"მენელსაცხებლე" ბიზნესმამები - კვირის პალიტრა

"მენელსაცხებლე" ბიზნესმამები

Nivea-ს ისტორია 1882 წლიდან იწყება, როცა ფარმაცევტმა პაულ კარლ ბაიერსდორფმა სალბუნი, ე.წ. ლეიკოპლასტირი გამოიგონა და ჰამბურგში ფირმა Baiersdorf-ი დააარსა. რვა წლის შემდეგ, 1890 წელს, კომპანია დოქტორმა ოსკარ ტროპლოვიცმა იყიდა. მეწარმე-ფარმაცევტმა ტროპლოვიცმა სამედიცინო სალბუნებით, პირველი წებოვანი ლენტით და სხვა საქონლით ვაჭრობით გვარიანი კაპიტალის დაგროვება შეძლო.

რასაკვირველია, მთელი მისი ბიზნესი მაინც ადგილობრივი პატარა საწარმო იყო, რომელიც მხოლოდ ჰამბურგის ფარგლებში ვაჭრობდა. "ბაიერსდორფი" საერთაშორისო კორპორაციად, როგორც ბიზნესში ხშირად ხდება, რევოლუციური აღმოჩენის შემდეგ გადაიქცა.

ოსკარ ტროპლოვიცის სამეცნიერო მრჩეველი, დერმატოლოგი პაულ გერზონ უნა გაფაციცებით ადევნებდა თვალს ბაზარს და სიახლეებს სამეცნიერო სფეროში. სწორედ მან მიაქცია ყურადღება ევცერიტის გამოჩენას, რამაც კომპანიის ბედი მთლიანად შემოატრიალა. უნას რჩევით დაიქირავა ფირმამ ქიმიკოსი ისააკ ლივშუტცი, ევცერიტის გამომგონებელი.

წყალ-ცხიმოვანი ემულგატორი ევცერიტი იმ დროის რევოლუციური აღმოჩენა იყო. ლათინურიდან თარგმანში ევცერიტი "მშვენიერ ცვილს" ნიშნავს. ეს იყო პირველი ემულსია, და საფუძვლად დაედო ტროპლოვიცის გუნდის მუშაობას. კვლევების შედეგად, 1911 წელს, ნელსაცხებელი Nivea შეიქმნა. ის მსოფლიოში პირველი დამატენიანებელი სახის კრემი იყო, რომლის მოქმედებაც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა.

სახელწოდება "ნივეა" არ ყოფილა შემთხვევით შერჩეული. ის ძალიან ჰგავს ლათინურ სიტყვა Nivius-ს, ანუ ქათქათას. ნელსაცხებელმა მაშინვე მოიგო ქალების გული. "ნივეას" პირველი ქილა არაფრით ჰგავდა ახლანდელს. ის უფრო კონიაკის ან საწებლის პატარა ბოთლს მოგაგონებდათ. მართალია, კრემი ძალიან ეფექტური იყო, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მეტად მოუხერხებელიც. არადა, გარეგნულად შუშა თავის დროს ძალიანაც შეესაბამებოდა, დიზაინი გაფორმებული იყო "არტ ნუვოს", ანუ მოდერნის სტილში. მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა დღეს კარგად ნაცნობი ქილის ფორმები.

სწორება ქალებზე

ბრენდმა სწრაფად დაიგდო სახელი, როგორც ძალიან ქალურმა და ნაზმა, ის იმდროინდელ ქალბატონებს განასახიერებდა. კომპანია "ბაიერსდორფი" აქტიურად უკვეთდა რეკლამას, თავს არ იზოგავდა თავისი ნაწარმის წარმოსაჩენად. "ქალის პორტრეტი ვარსკვლავებით" - ეს იყო "ნივეას" პირველი სარეკლამო მაკეტი, რომელიც 1912 წელს მხატვარმა ჰანს რუდი ერდტმა შექმნა. ერდტი ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ, მისმა პლაკატმა ქალის სინაზეს გაუსვა ხაზი. შემდგომშიც ერდტის ნამუშევრებმა უდიდესი გავლენა იქონია სარეკლამო საქმეზე.

