ხორბლის მოსავალი წლიდან წლამდე მცირდება - კვირის პალიტრა

ხორბლის მოსავალი წლიდან წლამდე მცირდება

"ასეთი მძიმე წელი კარგა ხანია არ დამდგარა"

საქართველოში, ერთ დროს ღვინისა და ხორბლის ქვეყანაში, დღეს ხორბლის მოსავალი საკუთარი მოთხოვნილების მცირე ნაწილს აკმაყოფილებს. მეტად მცირემოსავლიანი აღმოჩნდა 2009 წელიც. მეტიც, სპეციალისტთა შეფასებით, ასეთი მძიმე წელი კარგა ხანია არ დამდგარა: გვალვამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ნათესები კახეთში, მცირე მოსავალი მიიღეს შირაქის ველსა და ჯავახეთშიც, ორჯერ დაისეტყვა ქვემო ქართლი... სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, წლეულს ფერმერებს ერთ ჰექტარზე საშუალოდ 1,6 ტონა ხორბალი უნდა აეღოთ, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა და იმ გლეხთა რიცხვი, რომლებმაც ჰექტარ მიწაზე ერთ ტონაზე მეტი მოსავალი მიიღეს, ლამის თითზე ჩამოსათვლელია. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, მოსავლის სიმწირე არა მხოლოდ უამინდობის, არამედ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უქონლობის ბრალიცაა.

ლევან სილაგავა (მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი): "ბუნებრივმა პირობებმა მართლაც შეგვიშალა ხელი. მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა. დაახლოებით 100 ათასი ტონა ხორბალი მივიღეთ, არადა 200-250 ათასი ტონის მოყვანა იყო ნავარაუდევი. ჩემი აზრით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობა არაფერ შუაშია, რადგან მოსავალი ყველგან სხვადასხვა დროს მოდის და ერთი კუთხიდან მეორეში ტექნიკის გადასროლა თავისუფლად შეიძლება. რასაკვირველია, ქვეყანას საკმარისი რაოდენობით უნდა ჰქონდეს თავისი ხორბალი და პური. ვცდილობთ, გაიზარდოს იმ მიწის ფართობი, სადაც ხორბალს მოვიყვანთ. ქვეყანას წელიწადში 850 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება, ჩვენ კი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, 200 ათას ტონას ვაწარმოებთ. ამის გამო სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული ვართ. მდგომარეობა ერთი და ორ წელიწადში ნამდვილად ვერ გამოსწორდება. ხორბლის მოსავალი ეტაპობრივად, თანდათან უნდა გაიზარდოს.

პაატა კოღუაშვილი (პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი): "ვფიქრობ, ყველაფრის თავი და თავი ამ უმნიშვნელოვანესი დარგის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. რამდენიმე ციფრს მოგიყვანთ: 2003 წელს საქართველოში ხორბალი 117 ათას ჰექტარზე დაითესა, მიიღეს 225 ათასი ტონა მოსავალი. თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 24% შეადგინა. 2007 წელს ხორბალი დაითესა 45 ათას ჰექტარზე, მოიწიეს 75 ათასი ტონა მოსავალი, თვითუზრუნველყოფა 8,9%-მდე შემცირდა. 2008 წელს ხორბალი დაითესა 48,6 ათას ჰექტარზე, მიიღეს 80 ათასი ტონა, თვითუზრუნველყოფა დაახლოებით 12% იყო.

ეს ციფრები აშკარად მეტყველებს, რომ ბოლო წლებში ხორბლის ნათესები თითქმის სამჯერ შემცირდა, გაუარესდა მოსავლიანობა. ეს გვიჩვენებს, რომ ამ კულტურის როლი და მნიშვნელობა სწორად არ არის შეფასებული და გაცნობიერებული. ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი კულტურაა, სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია და მისდამი ზერელე დამოკიდებულება სრულიად გაუმართლებელია. მით უმეტეს, ამ დარგის განვითარებისთვის საქართველოში ყველა პირობა არსებობს.

რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მაღალია? რატომ არ იქმნება შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები? სამწუხაროდ, საქართველო უკვე შეიყვანეს იმ 12 ქვეყნის სიაში, სადაც მნიშვნელოვანი აგრარული და სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი. ჩვენთან ერთად ამ სიაში შედიან აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნები, ჩრდილოეთ კორეა, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და სხვა. ეს წარმოუდგენელი რამ არის, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ბუნებრივ პირობებს. დარგზე ზრუნვა სახელმწიფომ უნდა იტვირთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვიდრე დღეს ვართ. ქართული სოფელი შიმშილობს, იქ დიდი სიღარიბეა, რაც ამ სფეროში გატარებული არასწორი პოლიტიკის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს.

ნურავის ეგონება, რომ საფრანგეთის სოფლის მეურნეობაში უპირატესი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაა. ნურას უკაცრავად! ეს დარგი სადღაც მეოთხე-მეხუთე ადგილზეა, პირველი ადგილი კი მარცვლეულ კულტურებს უკავია. იგივე ხდება აშშ-ში, კანადაში, მთელ მსოფლიოში. ყველა პირობა გვაქვს, ჩვენი მოსახლეობა ჩვენ მიერვე მოწეული მარცვლეულით რომ გამოვკვებოთ. ყოველწლიურად, სულ მცირე, 300-350 მილიონი ლარიც რომ გამოვყოთ ამ სფეროსთვის, შედეგს აშკარად ვიგრძნობთ. გვაქვს კარგი კლიმატი, გვყავს სპეციალისტები. გონივრული მიდგომაა საჭირო, რათა სხვა ქვეყნებზე არ ვიყოთ დამოკიდებული. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრევენციაზეც უნდა ფიქრობდეს. მოსავალი რომ განადგურდება, მერე ვაი-ვიშისა და დავიდარაბის ატეხას რა აზრი აქვს?"

გიორგი ჩადუნელი (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი): "გვალვამ და კლიმატურმა პირობებმა წლევანდელ მოსავალს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. 2009 წლის მონაცემებს წლის ბოლოს შევაჯამებთ. მოგეხსენებათ, საქართველოში მოხმარებული ხორბლის 70% ისედაც იმპორტირებულია. ამიტომაც, 70%-ს შემოვიტანთ თუ 80%-ს, ხორბლით მომარაგებაში არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. სხვათა შორის, არც პურის გაძვირებაა მოსალოდნელი. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენი სამინისტრო და სახელმწიფო არ ზრუნავს ამ დარგზე. უკვე შემუშავებულია სხვადასხვა პროგრამები, სახელმწიფო პოლიტიკაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ეს დარგი როგორღაც წინ წავიდეს და განვითარდეს. ამას კი დრო სჭირდება...

ხათუნა ჩიგოგიძე