საგანგებო შეთავაზება მცირე და საშუალო საწარმოებს - კვირის პალიტრა

საგანგებო შეთავაზება მცირე და საშუალო საწარმოებს

"პალიტრა მედიისა" და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ნოვატორულმა იდეამ კომპანიები უკვე დააინტერესა

"პალიტრა მედიისა" და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ნოვატორულ იდეას ბიზნესწრეებში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტი, რომელიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, მხოლოდ ორი კვირაა ამოქმედდა და უკვე შედეგის მომტანი აღმოჩნდა რამდენიმე ათეული კომპანიისთვის. ეფექტური სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიის ძალა და შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებმა უკვე გამოსცადეს. გაიზარდა მათი ცნობადობა, გაყიდვის მაჩვენებელი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მინიმალური დანახარჯებით.

"პალიტრა მედიისა" და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მიზანია, კომპანიებს, რომლებიც თავისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ძვირად ღირებულ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას ვერ წარმართავენ, ამის შესაძლებლობა მისცენ. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მომხმარებელს კომპლექსურ სარეკლამო პაკეტს სთავაზობს. ის მოიცავს ერთი თვის განმავლობაში რეკლამის განთავსებას გაზეთ "კვირის პალიტრაში", რომელიც ყველაზე მაღალტირაჟიანია და მთელ საქართველოში ვრცელდება; იმავდროულად, სარეკლამო რგოლის დამზადებასა და ერთი კვირის განმავლობაში მის რვაჯერ გაშვებას რადიო "პალიტრაში"; პლუს ყველაზე რეიტინგულ ვებგვერდ ამბები.გე-ზე, რუბრიკა "მარკეტში", სარეკლამო ნიუსის განთავსებას და ეს ყველაფერი მხოლოდ 295 ლარად. პროგრამის ფარგლებში კომპანიებისთვის სარეკლამო ტექსტის შედგენა, სარეკლამო რგოლის ჩაწერა და სარეკლამო დიზაინის დამზადება ყოველგვარი დამატებითი გასამრჯელოს გარეშე მოხდება.

ლაშა კუხალაშვილი (შპს "ინკოს" დირექტორი): "ჩვენი საქმიანობის პროფილი კარტრიჯების აღდგენაა. პირველი, რითაც ამ შეთავაზებამ დაგვაინტერესა, საკმაოდ დაბალი ფასი იყო, თან ისეთი ცნობილ და მაღალრეიტინგულ მედიასაშუალებებში რეკლამის განთავსებაზე, როგორებიც გაზეთი "კვირის პალიტრა" და რადიო "პალიტრაა". შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამ მედიასაშუალებებში რეკლამა ჩვენს ბიზნესს სასიკეთოდ წაადგებოდა.

ჯერ მხოლოდ ორი კვირაა, პროექტში ვართ ჩართული და შედეგით კმაყოფილი ვართ. რამდენიმე ათეული ახალი კლიენტი შემოგვემატა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, მასშტაბურ სარეკლამო კამპანიაში რამდენიმე ათასი ლარი გადაგვეხადა. ასეთი შეთავაზება კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც არ აქვს დიდი ფინანსური რესურსი, შეიძლება ითქვას, მისწრებაა. მიმაჩნია, რომ ზოგადად მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ იმ მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებას, რომლებსაც განვითარების, ბაზარზე ცნობადობის გაზრდის დიდი სურვილი აქვთ. ვისაც ჯიბეში მილიონი დოლარი უდევს, მას ამ თვალსაზრისით დახმარება არც სჭირდება. მაგრამ კომპანიებს, რომელთაც საინტერესო იდეები აქვთ და მათ განვითარებას ცდილობენ, დახმარება სჭირდებათ, რომ მცირებიუჯეტიანი სარეკლამო შეთავაზებები არსებობდეს, თუნდაც პერიოდულად, აქციების სახით.

თუ ამის წყალობით მცირე კომპანიიდან დიდი ბიზნესი გაიზრდება, რა თქმა უნდა, დიდწილად იმ მედიასაშუალების დამსახურება იქნება, რომელმაც თავის დროზე მცირე ბიზნესს სარეკლამო კამპანიის მოწყობის შესაძლებლობა მისცა და მომხმარებლამდე მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიტანა. მერწმუნეთ, როცა ჩვენ ვიწყებდით ბიზნესს, 100-200 ლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი თანხა იყო, ამიტომ "პალიტრა მედიის" ეს პროექტი კარგი სტარტაპი იქნება ნებისმიერი დამწყები კომპანიისთვის. ეს იმას ჰგავს, მშობელი რომ დახმარების ხელს გაუწვდის შვილს".

