ბიზნესი, სადაც გამყიდველი მყიდველზე მეტია - კვირის პალიტრა

ბიზნესი, სადაც გამყიდველი მყიდველზე მეტია

რატომ მიდის უკან-უკან ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა

ანტიკვარიატით ვაჭრობა მთელ მსოფლიოში სარფიან და მომგებიან საქმედ არის მიჩნეული. თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს ანტიკვარული მაღაზიების ქსელები, ეწყობა აუქციონები, სადაც სიძველეთა მოყვარულნი მილიონებს ხარჯავენ. საქართველოში ამ ბიზნესს პრობლემები აქვს: ანტიკვარული მაღაზიების ნაწილი საბოლოოდ დაიხურა, ნაწილი დროებით არის დაკეტილი, ანტიკვარიატის სალონების უმრავლესობა ვერ ვაჭრობს ან იძულებულია, ძვირად ღირებული ნივთები და სუვენირები განახევრებულ ფასად გაყიდოს. ოთხი წლის წინ დაიხურა ანტიკვარიატის მაღაზია "ზარდახშა", რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობდა. როგორც ამ მაღაზიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ამჟამად მხოლოდ ინტერნეტით მუშაობენ. მათი ბედი სხვებმაც გაიზიარეს. ისინი, ვინც ამ ბიზნესში რჩებიან, სხვადასხვა გზით ცდილობენ თავის გადარჩენას:

ნელი ზაუტაშვილი (ანტიკვარული მაღაზიის მფლობელი): - ჩვენი მაღაზია აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. კარგა ხანია, ვმუშაობთ, მეც უკვე 50 წელიწადია ამ ბიზნესში ვარ, მაგრამ ასეთი კრიზისი ჯერ არ მახსოვს.

ყველაზე კარგი მდგომარეობა საბჭოთა პერიოდში გვქონდა, მაშინ ანტიკვარული ნივთები ძალიან მოსწონდათ. ხალხი მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, ბაქოდან და ერევნიდან ჩამოდიოდა ძველი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად. თბილისელებიც, ხელფასს რომ აიღებდნენ, ყოველთვის შემოდიოდნენ და პატარა სუვენირებს მაინც ყიდულობდნენ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა: ხშირად თვეების განმავლობაში გვიდევს მშვენიერი ძველი ნივთები და ვერ ვყიდით. იგივე შეიძლება ითქვას ანტიკვარულ ჭურჭელზეც, რომელიც ყოველთვის კარგად იყიდებოდა. შეიძლება რამდენიმე კვირა ისე გავიდეს, არაფერი გაიყიდოს. ყოველთვიურად 400-500 ლარი გადასახადებში მიგვდის, შემოსავალი კი არ გვაქვს. საბედნიეროდ, ქირის გადახდა არ გვიწევს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მაღაზია დავხუროთ და ეს ფართი გავაქირაოთ.

ცისანა მიქელაძე (სავაჭრო ცენტრ "მშრალი ხიდი 2008-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი): "ეს მეტად სპეციფიკური საქმეა, ალბათ ამის გამო ძალიან ბევრი ანტიკვარული მაღაზია თუ სალონი გაკოტრდა და დაიხურა. ჩვენც იმიტომ ვუძლებთ, რომ ამ დარბაზში ოცდაათამდე ადამიანი მუშაობს და თითოეული მათგანი იხდის კუთვნილ თანხას, ერთობლივი ძალისხმევით ვისტუმრებთ ქირას და სხვა გადასახადებს.

ძალიან ძველი ნივთები საქართველოში უკვე აღარ არის. XVII-XVIII საუკუნისა და წინა ეპოქის ნიმუშები ქვეყნიდან უკვე გაიტანეს. ამჟამად მხოლოდ ბოლო ასი წლის განმავლობაში შექმნილ ნივთებს შეხვდებით. სავაჭრო ცენტრში ისეთი ძველი ნივთები გვაქვს, რომლებიც 1500-2000 ლარი და უფრო ძვირიც ღირს. ძირითადად ოჯახებიდან გამოაქვთ, ვიტოვებთ და ვყიდით. ჩვენი მოგება დაახლოებით 10%-ია. რასაც აქ ხედავთ, სულ ოჯახებიდან გამოტანილი საქონელია, მათ პატრონებს გაუჭირდათ და ყიდიან. ძირითადად, უცხოელი ტურისტები შემოდიან და ყიდულობენ. ჩვენი თანამოქალაქეები კი მაშინ გვსტუმრობენ, როცა საჩუქრის ყიდვა უნდათ ქორწილის, დაბადების დღის ან სხვა თარიღის აღსანიშნავად. აქაურები ძირითადად ჭურჭელსა და საყოფაცხოვრებო ნაწარმს იძენენ, ტურისტებს კი ძალიან მოსწონთ სუვენირები, წვრილმანი ნაკეთობები, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულები, ბეჭდები... ახლახან ერთმა უცხოელმა ქალბატონმა დაღესტნური სამკაული და ვერცხლის ორი ჭიქა შეიძინა. საქართველოდან რომ მიდიან, სამახსოვროდ რამის წაღება სურთ და ამიტომაც მოდიან ჩვენს სავაჭრო ცენტრში. სხვათა შორის, ადრე მეტი მომხმარებელი გვყავდა, ახლა კი მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

