიან. სხვა მხრივ, I კვარტალში ზარალზე წვრილი ბანკები გავიდნენ, რაც მთლიანად საბანკო სექტორისთვის განსაკუთრებული საფრთხის არსებობაზე არ მეტყველებს.

ხათუნა ჩიგოგიძე