"თითქმის ყველა ტენდერი დარღვევებით არის ჩატარებული" - როგორ იხარჯება დონორების ფული - კვირის პალიტრა

"თითქმის ყველა ტენდერი დარღვევებით არის ჩატარებული" - როგორ იხარჯება დონორების ფული

ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან, სადაც საქართველოსთვის 4,5 მილიარდი დოლარის (63% - დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი, კრედიტია, დანარჩენი კი გრანტები) გამოყოფის საკითხი გადაწყდა, ერთი წლის შემდეგ 1,2 მილიარდი დოლარია ათვისებული.

თანხის ერთი ნაწილი მთავრობამ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღო, ნაწილი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გაანაწილეს. ფული უმეტესად გზებისა და დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და რემონტზე დაიხარჯა. ამ უწყებებმა სამუშაოებისთვის კომპანიების შესარჩევად 200-მდე ტენდერი გამართეს. კოალიციამ, რომელშიც 7 ორგანიზაცია, მათ შორის ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", ევრაზიის ფონდი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა" გაერთიანებული, 20 ტენდერის მონიტორინგი მოაწყო. ტენდერის ჩატარებისას და თანხების ხარჯვისას არაერთი დარღვევა აღმოჩნდა.

ირინა ლაშხი (ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"): "თითქმის ყველა ტენდერი დარღვევებით არის მოწყობილი. ხშირად ტენდერის პირობები იცვლება - თანხები იზრდება, ჩასატარებელი სამუშაოები მცირდება. ბევრ შემთხვევაში გზების მშენებლობაზე კომპანიების შესარჩევი ტენდერი იმაზე ადრე გაიმართა, ვიდრე მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა. არის შემთხვევები, როცა დონორს გზის კონკრეტული მონაკვეთისთვის კრედიტის გამოყოფა ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მაგრამ ტენდერი ჩატარებული იყო. მაგალითად, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მშენებლობა საზეიმოდ გაიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ იყო გაცემული. მსოფლიო ბანკს, რომელმაც ეს პროექტი უნდა დააფინანსოს, საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია. ამ ორგანიზაციამ თავდაპირველი პროექტი ქართულ მხარეს დაუწუნა და მისი ხელახლა დამუშავება მოითხოვა. გზების, სახლების მშენებლობისთვის ქვიშა და ღორღია საჭირო, რასაც მდინარის კალაპოტებიდან იღებენ. ამ ინერტული მასალის მოპოვებაც შესაბამისი ნებართვების გარეშე მიმდინარეობს".

თამარ გურჩიანი ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"): "დონორების გამოყოფილი ფულით ბოლნისში, მარნეულსა და გორში დაახლოებით 4.603 ობიექტი აშენდა და გარემონტდა. გარემონტებული შენობების ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულებებში მათი ზუსტი რაოდენობა არ ჩანს. ტენდერების უმეტესობა - 169 ტენდერი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამართა. მათი უმთავრესი პრობლემა დაუგეგმაობა და თანხების უყაირათო ხარჯვა იყო. სარემონტო სამუშაოები არ ხორციელდებოდა კანონის დაცვით და არ იყო ეფექტური. აშკარა მაგალითი: სახელმწიფო შესყიდვები პრივატიზებულ ობიექტებზე განხორციელდა. მაგალითად, გამოცხადდა კონკურსი, მოეწყო ტენდერი და წლეულს მარტში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ორსართულიანი სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, პრეზიდენტის ბრძანებით 2008 წლის ნოემბრიდან პრივატიზებული იყო. გამოვიდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა კერძო საკუთრებაში არსებული შენობის მოსამზადებელ სამუშაოებსა და რემონტზე თანხა არამიზნობრივად დახარჯა. ხშირია შემთხვევები, როცა პრეტენდენტი ტენდერზე წარმოადგენს ერთ ფასს, კონკურენტებზე უპირატესობას მოიპოვებს, რადგან გადამწყვეტ კრიტერიუმად მიჩნეულია ფასი და არა ტექნიკური რესურსები, კომპანიის გამოცდილება და სხვა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ კი სამუშაოს ღირებულება 40-50%-ით და ზოგჯერ უფრო მეტადაც იზრდება. ჩვენ დავითვალეთ ყველა ტენდერი და ლოტი და ტენდერის შემდეგ დაფინანსება ყველგან გაზრდილია.