ირმა ელბაქიძე (შპს "ბი ბი სი ჯის" ადმინისტრატორი): "ჩვენ გახლავართ საშუამავლო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს უშუალოდ აკავშირებს ჩინეთის ბაზარზე არსებულ ქარხნებსა და მწარმოებლებთან და იცავს ქართველი ბიზნესმენების ინტერესებს ჩინეთში.

გვსურს, ყველა ის საშუალება გამოვიყენოთ, რაც ჩვენი ბიზნესის განვითარებას დაეხმარება. "პალიტრა მედიის" ამ პროექტმა მრავალმხრივ დაგვაინტერესა: ეს იყო კომპლექსური რეკლამის საკმაოდ დაბალი ფასი და ის მედიასაშუალებები - გაზეთი, რადიო და ინტერნეტრესურსი, რომელიც აუდიტორიაში მაღალი ცნობადობით გამოირჩევა. შეთავაზების ფასი შევადარეთ სხვა მედიასაშუალებების წინადადებებს და გადავწყვიტეთ, ეს შანსი აუცილებლად გამოგვეყენებინა. ჯერ მხოლოდ ორი კვირაა, რაც ამ პროექტში ვმონაწილეობთ და სამომავლოდ უფრო მეტ შედეგს ველოდებით, რადგან ეს არის "დათესილი" ინფორმაცია, რომელიც ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს".

ირმა ერაძე (შპს "ბი ემ ჯგუფის" თანამფლობელი): "ჩვენი კომპანია იმპორტით არის დაკავებული, ევროპიდან ჩამოგვაქვს ლამინირებული იატაკი და ხის პარკეტი. ძვირად ღირებული რეკლამის უფლებას თავს ვერასდროს ვაძლევდით და ძირითადად, პრესაში მცირე სარეკლამო განცხადებებით შემოვიფარგლებოდით. ამიტომ მეტად მიმზიდველი იყო ჩვენთვის "პალიტრა მედიის" შეთავაზება. ვფიქრობთ, ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით ეს საუკეთესო საშუალებაა და ძალიან დაეხმარება ბიზნესს, რომ განვითარდეს. მომხმარებელს შეეძლება ინფორმაცია მიიღოს იმ კომპანიებზე, რომლებიც მანამდე, ფაქტობრივად, ჩრდილში იყვნენ; არადა, საინტერესო და სარფიანი შეთავაზებები აქვთ, რომელიც მომხმარებელს აუცილებლად დააინტერესებს. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის, მიუხედავად იმისა, დიდი ხანია ის ბაზარზე, თუ ახალფეხადგმულია".

გიორგი კაპანაძე (შპს "დეფოს" მენეჯერი): " უცხოეთიდან ჩამოგვაქვს ლამინირებული იატაკი, MDF-ისა და რკინის კარები, ადგილზე ვაწარმოებთ ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთით. ამ პროექტის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგეთ, ამბები.გე-ზე ვაპირებდით რეკლამის განთავსებას, როცა სარეკლამო მენეჯერმა ახალი პროექტის არსი გაგვაცნო და, რა თქმა უნდა, მაშინვე მივიღეთ ეს შეთავაზება. ძალიან მცირე დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ჩვენი კლიენტების რაოდენობა უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვეკითხებით, საიდან აქვთ ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ და უმეტესობა სწორედ "პალიტრა მედიის" მედიასაშუალებებში გასულ რეკლამას ასახელებს. გაიზარდა ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლების რაოდენობა. აუცილებლად განვაგრძობთ სამომავლოდაც ამ შეთავაზებით სარგებლობას. ასეთი მასშტაბის სარეკლამო კამპანია ჯერ არ გვქონია და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთ მცირე ფასში ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ბაზარზე შედარებით ახალი კომპანია ვართ და გვჯერა, ეს პროექტი ჩვენი წარმატებისა და განვითარების საწინდარი გახდება".