"ბაიერსდორფი" 1914 წლისთვის თოთხმეტ ქვეყანაში მუშაობდა. პროდუქციაც მხოლოდ გერმანიაში აღარ მზადდებოდა - საქონლის 42%-ს საზღვარგარეთ აწარმოებდნენ. რა თქმა უნდა, კომპანიის მთავარ პროდუქტად"ნივეა" რჩებოდა, რომელსაც უმადლოდა კიდეც ფირმა თავის წინსვლას. მაგრამ გარდა ნელსაცხებლისა, კარგად იყიდებოდა კომპანიის სხვა პროდუქტი - წებოვანი ლენტი, სალბუნები - ანუ ის, რითაც ოსკარ ტროპლოვიცი ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას ვაჭრობდა.

ტროპლოვიცმა, ბიზნესის აწყობასთან ერთად, ფირმის თანამშრომლებს არაერთი შეღავათი დაუწესა - ანაზღაურებული შვებულება, 48-საათიანი სამუშაო კვირა, დეკრეტული შვებულება. ოსკარ ტროპლოვიცი 1918 წელს გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ კომპანიამ "ნივეას" ბრენდით პირველი საპონი გამოუშვა. საპონს მალევე მოჰყვა ფხვნილი. პირველი მსოფლიო ომის წლებში ბიზნესის წინსვლა საგრძნობლად შეფერხდა, რადგან ომმა გერმანიაში დიდი ინფლაცია მოიტანა, რის გამოც საშუალო კლასზე გათვლილი ნელსაცხებლის ფასი მკვეთრად გაიზარდა. თან ხალხს მაშინ ნაკლებად ადარდებდა კრემები და კანის მოვლა. რასაკვირველია, ამან კომპანიას დიდი დარტყმა მიაყენა.

თუმცა "ბაიერსდორფი" გაკოტრებას გადაურჩა და თანდათან მდგომარეობაც გამოსწორდა. 1924 წელს გამოვიდა "ნივეა" ახალი შეფუთვით, უფრო უბრალო და მოსახერხებელი. მას შემდეგ "ნივეას" ქილა დიდად აღარც შეცვლილა, ოღონდ შვიდი წლის შემდეგ დაემატა წარწერა - "საოჯახოდ და სპორტისთვის", რომელმაც ზუსტად გამოხატა ბრენდის სამომავლო ბიზნესნიშა. ამიერიდან ის აღარ იყო უბრალოდ კრემი ქალებისთვის. "ნივეა" ზრუნავდა ყველაზე, ვინც საკუთარ კანზე ზრუნავდა, მათ შორის, მამაკაცებზე. მოგვიანებით კომპანიამ მამაკაცებისთვის საპარსი ქაფიც გამოუშვა, რასაც სხვა "კაცური პროდუქციაც" მოჰყვა.

გაბედული სილამაზე

განახლების საფუძველი ის იყო, რომ 1924 წლიდან საზოგადოებაში ქალის როლი შეიცვალა. ბოლო სარეკლამო პლაკატს, ძველი წყებიდან, "გაუბედავი სილამაზე" ერქვა. ამის შემდეგ კი "ნივეას ქალები" უკვე სხვაგვარი იყვნენ. ქალმა მიიღო ხმის უფლება, გახდა გაცილებით აქტიური, მართალია, დღევანდელ მდგომარეობამდე ჯერ კიდევ შორი იყო, მაგრამ მსოფლიო აშკარად იცვლებოდა. კომპანიის რეკლამაშიც სიახლეები გაჩნდა - პლაკატებზე აღარ გამოსახავდნენ მხოლოდ ქალებს. სინჯებზე არა მაინცდამაინც მოდელებს, არამედ ჩვეულებრივ ქალებს ანიჭებდნენ უპირატესობას, როგორც რეალობის გამომხატველებს.