საპროექტო ორგანიზაცია შპს "ოპიზართან" თავდაპირველად ხელშეკრულება 1,183 მილიონი ლარის სამუშაოებზე გაფორმდა, ტენდერში გამარჯვებიდან რამდენიმე კვირაში მას სამუშაოს ღირებულება დაახლოებით 63%-ით, 1,925 მილიონ ლარამდე გაუზარდეს. იგივე მოხდა "ნიუ ენერჯისთან" დადებულ ხელშეკრულებაშიც. ტენდერში გამარჯვების შემდეგ მას გაწეულ სამუშაოში თავდაპირველზე 58%-ით მეტი გადაუხადეს. წლეულს გამართულ ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულმა შპს "არქსტუდია პერისტილმა" სატენდერო წინადადების ღირებულებად 77 ათასი ლარი აღნიშნა, თანხა შემდეგ გაურკვეველი მეთოდით გადაანგარიშდა და საბოლოოდ 83,5 ათასი ლარი გადაუხადეს. კომპანია "ბლოკ-ჯორჯიამ" სამუშაოში დაბალი ფასის, 1,11 მილიონი ლარის მოთხოვნით მოიპოვა უპირატესობა და ტენდერის შემდეგ სერვისის ფასი 44%-ით გაზარდა.

ცალკე პრობლემაა დონორებისგან მიღებული ფულის ბიუჯეტში ასახვა. თითქმის შეუძლებელია დადგენა, მშენებლობა დონორების ფულით დაფინანსდა, თუ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. რაც ხელთ გვაქვს, ბადებს ეჭვს, რომ დარღვევები დანარჩენ ტენდერებშიც არის".

მონიტორინგის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ის სახლებიც დაათვალიერეს, სადაც დევნილები არიან შესახლებული. აღმოჩნდა, რომ სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ და ზოგჯერ სანახევროდაა ჩატარებული.

თამარ კორძაია ("ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"): "კატასტროფული მდგომარეობა დაგვხვდა გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიკლინიკის შენობაში. კანალიზაციის სისტემა მოშლილია და შესახლებულ დევნილებს წყალი საწოლებზე ჩამოსდით. საერთო საპირფარეშოში წყლის გუბეები დგას და ანტისანიტარიაა. როცა დაგებული პარკეტი ერთი წლის შემდეგ მოძრაობას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურში 9 კოტეჯი ინდმეწარმე "ბესარიონ გაბიძიშვილს" გაარემონტებინეს, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი, 50 ათას ლარამდე გადაუხადეს. ეს შენობები ავარიულია, ჭერი წყლისგანაა ჩამონგრეული. სოფელში არ არის საშუალო სკოლა და მისასვლელი გზა დაზიანებულია, ამიტომ დევნილები ამ კოტეჯებში დღემდე არ შესახლებულან. მსგავსი მდგომარეობაა გორის, მარნეულისა და სხვა რაიონებში გარემონტებულ შენობებში. თითქმის ყველგან დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, ჟონავს წყალი, კედლები დახეთქილია და შპალერი შეულესავ კედლებზეა გაკრული. გამოდის, დახარჯული ფული წყალშია გადაყრილი, დევნილები კი უკმაყოფილო არიან".

მუნიციპალური განვითარების ფონდი მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება და მათ დასკვნებსაც სუბიექტურს უწოდებს. ფონდში ახალგაზრდა იურისტების მასალები გამოითხოვეს და როგორც აცხადებენ, თუ ფაქტები არ დადასტურდა, არასამთავრობოებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

ლაშა გოცირიძე (მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი): "დევნილებისთვის სახლები მოკლე დროში, დაახლოებით თვე-ნახევარში აშენდა და შეუძლებელია, ასე უცბად აშენებული სახლები იდეალური იყოს. ხარვეზები არის, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება. ჩვენი მოთხოვნაა, თუ ერთი წლის განმავლობაში ხარვეზები გამოვლინდება, მშენებელმა საკუთარი ხარჯით უნდა გამოასწოროს. ყველა ხარვეზი წლის ბოლომდე გამოსწორდება. რაც შეეხება გზების მშენებლობას, ის რეტროაქტიურად დაფინანსდა. ანუ, მთავრობას უფლება აქვს გადაწყვიტოს, გზის რომელიმე მონაკვეთის მშენებლობის თავისი სახსრებით დაფინანსება, მოაწყოს ტენდერი და შემდეგ დაელოდოს დაფინანსებაზე დონორის გადაწყვეტილებას. ამით კანონი არ ირღვევა".

კოალიციის წევრების თქმით, დოკუმენტებით კონტროლის პალატაც დაინტერესდა, თუმცა მასალებს ჯერ არ გაცნობია. თავის მხრივ, არასამთავრობოები ამბობენ, რომ მათგან რეაგირებას არ დაელოდებიან და ტენდერების შესწავლას განაგრძობენ.

ნონა ქვლივიძე