"უთვალავი"უმუშევრობა - კვირის პალიტრა

"უთვალავი"უმუშევრობა

არ არის აღრიცხული - არ არის პრობლემა?!

კრიზისამდე თუ კრიზისის მერე, საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სახელმწიფომ, უმუშევრობის დასაძლევად, ხან დასაქმების სახელმწიფო პროგრამები აამოქმედა და უმუშევართა არმია სამ-სამი თვით "დაასაქმა", ხანაც ბიზნესმენებს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის წახალისებას დაჰპირდა.

ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში უმუშევრთა რიცხვი მაინც იზრდება, მაგრამ რამდენით, ამაზე არაოფიციალური მონაცემებით ან ჩვენი დაკვირვებით თუ ვიმსჯელებთ. ოფიციალური სტატისტიკა მხოლოდ შარშანდელი მონაცემების არსებობს და თუ სტატისტიკოსებს დავუჯერებთ, 2008 წელს საქართველოში უმუშევრობა 16,5% იყო. გამოდის, რომ 1.917.000 აქტიური, შრომისუნარიანი ადამიანიდან სამსახური 315 ათას კაცს არ ჰქონდა. საინტერესოა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი უმუშევრობას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად ითვლის, რომლის მიხედვითაც უმუშევრად არ ითვლება ის, ვინც მიწის მცირე ნაკვეთს მაინც ფლობს. შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა უმუშევართა სათვალავში არ შედის.

საინტერესოა ისიც, რამდენად ზუსტად ითვლის სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი საქართველოში უმუშევართა რაოდენობას, როცა ქვეყენაში არც სახელმწიფო შრომის ბირჟა არსებობს და აღარც შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უწყება იყო და 2005 წელს მინისტრის განკარგულებით გაუქმდა. შემდეგ სახელმწიფოს მიერ უმუშევართა აღრიცხვა რაიონული გამგეობების, სოციალური სუბსიდიების სააგენტოების მიერ ხდებოდა, მაგრამ აგერ უკვე ორი წელია, უმუშევართა რეგისტრაცია მათაც აღარ ევალებათ. კიდევ უფრო გაოცებული დავრჩით, როცა საქართველოში უმუშევრობის შესახებ ინფორმაციის მოძიება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერზე ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოზე ანგარიშების წერისას, ისინიც სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას ეყრდნობიან.

ექსპერტების ვარაუდს თუ გავიზიარებთ, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ის შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედზე მეტია, ზოგიერთი შეფასებით კი ნახევარსაც აღწევს. რა თქმა უნდა, არც ეს მონაცემებია კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, მაგრამ საკუთარი დაკვირვებებისა და დასაქმების სამსახურების მონაცემების შეჯერებით, მეტ-ნაკლებად რეალური სურათის მიღება მაინც შეიძლება.

ლაშა ლაბაძე (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია): "ჩვენ გვაქვს ურთიერთობა როგორც სამსახურის მაძიებლებთან, ასევე დამსაქმებლებთან. შემიძლია გითხრათ, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დასაქმების მსურველთა რიცხვი, ფაქტობრივად, გაორმაგდა. მაგალითად, თუ კრიზისამდე ყოველდღე 20-25 ე.წ. სი-ვი (CV) შემოდიოდა, ახლა დღეში 50-60 განაცხადი შემოდის. კომპანიებმაც შეამცირეს კადრებზე მოთხოვნა. ადრე თუ დამსაქმებლებისგან კვალიფიციურ კადრებზე თვეში 60-70 განაცხადი შემოდიოდა, ახლა თვეში 20 ვაკანსიაც კი არ გვაქვს.

სამსახურის მაძიებლებიდან 15-20% თუ საქმდება. ზოგი CV ბაზაში მთელი წლის განმავლობაში შეიძლება იდოს და მისთვის შესაფერისი ვაკანსია ვერ მოიძებნოს. ზაფხულის განმავლობაში ჩვენმა ასოციაციამ მცირე მონიტორინგი მოაწყო და აღმოჩნდა, რომ შედარებით შენარჩუნებული იყო მოთხოვნა კადრებზე მომსახურების სფეროდან, დისტრიბუტორებზე, კონსულტანტებზე, მიმტანებზე".

ქვეყანაში უმუშევრობის შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა დასაქმების ინტერნეტსაიტები და გაზეთები, სადაც ასეთი განცხადებები ქვეყნდება. მაგალითად, გაზეთ "სიტყვა და საქმის"დახმარებით, ამჟამად სამსახურს 3.629 ადამიანი ეძებს, გამოცხადებული კი მხოლოდ 2.298 ვაკანსიაა. აქედან 1264 ადგილი სწორედ მომსახურების სფეროზე მოდის. გამოდის, რომ ძიძებზე, დალაქებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე მოთხოვნა ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც არსებობს.

გია ხუხაშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც სტატისტიკის დეპარტამენტი უმუშევართა რაოდენობას ითვლის, არასწორია და, შესაბამისად, მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები - არაზუსტი. დასაქმებულად მიიჩნევა ისიც კი, ვისაც საკარმიდამო ნაკვეთში ბოსტანი აქვს გაშენებული. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე კრიტიკულია და ეს მნიშვნელოვან სოციალურ რისკს ქმნის".