ზღვაზე ხალხი 20-იანი წლებიდან უფრო აქტიურად ისვენებდა. "ნივეამაც" არ დააყოვნა და პლაჟებზე გამოჩნდა ტუბებში ჩამოსხმული სპეციალური კრემი. კომპანია ამ კრემების ტუბების ფონზე ფოტოკონკურსებს აწყობდა, რეკლამა მომხმარებელს აწვდიდა ინფორმაციას, რომ კრემი მზის მოქმედებას არბილებდა, რომ კომპანიას შეეძლო მათ დახმარებოდა კანის მოვლასა და საერთოდ, გარეგნობის მოწესრიგებაში...

სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნილება სხვადასხვაგვარია. მაგალითად, იაპონიაში არ მოსწონთ გარუჯული სხეული და თეთრს ამჯობინებენ. ამიტომაც იაპონელი ქალებისთვის გერმანელებმა სპეციალური მათეთრებელი კრემი გამოუშვეს... 1931 წლის შემდეგ "ნივეა" პოპულარული გახდა, როგორც საოჯახო პროდუქტი, რამაც მისი მომავალი წარმატება განსაზღვრა. კომპანია განსაკუთრებით ხაზს უსვამდა თავის რეკლამებში, რომ მისი ნელსაცხებელი უნივერსალური იყო, ერთნაირად ესადაგებოდა როგორც ბავშვის, ასევე ქალის კანს, იცავდა ავდრისას, აგრეთვე, არბილებდა კანს წვერის გაპარსვის შემდეგ. ამ დროისთვის კომპანია "ბაეირსდორფში", მსოფლიო მასშტაბით, 1500 ადამიანი მუშაობდა. კომპანიის საქმიანობას არაფერი ემუქრებოდა. ფირმის ასორტიმენტი ყოველწლიურად ფართოვდებოდა, ძალიან პოპულარული იყო "ნივეას" სპეციალური ზეთი მასაჟისთვის, დიდი მოწონებით სარგებლობდა კალენდარი ამინდის რამდენიმეკვირიანი პროგნოზითა და ნელსაცხებელთა რეკლამით.

გერმანულ ფირმას დიდი პრობლემები მეორე მსოფლიო ომის წლებში შეექმნა, მაგრამ ბრენდი მიწასთან გასწორებას ამჯერადაც გადარჩა. საქმე ის იყო, რომ მაშინ ბრენდის რეკლამას ელი ჰეის-კნაპი უძღვებოდა. ეს ქალბატონი ყოველმხრივ ცდილობდა, ნაცისტებისგან თავი შორს დაეჭირა და ამით ეჩვენებინა, რომ "ნივეა", პირველ რიგში, ქალსა და ოჯახზე იყო ორიენტირებული. უნდა ითქვას, რომ ეს გამოსდიოდა კიდეც. ბრენდმა ომს გაუძლო და მალევე "ნივეას" ძირითადი ფერები ლურჯ-თეთრი გახდა.

"დაკარგული" სახელი

ომის წლებში "ნივეას" სავაჭრო ნიშანი ბევრმა კომპანიამ მიითვისა. "ბაიერსდორფი" წლების განმავლობაში განაგრძობდა საკუთარ სავაჭრო ნიშანზე უფლებების გამოსყიდვას და ეს პროცესი მხოლოდ 1997 წელს დასრულდა!

ომი დასრულდა და ადამიანებიც ნელ-ნელა უბრუნდებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას. სწორედ მაშინ ისახებოდა საერთაშორისო ტურიზმი, ძალებს იკრებდა პლაჟებზე ნებივრობის ჩვევაც, ბუნებრივია, "ნივეა" ყოველმხრივ ცდილობდა ფეხის აწყობას. რეკლამა უფრო თავისუფალი გახდა. კომპანია აქცენტს აკეთებდა მოგზაურობაზე, ცხოვრების სპორტულ სტილზე და თავის ნელსაცხებლებზე, როგორც ასეთი სტილის აუცილებელ ატრიბუტზე.

მორიგი სარეკლამო ნაბიჯი 1960-იან წლებში კომპანიამ კვლავ პლაჟზე გადადგა. "ნივეამ" სპეციალური ბურთი გამოუშვა და მას მსოფლიოს ყველა პლაჟზე ნახავდით, რაც ბრენდისთვის შესანიშნავი რეკლამა იყო. ასორტიმენტი იზრდებოდა 70-იან წლებშიც. კომპანია ახალი სფერობით დაინტერესდა და შხაპის გელი გამოუშვა, 1983 წელს კი შამპუნიც წარმოადგინა. მალე დღის სინათლე იხილა დეზოდორმა.

დღეს "ნივეას" სავაჭრო ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიოში. ბრენდს აქტიური სარეკლამო კამპანია აქვს ინტერნეტში, ფლობს რამდენიმე უნიკალურ SPAცენტრს. პლანეტის თითქმის ყველა სახლში "ნივეას" ერთი პროდუქტი მაინც აუცილებლად მოიძებნება. "ბაიერსდორფმა" საკმაოდ წარმატებული ბრენდების მთელი ათეული შექმნა, მაგრამ "ნივეა" - კონკურენციის გარეშეა.

წარმატება საიდუმლოს გარეშე

მაინც რას ეყრდნობა "ბაიერსდორფის" მიღწევები? ყველაფერი სამეცნიერო აღმოჩენით დაიწყო, რაც ბიზნესში ხშირია. როგორც მაგალითად ჰაინცმა გამოიგონა კეტჩუპი, ხოლო მიშლენმა - საბურავი. "ნივეას" ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა აქტიური რეკლამა გამოდგა. კარგი რეკლამა ახალ კლიენტებს იზიდავდა. პლუს, ფირმა უშვებდა მსგავსი პროდუქტების მთელ წყებას კანის მოვლის სფეროში, ხოლო ასორტიმენტის გაფართოების შემდეგ უფრო ფართო, გარენობაზე ზრუნვის სფეროში დამკვიდრდა. ერთსაუკუნოვანი ბიზნესს, თუ ომების წლებს არ ჩავთვლით, განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია. ფირმას დიდი ბიძგი მისცა იმანაც, რომ თავის დარგში ის ფაქტობრივად პირველი იყო და გამოგონება გონივრულად გამოიყენა...

"ფორბსის" 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის (რომელთა აქციები საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა) ახალ, 2012 წლის აპრილის მსოფლიო რეიტინგში "ბაიერსდორფის" საბაზრო კაპიტალიზაცია $16,13 მილიარდად არის შეფასებული. კომპანია ნუსხაში 1173-ე ადგილზეა, მისი გაყიდვა $7,3 მილიარდს აღწევს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა - 17,67 ათას ადამიანს.

ფირმა საჯარო კომპანიების სიაში რჩება, თუმცა 2006 წელს მისი აქციების 50,47% გერმანულმა ყავისა და ყავის კაფეების კომპანია Tchibo GmBH-მა შეიძინა. 2007 წლიდან კი შეიქმნა ჰოლდინგი Maxingvest AG-ი, რომელიც "ჩიბოს" 100%-სა და"ბაიერსდორფის" კუთვნილ წილს აკონტროლებს. Maxingvest -ი, თავის მხრივ, გერმანელი ჰერცების ოჯახის საკუთრებაა. ძმებს, მიხაელ და ვოლფგანგ ჰერცებს "ფორსბმა" 2012 წლის მარტის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 232-ე ადგილი გაუნაწილა, თითოეულს $4,5-მილიარდიანი ქონებით. მათი ძმა იოაჰიმი 2008 წელს დაიღუპა, ხოლო და-ძმა გიუნტერი და დანიელა 2003 წელს ჩამოიშორეს ბიზნესიდან, ხანგრძლივი საოჯახო განხეთქილების შემდეგ, რისთვისაც $5 მილიარდი გადაუხადეს. გიუნტერ ჰერცი "ჩიბოს" 35 წლის განმავლობაში მართავდა, ახლა კი სხვა ბიზნესშია და იმავე რეიტინგში $2,5 მილიარდით 491-ე ადგილზეა, ხოლო დანიელა $2,3 მილიარდით - 546-ე ადგილზე.

მოამზადა ნატა ენუქიძემ