- რით შეიძლება ეს აიხსნას?

- ნაწილობრივ ალბათ იმით, რომ თანამედროვე ახალგაზრდები ახალი ნივთების შეძენას ცდილობენ, არ მოსწონთ ძველი, სხვისი ნაქონი ნივთები, თუნდაც ისინი ძალიან ძვირფასი და ხარისხიანი იყოს. როგორც ჩანს, ანტიკვარი საქართველოში მოდაში აღარ არის.

ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია ისიც, რომ ხალხს ფული აღარ აქვს. აუარება საქონელი შემოდის, მყიდველი კი ცოტაა. ასი შემოსული ნივთიდან შეიძლება მხოლოდ 20-25 გაიყიდოს, დანარჩენი კი თვეების განმავლობაში გვიწყვია. როგორც ჩანს, ძველი ნივთები მაინც ფუფუნების საგნად მიიჩნევა და მათი შეძენა ჩვენს მოსახლეობას არ შეუძლია. ამის გამო ხშირად ძვირად ღირებულ ნივთებს გაცილებით იაფად ვყიდით. მაგალითად, აქ გვაქვს ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც საკმაოდ ძვირფასია, დაახლოებით ასი წლის მაინც იქნება. ჩვენ მას 500 ლარად ვყიდით, იმის მიუხედავად, რომ მისი რეალური ფასი ათას ლარზე მეტია. აქვე მიდევს ბრინჯაოს რამდენიმე საათი, რომელიც ასევე ძვირფასია. მათ პატრონს სამკურნალო თანხა სჭირდება და ამიტომაც ჩაგვაბარა გასაყიდად. თვითონ ორი ათას ლარს აფასებს, მაგრამ უფრო იაფადაც გავყიდით, თუ მყიდველი გამოჩნდება. გვაქვს ძველი ქართული ხანჯლები, რომლებიც 800 ლარი ღირს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ფასი უნდა დავუკლოთ, სხვაგვარად მათი გაყიდვა გაგვიჭირდება. ერთი სიტყვით, დღეს ამ ბიზნესში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, და ანტიკვარული ნივთების გამყიდველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე მყიდველებისა. შემოდიან გაჭირვებული ადამიანები, გვაბარებენ ოჯახიდან გამოტანილ, წლობით ნალოლიავებ ნივთებს და ელოდებიან, როდის გაიყიდება, რომ ფული აიღონ..."

ცნობისათვის: ანტიკვარი არის ძვირფასი ნივთი, ხელოვნების ნიმუში, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს შეიძლება იყოს ავეჯი, წიგნი, ნახატი, ჭურჭელი, სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთი, თუ ის რომელიმე ისტორიულ ეპოქას ეკუთვნის ან ცნობილი პიროვნების საკუთრება იყო.

აშშ-ში ანტიკვარად მიიჩნევენ ნივთს, რომელიც 1830 წლამდეა დამზადებული, კანადაში - 1847 წლამდე. დიდ ბრიტანეთში ანტიკვარი, სულ მცირე, 100 წლისა მაინც უნდა იყოს, თუმცა ძალიან ბევრ ქვეყანაში ანტიკვარული ნივთის ასაკი 60 წლით განისაზღვრება.

"ეკოპალიტრა" განაგრძობს ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებას, რომლებიც მომზადებულია საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფის" სპეციალისტების მიერ. სტატიების დიდ ნაწილს ამზადებენ კონსულტანტები ბიზნესსფეროში საქმიანობის ათწლიანი გამოცდილებით, რომლებსაც საქართველოს მოწინავე ორგანიზაციებში 200-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი აქვთ განხორციელებული.

ხათუნა ჩიგოგიძე