ლარის "თავგადასავალი" ბოლო 11 წლის განმავლობაში - კვირის პალიტრა

ლარის "თავგადასავალი" ბოლო 11 წლის განმავლობაში

ინფლაციისა და ლარის მსყიდველობითი უნარის კვლევა "სინანულით იუწყება"...

"საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა" 2000-2011 წლებში ინფლაციისა და ლარის მსყიდველობითი უნარის კვლევა მოაწყო. როგორ იზრდებოდა ფასები ბოლო წლებში და ეცემოდა ფულის მსყიდველობითი უნარი, ამას ყველაზე კარგად მომხმარებელი გრძნობდა. ინფლაციური პროცესები ყველაზე მძიმე ტვირთად ქვეყნის დაბალშემოსავლიან მოსახლეობას დააწვა, მათ შორის პენსიონერებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმს ჯერაც ვერ მიუახლოვდა.

იოსებ არჩვაძე ("საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" ექსპერტი): "ინფლაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეფასდეს. რაც უფრო დაბალია ინფლაცია, მით უფრო მყარია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი - მისი განვითარების პერსპექტივები, უფრო მაღალ ნდობას იმსახურებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემა, მიმზიდველია საინვესტიციო გარემო და სხვ. ფაქტობრივად, ინფლაცია ის ინდიკატორია, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, ღირს თუ არა კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკაში ფულის დაბანდება ან როგორია იქ მცხოვრებ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა კეთილდღეობა.

საქართველომ ძნელი დრო განვლო. გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ჰიპერინფლაცია. ამ მხრივ 1995 წელს, 1990 წელთან შედარებით, იყო სრული რეკორდი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ვერც საქართველო და ვერც სხვა რომელიმე ქვეყანა ვერ ასცდება ინფლაციას, რადგან სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების ისტორია ინფლაციის ისტორიაა. ამას ობიექტური საფუძვლები აქვს და მთავარია, მისი მისაღები დონე იყოს შენარჩუნებული. საქართველო ყოველთვის ცდილობდა დაბალი ინფლაცია ჰქონოდა, მაგრამ ქვეყნის სუსტი ეკონომიკის გამო, ეროვნული ვალუტა გარე ფაქტორებზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული და ინფლაციური ფაქტორი ძლიერად მოქმედებდა. აღმოჩნდა, რომ ლარის შემოღების შემდეგ ეროვნული ვალუტა თითქმის ოთხჯერ გაუფასურდა. ეს ნიშნავს, რომ იმ საქონლის შესაძენად, რომელიც ლარის შემოღებამდე 100 ლარის ეკვივალენტი გვიჯდებოდა, დღეს დაახლოებით 400 ლარია საჭირო.

კვლევის ფარგლებში საქართველო და აშშ შევადარეთ და აღმოჩნდა, რომ ჩვენთან ინფლაციის ტემპი რამდენჯერმე მაღალია. თუ ინფლაციის ოთხმაგ ზრდას ჩვენთან 17 წელიწადი დასჭირდა, ამერიკაში ამისთვის 41 წელიწადი იყო საჭირო. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება: დოლარი ინფლაციას განიცდის ამერიკის შიდა ბაზარზე, მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის, საქართველოშიც. მხოლოდ ნავთობპროდუქტების ფასების ცვლილებაც კი ცხადყოფს ამას. მაგალითად, 70-იანი წლების დასაწყისში ნავთობი თუ ღირდა 3-5 დოლარი ბარელზე, ემბარგოს შემოღების შემდეგ ფასი 10-11 დოლარამდე გაიზარდა... დღეს ფასი უკვე 112 დოლარის ფარგლებშია.

ბოლო წლების განმავლობაში დოლარის გაუფასურება საქართველოში მნიშვნელოვნად უსწრებდა ლარის გაუფასურების მაჩვენებლებს. ამის მიზეზია ის, რომ დოლარი ქვეყანაში არ არის ოფიციალური საგადამხდელო საშუალება. 2000 წელთან შედარებით დოლარის მსყიდველობითი უნარი თითქმის 2,5-ჯერ არის შემცირებული. 245 დოლარი სჭირდება დღეს იმ საქონლის შეძენას, რომლის შესაძენად 11 წლის წინ მხოლოდ 100 დოლარი იყო საკმარისი.

ცალკეულ სოციალურ ჯგუფებზე ინფლაცია სხვადასხვა გავლენას ახდენს. ყველაზე სწრაფად ფასები სურსათზე იზრდებოდა. სამომხმარებლო ხარჯებში სურსათის ყველაზე მაღალი წილი დაბალშემოსავლიან მოსახლეობასა და პენსიონერებზე მოდის. მათთვის ინფლაცია ორმაგად მაღალია - ფასების საერთო ზრდა პენსიის მსყიდველობით უნარს ამცირებს და იმ საქონელს აძვირებს, რომლის ფასიც საშუალო ინფლაციაზე მეტად იზრდება. სურსათის გაძვირების გამო პენსიონერების მსყიდველობითი უნარი გაცილებით მეტად ეცემოდა, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობისა.